რატომ არ აქცევს “ოცნების” ეკონომიკური გუნდი ყურადღებას მცირე და საშუალო ბიზნესს

რატომ არ აქცევს “ოცნების” ეკონომიკური გუნდი ყურადღებას მცირე და საშუალო ბიზნესს

საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის დირექტორი, დოქტორი თამაზ ვაშაკიძე; პროფესორი, ექსპერტი მალხაზ ცისკარიშვილი და მეწარმე გოჩა გიოშვილი, რომელთაც “საქართველოს მცირე მეწარმეთა ასოციაციის” თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძესა და 12 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, მოძრაობა „დაზარალებული საქართველო“ ჩამოაყალიბეს, “ქართულ სიტყვასთან” მცირე მეწარმეობაში შექმნილ კრიზისზე საუბრობენ. “ქართულ ეკონომიკაში პროცესები უწინდებურად მიმდინარეობს, რაც გარდაუვალს ხდის ეკონომიკურ კოლაპსს. თეორიულად, თითქოს ყველაფერი ვითარდება, მაგრამ პრაქტიკულად, არაფერი კეთდება... პრემიერმა პირადად უნდა გააკონტროლოს მეწარმეობის განვითარების პრობლემები, რადგან ეს საქმე ყველაზე კარგად იცის და იმ ეკონომისტებს არ უნდა უსმინოს, რომლებიც ეუბნებიან, ყველაფერი კარგადააო. ყველა პრემიერის პრივატულ კაპიტალზეა დახარბებული... მცირე მეწარმეები ბაზარზე ადგილის შესანარჩუნებლად „შვიდ ტყავს იძრობენ“. სახელმწიფო მოხელეები მაღალ ანაზღაურებას იღებენ, მაგრამ საკუთარი მოვალეობის 10%-ც არ ასრულებენ... მცირე მეწარმეობის განვითარების დაბალი დონე უმუშევრობის საწინდარია“, - ამბობენ “ქართული სიტყვის” სტუმრები.

თამაზ ვაშაკიძე, ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის დირექტორი: - საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში ბევრი პრობლემაა, რაც საგრძნობლად უშლიან ხელს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და პროგრესს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით საყურადღებო მცირე მეწარმეობის განვითარების არსებული დონე და, საერთოდ, ბიზნეს-გარემოს მდგომარეობაა. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის  90-იან წლებში შეიქმნა მცდარი და დანაშაულებრივი დამოკიდებულება მეწარმეების და, განსაკუთრებით, მცირე მეწარმეების მიმართ, როდესაც მათ ე.წ. სპეკულანტებსა და ქორ-ვაჭრებთან აიგივებდნენ. იმის მაგივრად, რომ მცირე მეწარმეობისათვის, ევროგაერთიანების ქვეყნების მსგავსად, პრეფერენციაზე ორიენტირებული პოლიტიკა შეემუშავებინათ, მათთვის, დანაშაულებრივი საგადასახადო კოდექსის სახით, ხელოვნური ბარიერების შექმნა დაიწყეს და მეწარმე წარმოადგინეს, როგორც ქვეყნის მტერი.

