[დალი ბჟალავა]
ქვეყანა ადამიანის უფლებათა დაცვის არასტაბილური მექანიზმებით - ამ შინაარსისაა შეფასება, რომელიც The Human Rights Watch-მა საქართველოს შესახებ გაიმეტა. ავტორიტეტულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ყოველწლიური ანგარიშში ყურადღება საქართველოში დღეს არსებულ რამდენიმე მწვავე პრობლემაზე გაამახვილა.
თავში, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეხება ვკითხულობთ, რომ „ხდება დევნილების გამოსახლება, ისე რომ მათ ხშირად ფართისა და ადეკვატური კომპენსაციის გარეშე ტოვებენ“, რომ კვლავაც ხდება საპროტესტო აქციები ძალის გამოყენებით დაშლა. რაც შეეხება მედიასივრცეს, საერთაშორისო ორგანიზაცია „რუსთავი 2 - სა“ და „იმედს“ „პროსახელისუფლებოს“ უწოდებს.
ანგარიშში მოხვდა პოლიციელების მიერ ტელეკომპანია „თრიალეთის“, ჟურნალისტის და ოპერატორის ცემის, ჟურნალისტს ვახტანგ კომახიძის პოლიტიკური დევნილობის, ასევე „გურია ნიუსისა“ და „ბათუმელების“ ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტები.
კიდევ რა წერია The Human Rights Watch-ის მოხსენებაში საქართველოს ადამიანის უფლებათა, გამოხატვის თავისუფლების, მედიისა თუ პენიტენციალურ სისტემაში არსებული ვითარების შესახებ და 2009 წელთან შედარებით რა მიმართულებით შეინიშნება ვითარების გაუმჯობესება ან, გაუარესება - პრესაგე.ტვ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტების“ ხელმძღვანელს ლია მუხაშავრიას ესაუბრა.
ლია მუხაშავრია: The Human Rights Watch-ი მეტად ავტორიტეტული, კვალიფიციური, დამოუკიდებელი და მიუმხრობელი ორგანიზაციაა. ფაქტები, რომელიც მის ანგარიშში აისახება გადამოწმებულია. ამიტომ, ანგარიშში ასახულ ფაქტებს ევროსასამართლოს საქმეებში პირდაპირ ვიყენებთ, რადგან მას ზედმეტი მტკიცება არ სჭირდება.
ევროსასამართლოში პირდაპირ გამოყენებაში რას გულისხმობთ?
– ფაქტებს და ფაქტების საფუძველზე დადებულ დასკვნებს დევნილთა გამოსახლების პროცესზე, საპატიმრო ადგილებში პატიმართა მდგომარეობაზე და ა.შ. ეს მზა დოკუმენტია, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ვუთითებთ და ვიმოწმებთ, იმდენად სრულყოფილია.
საქართველოს შესახებ ანგარიშის მოსამზადებლად ორგანიზაცია რამდენად ობიექტურ ინფორმაციას იღებს?
– საქართველოში მათ საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ. ის უშუალოდ აკვირდება მოვლენებს, სწავლობს ფაქტებს, მიმდინარე პროცესების და მოვლენების საქმის კურსში. შესაბამისად ზედმიწევნით კარგად იცის რას წერს ანგარიშში.
წინა წლებთან პარალელს თუ გავავლებთ, ეს ანგარიში საქართველოს შესახებ უფრო მეტად კრიტიკულია თუ პირიქით, რომელიმე მიმართულებით გაუმჯობესება შეინიშნება?
– მათი ანგარიშები ყოველთვის გამართული და ობიექტურია. ამიტომ, რთულია დავყოთ ისინი უფრო მეტად ან ნაკლებ კრიტიკულად. ისინი ადეკვატურია იმ რეალობისა, რომელიც ქვეყანაშია.
ანგარიშში ერთ-ერთი პრობლემა, რომელზეც ყურადღება განსაკუთრებით არის გამახვილებული დევნილთა გამოსახლების პროცესია.
– ეს ანგარიში 2010 წელს მოიცავს. შესაბამისად მასში აისახა დევნილთა გამოსახლებისას დაშვებული ის დარღვევები, რომელიც შარშან მოხდა. დარწმუნებული ვარ, დევნილების პრობლემა 2011 წლის ანგარიშშიც მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს და ასევე ობიექტურად აისახება ახლა მიმდინარე გამოსახლების პროცესი.
ის, რაც ამ კუთხით 2011 წლის იანვარში ხდება, ბუნებრივია უკვე გამოქვეყნებულ დასკვნაში ვერ მოხვდებოდა, მაგრამ The Human Rights Watch-ის წარმომადგენლებს აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ხდება. ამიტომ დევნილთა გამოსახლების პრობლემას 2010 წლის ანგარიშში მათ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს. 2011 წლის ანგარიშში კი მას, გაგრძელება აუცილებლად მოყვება. არ გამოვრიცხავ წლის ბოლოს უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ამ თემაზე სპეციალური თემატური ანგარიშიც კი წარმოადგინოს.
სხვათა შორის კარგი იქნება მკითხველს შევახსენოთ, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც ყველაზე სრულყოფილი ანგარიშები დადო აგვისტოს ომთან დაკავშირებით. როგორც The Human Rights Watch-ის ყველა სხვა, ამ ანგარიშებსაც ჩვენ პირდაპირ ვიყენებთ საქმეებში, რომელიც აგვისტოს ომის შემდგომ ჩვენ სტრასბურგში შევიტანეთ.
