ივანიშვილი მემკვიდრედ უჩა მამაცაშვილს დატოვებს?

ივანიშვილი მემკვიდრედ უჩა მამაცაშვილს დატოვებს?

,,საქართველოში მესიანიზმი უნდა დასრულდეს!” _ აცხადებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, სამოქალაქო სექტორში გეგმავს გადასვლას. ამასთან, ივანიშვილი გვპირდება, რომ გიორგი მარგველაშვილის სახით საქართველოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრეზიდენტი ეყოლება... აქვს თუ არა ივანიშვილს უფლება, საკუთარი შემცვლელი დატოვოს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა მესიანიზმის დასრულების მომხრეა? ,,ქართული სიტყვა” პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

 

_ ბატონო ვაჟა, როგორ აფასებთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისა და პოლიტიკური პროცესების სამოქალაქო სექტორიდან მართვის გადაწყვეტილებას? ეს ქვეყნის მართვის რამე ახალი მოდელია?

_ თამაზ ბიბილურის მოთხრობა _ ,,ჟამი კითხულისა” მახსენდება, სადაც აღწერილია, თუ როგორ დაჯდება კოშკში კითხული და მასთან მივლენ გარკვეული თანამდებობის პირები, მიიღებენ დავალებებს და ასე მართავენ ქვეყანას. რეალურად, ასეთი სისტემა არის ირანში, სადაც უმაღლესი პირი აეთოლა ჰამენეი ქვეყნის მართვაში არ ერევა და ამ საქმეს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ახორციელებს. ვერ წარმომიდგენია სამოქალაქო სექტორში გადასულმა ივანიშვილმა, როგორ უნდა მოახდინოს გავლენა პოლიტიკური პროცესებზე, რადგან რეიტინგს თანდათან კარგავს. მოცემულ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტი საჭიროდ არ თვლის საზოგადოებრივი აზრის შესწავლას. ფაქტია, რომ დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანას არ ჰყავს დამოუკიდებელი სოციოლოგიური კვლევის კომპანიები. საკითხის ასე დასმაც შეიძლება: როგორ გადავა ბიძინა ივანიშვილი, პრაქტიკულად, არარსებულ სექტორში? დღეს სახეზეა ქართული საზოგადოება, პოლიტიკური ელიტა, ინტელიგენცია, მაგრამ არ არსებობს სამოქალაქო სექტორი. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენთან ეს სეგმენტი ყოველთვის სუსტი იყო, თუ არ ჩავთვლით ,,თავისუფლების ინსტიტუტს” და ,,სოროსის ფონდს”, რომელთაც, ივანიშვილის ხელშეწყობით, თავის დროზე ,,ვარდების რევოლუციის” გზით შეცვალეს ხელისუფლება. საქართველოში დარეგისტრირებულია საერთაშორისო ფონდების მიერ დაფინასებული 17 ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილი ფუნქციონირებს. არასამთავრობო სექტორის დაფინანსების სისტემა საქართველოში არ არსებობს. გამონაკლისი ბატონი ბიძინას მიერ დაფინანსებული საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტია, რომელსაც გია ხუხაშვილი ედგა სათავეში, მაგრამ ეს ორგანიზაცია აღარ აქტიურობს. გარდა ამისა, წარმოდგენილია ოცამდე ამერიკული ორგანიზაცია, რომელთაც ,,იუსაიდი” და ,,სოროსის ფონდი” აფინანსებს. ეს არის მთელი ჩვენი სამოქალაქო სექტორი, უმეტესობა ქაღალდზე არსებული ერთკაციანი პარტია და ორგანიზაციაა, რომლის ოფისის მისამართსაც ვერ იპოვი. თუკი ბიძინა ივანიშვილი ჩამოაყალიბებს ,,ქართუ ჯგუფის” მსგავს ფონდს და თავად ჩაუდგება სათავეში, ეს არ იქნება თავისუფალი სამოქალაქო სექტორი.

_ პრემიერს მიაჩნია, რომ მისი წასვლით საქართველოში მესიანიზმი დასრულდება...

_ არ ვიზიარებ პრემიერის პოზიციას, რომ ქართული საზოგადოება  მესიანიზმითაა დაავადებული. გამოდის, რომ სოციუმი სისტემატურად იღებს მცდარ გადაწყვეტილებებს, ეძებს მხსნელს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ერთიანი საქართველო არ გვიმართავს, ქვეყნის ელიტა, მართლმადიდებლური ეკლესია სწორ ორიენტირს ყოველთვის პოულობდა ქვეყნის გადასარჩენად. გავიხსენოთ უახლესი ისტორია, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო მოსახლეობამ, როცა ზვიად გამსახურდია აირჩია პრეზიდენტად, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. მისი მმართველობის დროს საქართველოში მომძლავრებული სეპარატიზმისა და სამოქალაქო ომის მიზეზი ორი ზესახელმწიფოს ინტერესების შეჯახება იყო. შემდეგ, ხალხმა მისი დაშვებული შეცდომები დააფიქსირა და როცა ,,ლიბანიზაციის”, ანუ ქვეყნის დაშლის პერსპექტივა გაჩნდა, მხარი შევარდნაძეს დაუჭირა, რომელსაც იმდროინდელ რუსულ პოლიტელიტასთან, ხელისუფლებაში ახლად მოსულ ელცინთან ჰქონდა კავშირი, დასავლეთში კი, დემოკრატიის შუქურისა და კომუნიზმის დამსამარებლის, გერმანიის გამაერთიანებლის სახელით იცნობდნენ. როცა შევარდნაძემ ვერ გადაჭრა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, ხალხმა ხმა მისცა ახალგაზრდა რეფორმატორთა ჯგუფს სააკაშვილის მეთაურობით. ქართველი ხალხის გადაწყვეტილება მაშინაც შეუმცდარი იყო, როცა ივანიშვილს დაუჭირა მხარი. დიდი დამსახურებისა და სიბრძნის მიუხედვად, ივანიშვილი ვალდებულია, მოუსმინოს საზოგადოებას, რომელმაც პოლიტიკური ლიდერი აირჩია და არა _ ჩრდილოვანი მოკარნახე.

