„სამწუხაროდ, სააკაშვილის ხელისუფლება პუტინის პროვოკაციას ძალიან მარტივად წამოეგო, ეს ომი თავს მოგვახვიეს, მაგრამ სააკაშვილმაც ამას ხელი მაქსიმალურად შეუწყო“

„სამწუხაროდ, სააკაშვილის ხელისუფლება პუტინის პროვოკაციას ძალიან მარტივად წამოეგო, ეს ომი თავს მოგვახვიეს, მაგრამ სააკაშვილმაც ამას ხელი მაქსიმალურად შეუწყო“

აგვისტოს 2008 წლის ომის 15 წლისთავზეც კი, კვლავ მიდის დავა, შეგვეძლო თუ არა ამ ომის თავიდან არიდება. სად დაუშვა მაშინდელმა ხელისუფლებამ შეცდომა და რატომ არ მიიღო 2008 წლის ომი დასავლეთმა სერიოზულად? რატომ ვერ შეფასდა პუტინის ეს ქცევა სათანადოდ და რომ არა დასავლეთს მიერ დაშვებული შეცდომები, იქნებოდა თუ არა დღეს უკრაინის ომი.

For.ge-სთან ანალიტიკსოები ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინმა მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება დასავლეთის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ანკესზე მაინც წამოაგო და ფართომასშტაბიან ომში ჩაითრია, ხოლო დასავლეთს თავი ისე აჩვენა, თითქოს ომში ჰუმანიტარული მიზნებით ჩაერთო და ოსებს დახმარება აღმოუჩინა. დასავლეთმა კი ეს ომი მხოლოდ საქართველო-რუსეთის პრობლემად ჩათვალა და არ გაიაზრა, რომ ეს ომი შესაძლოა გეოპოლიტიკური პრობლემა გამხდარიყო, რაც რეალობა აღმოჩნდა და უკრაინის ომმა ეს დასავლეთს ნათლად დაანახა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდიდან კიდევ ერთხელ თქვა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და პრაგმატული პოლიტიკა ქვეყანას, ტერიტორიების დეოკუპაციამდე და საბოლოო გამთლიანებამდე მიიყვანს.

„დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ნათელ ხსოვნას. ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება. ჩვენ გვამოძრავებს ურყევი რწმენა, რომ მშვიდობიანი, ერთიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველო - საუკეთესო პერსპექტივაა ქართველების, ოსების, აფხაზების, ჩვენს მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისთვის, და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს მიზანი მალე იქცეს რეალობად“, - განაცხადა პრემიერმა.

აგვისტოს ომის ფონზე, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, 15 წლის წინ მიმდინარე პროცესები გაიხსენა პირველმა კანონმდებელმა. შალვა პაპუაშვილის თქმით, 2008 წელს - რუსეთის აგრესიის იგნორირებამ, 2022 წელს - უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებული ომი განაპირობა.

ქართველი სამხედროების გმირობისა და თავგანწირვის ისტორიებზე საუბრობენ უმრავლესობის ლიდერებიც. 2008 წლის რუსული აგრესიის პირობებში, მაშინდელი ხელისუფლების არასწორ ნაბიჯებზე აკეთებს აქცენტს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

ოკუპაციაზე, როგორც ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევაზე ამახვილებს ყურადღებას თბილისის მერი. კახა კალაძე ამბობს, რომ თითოეული ადამიანი ვალდებულია, ქვეყნის გაერთიანებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე იზრუნოს.

ომში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივის მისაგებად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშებია დაშვებული.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ უკვე ყველა კარგად მიხვდა და გააანალიზა, რომ აგვისტოს ომის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო, თუკი გადავხედავთ დასავლელი იმ დორინდელი ლიდერების: ნიკოლა სარკოზის, კონდოლიზა რაისის, მეტ ბრაისის და სხვა ყოფილ პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერების განცხადებებს, რომლებიც დაუფარავად ამბობენ, რომ რუსეთის შემოჭრამდე, ისინი სააკაშვილს და მის ხელისუფლებას კატეგორიულად აფრთხილებდნენ, პუტინის პორვოკაციას არ წამოგებოდნენ და თავადცვით პოზიციებში ყოფილიყვნენ.