იცით, მთავარი პრობლემა რა არის? - საქართველოში სახელმწიფო მოხელის საქმიანობა უფრო პრესტიჟულია, ვიდრე - მეწარმის. ლუდის, ღვინის ან ბანკის რამდენიმე მესვეურის გარდა, რომელთაც საკუთარი კაპიტალი, მხოლოდ და მხოლოდ, კორუფციული მოქმედებებით მოიპოვეს, მეწარმე, აპრიორი, ან დანაშაულის ჩამდენად არის მიჩნეული, ან მეწველი ძროხის როლი აქვს. მთელ მსოფლიოში კი, ყველაფერი პირიქითაა. მცირე მეწარმეობას და, საერთოდ, ბიზნესს სახელმწიფო ხელს უშლიდა გამსახურდიას ხელისუფლებიდან დაწყებული და დღემდე ასეა. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება არ აცნობიერებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეობის განვითარება, არ აცნობიერებს, რომ ნებისმიერი ჩინოვნიკის ხელფასი მეწარმეების მიერ ბიუჯეტში შეტანილ თანხაზეა დამოკიდებული. სწორედ ეს არის ეკონომიკის მდგრადი განვითარების საყრდენი, რაც ეს საერთაშორისო მასშტაბებითაა აღიარებული. 1996 წლიდან ევროპამ ჩამოაყალიბა ის კრიტერიუმი, რომელიც  მიკრო და მცირე მეწარმეობას განსაზღვრავს და, შესაბამისად, მცირე მეწარმეობის განსაზღვრებაც ჩამოყალიბდა: 1. მიკროსაწარმო, სადაც 9 ადამიანამდე უნდა მუშაობდეს, ბრუნვით 2 მლნ ევრო; 2. მცირე საწარმო, სადაც  10-დან 49 ადამიანამდე უნდა მუშაობდეს, ბრუნვით 10 მლნ. ევრო. მცირე მეწარმეობის განვითარებას ევროპაში ის ადასტურებს, რომ 1000 მოსახლეზე 45 მცირე საწარმო მოდის, საქართველოში კი, 1000 მოსახლეზე 12 საწარმოა.

სამწუხაროდ, საქართველოში ბანკებმა მევახშის ფუნქცია შეითავისეს, ასეთი პოლიტიკით ქართული მეწარმეობა ვერ განვითარდება, შესაბამისად, ეკონომიკის ნგრევა მოსალოდნელია და ამ დასკვნას ერთი ეკონომისტიც ვერ გაექცევა.

მცირე მეწარმეობა, გარდა იმისა, რომ ხალხს ასაქმებს და ბიუჯეტში ფული შეაქვს, მოქნილიცაა - სწრაფად შეუძლია ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლა და ინოვაციების დანერგვა. ინგლისში შრომისუნარიანი მოსახლეობის 98% მცირე და საშუალო საწარმოებში მუშაობს. აშშ-ის ბიუჯეტი, რომელიც 3.5 ტრილიონი დოლარია, 46 %-ით სწორედ მცირე და საშუალო საწარმოებიდან შემოსული თანხით ივსება. ჩვენთან კი, ეს ციფრი, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 8-დან 14 პროცენტამდეა.

მალხაზ ცისკარიშვილი, პროფესორი, ეკონომისტი, მცირე მეწარმე: - საკუთარ მაგალითზე გეტყვით, თუ რა პრობლემა შემექმნა ადამიანს, რომელმაც მცირე მეწარმეობა გადაწყვიტა. საკუთარი დანაზოგებით, მცირე ბიზნესი მეგობრებთან ერთად დავიწყეთ, თუმცა ბიზნესის გარკვეული, ასე ვთქვათ, აქსესუარებისთვის ათასი დოლარი დაგვაკლდა, თანამშრომლობაზე ერთი ბანკიც არ წამოვიდა. არადა, ბიზნეს-ფართი ჩვენი საკუთრებაა... იცით, კრედიტოფიცერმა რა მითხრა? - ეს დამწყები ბიზნესია და ვერ გარისკავს ბანკი თანხის გაცემასო, მერე, დაამატა, თუ სხვა ყოველთვიური შემოსავალი გაქვთ, რომელიც 1000 ლარს აღემატება, მაშინ განვიხილავთო. ნონსენსი და პაროდოქსია! ვიდრე ბანკებს კვალიფიციური ბიზნეს-ექსპერტები - კრედიტოფიცრები არ ეყოლებათ, არაფერი გამოვა. ბანკში სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები მუშაობენ, რომლებსაც ეკონომიკასთან შეხება არ აქვთ და მათ ზუსტი გათვლები როგორ უნდა გააკეთონ? იმის წინააღმდეგი კი არ ვარ, რომ ახალგაზრდები მუშაობენ, უბრალოდ, მათ გვერდით გამოცდილი ექსპერტები უნდა საქმიანობდნენ ისევე, როგორც აშშ-ის მცირე ბიზნესის ადმინისტრაციაში.

