რა ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი შეიძლება საზაფხულო არდადაგებიდან დაბრუნებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზოს? აქვს თუ არა პოლიტიკურ პარტიებს იმის რესურსი, რომ ამომრჩეველს 2024 წლისთვის ახალი კონფიგურაცია და სამოქმედო გეგმა შესთავაზოს? მით უმეტეს 1-ელ ოქტომბერს გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება და ოპოზიციას მშვენიერი შანსი ეძლევა იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ ძალები მოსინჯოს. ხელისუფლებამ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურები უკვე წარადგინა. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ რესურსი ტყუილად არ უნდა გაფლანგონ და ამ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ.
ანალიტიკოსები for.ge-სთან ფიქრობენ, რომ ოპოზიციამ შემოდგომისთვის საზოგადოებას სრულიად ახალი სამოქმედო გეგმა და პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შესთავაზოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ იმის ძახილი, რომ ხელისუფლება არ ვარგა, არაფერში წაადგებათ. „ოცნების“ პრორუსულობის თემაც გაიცვითა და საზოგადოებას კონკრეტულ საქმეზე ორინეტირებული ოპოზიცია უნდა, რომელიც მათ დაარწმუნებს ხელისუფლებაზე უკეთესი რაში და რატომაა.
როდესაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს შუალედურ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით, მან განმარტა, რომ ნებისმიერ არჩევნებში არმონაწილეობა ნიშნავს სისუსტის აღიარებას.
„რეალურად, ოპოზიცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ხედავთ, რა ვითარებაა. მათ ძალიან დასუსტებული აქვთ პოზიციები და შემცირებული რეიტინგები, რაც ბუნებრივიც არის. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე როცა ხაბეიშვილია, ბუნებრივია, რაიმე პარტიულ სიძლიერეზე ლაპარაკი ზედმეტია. ასევე, როცა მათი არაფორმალური მმართველი არიან კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ოპოზიცია ძლიერი ვერ იქნება. იგივე ეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ არჩევნებში არმონაწილეობა საკუთარი სისუსტის აღიარებაა. ამ შემთხვევაშიც არჩევნებში მონაწილეობაზე უარს თუ იტყვიან, კიდევ ერთხელ აღიარებენ საკუთარ სისუსტეს, რის შესახებაც საზოგადოება ისედაც ინფორმირებულია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ხშირად ხდება, რომ ოპოზიციისგან მოვისმენთ მჭექარე განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რაოდენ დიდია საზოგადოების მხარდაჭერა, შემდეგ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება და ერთ ან ორ მუნიციპალიტეტში იმის გატესტვაზეა ლაპარაკი, რა მოცულობის მხარდაჭერა აქვს საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებას ან ოპოზიციას, ასეთ შერკინებებს ოპოზიცია გაურბის“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ.
სარჯველაძის თქმით, ოპოზიციას მხარდაჭერის პრობლემა აქვს.
„რეალურად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ხელისუფლებას დღეს ნამდვილად აქვს უპირატესობა. ვფიქრობ, მთელ ოპოზიციას, რომც გაერთიანდეს ყველა ხმა, არითმეტიკულად მაინც გაუჭირდება კონკურენციის გაწევა ხელისუფლებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი მიზეზი, რის გამოც გაცლა ამჯობინეს, რეალურად არის ის, რომ არ უნდათ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე დაკარგონ ასეთი მჭექარე განცხადებების კეთების შესაძლებლობა და კიდევ მეტად დაუკარგონ დამაჯერებლობა საკუთარ ოპტიმისტურ ნიღაბს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციას შემოდგომისთვის არ აქვს არანაირი რესურსი იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნას. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ თუ რიტორიკა არ შეცვალა და მხოლოდ ის იძახა, რომ ხელისუფლება ცუდია და თავად კარგები არიან, უარეს სიტუაციაში აღმოჩნდებიან, ვიდრე ახლა იმყოფებიან.
„ოპოზიციას მხოლოდ ორი თემა აქვს, რომელსაც მუდმივად ატრიალებს და რომელიც საზოგადოების თვალში უკვე ძალიან გაცვდა. ერთი, რომ ხელისუფლება პრორუსული ძალაა და მეორე ევროკავშირის თემა, სადაც „ოცნებამ“ პიარის კუთხითაც მოუგო. სამწუხაროდ, ოპოზიციას არა აქვს საზოგადოებისთვის რაიმე ახალი შესათავაზებელი, რითაც ხელისუფლებაზე უკეთესი გამოჩნდება. სასაცილო ისაა, რომ ადამიანის უფლებებზე, კორუფციაზე და ციხეში წამებაზე საუბრობს ის ხალხი, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ყველა ეს უფლება დარღვეული იყო და ხალხმა სახლში სწორედ ამიტომ გაუშვა.
ამიტომ, ეს ჩვენს მოსახლეობას სასაცილოდ არ ჰყოფნის. როცა „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის ციხეში მოწამვლაზე, წამებაზე და ა.შ. ლაპარაკობს, ასეთ დროს თავს სასაცილოდ იგდებს, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ამ ხალხს არა აქვს მორალური უფლება, რომ ციხეში ვინმეს წამებაზე ისაუბროს. სააკაშვილის შემთხვევაში ხალხი ხედავს კადრებს, თუ სად ჰყავთ ის მოთავსებული და ამ ხნის განმავლობაში რამდენი მნახველი ჰყავდა. ამიტომ რიტორიკა უნდა შეცვალონ. რაც შეეხება ხელისუფლების პრორუსულობას, „ოცნება“ აქაც სჯობნით - ხალხს ეუბნებიან, რომ პრორუსული კი არ არის, პირიქით, ქვეყანას თავიდან ომი აარიდეს. ოპოზიცია კიდევ თავის განცხადებებით ხალხს ხელისუფლების არგუმენტებს უმყარებს. ამიტომ, მე არ ვიცი, რა დღის წესრიგი უნდა შესთავაზონ შემოდგომიდან პოლიტიკურმა პარტიებმა“, - ამბობს ძაბირაძე.
