შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზრდა. ცხედართან ერთად ნაპოვნია ცხედრის 1 ფრაგმენტი. ამ დროისთვის შოვში, სტიქიის ზონაში 8 პირს ეძებენ. სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი დამუშავებულია და დარჩენილია 25-26%. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ვიდრე იარსებებს თუნდაც თეორიული მცირე შანსი, სამაშველო სამსახური ადგილზე რჩება. სტიქიის ზონაში რჩება შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც პოლიტიკური თავდასხმის ობიექტია.
მთავარი საკითხი, რატომაც შოვის ტრაგედიაში შს მინისტრს ადანაშაულებენ, არასაკმარისი ვერტმფრენების რაოდენობაა, რასაც ვახტანგ გომელაურმა უპასუხა, რომ სამი ახალი ვერტმფრენი შეძენილია საფრანგეთში და პირველი ვერტმფრენი საქართველოში 2024 წლის მარტში უნდა ჩამოვიდეს.
„რაც შეეხება - „მერე აღარ მოხდება?!“ - მაგაზე ვერავინ ვერ გაზღვევს, არსებულ ვერტმფრენებს შეუძლია იგივე, რაც იმას შეუძლია, უბრალოდ, ისინი ახლებია. ორი გვყავს ახალი, პატარა, რომელშიც ბევრი ხალხი ვერ ეტევა. ტექნიკურად აბსოლუტურად გამართულია, არც ერთი პილოტი არ აფრინდება თუ ვერტმფრენი გამართული არ არის. ჩარჩენილი მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას იყვნენ, არ იყო საჭიროება, რომ გაერისკათ პილოტებს, რადგან შეიძლება ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო. რისკია, ღამე არ არის ისეთი ხედვა, ხეობაა, მთებია და შეიძლება რაღაცას წამოედოს, რაც მოხდა სამწუხაროდ გუდაურში“, - განაცხადა მინისტრმა.
როგორც გომელაური აცხადებს, ვერტმფრენები შოვში დაახლოებით სამ საათში ჩავიდა.
„ვერტმფრენები ჩამოვიდა, დაახლოებით, სამ საათში. ვერტმფრენი არ არის არც ველოსიპედი და არც მანქანა, რომ დაჯდე და უცებ გავარდე, ამას მომზადება სჭირდება. ამინდი იყო ძალიან ცუდი, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ შემოფრენილიყო ხეობაში. ვერტმფრენი მაინც ჩამოვიდა, იმუშავეს, შუაში, სადაც კუნძულზე 70 ადამიანი იყო, უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს. დაღამდა. იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე იყო აღარ გავრისკეთ და დანარჩენი ადამიანები მეორე დღეს გამოვიყვანეთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც არ ადასტურებს მისი თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების საკითხს. პირველი პოლიციელი აცხადებს, რომ მისი თანამდებობის დატოვებას წყვეტს პრემიერი, პარტია, გუნდი და თუ გადაწყვეტენ, მზად არის დატოვოს თანამდებობა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვახტანგ გომელაური არის ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრი, რომელმაც ეს არაერთგზის დაამტკიცა სხვადასხვა ტიპის ვითარებაში, სხვადასხვა დროს. აქედან გამომდინარე, მისი გათავისულების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის ცარიელი სპეკულაცია. რაც შეეხება ვერტმფრენების გამოყენების აუცილებლობას, როგორც კობახიძე აცხადებს, რომ ყოფილიყო საჭირო ვერტმფრენები ღამის ხედვის აპარატურით, თუნდაც მეზობელი ქვეყნებიდან შეიძლებოდა მობილიზება, მაგრამ ამის საჭიროება არსებული ვითარების გათვალისწინებით, უბრალოდ, არ არსებობდა.
კობახიძემ სპეკულაცია უწოდა ოპოზიციის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა. როგორც კობახიძემ განმარტა, დრონების საშუალებით ყველა ოპერაციის ჩატარება იყო სრულად შესაძლებელი.
