საქართველოს კანდიდატის სტატუსი, უკრაინას და მოლდოვას კი მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებისთვის - ესაა ინფორმაცია, რომელიც ბრიუსელიდან შიდა წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება. სავარაუდოდ, ოქტომბერში ქართველი ხალხი სწორედ ასეთ რეკომენდაციას გაიგებს ევროკომისიის გაფართოების ანგარიშიდან. შიდა წყაროებიდან ცნობილი ხდება, რომ დოკუმენტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ის ოქტომბრის მეორე ნახევრისთვის გამოქვეყნდება. გადაწყვეტილებების მისაღებად კი დეკემბერში ევროკავშირის 27 წევრის კონსენსუსი იქნება საჭირო.
სახელისუფლებო გუნდის აზრით, საქართველოსთან დაკავშირებით, ისეთივე გადაწყვეტილების მიღება იქნება სამართლიანი, როგორიც უკრაინის და მოლდოვას შემთხვევაში. „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ თბილისში მიმდინარე პროცესები ბრიუსელისთვის შეუმჩნეველი არ არის, მაგალითად, დეპოლარიზაციის ნაწილში. უმრავლესობის წევრების თქმით, პარტნიორებმა კარგად იციან, რომ შემცირების ნაცვლად სწორედ ოპოზიცია უწყობდა ხელს პოლარიზაციის გაღრმავებას.
დეპოლარიზაციის გარდა 12 რეკომენდაციიდან შეჩერებულია სასამართლო რეფორმის და დეოლიგარქიზაციის განხილვა. „ოცნება“ შესაბამისი სტრუქტურებიდან ამ საკითხებზე კონკრეტიკას ელოდება.
ხელისუფლების ოპონენტების განწყობა კი ისევ სკეპტიკურია. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ პარტნიორების სურვილის მიუხედავად, ქვეყანას სტატუსის მიღების საშუალებას ხელისუფლება არ აძლევს. პარტიებში, რომლებმაც სამუშაო ჯგუფებს თავის დროზე ბოიკოტი გამოუცხადეს, კვლავ იმეორებენ, რომ რეკომენდაციები შესრულებული არ არის.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ევროპის საბჭო, შარშანდელთან შედარებით, წელს სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს.
პაპუაშვილის თქმით, შარშან ივნისში, საქართველოს მიმართ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს და საჭიროა წელს, საქართველო უკრაინასა და მოლდოვას გვერდით იდგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა ყველა გადაწყვეტილება, საქართველოს მიმართ იქნება უსამართლო.
„ობიექტურად, საქართველოს მიმართ იქნა მიღებული უსამართლო გადაწყვეტილება შარშან ივნისს. ლიდერი ქვეყანა დაიჩაგრა. ახლა საქმე იმაშია, ევროკავშირი ამ შემთხვევაშიც დაჩაგრავს თუ არა ლიდერს და მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას თუ მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება ეს არის იგივე დონეზე დაყენება საქართველოსი სადაც იქნებიან იმ მომენტში უკრაინა და მოლდოვა. სხვა შეგვიძლია, უბრალოდ, ვისაუბროთ უსამართლო გადაწყვეტილების რა დონე შეიძლება არსებობდეს. რაც შემეხება საქართველოს, ჩვენ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ვნახეთ პროგრესი, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ევროკომისიასთან და მის სხვადასხვა დანაყოფებთან, ამ რეკომენდაციების დარჩენილ ნაწილთან დაკავშირებით და მე იმედი მაქვს, რომ ევროკომისიას ექნება სამართლიანი რეკომენდაცია, ხოლო ევროპულ საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს არის ერთადერთი მოლოდინი, რომელიც ჩვენ შეიძლება გვქონდეს, რადგან არ შეიძლება ასე საწუწუნოდ გაუხადონ ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსი, რომელიც თავის არსით არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი, მაგრამ შინაარსობრივად ეს ჯერ არ არის ის, რაც ჩვენ საბოლოო ჯამში გვინდა. ვგულისხმობ, მოლაპარაკებების დაწყებას და შემდეგ წევრობას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვლი ამბობს, რომ ევროპაში საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიციები ორად არის გაყოფილი. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ერთი ნაწილი ფიქრობს, საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს და ამას ქართველი ხალხი იმსახურებს, ხოლო მეორე ნაწილი შიშობს, რომ საქართველოს სახით რუსეთმა, ევროპაში ტროას ცხენი არ შეიყვანოს. ამიტომ ეს ჭიდილი კვლავ გრძელდება და ზუსტად რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული რთული სათქმელია.
