დესტრუქციული ოპოზიცია პოლიტიკური პერფორმანსების ახალ სეზონს ხსნის

დესტრუქციული ოპოზიცია პოლიტიკური პერფორმანსების ახალ სეზონს ხსნის

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.დამატებით აღმოჩენილია 3 ცხედარი და სხეულის ფრაგმენტი. გრძელდება შველა-ძიების სამუშაოები. სტიქიის ზონაში მობილიზებულია 103 ერთეული მძიმე ტექნიკა. 10 მდებარეობაზე ხორციელდება სამაშველო სამუშაოები, სადაც ტექნიკა არის ჩართული. 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში, მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 24 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ოფიციალური ინფორმაციით ეძებენ 9 ადამიანს.

მაშინ, როდესაც მთელი ძალები შოვში, სტიქიის ზონაშია მობილიზებული, დესტრუქციული ოპოზიცია პოლიტიკური პერფორმანსების ახალ სეზონს ხსნის.ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ რაჭის სტიქიასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, როდესაც მსხვერპლი დღითიდღე იზრდება, არსებობს ორი მთავარი კითხვა, იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში და იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.

ინიციატივას მხარს არ უჭერს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი და კერძოდ, გიორგი გახარიას გუნდი. გადაწყვეტილებას ბოკუჩავა იმით ხსნის, რომ პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდის მიმართ გაცემულია დავალება, რომ მათ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირონ

როგორც ბოკუჩავამ ამ კონტექსტში განმარტა, თავის დროზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ადრეული გაფრთხილების სისტემებით აღჭურვის დაპირება გასცა და აღნიშნული საბიუჯეტო პრიორიტეტად დაასახელა, რაც არ განხორციელდა. ბოკუჩავას თქმით, არსებობს საკითხები, რომელთა თაობაზეც გახარიას, როგორც მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს, შეიძლება კითხვებისთვის პასუხების გაცემა მოუწიოს.

„საგამოძიებო კომისიისთვის მხარის დაჭერას ყველა ოპოზიციური პარტია აპირებს, გარდა ერთისა.სავსებით შესაძლებელია, რომ ისინი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კითხვებისთვის პასუხის გაცემაზე მეტად იმაზე ღელავდნენ, იმ პერიოდში, რომელიც საგამოძიებო კომისიის კვლევის საგანი შეიძლება გახდეს, მათი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი იყო.თუ ეს არის მათი მთავარი წუხილი, ეს არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან მნიშვნელოვანია დადგინდეს სიმართლე მათ შორის იმისთვის, რომ ქვეყანა ასეთი ტიპის კატასტროფასთან დაკავშირებით უკეთ იყოს აღჭურვილი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა უსაფუძვლო და უადგილოა, რადგან რეაგირება იყო მყისიერი და მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ადამიანების სიცოცხლე გადარჩენილიყო. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საგამოძიებო კომისიებით მორიგი ისტერიის შექმნის მცდელობაა, პოლიტიკოსები მეტი პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდნენ ასეთ ტრაგედიას და არ იყენებდნენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის.

„რა კითხვები დარჩა, რომელზეც პასუხი ვერ მიიღეს და რამდენად აუცილებელია ამ კითხვებისთვის, თუკი რამე აქვთ, საგამოძიებო კომისიის შექმნა? მე უფრო მესახება, რომ ეს არის მორიგი პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობა საგამოძიებო კომისიებით. პარლამენტის წევრებს აქვთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, მაგალითად, ინტერპელაცია. შეუძლიათ დაიბარონ მინისტრი და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვან.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო პოლიტიკური ისტერიის შექმნის კიდევ ერთ მცდელობა, რაც არ ეკადრება იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაც ჩვენ ამ სტიქიიდან გამომდინარე გვაქვს. ვფიქრობ, უფრო სერიოზულად და პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდნენ პოლიტიკოსები ასეთ სტიქიას და ასეთ ტრაგედიას არ უნდა იყენებდნენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და ქულებისთვის“, - განამარტა შალვა პაპუაშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატი „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ რადიკალურ ოპოზიციას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფუნქციები 112-ის ფუნქციებში ერევა. როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის წევრებს სხვა საპარლამენტო მექანიზმები გააჩნიათ, რომელთა გამოყენებით კითხვების დასმა შეუძლიათ.მისივე თქმით, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტად იმ პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გაჩნდა, ვისაც გაუქარწყლდა ნარატივი, რის შექმნასაც აპირებდნენ.