აგვისტოს ომთან დაკავშირებით The Human Rights Watch-მა დასკვნა როგორც რუსული, ასევე ქართული მხარის ქმედებებთან დაკავშირებითაც დადო.
– დიახ, მათ აქვთ სპეციალური ანგარიში მაგალითად კასეტურ ბომბებზე. ისინი იმდენად ობიექტურად აღწერენ ყველაფერს, რომ მაგალითად, გააბათილეს პუტინის ბრალდება, რომ სარაბუკში ქართულმა მხარემ ააფეთქა ეკლესია და იქ თავშეფარებული ეთნიკურად ოსი საქართველოს მოქალაქეები ამოჟლიტა. The Human Rights Watch-მა ეს ბრალდება მარტივად გააბათილა. დადო დადასტურებული ინფორმაცია, რომ სარაბუკში არასოდეს ყოფილა ეკლესია.
პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების და საპროტესტო აქციების ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტები მუდმივად ხვდება ამ ორგანიზაციის ანგარიშში, მაშინ, როდესაც ხელისუფლება პოლიციის იმიჯის ამაღლებისთვის არაფერს იშურებს.
– ვფიქრობ, ხელისუფლების ასეთი „ზრუნვის“ მიუხედავად პოლიციისადმი საზოგადოების დამოკიდებულება არ შეცვლილა. არ შეცვლილა არც საერთაშორისო ორგანიზაციების დამოკიდებულება. ისინი ამ შემთხვევაში ნამდვილად არ არიან ტენდენციურები, მათ ცადეს ამ ანგარიშში აესახათ ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას მოიცავდა. მათ შორის ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევები. ამ ფაქტებს The Human Rights Watch-ის მხრიდან კრიტიკა ჯერ კიდევ მათი გახმაურებისთანავე მოჰყვა და ბუნებრივია ანგარიშშიც აისახებოდა.
კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული პენიტენციალურ სისტემაში არსებული ვითარება და ციხეების გადატვირთულობა...
– პენიტენციალური სისტემის ძირითადი პრობლემა სწორედაც რომ გადატვირთულობაა და The Human Rights Watch-ის ანგარიშში ამაზე გამახვილდა ყურადღება. გადატვირთულობა არის მიზეზი იმისა, რომ საპატიმროში მყოფ ადამიანები უკიდურესად მძიმე პირობებში, არაადამიანური მოპყრობის ქვეშ იმყოფებიან.
მე ვიტყოდი, რომ იქ სრულად არ არის აღწერილი ის ვანდალიზმი რაც ამ სისტემაში ხდება, რადგან ასეთი ფაქტების დადასტურება გვიჭირს.
ვერ დადასტურებულ ფაქტებში რას გულისხმობთ?
-ვგულისხმობ იმას, რომ პატიმრების ცემას პენიტენციალურ სისტემაში სისტემატური ხასიათი აქვს. მაგრამ ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ჩვენ ამის დამამტკიცებელ მტკიცებულებებზე ხელი არ მიგვიწვდება, პატიმრებს კი მომხდარზე საუბარი არ სურთ, ასეთი ფაქტები ანგარიშში ვერ აისახება.
ერთადერთი გამონაკლისი იყო შემთხვევა, რომელიც აგვისტოში ქსნის კოლონიაში მოხდა. სახვაძის ფაქტის აღწერა მოვახერხეთ და ამ საქმეს ყურადღება ევროსასამართლომაც მიაქცია. შედეგად მივაღწიეთ, რომ ჩვენმა საგამოძიებო ორგანოებმა ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
მსგავსი ფაქტები შეიძლება ცნობილია, მაგრამ მათი დოკუმენტური დადასტურება ვერ ხერხდება. შესაბამისად არც საჯაროდ გაცხადდება ხოლმე. The Human Rights Watch-ი მოკლებულია შესაძლებლობებს, რომ ასეთი ფაქტები ანგარიშში ასახოს. ადამიანები გამბედაობას თუ გამოჩენენ და მომხდარის შესახებ ისაუბრებენ, ორგანიზაცია ასეთ ფაქტებს რა თქმა უნდა აღწერს.
ამ მეტად კრიტიკულ ანგარიშზე ხელისუფლების რეაგირება როგორი შეიძლება იყოს?
– რა თქმა უნდა ეს ასეა, მაგრამ ხელისუფლება უნდა წაიკითხოს ეს ანგარიში და უნდა მიიღოს ზომები რომ პრობლემები, რომელზეც დოკუმენტშია საუბარი მოგვარდეს. არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ამ ტიპის ანგარიშებს მხოლოდ ჩვენ კი არ ვიყენებთ, არამედ მთელი მსოფლიო ეცნობა და მასში წარმოდგენილი მასალების მიხედვით თითოეულ ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანთა უფლებების მდგომარეობის შესახებ ყველა საკუთარ დასკვნას. The Human Rights Watch–ი კი ერთ-ერთია იმ ავტორიტეტულ ორგანიზაციებს შორის, ვისი დასკვნები და ანგარიშებიც დიდი ნდობით სარგებლობს.