რაც შეეხება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ამ თემით პოლიტიკურ სპეკულაციას, ძაბირაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან აქაც წააგო. მისი აზრით, ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როცა 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ბოიკოტი გამოაცხადა და პროცესში მონაწილეობას არ იღებს. მისი აზრით, „ოცნება“ ამასაც უკვე პიარის სახით იყენებს და პირიქით, მათ საწინააღმდეგოდ ამუშავებს.
„არ ვიცი, რამდენი შეცდომა უნდა დაუშვას ოპოზიციამ, რომ რელურად მიხვდნენ სად და რატომ სჯობნის ხელისუფლება. კანდიდატის სტატუსი, ღმერთმა არ ქნას, რომ არ მოგვცენ, იქნება რაღაცა გამოსვლები, მაგრამ არა იმ მასშტაბის და სიმწვავის, როგორის იმედიც ოპოზიციას აქვს. ხელისუფლებამ უკვე თავის დაზღვევა დაიწყო და ისრები ოპოზიციის მისამართით გადაიტანა. სწორიც არის, რადგან ამის საშუალებას თავად აძლევენ. დიდი შეცდომა დაუშვეს, როცა 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვეს.
„ოცნება“ ამას უკვე მათ წინააღმდეგ იყენებს. მეორეც კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვცენ, ხალხი ამას მთლად ხელისუფლების ბრალად არ გინიხილავს. იტყვიან, რომ კარგი, თუ ხელისუფლება არ იმსახურებდა, ქართველმა ხალხმა ამისთვის ხომ ვიბრძოლეთ, ვიწვალეთ, რატომ არ მოგვცეს, ხომ გვეკუთვნოდაო. ასევე ქუჩაში ამის გასაპროტესტებლად ხალხი რომ გამოვიდეს, მათ ხომ კარგად იციან, რომ „ოცნებას“ არ შესწევს ძალა ეს გადაწყვეტილება შეცვალოს. ამიტომ, აქაც წაგებულები არიან. სახელისუფლებო პიარი ძალიან კარგად მუშაობს და ამბობენ, რომ ოპოზიციას უნდა სტატუსი არ მოგვცეენ, რადგან ეს რევოლუციური სცენარისთვის გამოიყენონ და ხელსიუფლება ძალისმიერი მეთოდით შეცვალონ. ოპოზიციაც ამაში ხელს უწყობს და გაჰყვირიან, თუ სტატუსი არ მოგვცენ, ხელისუფლება უნდა შევცვალოთო. ოპოზიციას ყველა თემა გაუხუნდა და ხალხს ვერ აჯერებენ, რომ „ოცნებაზე“ უკეთესები არიან“, - ამბობს ძაბირაძე.
პოლიტოლოგი იგორ კვესელავა კი აცხადებს, რომ ოპოზიცია ზნეს არ შეიცვლის და შემოდგომიდან დადგება იმ გზაზე, რომელიც მისთვის მომგებიანი იქნება, შეიძლება, ეს იყოს დემონსტრაციები და ხმაურიანი აქციები. კვესელავა for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციას ახლა ჰგონია, რომ ხელთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თემა კოზირად აქვს, თუმცა თუ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, 2024 წლისთვის მათ მთელი პოლიტიკური სქემა ეშლებათ.
„ოპოზიციას ორი გზა აქვს - საბრძოლო სულისკვეთება და მშიდობიანად პროცესების წარმართვა. თუმცა ოპოზიცია ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და ეცდება, რომ 2024 წლამდე პროცესები მაქსიმალურად დაძაბოს. თუმცა ხალხი აჰყვება თუ არა, ეს რთული საკითხია. ყველაფერი ისევ იმაზე იქნება დამოკიდებული, ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომა რა იქნება. ჩვენ ვნახეთ ე.წ. აგენტების კანონპროქტთან დაკავშირებით ოპოზიციამ როგორ შეძლო პროცესების აზვირთება, მაგრამ საბოლოო ჯამში მისი მართვა ისევ ხელისუფლებამ მოახერხა, როცა კანონპროექტი უკან გაიტანა. ახლა ოპოზიციას კანდიდატის სტატუსი აქვს მთავარ თემად, თუკი დასავლეთმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, არჩევნების წინ ესეც წყალში ჩაუვარდებათ და „ოცნების“ პრორუსულობის თემას ვეღარ წამოსწევენ წინ. ამიტომ ოპოზიციამ ახალი რამე უნდა მოიფიქროს“, - ამბობს კვესელავა.
მისივე თქმით, იქნება პარტიებს შორის გადაჯგუფება და „ნაციონალური მოძრაობა", ორად გაიყოფა. პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ დიდი ალბათობაა, გვარმიასა და მელიას თანამშრომლობა შედგეს. ხოლო დანარჩენი პოლიტიკური პარტიები თუ არ გადაჯგუფდებიან და გამსხვილდებიან, 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ გიორგი გახარიას აქვს, დანარჩენი მცირე პარტიები კი პარლამენტს მიღმა აღმოჩნდებიან.