2013 წელი თელავის უნივერსიტეტის ისტორიაში ყველაზე წარუმატებლად ითვლება, რადგან სტუდენტთა მიღება ყველაზე დაბალი მაჩვენებლით იქნა განსაზღვრული - უნივერსიტეტს მხოლოდ 260 ახალი სტუდენტი ჰყავს. არადა, წინა წლებში 800 სტუდენტიც კი მცირე კონტიგენტად ითვლებოდა. აღნიშნულ პრობლემაზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მაგალითად, უნივერსიტეტის რექტორი თინათინ ჯავახიშვილი ტელეკომპანია “თანამგზავრთან” ინტერვიუში ამბობს, ეს უნივერსიტეტის წინააღმდეგ აგორებულმა “შავმა პიარმა” გამოიწვია, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იყო მიმართულიო. საინტერესოა, როგორ აფასებენ აღნიშნულ ფაქტს თავად სტუდენტები. „ქართული სიტყვა“ ერთ-ერთ სტუდენტს, ნოდარ ეჟიშვილს ესაუბრა.
- ნოდარ, სტუდენტთა ასეთ სიმცირეს რითი ხსნი?
- პირველი ისაა, ფინანსური მენეჯმენტი სწორად არაა გათვლილი - თანამშრომლების რაოდენობა დასაშვებ რაოდენობას 5-ჯერ აღემატება, რის გამოც უნივერსიტეტს შემოსავალზე მეტი გასავალი აქვს.
ყველა თანამშრომელს მაღალი ხელფასი აქვს, საქმე კი როგორ კეთდება, ეს წლევანდელმა ეროვნულმა გამოცდებმა დაამტკიცა.
სხვათა შორის, უნივერსიტეტში ძალიან ბევრი სპეციალობა, მაგალითად, დიპლომატია, ჯანდაცვა და სამხედრო კათედრა გაუქმდა. კატასტროფაა, რომ სამართალმცოდნეობაც, ასე ვთქვათ, მილევად რეჟიმშია.
თელავის უნივერსიტეტში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უფასო პროგრამები არ არსებობს, რითიც სასწავლებელი სტუდენტებს მოიზიდავდა.
მხოლოდ ერთი პროგრამაა უფასო - ბიოლოგიის და ამ სპეციალობაზეც მხოლოდ 25 ადგილია.
რაც შეეხება სწავლის ხარისხს, ამ მხრივაც ძალიან სავალალო მდგომარეობაა!
სტუდენტებს ლექციებზე დასწრებას, სემინარებისა თუ გამოცდის ჩაბარებას არ სთხოვენ. მთავარია, სტუდენტმა სწავლის საფასური გადაიხადოს!
- ნოდარ, იმის მტკიცებულებები გაქვთ, რასაც ამბობთ?
- უნივერსიტეტი ვინმეს აინტერესებს? თუ აინტერესებს, მოვიდეს და მოიკვლიოს, მტკიცებულებების მოპოვება არცთუ ძნელია. უნივერსიტეტი სავსეა არაპროფესიონალი კადრებით, ნათესავების თუ მეგობრების დასაქმების მიზნით არასაჭირო შტატებია შექმნილი. არ არსებობს კომუნიკაცია სტუდენტებსა და ლექტორებს შორის, ლექტორებსა და ადმინისტრაციას შორის. ყველა სხდომა დახურული იყო, ვიდრე ცოტა ხნის წინ ჩვენ არ გავაპროტესტეთ.
- რაც შეეხება სტუდენტურ აქტივობებს...
- ამ მხრივაც კატასტროფული სიტუაციაა. არ ტარდება სტუდენტური ღონისძიებები, არ ხდება სტუდენტთა წახალისებები და ა.შ. სპეციალურად ხდება სტუდენტის დაზომბირება და დაშინება, რომ ადმინისტრაციამ თავისი ხელფასი უპრობლემოდ აიღოს. სხვათა შორის, 9 თვის წინ ვუწინასწარმეტყველე ადმინისტრაციას, რომ უნივერსიტეტი დიდ კრიზისში შევიდოდა და 250 სტუდენტზე მეტს ვერ მივიღებდით... ვფიქრობ, სპეციალურად ხდება უნივერსიტეტის დახურვისკენ სვლა, რადგან უნივერსიტეტს სერიოზული ტერიტორიები და ბაზები აქვს, სადაც კერძო ბიზნესის განვითარება და მილიონობით დოლარის შოვნა შეიძლება. მოკლედ, უნივერსიტეტს, ალბათ, ძალიან მალე დახურავენ და აუქციონზეც გაიტანენ.
- რას გააკეთებთ სტუდენტები, თუ ეს საშიშროება რეალურად გაჩნდა?