„დადასტურდა მათ მიერ ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და კითხვები გაჩნდა პირიქით, თუ რატომ აკეთებდნენ ამას და დღემდე რატომ არიან ჩუმად. საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ე.წ. ადრეული გაფრთხილების სისტემები მუშაობს მაშინ, როცა მდინარის კალაპოტის შემცირება ან გაზრდა ხდება. ოფიციალურად დადასტურდა, რომ შოვში მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა - დადასტურდა მათ შორის სატელიტური გადაღებით.

რა თქმა უნდა, სამომავლოდ გარკვეული სისტემების გაუმჯობესება, გამოცდილების გაზიარება უნდა მოხდეს, მაგრამ შოვის ტრაგედია იყო ძალიან სწრაფად მომხდარი ბუნებრივი კატასტროფა და იმ ნარატივის შექმნა, რომ ხელისუფლებას რაიმეს გაკეთება შეეძლო და არ გააკეთა, არ დასტურდება.

დეზინფორმაციას ბოლო უნდა მოეღოს და ამის მარეგულირებელი კანონმდებლობა უნდა არსებობდეს. დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ გარკვეული რეგულაციები უნდა არსებობდეს, რათა მისი პრევენცია მოხდეს“, - განაცხადაგურამ მაჭარაშვილმა.

ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური პერფორმანსი, ჰაერში ნასროლი სიტყვა, რომელიც ოპოზიციას თვითონვე ბოლომდე არასოდეს არ მიუყვანია. მისი თქმით, არის პროცედურები, გასავლელი გზა, რომელიც უნდა გაიარონ, მაგრამ ისე იქცევიან თითქოს ვიღაცა უშლის ამაში ხელს.

„აიყოლიონ დეპუატების შესაბამისი რაოდენობა, გაყვნენ რეგლამენტით გაწერილ პროცედურებს და რაც უნდათ ის შექმნან, თუკი ამის შესაძლებლობა აქვთ.ხელისუფლებაში დაბრუნების ამ დედამიზანმა რამდენიმე წელიწადში რამდენჯერმე განიცადა კრახი, უშედეგო აღმოჩნდა. საკონსიტუციო გზით, არჩევნების გზით მათ ვერ მოახერხეს ხელისუფლებაში დაბრუნება, ვერც ცენტრალურ და ვერც ადგილობრივ დონეზე.

არჩევნების ბოიკოტით, მათი შედეგების ლეგიტიმაციის ეჭვის ქვეშ დაყენებით, საბოტაჟით ვერ ააგორეს უკმაყოფილების ტალღა საზოგადოებაში. საერთაშორისო შუამდგომლობის, მედიაციის, ფალსიფიკაციის გამოყენების, შარლ მიშელის დოკუმენტებში რაღაცა ანტიკოსტიტუციური ჩანაწერების შეტანით, ვერც ამ ყველაფერმა ვერ მოიტანა შედეგი. ე.წ. რუსული კანონის გარშემო მაიდნის მოწყობის მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდა“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისი თქმით, ახლა რეალურად რჩებათ იძულებით 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება, როდესაც ოპოზიციის ლობისტები და სართაშორისო მხარდამჭერები უკვე წინასწარ აფრთხილებენ საზოგადოებას, რა სურპრიზებს უნდა ელოდონ.