„ხსენებულმა ლიდერებმა ეს ფაქტები არაერთხელ გაიხსენეს და კითხვის ნიშნები იმაზე, რომ სააკაშვილი რუსეთის და პუტინის კარგად დაგებულ მახეში გაება, აღარ არსებობს. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ის მაინც ვაბანკზე წავიდა, რამაც ქვეყანას უდიდესი დარტყმა მოუტანა. კონდოლიზა რაისი არაერთ მემუარში იხსენებს, რომ ის ბუშის დავალებით, პრეზიდენტ სააკაშვილს აფრთხილებდა, პროვოკაციაზე არ წამოგებულიყო. შემდეგ უკვე ტაიავინის დასკვნა იყო და ა.შ. ამიტომ აქ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დასავლეთში მაშინ ზუსტად ვერ გაიაზრეს რას ნიშნავდა პუტინის ეს ნაბიჯი და რა შედეგები შეიძლებოდა ამ ყველაფერს მთელი მსოფლიოსთვის მოეტანა. მაშინ ყველამ ჩათვალა, რომ ეს მხოლოდ საქართველო-რუსეთის პრობლემა იყო და ეს არ იყო გეოპოლიტიკური საკითხი.

იმის მაგივრად, რომ ამერიკას და ევროპას, რუსეთის მიმართ ხისტი პოლიტიკა ჰქონოდათ, სანქციების სრული პაკეტი თუ არა, ნაწილობრივი მაინც დაეწესებინათ. მათ ეს არ გააკეთეს, სანაცვლოდ 2009 წლიდან, მაშინდელმა პრეზიდენტმა ობამამ, რუსეთთნ ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყო. ეს კი 2013 წლამდე უშედეგოდ გაგრძელდა. სწორედ ამით გათავხედებულმა რუსეთის ხელისუფლებამ მიიტაცა ყირიმი. დასავლეთში გაკვეთილი აქაც ვერ გამოიტანეს და ამის შემდეგ მივიღეთ ის კატასტროფა, რაც უკრაინაში 2022 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება“, - განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, დასავლეთის მხრიდან სწორედ 2008 წელს ვერ გამოტანილმა დასკვნებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ ახლა უკრაინის ომში ვართ. აბაშიძე ამბობს, რომ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთნ დაჯდომას არ აპირებს და უკრაინაში უმძიმესი სიტუაციაა. პუტინი კონფლიქტის მოსაგვარებლად სხა გზებს ეძებს და ისევ დასავლეთის გატეხვის საფასურად სურს უკრაინისგან რაც შეიძლება მაქსიმალურად მეტი მიიღოს.

„დასავლეთისგან უკრაინას პასუხი ასეთია ქვს, რომ თუ ის რუსეთს დაამარცხებს, მაშინ ნატოში გააწევრიანებენ. იგივე ხდება რაც ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მოხდა. მაშინ საქრათველო იყო ყველაზე მოწინავე ქვეყანა და რაც მივიღეთ ფაქტია. იგივე გზას გადის ახლა უკრაინა. თუკი ჩვენც და უკრაინაც რუსეთს დავამარცხებთ, მაშინ ნატოში რაღა გვინდა, ნატო ხომ იმიტომ გვინდა, რომ რუსეთისგან თავი დავიცვათ. ყველა სამხედრო და სპეციალისტი თანხმდება, რომ უკრაინას ამ რესურსებით არ შეუძლია რუსეთის საკუთარი ქვეყნიდან სრულად განდევნა, ამიტომ რა მოლოდინი არსებობს ნატოსთან დაკავშირებით, უკვე კითხვის ნიშნები ჩნდება. სამწუხაროდ, დასავლეთმა კიდევ ვერაფერი ისწავლა და ვერც 15 წლის წინ მომხდარი საქართველოს ომიდან გამოიტანა დასკვნები“, - ამბობს აბაშიძე.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ საქართველო პირველი აღმოჩნდა, სადაც რუსეთმა თავისი ახალი გეოპოლიტიკური სტრატეგიის იმპლემენტაცია გამოიყენა. ეს კი მაისაიას აზრით, მოიცავდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მისი გავლენების აღდგენას და შემდეგ რუსეთი ამ ყელაფრის ცენტრი უნდა ყოფილიყო. მაისაია for.ge-სთან მიიჩნევს, რომ საქართველო აღმოჩნდა პირველი საცდელი ქვეყანა, სადაც რუსეთს უკრაინისგან განსხვავებით, ჩვენდა სამწუხაროდ, გამოუვიდა.