„მე მაინც მგონია, რომ თავად ევროპაში არ არის ბევრი ქვეყანა ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული საქართველოსთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება მიიღონ. ბრიუსელში უკვე რამდენჯერმე ვიყავი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი არაერთი ქართველი ჩადის, რომლის პოზიციაც ძალიან აინტერესებთ და გულისყურით გვისმენენ. მეც და სხვა ჩემი კოლეგები, ბრიუსელში ყველას ვუხსნით და ვარწმუნებთ, რომ საქართველო სტატუსს იმსახურებს. თუკი მათ უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ არ დაკარგონ, ხალხში არ გააჩინონ ევროსკეპტიციზმი, მაშინ კანდიდატის სტატუსი დეკემბერში უნდა მივიღოთ. ის, რასაც ჩემი დაკვირვებით ვხედავ, ორი ჯგუფი არსებობს, ერთი, რომელიც ემხრობა, რომ სტატუსი მოგვცენ და მეორე, რომელსაც ერთგვარი შიში აქვთ, ვაი-თუ, რუსეთმა საქართველო ევროპაში ტროას ცხენივით შეიყვანოს. შემდეგ კი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს, როგორც ეს, მაგალითად, უნგრეთის შემთხვევაში მოხდა. ბრიუსელში არის რაღაცა კატეგორია ხალხის, რომელიც ფიქრობს, რომ შესაძლოა, საქართველომ, თუკი კანდიდატის სტატუსს მივცემთ, რუსეთის დღის წესრიგი დაგვიდგინოს. ჩვენ კი პირიქით, ვცდილობთ ავუხსნათ, რომ ამ პოზიციით საქართველოს უფრო დაკარგავენ და ეს რუსეთის გამარჯვებად ჩაითვლება. შევხედოთ რა ხდება რეგიონში. სომხეთიც კი რუსეთისგან დისტანცირებას ცდილობს. ამ ფონზე კი საქართველოსთვის ხელის კვრა, რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა იქნება“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, თურქეთმაც კი გადაწყვიტა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროპასთან მოლაპარაკებები განაახლოს. ეს კი ზაქრეიშვილის აზრით, საქართველოს კიდევ დამატებით შანსს აძლევს იმისთვის, რომ სტატუსი მივიღოთ და თურქეთთან ერთად ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ. ამიტომ კონფლიქტოლოგი იმედს იტოვებს, რომ დეკემბერში ბრიუსელში საქართველოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ჯგუფზე მეორე ჯგუფი გაიმარჯვებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემენ.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე ფიქრობს, რომ რეკომენდაციების შესრულება-არშესრულების მიუხედავად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭონ. კობერიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ თუკი პოლიტიკური ნება იქნება, ამაზე თვალის დახუჭვა შესაძლებელია.
„საქართველოს და ხალხს შეიძლება მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი, რაღაც დათქმებით, რომლებიც მოგვიანებით შესრულდება. პოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციის საკითხი, ისე, როგორც სასამართლოს რეფორმის საკითხი, მაინც და მაინც კარგად შესრულებული არ არის და საბოლოო ჯამში დეპოლარიზაციის საკითხი არა თუ შესრულებული არ არის, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში დამძიმებულიც კი შეიძლება იყოს. ამიტომ რთულია და ვფიქრობ, ამას ევროპაშიც კარგად ხვდებიან, რომ თუნდაც დეპოლარიზაციის პრობლემის გადაწყვეტა საქართველოში ვერ მოხდება. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭონ და პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ეს არ უნდა იყოს ინსტიტუციური ან რაღაცა რეკომენდაციების შესრულებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება. ევროპაში უნდა გაათვიცნობიერონ, რომ თუ არ მისცეს ქვეყაანას კანდიდატის სტატუსი, მაშინ პრორუსული განწყობები გაიზრდება და რუსეთის გავლენა კიდევ უფრო ძლიერი გახდება.
ამიტომ თავად ქართველ ხალხისთვის, რომელმაც ევროკავშირში ინტეგრაციისთვის იბრძოლა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება დამატებითი დიდი მოტივაცია ქვეყნის დემოკრატიზაციის ხელშეწყობისთვის და რაც მთავარია, ხელისუფლებას მოსთხოვონ მეტის გაკეთება. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ევროპა მათ მხარეს არის და ამდენი ხანი ტყუილად არ უბრძოლიათ“, - აცხადებს კობერიძე.