ყაზახეთი და აზერბაიჯანი ბაქო-სუფსის მარშრუტით ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლებლობას განიხილავენ. ეს დამატებითი სარგებელი იქნება საქართველოსთვის, რომელიც უკვე ატარებს შუა აზიურ ნავთობს და სხვა ტვირთებსაც. მჭიდრო თანამშრომლობის მოსურნეა ორივე ქვეყანა, რაც უმაღლეს სამთავრობო დონეზე დადასტურდა.
ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრის ალმასადამ სატკალიევის ინფორმაციით, უკვე მიღწეულია შეთანხმება ყაზახური ნავთობის ექსპორტზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით და ახლა განიხილება ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლებლობა ბაქო-სუფსის მარშრუტით.
„ყაზახეთმა დაიწყო „დრუჟბას“ მილსადენით გერმანიისთვის ნავთობის მიწოდება. მიწოდება ხორციელდება ყაზახური ნავთობის ტრანზიტის შესახებ ადრე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად“, - განაცხადა ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ ბაქო-სუფსის მილსადენის სიგრძე 837 კილომეტრია. მისი გამტარუნარიანობა აღემატება შვიდ მილიონ ტონა ნავთობს წელიწადში (145000 ბარელი დღეში). მილსადენის ოპერატორი არის „ბიპი“. ნავთობის ტრანსპორტირების საბოლოო პუნქტი არის შავი ზღვის პორტი სუფსა. შემდეგ ნავთობი ევროპაში მომხმარებელს ტანკერებით მიეწოდება.
მილსადენის გავლით ექსპორტი 2022 წლის მაისიდან ნავთობის გადაზიდვებზე განაცხადების ნაკლებობის გამო შეჩერდა. ახლა კი მისი ამუშავება დადგა დღის წესრიგში.
ის, რომ ყაზახეთმა საქართველოს გავლით ნავთობპროდუქტების გადაზიდვა უკვე დაიწყო, ამას საქართველოს მთავრობაში ადასტურებენ და კონკრეტული მონაცემებიც მოჰყავთ. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, ენერგოტვირთი წელიწადში 2 მილიონ ტონას შეადგენს.
„უკვე არის განაცხადი და დაიწყო ყაზახურმა ნავთობმა ტრანსპორტირება, რომელიც შეადგენს წელიწადში 2 მილიონ ტონას. ასევე, ყაზახური სხვა ნავთობპროდუქტები 600 000 ტონა იქნება. ასევე, იგეგმება 2.5 მილიონი სხვადასხვა მშრალი და ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირება, როგორიცაა გოგირდი და სხვა. კონტეინერების ზრდაც იქნება.
მოლოდინი გვაქვს, რომ კორიდორში კონტეინერების რაოდენობა პირობითად, 40-50 ათასამდე გაიზრდება. ეს ძირითადად იქნება ცენტრალური აზია და ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი ტვირთები, რისთვისაც გამოიყენებენ როგორც ჩვენს პორტებს, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალსაც“,- განაცხადა გურამიშვილმა.
შუა აზიის ქვეყანა, რომ საქართველოს დერეფნით დიდად დაინტერესებულია, ეს ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ალიხან სმაილოვისა და საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრისას დროსაც დადასტურდა. სამუშაო შეხვედრაზე ალიხან სმაილოვმა ხაზი გაუსვა, რომ ყაზახეთსა და საქართველოს აკავშირებს მჭიდრო და ხანგრძლივი მეგობრული კავშირები და მრავალმხრივი თანამშრომლობა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ორმხრივ მზადყოფნას ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებულ ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობას. საქართველო ყაზახეთის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში.
საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს შევთანხმდით ორმხრივი ვაჭრობის წლიური მაჩვენებლების გაზრდაზე და ძალიან კარგია, რომ 6 თვის შედეგების მიხედვით, ჩვენი ორმხრივი ვაჭრობა 30%-ით გაიზარდა. ჩვენი სავაჭრო ბრუნვის, ჩვენი ვაჭრობის მოცულობების შემდგომი გაზრდის მიზნით, მე გთავაზობთ, გამოვიყენოთ ჩვენი სამთავრობათაშორისო კომისიის შესაძლებლობები.
ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობას ტრანზიტისა და ტრანსპორტის სფეროში. სასიხარულოა, რომ ჩვენი პარტნიორობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაში სწრაფად მყარდება. მიმდინარე წლის ექვს თვეში შუა დერეფანზე ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 77%-ით გაიზარდა და 1,3 მლნ ტონას მიაღწია. ჩვენს ბოლო შეხვედრაზე მიღწეულმა შეთანხმებებმა დამატებითი ბიძგი მისცა მარშრუტის განვითარებას. ზოგადად, ყაზახეთის მთავრობა მზადაა გააგრძელოს მრავალმხრივი მუშაობა, რათა უზრუნველყოს ყაზახურ-ქართული პარტნიორობის დინამიკური განვითარება ყველა სფეროში“, - აღნიშნა ცოტა ხნის წინ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.