„სამწუხაროდ, მაშინდელი სააკაშვილის ხელისუფლება პუტინის პროვოკაციას ძალიან მარტივად წამოეგო. ბუნებრივია, ეს ომი საქართველოს არ დაუწყია და თავს მოგვახვიეს, მაგრამ სააკაშვილმაც ამ თავზე მოხვევას ხელი მაქსიმალურად შეუწყო. პუტინმა მაშინ ძალიან კარგი ტაქტიკა შეიმუშავა, უკრაინისგან განსხვავებით, რათა ომის დაწყება მას არ დაბრალებოდა. სააკაშვილი თავისი ხელისუფლებითურთ ამ პროვოკაციაზე კოხტად წამოაგო. რუსებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მსოფლიოს თვალში პირდაპირ აგრესორად არ გამოჩენილიყვნენ. პუტინმა 2008 წელს, გეოპოლიტიკური ეთიკის ნიღაბი მოირგო და სახის შენარჩუნებას შეეცდა. თითქოს ჰუმანიტარული მიზნით შემოვიდა და დაჩაგრულ ოსებს და რუს სამშვიდობოებებს დაეხმარა. უკრაინაში კი ეს ფანდი აღარ გამოუვიდა. ვოლოდიმერ ზელენსკიმ 2008 წლის ომის გაკვეთილი კარგად გაიაზრა, პუტინის არც ერთ დაგებულ მახეში არ გაება და ის აიძულა, რომ პირდაპირ ღია შეტევაზე გადასულიყო. სააკაშვილისგან განსხვავებით, ზელენსკიმ პირიქით, მთელს მსოფლიოს აჩვენა, რომ ომს ის კი არ იწყებს, პირიქით, თავდაცვაშია და მათ ელოდება. პუტინსაც ნერვებმა უმტყუნა და შევარდა. ამის შემდეგ კი უკვე ყველაფერი ნათელი იყო. აი, ზუსტად ეს განსხვავებაა, საქართველოს და უკრაინის ომს შორის. თუმცა ხელწერა, ფაქტია, ერთია. უბრალოდ უკრაინას აქვს იმის რესურსი და შესაძლებლობა, რომ ებრძოლოს და წინააღმდეგობა გაუწიოს“,-ამბობს მაისაია.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავის მართლებას, რომ რუსეთი ბომბავდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მშვიდობიან მოსახლეობას, მაისაია ამბობს, რომ ეს საქართველო უნდა ყოფილიყო თავდაცვით პოზიციაში და არა მომხდარიყო შეტევაზე გადასვლა და ცხინვალში მახეში თავის შეყოფა.

„ასეთი შეტევების გაუვნებელყოფა ბევრი კონტრშეტევითი ოპერაციის მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა. როცა შენი ქართული სოფლები იბომბებოდა, არ უნდა ჩავყოლოდით ამ პროვოკაციაში. შესაძლებელი იყო, პოზიციები გაგვემაგრებინა და მიზანმიმართული კონტრდივერსიული ოპერაციების მეშვეობით, ამ ზონების ჩუმად განადგურება მოგვეხერხებინა. ჩვენ ამის გამოცდილება აფხაზეთის ომში გვქონდა უკვე. ზუსტად გვყავდა იქ ნაომარი და ნაბრძოლი ხალხი, რომლებმაც ყევლაზე კარგად იცოდნენ რა უნდა ექნათ. ჩვენ რომ ეს რუსებისთვის დაგვენახებინა, ისინი ამხელა ფართომასშტაბიან აგრესიაზე არ წამოვიდოდნენ და შეიძლება, სხვა დასარტყამი ობიექტი აერჩიათ. გასაგებია, მესმის, რომ საპასუხო ცეცხლი გავუხსენით და თავი უნდა დაგვეცვა, მაგრამ 7 აგვისტოს სააკაშვილმა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა რომ გამოაცხადა და ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო, ეს ხომ პროვოკაციაზე წამოგება იყო. ამას კიდევ ის მოყვა, რომ პუტინი ზუსტად ამას ელოდებოდა ჩასაფრებული იყო და ყველაფრისთვის მზად აღმოჩნდა. აი, აქ არის შეცდომები დაშვებული და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ“, - ამბობს მაისაია.