„ღამის ხედვის აპარატურა გამოყენებული იქნა მყისიერად და მე შეგახსენებთ, რომ იყო დრონები, რომლებსაც აქვთ იდენტიფიცირების საშუალება, მათ შორის, ადამიანების იდენტიფიცირების საშუალება კონკრეტულ ლოკაციებზე და ასევე, ცხედრების იდენტიფიცირების საშუალება, რაც თავიდანვე იყო გამოყენებული და ამას განმარტავდა შს მინისტრი. არის უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც არის, უბრალოდ, ძალიან მძიმე სპეკულაცია.
ვისაც უნახავს ადგილზე ლოკაცია, სადაც მოხდა სტიქია და ვინც ადგილზე გაეცნო ვითარებას, ყველა დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა იყო უბრალოდ შეუძლებელი ერთი მარტივი მიზეზის გამო, იყო სტიქია და ღვარცოფის მასა წამოვიდა მყისიერად, ძალიან დიდი სიჩქარით. ამიტომ ვინც, სამწუხაროდ, მოყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი. თუნდაც მეზობელი ქვეყნებიდან შეიძლებოდა ამის მობილიზება, მაგრამ ამის საჭიროება არსებული ვითარების სპეციფიკის გათვალისწინებით უბრალოდ, არ არსებობდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ინტერპელაციის წესით შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს იბარებს. ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაარეგისტრირა წერილი. პარტიის წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ბევრი ნიშანი იკვეთება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ შოვის ტრაგედიას ჰყავს დამნაშავეები, რომლებმაც გამოიჩინეს გულგრილობა, ამიტომ მისი თქმით, საჭიროა საგამოძიებო კომისიის შექმნა.
„სამარცხვინო - რა შეიძლება ვუწოდოთ საერთოდ იმ შეფასებებს, რასაც დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ. ჩვენ მოვისმინეთ კობახიძის და გომელაურის განცხადება, რაც პირდაპირ გამოკვეთს დანაშაულებს თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და ისინი ახლა გადასულები არიან თავის მართლების რეჟიმზე.
ის, რომ დაღუპული ადამიანების, მათი ოჯახების გასაგონად ამბობენ ასეთ რამეს, რომ თურმე მათი გადარჩენა უკვე აღარ შეიძლებოდა და სწორედ, ამიტომ არ გამოიყენეს ვერტმფრენიც, მხარდაჭერა არ ითხოვეს, ეს პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ საჭიროა საგამოძიებო კომისია, რომელმაც უნდა დაადგინოს სწორედ ის გულგრილობა და ჩადენილი დანაშაული, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იკვეთება“, - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.
პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ ხელმძღვანელის რომან გოცირიძის თქმით, საქართველოში, ლამის, ყოველ მეორე ჩინოვნიკს ემსახურება პერსონალური მანქანა თავისი მძღოლით, საწვავითა და სხვა უამრავი ხარჯით, 11 წლის განმავლობაში კი, სამაშველო დანიშნულების ვერტმფრენი ვერ შეიძინეს. მისივე შეფასებით, მმართველ გუნდს ხალხის გადასარჩენ საქმეში ფულის დახარჯვა ენანება, რადგან თანხები საკუთარი კორუფციული და კლანური მიზნებისთვის აქვთ გადასანაწილებელი.
„შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია, რადგან ეს რიგითი შემთხვევა არ არის. მოხდა უდიდესი ტრაგედია და თუ ამ ტრაგედიის შემდეგ კვლავ გაბედავენ დაარღვევენ კონსტიტუციას და სხვადასხვა მანიპულაციის გზით საგამოძიებო კომისიის შექმნას ჩაშლიან, ეს დაამტკიცებს, რომ იმ კატასტროფულ შედეგში დამნაშავეა ხელისუფლება.
ეს იქნება არამხოლოდ პოლიტიკურად გაუმართლებელი და უკანონო ქმედება, არამედ უზნეო ნაბიჯი, ეს იქნება ჭირისუფლების ნების გაუთვალისწინებლობა, რომლებიც მომხდარ უბედურებასთან დაკავშირებით ობიექტურ დასკვნას ელიან. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არც ერთ გახმაურებულ საქმეზე პროკურატურას ობიექტური გამოძიება არ წარუმართავს.
