"სტიქიიდან 1 საათსა და 20 წუთში (16:20:21) გადაღებული ფოტო (Heidi Declercq)“ - ასე დაასათაურა ფოტო დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის წევრმა, მეცნიერმა ლაშა სუხიშვილმა, რომელიც საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა...
სტატუსს სხვადასხვაგვარი კომენტარი და გამოხმაურება მოჰყვა. უამავი კითხვა დაისვა. AMBEBi.GE ლაშა სუხიშვილს დაუკავშირდა:
- ფოტო, რომელიც გამოვაქვეყნე, საინტერესოა იმით, რომ გადაღებულია სტიქიიდან ძალიან მალე და ერთადერთი ფოტოა, რომელიც სტიქიის უშუალო სიახლოვეს არის გადაღებული. დანარჩენი, რაც გვაქვს ვერტმფრენის კადრები, სატელიტური გამოსახულებებია, მაგრამ ახლოდან და ფოტოგადაღება ეს ერთადერთია. ფოტოზე კარგად ჩანს მყინვარი „თბილისა“, სადაც დაიწყო სტიქია, მაგრამ მარცხნივ ჩანს მყინვარი „ბუბა“. ფოტო უცხოელმა კოლეგებმა მოგვაწოდეს, რომელთაც უცხოელმა ტურისტება მიაწოდეს.
- რა არის ამ ფოტოზე საინტერესო და ხელჩასაჭიდი?
- აქამდე რა გზითაც ვახერხებდით ამა თუ იმ ინფორმაციის მიღებას, ყველაფერი მოდიოდა სატელიტიდან, ზედხედიდან, ამ შემთხვევაში გვაქვს საშუალება, რომ სტიქიის ეპიცენტრს შევხედოთ გვერდიდან, ანუ სხვა კუთხით. ეს მნიშვნელოვანია. როდესაც ვფიქრობთ და ვმსჯელობთ იმაზე, ტერიტორიაზე რა მოცულობის მყინვარი შეიძლება ყოფილიყო საქმეში ჩართული, ზემოდან გადაღებულ კადრებში კარგად არ ჩანს, რადგანაც ნაკადმა გადაფარა მყინვარის სხეული, ანუ თავისი მასალით შეუცვალა ფერი. ჩვენ რომ ნაშალი მასალა, ან ქანი გვგონია, სინამდვილეში მის ქვეშ ისევ ყინულია, ანუ გვერდიდან დავინახეთ, რომ მოგლეჯილი მყინვარის მასშტაბი და მოცულობა, გადაჭარბებულად გვქონდა შეფასებული. გვერდხედით გამოჩნდა, რომ ხშირ შემთხვევაში, ზედა ფენის ქვეშ ისევ ყინულია. თუ ვერტმფრენიდან დახედავთ შენობას, ფანჯრებში ვერ შეიხედავთ, თუ შეხედვა გინდათ, გვერდიდან უნდა შეხედოთ - ეს პრინციპია და აღნიშნული ფოტო ამის საშუალებას იძლევა.
- ანუ ზოგიერთ ტერიტორიაზე, რომ გეგონათ, ყინული აღარ იყო, გაირკვა, რომ არის?
- კი, ჩანს, რომ ყინული ისევ არის. ახლა დასადგენია ამ ტერიტორიიდან რა სისქის ყინულია მოხსნილი, ან ასეთი ყინული საერთოდ მოიხსნა თუ არა.
- რატომ?
- იმიტომ რომ ყინულის გარდა შეიძლება ფირნი ყოფილიყო (ფირნი არის შუალედური სტადია, როცა თოვლი იწყებს მყინვარად ჩამოყალიბებას, მაგრამ ჯერ მყინვარად ჩამოყალიბებული არ არის). მისი სიმკვრივე უფრო ნაკლებია, ვიდრე მყინვარის ყინული. ამიტომ მისი ნაკადის მიერ დაშლა და მოწყვეტა უფრო მარტივია, ვიდრე მყინვარის. შეიძლება ზოგ შემთხვევაში ფირნი ყოფილიყო ნაკადის მიერ ჩაქცეული და არა მყინვარი.
ეს ფოტო სწორედ ასეთი სცენარების განვითარებას გვაძლევს, მაგრამ ჩვენი სცენარები მტკიცებით ფორმას ჯერ ვერ იძენს.
- ავტომანქანა ჩანს ფოტოზე, ასე ადვილად შეიძლება ამ ტერიტორიაზე მისვლა?
- ფოტოს ისტორია არის ასეთი, - ტურისტები იყვნენ შოვში 3-ის 10 წუთზე, სტიქიამდე 50 წუთით ადრე და აპირებდნენ სალაშქროდ გასვლას, ბუბასწყლის ხეობაში უნდა ასულიყვნენ. როგორც ჩანს, ბოლო მომენტში გადაიფიქრეს და მანქანით მამისონისკენ წავიდნენ. მამისონის გზაზე არის ადგილი, გადასახედი, სადაც გაჩერდნენ და ეს კადრი გადაიღეს.
- მათ ჰქონდათ უკვე ინფორმაცია მომხდარის შესახებ?
- როდესაც შოვიდან დაიწყეს გადაადგილება, სტიქია არ იყო დაწყებული, მაგრამ ხედზე რომ ავიდნენ და ეს ხეობა დაინახეს, ყველაფერი უკვე დასრულებული იყო. მაშინ მიხვდნენ, რომ რაღაცამ ჩაიარა.
- მოკლედ, ფოტო გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის, მაგრამ მტკიცებითი ფორმით არაფრის თქმა არ შეგვიძლია. შესაძლებელია აქ იყოს ყინულის მასა, ან შესაძლებელია არ იყოს? თუ არის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისევ დაიძრას?
