„ნაციონალური მოძრაობა“ სახელისუფლებო ძალას მიმართავს მხარი დაუჭიროს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ კომისიამ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამომწვევ მიზეზთან ერთად სახელმწიფოს რეაგირებაც უნდა შეისწავლოს. „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას კი ხელისუფლებაში ამ პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგის ნაწილად მიიჩნევენ. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება არ დგას. უფრო მეტიც, შოვის ტრაგედიაზე დეზინფორმაციის კამპანიური სახით გავრცელების მიღმა, პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესებული პირების გარდა, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ნაწილის მიზნებს ხედავს. შალვა პაპუაშვილმა შოვის ტრაგედიიდან დღემდე გავრცელებული ყალბი ინფორმაცია შეაჯამა და კონკრეტული ფაქტები ჩამოთვალა. მისი თქმით, დეზინფორმაციაა, თითქოს შოვში საფრთხე პროგნოზირებული იყო და რისკები სათანადოდ ვერ შეფასდა. შალვა პაპუაშვილმა ასევე სიცრუე უწოდა გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე რომ კოტეჯებზე ნებართვები ამ ხელისუფლების პირობებში გაიცა და საზოგადოებას შეახსენა, რომ რეალურად, ისინი 60-იან წლებში აშენდა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ასევე ტყუილია, რომ ადგილზე ტყის უკანონო ჭრა ხდებოდა, ან ის, რომ მდინარე ბუბის წყლის დონე ტრაგედიამდე შემცირებული იყო. ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განიმარტა ისიც, თუ როგორ მოხდა ვერტმფრენებთან ერთად საჭირო ტექნიკის მობილიზება.
პარლამენტის თავმჯდომარისთვის საზოგადოებაზე ინფორმაციული შეტევის ნაწილია ხელისუფლების წარმომადგენლების დისკრედიტაციისთვის სიყალბეზე აგებული მასალების გავრცელება. შალვა პაპუაშვილის თქმით, დეზინფორმაციულ კამპანიას ხელს იმ ორგანიზაციების დუმილიც უწყობდა, რომელთან საქმიანობაც სწორედ ცრუ ფაქტების გამოვლენაა.
დეზინფორმაციის გავრცელებაში საკუთარ როლს ხელისუფლების ოპონენტები გამორიცხავენ. ბრალდებებს არ იღებენ და ამბობენ, რომ ის, ვინც ახლა საზოგადოების ყურადღების გადატანას სხვა თემებზე ცდილობს, თავად სახელისუფლებო პარტიაა.
კითხვაზე - რა მიზანი აქვს სიცრუის ტირაჟირებას და რას ემსახურება ყალბი მასალების გავრცელება, მმართველ პარტიაში ერთი პასუხი აქვთ - მთავარი ამოცანა ხელისუფლების მიმართ უნდობლობის გაჩენაა.
ანალიტიკოსი ზაალ ანაჯაფარიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა მას შემდეგ უნდა დადგეს, რაც გამოქვეყნდება გარემოს დაცვის სააგენტოს საბოლოო დასკვნა. ანჯაფარიძე ამბობს, რომ, მას შემდეგ, რაც ყველა დოკუმენტი გასაჯაროვდება და ჩაითვლება, რომ ეს მასალები არ არის საკმარისი, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დადგეს.
„ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, - ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით გარკვეულწილად გამოძიება პორკურატურაში მიდის. იყო თუ არა გარკვეული პირების პასუხისმგებლობა სტიქიის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით, ან ვის შეიძლება ეს შესძლებოდა და რა არ გააკეთა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ვიდრე საბოლოო მასალები არ გამოქვეყნდება, პროკურატურა გამოძიებას არ დაასრულებს, ვფიქრობ, საგამოძიებო კომისიის სახით პარალელური სტრუქტურის შექმნა საჭირო არ არის. ნამდვილად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ისევე, როგორც ადრე ითხოვდა „ნაციონალური მოძრაობა“ თავის აგორებულ თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას, ვხდევათ, რომ ახლაც იგივეს ცდილობს. მათი მიზანია, რომ შოვის ტრაგედიიდან მათთვის რაიმე სასარგებლო ამბავი გამოადნონ. ლოგიკური იყო მათი მხრიდან და მოსალოდნელიც, რომ ეს ხალხი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვდა“, - ამბობს ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ყველანაირად შეუძლია ღიაობა საგამოძიებო კომისიის გარეშეც გამოამჟღავნოს. ანჯაფარიძე ამბობს, რომ ჩვენ ცივილიზებული ოპოზიცია რომ გვყავდეს, კიდევ შეიძლებოდა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე დათანხმება. ყველამ კარგად იცის, მათ შორის პოლიტიკურად ნეიტრალურმა ადამიანებმა, თუ ნაციონალებს საგამოძიებო კომისიის შექმნა რისთვის სჭირდებათ.