„ეს არის 2024 წლის არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება. ამაზე პირდაპირ ილაპარაკა ქალაბატონმა კრამონმა, კელი დეგნანმა. ანუ, ე.წ. პოლიტიკურ პარტიულ საპროგრამო გზას ვითომდა დაადგნენ, მაგრამ იმისთვის, რომ ჩანდნენ რადიკალური, დესტრუქციული ბანდა, არამედ როგორც პოლიტიკური პარტია, მათ არჩევნებამდე რაღაცა პოლიტიკური ნაბიჯები ხომ უნდა გადადგან. გამოუვათ, თუ არ გამოუვათ სხვა ამბავია, მაგრამ ჯერ კიდევ ორი წლის წინ ნიკანორ მელიათავმჯდომარის პოსტიდან ზუსტად ამ ასპექტებში აკრიტიკებდა საკუთარ პარტიას, რომ პარტიის შექმნიდან 22 წლის შემდეგაც ვერ ჩამოყალიბდაპარტია კლასიკურ პარტიულ წარმონაქმნადო. მიხვდნენ, რომ გარდაუვალია მათთვის 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მანამდე ვერაფერს ვერ ააყირავებენ და ვერაფერს ვერ გააკეთებენ, მაგრამ რაღაცა ხომ უნდა დაანახონ საკუთარ ამომრჩევლებს, თუ ლობისტებს და ფინანსისტებს საერთაშორისო ასპარეზზე, რომ რაღაცას ცდილობენ.

კვირა არ გადის, რომ ჩვენზე უფრო ძლიერი ქვეყნები არ მოყვნენ ამ გლობალური კლიმატური ცვლილებების, თუ სხვადასხვა ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, რაღაცა კატასტორფების წინაშე. ჰავაის კუნძულებზე ოკეანეში მყოფი ორი კუნძული დაიწვა და აზრად არ მოუვა კონგრესს, რომ მოითხოვონ სენატის საგამოძიებო კომისიის შექმნა.

ამიტომ, იფართხალეს, ვითომ რაღაცა პოლიტიკური აქტივობა გამოავლინეს, მაგრამ ბურთი და მოედანი მათ ხელშია. პარლამენტის დეპუტატები არიან, ფრაქცია აქვთ და რაც უნდათ ის შექმნან. მაგრამ, რამდენჯერაც დააანონსეს, რომ კომისიას ვქმნითო, ბოლომდე თვითონ არ მიიყვანეს, ეს ხომ ნონსენსია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ხელისუფლებისთვის მომგებიანი იქნება, თუკი დათანხმდება ოპოზიციის მოთხოვნას, შეიქმნას საგამოძიებო კომისია.

„თუ ხელისუფლებას ყველაფერი ნორმალურად აქვს, მაშინ შეიქმნას ეს საგამოძიებო კომისია, რომელიც არარსებულ ფაქტს ხომ არ მოიტანს, უბრალოდ, ხელისუფლების არ მესმის. გაჩნდა პრობლემა და ითხოვს საგამოძიებო კომისიას ოპოზიცია. ერთხელ მაინც ხომ შეიძლება შიქმნას კომისია და გამოიყენოს ოპოზიციამ, თუ რაიმეში გამოიყენებს.

ოპოზიციისთვის ხელსაყრელია, როდესაც ხელისუფლება არ თანხმდება ასეთი საგამოძიებო კომისიის შექმნას და არის თემა, რომ ხელისუფლება არ თანხმდება და ე.ი. იქ ყველაფერი კარგად ვერ იყო და ა.შ.რაც უფრო კარგად მუშაობს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. მოხდა ტრაგედია და თუ ვინმე დამნაშვეა, ბუნებრივია, უნდა დაისაჯოს.

მაგრამ არმგონია, რომ აქ ისეთმა თემამ ამოიწიოს, რომ ხელისუფლებისთვის ეს პრობლემური იყოს. ამიტომ, ოპოზიციისთვის უფრო მეტი ქულების მომტანი იქნება ის, თუ არ შეიქმნება ეს კომისია. მომგებიანია ილაპარაკოს, რომ დამნაშავეა ხელისუფლება და ამიტომ არ ქმნის კომისიას, რადგან ეშინია. სიმართლე გითხრათ კომისიის შექმნის პრობლემას ვერ ვხედავ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.