- არა მარტო ამ ტერიტორიაზე, ბევრი მყინვარია შესასწავლი, იმიტომ, რომ წარსული მონაცემები შეიძლება უკვე აღარ იყოს აქტუალური და ბევრი საფრთხე იმალებოდეს ამ მყინვარებში. ეს სურათი დიდი ფაზლის ერთი ნაწილია, ოღონდ, ის ნაწილი, რომელიც სრული სურათის აღდგენის საშუალებას ჯერ არ იძლევა. ისე, ფაზლის მნიშვნელოვანი კომპონენტია და რომლის ამოხსნასაც ვცდილობთ.
- საბოლოოდ, რას ვეუბნებით ადამიანებს - შეიძლებოდა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება?
- სტიქიის შეჩერება, შერბილება, მასშტაბების შემცირება შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ მონიტორინგის სისტემების არსებობის შემთხვევაში, როგორიც არის ადრეული შეტყობინება, ამასთან, სასიგნალო შეტყობინება, არ არის გამორიცხული, მსხვერპლის რაოდენობა ნაკლები ყოფილიყო.
- ეს მონიტორინგი საერთოდ არ ხდება ამ მეტად კრიტიკულ ადგილებზე?
- როგორც ჩანს, გლაციოლოგიური მონიტორინგი სუსტი წერტილი გვაქვს ქვეყანაში. ამ დღეებში ბევრი შეფასება მოვისმინე, თუმცა მყინვარული საფრთხეების კომპონენტი ვერსად ვნახე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელია, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვიმეორებ, ყველაფერი იმ დიდი პროცესის ჯერ დასაწყისია. სტიქიური პროცესები, რასაც კლიმატის ცვლილების ფონზე ვუყურებთ, ბუნებრივი გარემოდან გამომდინარე, სამწუხაოდ კიდევ გააქტიურდება. საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი ინფორმაციის შეგროვება. გასაგებია, ერთი შეხედვით, შეიძლება ძვირი ჯდებოდეს, მაგრამ ეს არის ხარჯი, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია. ეს არ არის რაღაც სათადარიგო თუ ფუფუნებისთვის განკუთვნილი დანახარჯები. უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
- ხშირად ახსენებენ მდინარეს, ამ სტიქიურ პროცესში მდინარე არ მონაწილებდა?
- განვითარების ერთ-ერთი მოდელის მიხედვით სათავეშივე გვჭირდება თხევად მდგომარეობაში არსებული წყალი იმისთვის, რომ ნაკადი დაიძრას და იაროს ისე, როგორც გვგონია, რომ იარა. ამიტომ ვეძებთ ამ ფაზლის ნაწილებს. თუ ასე იყო, მაშინ უნდა ვიპოვოთ ეს დამამტკიცებელი საბუთები, რომ ადგილზევე იყო დიდი რაოდენობის წყალი...
იმის გამო, რომ მასალები არ გვაქვს და უცხოელ კოლეგებს ვთხოვთ ხოლმე, იქნებ მათ ჰქონდეთ წვდომა, ან მათ მოიპოვონ ჩვენთვის და გვაჩუქონ, გადმოგვცენ. სამწუხაროა, რომ შეფასებების გაკეთება ასე გვიწევს. სამწუხაროა, რომ ასეთი ფორმით ვცდილობთ აღვადგინოთ ეს სცენარი.
რაც შეეხება მდინარეს, მყინვარი არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ის ყინულის მასაა, რომელიც წერტილზეა დამაგრებული და მხოლოდ დნება. სინამდვილეში მყინვარი დენადად გადაადგილდება, როგორც ნახევრად თხევადი სუბსტანცია. გადაადგილებას აქვს თავისი სიჩქარე (ყველა მყინვარს განსხვავებული). ამ გადაადგილებისას ხდება ის, რომ იშლება კლდე (აბრაზია ხდება) ხახუნის გამო და თან დნება. ის ნადნობი ჩადის ნაპრალების საშუალებით ფსკერზე, სადაც სივრცეებს პოულობს და მყინვარქვეშა მდინარის სახით გამოდის და მდინარეებს ქმნის. ამ შემთხვევაში მდინარე თბილისას.
მდინარე ბუბისწყალი სათავეს იღებს მდინარე თბილისადან. სტიქია სინამდვილეში ჩაისახა მდინარე თბილისაზე, რომელიც რამდენიმე კილომეტრში უერთდება ბუბისწყალს.
ასე რომ, მყინვარი ძალიან დინამიკური სისტემაა, მოძრავი, მის ცხოვრებაში ჩართულია ნაშალი მასალა, წყალი, ყინული, ფირნი, ძალიან მგრძნობიარეა გარემოპირობების მიმართ. მგრძნობიარეა როგორც ჰაერის ტემპერატურის ცვლილებაზე, ისე ატმოსფერულ ნალექებზე და ა.შ.
- თქვენი სტატუსის ქვემოთ არაერთგგვაროვანი კომენტარებიც გაჩნდა - რომ ეს ყველაფერი ვიღაცამ იცოდა, ან არ იცოდა ა.შ. რას ვეუბნებუთ ასეთი კომენტარების ავტორებს?
- ვერსია, რომ ვინმემ იცოდა და თავისთვის შეინახა ეს ცოდნა, შეგვიძლია, გამოვრიცხოთ... და ერთიც უნდა განვმარტოთ, კომენტარებში იყო, - „სურათზე არის დაგუბებული წყალი“. ამ სურათზე დაგუბებული წყალი არ ჩანს, ამას ვერ ვხედავ...