ისეთ შემთხვევაში, როცა სტიქიის თავიდან აცილება შეუძლებელია, შესაძლებელია მსხვერპლის თავიდან აცილება, რომ ყოფილიყო წინასწარი გაფრთხილების მექანიზმები, მონიტორინგი, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით დაკვირვება, ადამიანების გადარჩენა 10-15 წუთის საქმე იქნებოდა. 11 წელი გავიდა და ისევ ვერტმფრენებზე ვლაპარაკობთ - რიგში ვდგავართ და ვერტმფრენი 2024 წელს იქნებაო. ვის გაუგია რიგი საბაზრო ეკონომიკაში და თუ რაღაცაზეა რიგი და ეს სპეციალური აღჭურვის აპარატია, რატომ არ დაიჭირეს რიგი აქამდე?!“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
ვერტმფრენების გამოყენებაზე არ აკეთებს აქცენტებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი, რომლის განცხადებით, ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია მეცნიერულ კვლევაზე წასვლა და უსაფრთხოების ისეთი სისტემის შექმნა, რომლის დროსაც ყველაფერი იქნება გათვლილი და გაწერილი. ასეთ შემთხვევაში ევაკუაციაც ეფექტური იქნება.
„ვერტმფრენების შეძენა არ შეიძლება იყოს ერთი და ორთვიანი ამბავი, იქიდან გამომდინარე, რომ იქ ძალიან ბევრი პარამეტრია გასათვალისწინებელი, მათ შორის ის რამდენად თავსებადია იმ გარემოსთან, სადაც უნდა მოხდეს მისი გამოყენება და ა.შ. ამას სჭირდება დრო. უნდა არსებობდნენ რისკების შეფასების სისტემა, სადაც ჩანს ყველა ის საფრთხეები რაც არის მოსალოდნელი და ამ რისკების მიხედვით უნდა ხდებოდეს როგორც ტექნიკის, ასევე ტექნოლოგიების შეფასება.
აქედან გამომდინარე, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ არის რისკები შეფასებული და იქ გამოჩნდება დრონების აუცილებლობა იყო, ვერტმფრენების, თუ ორივეს ერთად გამოყენების აუცილებლობა. რისკების შეფასება არის სისტემატური და განახლებადი პროცესი. ყველაფერი ხდება საფრთხეების გათვალისწინებით, შეიძლება ეს იყოს გეოგრაფიული მიმართულებით, ან სხვა მიმართულება, მაგრამ რისკების შეფასების გარეშე ნორმალურ ფუნქციონირებაზე საუბარი არ შეიძლება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.
ანალიტიკოსის „ხალხის ძალის“ წევრის, დავით ქართველიშვილის განცხადებით, საქართველოში დიდ ხნის წინ პოლიტიკურად უნდა გასამართლებულიყო „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია და მის მიმართ ისეთი ზომები უნდა გატარებულიყო, რა ზომებიც გაატარეს უკრაინაში, მოლდოვაში მთელი რიგი ოპოზიციური პარტიის მიმართ.
„უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება „ნაციონალურ მოძრაობას“ იმიტომ, რომ უკრაინაში და მოლდოვაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალულ პარტიებს წლების განმავლობაში მონაწილეობა არ მიუღია იმ სისტემურ კრიმინალში და დანაშაულში, რომელშიც არაერთგზის მხილებულ იქნა და დღემდე გრძელდება ეს მავნებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.
ამიტომ ჩემთვის ნებისმიერი განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის ამორალური, დანაშაულებრივი და ჩემი მხრიდან მხოლოდ ერთი კომენტარი იქნება ამასთან დაკავშირებით - ის, რაც „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა ამასწინათ დააანონსა - საშემოდგომო სესიისთანავე ის შეეცდება დაიყოლიოს თავისი კოლეგები უმრავლესობიდან, რომ დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის“ როგორც პოლიტიკური პარტიის აკრძალვის ინიცირება, რომ ეს პროცესი დაიწყება“, - აღნიშნა for.ge დავით ქართველიშვილმა.