„თუ დავაკვირდებით ევროპელი ჩინოვნიკების რიტორიკას, ხშირად საქართველო გამორჩებათ, როდესაც ლაპარაკობენ ევროკავშირის პოტენციურ წევრებზე, ან კანდიდატებზე“

„თუ დავაკვირდებით ევროპელი ჩინოვნიკების რიტორიკას, ხშირად საქართველო გამორჩებათ, როდესაც ლაპარაკობენ ევროკავშირის პოტენციურ წევრებზე, ან კანდიდატებზე“

საქართველომ მიაღწია კონდიციას, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას განაპირობებს. როგორი იქნება გადაწყვეტილება, ეს დეკემბერში გახდება ცნობილი. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა იმისთვის, რომ მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, ევროპის ქვეყნებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს და კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, 12-პუნქტიანი დავალება მისცეს. ეს მაშინ, როდესაც შეფასების ყველა კრიტერიუმით საქართველოზე უკან მყოფ ქვეყნებს - მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს.

ცხადია, ევროპამ საქართველო დასაჯა და დასაჯა მხოლოდ იმიტომ, რომ არ ჩერთო უკრაინის მხარდასაჭერ ომში. დღეს კი, ევროპაშიც აცნობიერებენ, რომ საქართველოსთვის, რომელიც ინარჩუნებს სტაბილურობას, კანდიდატის სტატუსის მიცემა მათ შორის ევროპისთვისაც, მნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, ევროპა ფიქრობს გაფართოების პერსპექტივაზე. „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის მომზადება დაიწყო, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში უნდა გამოქვეყნდეს. როგორც იოზვიაკი წერს, იქნება რეკომენდაციები, უკრაინასა და მოლდოვასთან დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, ხოლო საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

მაშ ასე, დისკუსია დაწყებულია იმაზე, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ევროკავშირის 27 წევრის კონსენსუსი დეკემბერში კვლავ საჭირო იქნება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არ შეიძლება საწუწუნოდ გაუხადონ კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხს, რომელიც ლიდერია ამ სამ ქვეყანას შორის. შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ევროკომისიას ექნება სამართლიანი რეკომენდაცია, ხოლო ევროპის საბჭოს - სამართლიანი გადაწყვეტილება.

მისი თქმით, კანდიდატობისთვის ქვეყანა მზად იყო ჯერ კიდევ შარშან, ივნისში, რაც დადასტურდა იანვარში გამოქვეყნებული შეფასებით, რომლითაც ჩანს, რომ საქართველო უსწრებს უკრაინასაც, მოლდოვასაც და ათი თავით უსწრებს ბოსნია და ჰერცეგოვინას, რომელმაც დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი.

„სამართლიანი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი - საქართველო უნდა იყოს იმავე დონეზე, სადაც არიან უკრაინა და მოლდოვა. თუ დღეს მათ აქვთ კანდიდატის სტატუსი, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი. თუკი მათთან გაიხსნება მოლაპარაკება, საქართველოსთანაც უნდა გაიხსნას მოლაპარაკება. ეს იქნებოდა სამართლიანი გადაწყვეტილება, დაფუძნებული ობიექტურ კრიტერიუმებზე და შეფასებებზე, რომლებიც თავად ევროკომისიამ მიმდინარე წლის იანვარში წარმოადგინა. უსამართლო გადაწყვეტილების შესაძლებლობაც არსებობს. შარშან ივნისში ჩვენ ვნახეთ ასეთი უსამართლო გადაწყვეტილება, როდესაც სამეულში ლიდერი საქართველო დაიჩაგრა, საქართველოს უკან მყოფ ქვეყნებს კი მიეცათ კანდიდატის სტატუსი.