რაც შეეხება ივანიშვილის შემცვლელს, პრემიერი კანდიდატურების დონეზე რამდენიმე პიროვნებას გვთავაზობს. ერთი მათგანი რკინიგზის უფროსი მამუკა ბახტაძეა, რომელსაც პოლიტიკური ბიოგრაფია არ აქვს. გავრცელებული, მაგრამ დაუდასტურებელი ხმით, პრემიერის პოსტზე ივანიშვილის ნათესავი, ბატონი უჩა მამაცაშვილიც განიხილება. იგი მისი აქტივების,Bბიზნესების მართვაში მონაწილეობს, გონიერი, ჭკვიანი ადამიანია, მაგრამ არც ისაა პოლიტიკური ფიგურა, ამდენად, ძნელი წარმოსადგენია ქვეყნის მმართველის ამპლუაში მისი ყოფნა. დასახელებულთა შორის ყველაზე რეალურ კანდიდატურად გიორგი კვირიკაშვილი მიმაჩნია. ამასთან, ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი მაფიქრებინებს, რომ ირაკლი ალასანიას აქვს სერიოზული შანსი, გახდეს პრემიერ-მინისტრი. ალასანია არის პიროვნება, რომელსაც ენდობიან ამერიკელები, მას შეუძლია, ურთიერთობა დაამყაროს რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან, აქვს უნარი, ითანამშრომლოს მთავარ ოპოზიციურ ძალასთან...

_ ალასანიას დღემდე ივანიშვილის მიერ ,,შერისხულისიმიჯი აქვს...

_ ივანიშვილმა შეიძლება, ანგარიში გაუწიოს ამერიკელებს, ნუ დაგვავიწყდება, რომ მისი აქტივების უდიდესი ნაწილი სწორედ დასავლეთის ბანკებშია განთავსებული.

_ რა აძლევს პრემიერს იმის უფლებას, გვერდი აუქციოს კანონმდებლობას და დაასახელოს მემკვიდრე?

 _ ასეთი განცხადების უფლებას ის ნდობის ხარისხი აძლევს, რომელიც ქართველმა ხალხმა მის მიმართ არჩევნების დროს გამოავლინა. ფორმალურად, მთავრობა საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა დააკომპლექტოს. ცდისა და შეცდომის მეთოდით, ივანიშვილმა დიდძალი ქონება დააგროვა. ეს მეთოდი მან ბიზნესიდან პოლიტიკაში გადმოიტანა, მაგრამ ჯერჯერობით არ გაამართლა.

_ თუკი საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიციის კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა, შეიძლება, ერს უმადურობა დავაბრალოთ?

_ საქართველოს თითოეული მოქალაქე ივანიშვილის მადლიერი უნდა იყოს იმ სიკეთის გამო, რაც წლების განმავლობაში დათესა, მეორეს მხრივ, მან თავს უფლება არ უნდა მისცეს, ულტიმატუმით ელაპარაკოს ქარველს ხალხს. ქართულმა საზოგადოებამ ივანიშვილს მხარი დაუჭირა არა მარტო, როგორც კოალიციის ლიდერს, არამედ, ერისკაცობის ტვირთიც დააკისრა. როცა ბიძინამ ამ ტვირთზე უარი თქვა, ბრძენი ქართული საზოგადოება იწყებს ახალი პოლიტიკური ლიდერის ძებნას. იგი ცალსახად უარყოფითად და მიუღებლად აფასებს სამოქალაქო სექტორში მყოფი ივანიშვილის მიერ მარიონეტული მთავრობის მეშვეობით ქვეყნის მართვას. საარჩევნო ურნასთან მისვლისას, საქართველოს მოქალაქე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურას მისცემს ხმას და ძალიან გთხოვთ, ამ არჩევანისთვის ნურავინ შერისხავს და დააყვედრის ქართველებს. ყველანი ღვთის მიერ მონიჭებული მადლით ვაკეთებთ საქვეყნო საქმეს და ამისთვის უტყვი მორჩილება არ უნდა მოვითხოვოთ.

_ პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ,,ქართულ ოცნებასაქტივისტები ტოვებენ...