- უნივერსიტეტის მომავალს, სამწუხაროდ, ძალიან მუქ ფერებში ვხედავ, მაგრამ ჩემი ეჭვები, ვფიქრობ, არცთუ უსაფუძვლოა.
რაც შეეხება იმას, თუ რას გავაკეთებთ, იქ დავდგებით, სადაც უნივერსიტეტის გადარჩენას შევძლებთ!
მხოლოდ ნოდარ ეჟიშვილი არ გამოირჩევა ასეთი მკვეთრი და შემაშფოთებელი განცხადებებით. “ქართულმა სიტყვამ” კომენტარი კახეთის რეგიონში დემოკრატიული სკოლის კოორდინატორს ნიკოლოზ შარვაშიძესაც სთხოვა:
- წელს 17 სპეციალობა უფასო გახდა და სახელმწიფოსგან ფინანსდება, მაგრამ თელავს აქედან მხოლოდ ერთი აქვს უფასო - ბიოლოგია. თავის დროზე ხარისხმა და მენეჯმენტმა ვერ მოახერხა აკრედიტაციის გავლა და არ მისცეს თელავს უფასო პროგრამები. ასევე, საყურადღებოა ის აჟიოტაჟი, რაც 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში იურისტების და ეკონომისტების საქმეს მოჰყვა, როცა 200-ზე მეტი სტუდენტი მოატყუეს და ნახევარ წელზე მეტი არ გაუმხილეს, რომ აკრედიტაცია არ ჰქონდა უნივერსიტეტს გავლილი და, პრაქტიკულად, 6 თვეზე მეტი ფული ტყუილად გადაახდევინეს. დიდი პრობლემაა ახალგაზრდა მეცნიერების დაბლოკვა და მათი იგნორირება, ახალი პროგრამების არქონა და სწავლის დაბალი ხარისხი, სიახლეებზე უარის თქმა.
ყველაზე დიდი პრობლემა კი, მაინც მენეჯმენტია, რომელიც კომუნისტების დროიდან უნივერსიტეტშია და, პრაქტიკულად, კლანური მმართველობაა. მარაზმადაა ქცეული შიდა დაპირისპირებები, ბრძოლა თანამდებობებისთვის და ერთმანეთის „დაძირვა“. თელავის უნივერსიტეტში სტუდენტი ნოლია და განათლების სამინისტრო, პრაქტიკულად, 430 თანამშრომელს ინახავს.. ვაუჩერული სისტემით უნივერსიტეტის დაფინანსება კატასტროფაა. ვაუჩერული დაფინანსება სტუდენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული. წელს ბიუჯეტი განახევრდება და ისედაც შეზღუდული რესურსები შეიზღუდება, რაც უნივერსიტეტს დახურვამდე მიიყვანს.
სხვათა შორის, უნივერსიტეტის ცხოვრება ძალიან პოლიტიზირებულია, რაც განათლების სისტემისათვის დამღუპველია.
- რა უნდა შეიცვალოს, რომ თელავის უნივერსიტეტი ისევ განათლების დიდ კერად იქცეს?
- რა უნდა შეიცვალოს? - პირველ რიგში, მენეჯმენტი და სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მიმართ მიდგომები. აკადემიური საბჭო არაფრის მაქნისია და “გამპრავებლის” როლში გამოდის. საბჭოში მხოლოდ 5 ადამიანია და ისინი სამინისტროსა და პოლიტიკოსების დავალებას ასრულებენ, რაც მათ არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს.
უნდა შეიცვალოს საბჭოც და მისი შემადგენლობა გაიზარდოს, რათა ყველა აკადემიურ პერსონალს ჰქონდეს უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობის საშუალება. უნდა დაინერგოს ახალი სპეციალობები და უნივერსიტეტი თანამედროვე სტანდარტებზე გადავიდეს.
ასევე, უნდა მოხდეს ვიწრო სპეციალობებზე კონცენტრირება, მაგალითად, სოფლის მეურნეობაზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისათვის, პედაგოგიკაზე, რათა რეგიონში გაჩნდნენ კვალიფიციური მასწავლებლები და ა.შ. ხელი უნდა შეეწყოს კონკრეტულ კვლევებს. მოკლედ, მნიშვნელოვანი ცვლილებებია აუცილებელი. პოლიტიკა ამ საგანმანათლებლო კერიდან, ერთხელ და სამუდამოდ უნდა წავიდეს, შტატებიც უნდა გადახალისდეს და პროფესიონალებს საკუთარი საქმის კეთების საშუალება მიეცეთ.
“ქართული სიტყვა” კომენტარისთვის თელავის უნივერსიტეტის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ კომენტარს მხოლოდ გაზეთის გამოსვლის შემდეგ გააკეთებენ.