ვნახოთ, იმედი მაქვს, რომ იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება - ეს არის საქართველოს დაყენება იმავე დონეზე, სადაც იქნებიან იმ მომენტში უკრაინა და მოლდოვა. ჩვენ რეკომენდაციებთან დაკავშირებით გვაქვს პროგრესი, ასევე გვაქვს კომუნიკაცია ევროკომისიასთან და მის სხვადასხვა დანაყოფთან რეკომენდაციების დარჩენილ ნაწილთან დაკავშირებით. კანდიდატობისთვის ქვეყანა მზად იყო ჯერ კიდევ შარშან ივნისში. ეს დადასტურდა იანვარში გამოქვეყნებული შეფასებით, რომლითაც ჩანს, რომ ვუსწრებთ უკრაინასაც, მოლდოვასაც და ათი თავით ვუსწრებთ ბოსნია და ჰერცეგოვინას, რომელმაც დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საქართველო რეფორმების კუთხით იყო და არის ლიდერი ქვეყანა, როგორც უკრაინასა და მოლდოვას შორის, ასევე სხვა იმ ქვეყნებს შორის, ვისაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უფრო ადრე მიენიჭა. როგორც ქადაგიშვილი აცხადებს, თუ ობიექტური შეფასებებით ვიმსჯელებთ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის ახლაც და წინა შემთხვევაშიც ეკუთვნოდა.

„ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულმა შუალედურმა დასკვნამ დაგვანახა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობებს მაშინაც აკმაყოფილებდა. რა თქმა უნდა, საქართველო ევროკავშირის 12 რეკომენდაციას ასრულებს და ქვეყანას რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით პროგრესი გააჩნია. გადაწყვეტილება ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიიღო და მეტწილად გეოპოლიტიკური მდგომარეობით იყო განპირობებული.

რა თქმა უნდა, ასეთ დროს გეოპოლიტიკური ფაქტორი ასეთი გადაწყვეტილებების დროს თავის მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გეოპოლიტიკური ფაქტორის პარალელურად, აღსანიშნავია, რომ საქართველო რეფორმების კუთხით იყო და არის ლიდერი ქვეყანა როგორც უკრაინასა და მოლდოვას შორის, ასევე სხვა იმ ქვეყნებს შორის ვისაც კანდიდატის სტატუსი უფრო ადრე მიენიჭა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია მოტივირებულია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. მაგალითად, ისინი ევროპელ კოლეგებთან ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სასამართლო რეფორმა არის ფასადური და სინამდვილეში არის კორუმპირებული კლანი. ასევე, ოპოზიცია აბრკოლებს ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას დეპოლარიზაციასთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შესთავაზა ოპოზიცას თითოეულ საკითხზე ერთობლივი მუშაობა, ოპოზიციამ ბოიკოტით უპასუხა.

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, ბრიუსელიდან მიღებული სხვადასხვა ინფორმაციებით არის იმის მოლოდინი, რომ ევროკომისია დადებით პასუხს მისცემს საქართველოს კანდიდატის სტატუსზე, თუმცა ეს შესათანხმებელი იქნება 27 წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან და აქ, მისი თქმით, რჩება იმედიანი მოლოდინი, რომ ყველა წევრი ქვეყანა დათანხმდება მთავარ რეკომედანტორს - ევროკომისიას და საქართველოს მიანიჭებენ ამ საპატიო სტატუსს, რომელიც არის მხოლოდ სტატუსი და არა დამატებითი სარგებლის მომტანი.

„ევროკავშირიდან კონკრეტული სარგებელი, კონკრეტული პროექტები ისედაც ხორციელდება საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში. ევროპულმა გაერთიანებამ ათეული მილიონი, თუ არა ასეული მილიონი აჩუქა საქართველოს სხვადასხვა დარგების განვითარებისთვის. კიდევ, სხვადასხვა ხელშეკრულებებით, ასოცირების შეთანხმება და სხვა დოკუმენტების მიხედვით გაგრძელდება საქართველო ევროკავშირის კიდევ უფრო დინამიური თანამშრომლობა.