_Fხალხს ,,ქართული ოცნება” აღარ მიაჩნია პერსპექტიულ ძალად. პარტია არენაზე არ ჩანს, არ განვითარებულა რეგიონალური ორგანიზაციები, ამის მიზეზი ისევ ბატონი ბიძინაა. თუკი პოლიტიკიდან მიდის, რაში სჭირდება პარტია? მიმაჩნია, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებაში ჩადებული მილიონების დარი იქნებოდა ერთი კარგი თავისუფალი ტელევიზიის არსებობა, რომელიც პოლიტიკური ზეგავლენისგან შორს იქნებოდა.

_ გამოდის, რომ ივანიშვილმა უარი თქვა პარტიაზე, ტელევიზიაზე... საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტი დღევანდელი შემადგენლობით შენარჩუნდება?

_ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ახალი პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს ამ საკითხს. გადადგომაზე ივანიშვილის ბოლო განცხადებების მერე გახშირდა ხმა ამა თუ იმ მინისტრის წასვლის შესახებ.

_ ბატონო ვაჟა, რუსულ ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაერთიანება რეალურად გეჩვენებათ?

_ იმის წინაპირობა არ  ჩანს, რომ ევრაზიულ კავშირში შესვლაზე ვფიქრობთ. რუსეთი შეუვალია, დათმობების მაქსიმუმს მოითხოვს, რომელზე წასვლაც არც ერთ ხელისუფლებას არ შეუძლია. ვერც ამერიკული მხარე გვთავაზობს რეალურ პერსპექტივას ორ უმთავრეს საკითხთან მიმართებაში: დაკარგული ტერიტორიები და ეკონომიკური აღმავლობა. საკითხავია, ხომ არ მოითხოვს დასავლეთი ჩვენგან კვიპროსის მსგავსი სიტუაციის დაკანონებას? ჯერ არსმენილი სიტყვათშეთანხმებით, ჩრდილოეთ საქართველოში იარსებებს რუსეთის სამხედრო ბაზა, სამხრეთ საქართველოში კი, _ ნატო-სა და ევროკავშირის სამხედრო ძალები დაბანაკდებიან. შორეულ პერსპექტივაში, ჰიპოთეტურად, შეიძლება ვივარაუდოთ, როცა რუსეთი გახდება ნატო-ს წევრი, ვისაუბრებთ ერთობლივ თანამშრომლობაზე.

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსკოვს სტუმრობდა, რაც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა არჩილ ხაბაძემაც დაადასტურა, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ხაბაძის ნათქვამი ,,ლინგვისტური შეცდომაიყო...

_ თუ მინისტრები რუსეთში იმყოფებოდნენ და საზოგადოებას ამის შესახებ არ ამცნეს, დაუშვებელია. ჩემი აზრით, ასეთ ვიზიტს ან რამე საიდუმლო გარიგებებს ადგილი არ ჰქონია. ხაბაძის ,,ლინგვისტური ვარჯიშობების” შესახებ კი, ვერაფერს გეტყვით.

_ 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მარგველაშვილი კოჰაბიტაციის დასრულებას გვპირდება...

_ ეს მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებაა.

_ ივანიშვილმა შეარბილა ტონინაცმოძრაობისწევრების მიმართ. ამას რითი ხსნით?

_ ივანიშვილი გულწრფელი და პირდაპირი ადამიანია და ამდაგვარ თამაშებში არ ჩაერევა. მას ისედაც ბვერი ცოდვები აქვს, ვგულისხმობ ,,ვარდების რევოლუციის” მომზადებას და სამი-ოთხი წლის განმავლობაში ,,ნაციონალების” ფინანსურ მხარდაჭერას. არ გამოვრიცხავ, რომ იგი ანგარიშს უწევს აშშ-ის დეპარტამენტს, რუსეთის ხელისუფლებას, სადაც მილიარდები იშოვა. სხვათა შორის, არც ერთგან ოფიციალური ვიზიტით არ მიიწვიეს.

_ რა არის ამის მიზეზი?

_ რა თქმა უნდა, აშშ-ის ადმინისტრაცია სააკაშვილის გამოა განაწყენებული. პოლიტიკური კრიზისი სახეზეა: აღმასრულებელი ხელისუფლება დეზორგანიზებულია; ყველა ეძებს პოლიტიკური არენიდან გასვლის მომენტს. წასავლელად ემზადება პრემიერი და მინისტრების ნაწილი. არ გამართლდა მოლოდინი, რომ ივანიშვილი იქნებოდა სამართლიანი კონკურენტული გარემოს, ღია ეკონომიკის, დემოკრატიის პრინციპების გარანტი. ჩემი აზრით, უნდა ველოდოთ ან “ნაციონალურ” რევანშს, ან გაჩნდება იმის საშიშროება, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში რადიკალურ ნაციონალურ პოზიციებზე მდგომი ძალა შემოვა ლევან ვასაძის ხელმძღვანელობით. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის განზრახვაა, კეთილშობილური და ღირსეული როლი შეასრულოს საქართველოს ისტორიაში, მაგრამ მის მიერ არჩეული გზა ერთობ საჭოჭმანოა.