„ხელისუფლებამ ასეთ შემთხვევაში მაქსიმალური გამჭვირვალობა უნდა გამოამჟღავნოს. თუ მართლა ვინმე დასასჯელია, რაღაცა დაუდევრობით ხელი დააკლეს და არ მოხდა სწრაფი რეაგირება, პასუხი უნდა აგონ. პირობითად, ამის გამო თუ ვინმე დაიღუპა და ხალხის გადარჩენა თუ იყო შესაძლებელი, ალბათ, ამასთნ დაკავშირებით რაღაცა საკადრო გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იყოს. გამოძიება მიდის და შეიძლება ვიღაცის პასუხისმგებლობის საკითხიც კი დადგეს. საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა პოლიტიკური ბრძოლის ინსტურმენტია და ტრაგედიის გამოძიებასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს“, - ამბობს ანჯაფარიძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის სჭირდება. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ენმ ყოველთვის ცდილობს, რომ ისეთ თემებს ჩაეჭიდოს, რომელზეც საზოგადოებას მძაფრი რეაქცია აქვს და ამით პოლიტიკური დღის წესრიგი შეიქმნას. ახლაც რაჭის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობენ.
„რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ინტერესი აქვს და ეს ახალი არ არის. ეს პარტია მუდმივად ცდილობს, რომ ხალხისთვის სენსიტიური თემებით პოლიტიკური სპეკულაციები გამართონ. როცა პოლიტიკის გამო ისე გაიწყვეტ შუბლის ძარღვს, რომ კახა კალაძეს დაადანაშაულებ, შენი შვილები ვერტმფრენით გაიყვანე და სხვისი დატოვეო, ასეთი პოლიტიკური ძალისგან რა შეიძლება გაგვიკვირდეს. სანამ კალაძემ კადრები არ გაასაჯაროვა და არ აჩვენა საზოგადოებას, რომ მართალი იყო, მანამდე ამ თემით ნაციონალებიც და მათთან აფილირებული მედია საშუალებებიც ამ თემას ამუშავებდნენ.
ვინმე ჯანსაღ ადამიანს შეიძლება ეს სიგიჟე თავში აზრად მოუვიდეს, რომ კალაძემ იცოდა ამ სტიქიის შესახებ, თავისი შვილები გაიყვანა და სხვისი გაწირა?! ეს ხომ სიგიჟეა, ეს ხომ უნამუსო ბრალდებაა. მიუხედავად ამისა, ეს ხალხი ამას კადრულობს. ამიტომ, ახლა საგამოძიებო კომისიას ჩაებღაუჭებიან და ახლა რაღაცის გამოდნობას იქიდან შეეცდებიან. ხელისუფლება თუკი ამაზე დათანხმდება, ძალიანაც კარგი, საზოგადოებამ დაინახოს, რომ მართალები არან. თუმცა აქ მაინც იგივეს გააკეთებენ, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ქნეს. ხელისუფლებამ დაუშვა პოლონელი ექიმები და ერთ-ერთმა ექიმმა რაც გააკეთა, ვნახეთ. ანუ, ამ ადამიანების რეალური მიზანი გამოძიება და სიმართლის დადგენა კი არ არის, მთავარია აქედან რა პოლიტიკურ ქულებს აიღებენ“, - ამბობს საყვარელიძე.