რაც შეეხება იმ 27 ქვეყანას, რომელთა შორის არიან ე.წ. სკეპტიკოსები და მათი დასახელებისგან თავს შევიკავებდი ამ ეტაპზე, იმედია, მათ მთავრობებთან მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები და ამას ვხედავთ ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტებით ცალკეულ ქვეყნებში, სადაც უნდა შეჯერდეს პოზიციები. საქართველომ დეტალურად აუხსნას მათ რა და როგორ შესრულდა და რა ვერ შესრულდა. ეს პროცესი მიმდინარეობს, მიმდინარეობდა მანამდეც და რჩება ისევ იმედიანი მოლოდინი, რომ დადებითი პასუხი გვექნება ევროკაშვირიდან მიმდინარე წლის დეკემბერში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძე.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თუ სამი-ოთხი თვის უკან შედარებით უფრო ოპტიმისტურად იყო განწყობილი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დღეს შედარებით უფრო პესიმისტური განწყობები აქვს. მისი თქმით, ეს, პესიმისტი ხელისუფლების წრეებშიც იგრძნობა და შალვა პაპუშვილის ბრიფინგიც ნაწილობრივ ამის მანიშნებელი იყო.

„კერძოდ, ხშირად იყო ასეთი ტერმინი გამოყენებული - უსამართლო დამოკიდებულება, უსამართლო გადაწყვეტილება და ა.შ. ბოლო დროს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას სერიოზულად გაუფუჭდა ურთიერთობები ისეთ ქვეყნებთან როგორიც არის ბალტიის სახელმწიფოები, პოლონეთი და კიდევ რამდენიმე ევროპული სახელმწიფო და იცით, გადაწყვეტილების მიღების წესი როგორია - საკმარისია ერთმა სახელმწიფიმ თქვას „არა“, რომ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

ჩემს მიერ ჩამოთვლილმა სახელმწიფოებიდან ერთ-ერთმა რომ თქვას უარი და ამის ალბათობა არსებობს გამომდინარე იქიდან, რომ კი, საქართველო პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მაგრამ თავისი გეოგრაფიული მდგომარეობიდან არც ისე მნიშვნელოვანი, რომ ძალიან მოიკლან თავი და მაინც და მაინც დეკემბერში მიანიჭონ სტატუსი. შეიძლება ჩათვალონ, რომ ქართველები კიდევ მოიცდიან მოსაცდელში და თქვა კიდევაც ამაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, რომელმაც რიგის პრიორიტეტებში დაასახელა მოლდოვა და უკრაინა და შორეულ პრესპექტივაში საქართველო“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსის შეფასებით, თუ დავაკვირდებით ევროპელი ჩინოვნიკების რიტორიკას, ხშირად საქართველო გამორჩებათ, როდესაც ლაპარაკობენ ევროკავშირის პოტენციურ წევრებზე, ან კანდიდატებზე.

„ვფიქრობ, ეს უფრო უკავშირდება ხელისუფლების პრობლემას, რომელთანაც მათ არ აქვთ ისეთი ურთიერთობები, როგორიც უნდათ, რომ ჰქონდეთ. ანუ, ეს არაა ხელისუფლება, რომელიც ცნობილი ნათქვამი რომ გამოვიყენოთ, ცალ ფახზე დგას და ისე ასრულებს მათ მოთხოვნებს. მაგალითების მოყვანა კიდევ არაერთი შეიძლება.

გვახსოვს, რა კოლიზიები იყო საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობებში მთელი ამ ბოლო ორი წლის მანძილზე. თუნდაც ის ევროკავშირის 75 მილიონიანი ევროს კრედიტზე უარის თქმა, სასამართლოსთან დაკავშირებით უთანხმოებები, სააკაშვილის საკითხი, გვარამიას თემა, სანქციები და ა.შ. ევროკავშირის პარლამენტის რეზოლუციებს აღარც ვახსენებ. ეს ყველაფერი გროვდება და ქმნის იმ ფონს, რა ფონზეც ხდება გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.