- ბატონო მალხაზ, ესე იგი, ფიქრობთ, რომ მცირე მეწარმეობას პრობლემები ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც აქვს?

- ჩვენი დასკვნა ასეთია: ცვლილება არ არის, პირიქით, მეწარმისთვის ეკონომიკური სივრცე გაუარესდა. მოქალაქეებს მყიდველობითი უნარი შეეზღუდათ, რადგან შესაძლებლობა არ აქვთ, ისარგებლონ ჩვენი მომსახურებით... მცირე მეწარმეობაც ნელ-ნელა იძირება და ბევრი საწარმო იხურება მაშინ, როცა მცირე საწარმო ყველაზე სწრაფად ქმნის სამუშაო ადგილებს და სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების სტაბილური შემტანია. სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულები ხელფასს სტაბილურად როგორ მიიღებენ, თუკი ბიუჯეტში მცირე მეწარმეობიდან ფინანსური ნაკადის შესვლა შეწყდება?

მოკლედ, დღეს მცირე მეწარმეების მდგომარეობა კატასტროფულია. ვინც ზეწოლას გაუძლებს, გადარჩება - საარსებო მინიმუმს იშოვის, მაგრამ ვერ განვითარდება. ვინც ვერ გაუძლებს, ბანკის ვალები კრიზისში ჩააგდებს და განადგურდება.

მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად, სომხეთში სერიოზული პროტექციონიზმია ადგილობრივი მეწარმის დაცვის მიზნით: თუ ჩემი საწარმო უშვებს ფქვილს, რომელიც 20 ლარი ღირს, ვერც ერთი ქვეყანა მაღალი სააქციზო გადასახადის გარეშე, სომხეთში ფქვილს ვერ შეიტანს. შემოტანილი ფქვილი უფრო ძვირი უნდა ღირდეს, რომ ხალხს არჩევანის შესაძლებლობა მიეცეს. თუ ისიც 20 ლარი ეღირება მაშინ, მე, ადგილობრივი მწარმოებელი უცხოურ წარმოებას კონკურენციას ვეღარ ვუწევ და მყიდველს დავკარგავ.

უმუშევრობის პრობლემა ამ საკითხებთან პირდაპირ კავშირშია. მათი სახელფასო მაჩვენებელი, ვინც სახელმწიფო სამსახურში მუშაობენ, იზრდება, მაგრამ ეს ერთი და იგივე ხალხია. მაგალითად, ვმუშაობ ბანკში და ხელფასი 1 700 ლარი მაქვს, მომავალ წელს გამეზრდება ხელფასი და მექნება 1 900 ლარი ეკონომისტები დაწერენ, რომ 3,5 პროცენტით გაიზარდა ხელფასიო, მაგრამ ამის უკან რა დგას, არავინ კითხულობს... სხვათა შორის, ეკონომისტები სწორედ ისინი არიან, ვინც ადრეც იმას წერდნენ, რასაც ახლა წერენ, რომ ქართული ეკონომიკა თითქოს აყვავდა და სასწაულები მოხდა.

ნებისმიერ ხელისუფლებაში, ლიდერებს ჰყავთ თავიანთი ეკონომისტები, რომლებიც ლიდერების პოლიტიკურ იმიჯზე ზრუნავენ და საზოგადოებას ატყუებენ, ყველაფერი კარგადაა, დაველოდოთ და რაღაც შეიცვლებაო. აღარ შეიძლება, ბატონო, ლოდინი, ასე იყო ადრეც და იგივე ხდება დღესაც!

- ბატონო მალხაზ, ახალი მთავრობის ინიციატივით მიკროსაფინანსო ფონდები შეიქმნა, რომლებიც მცირე მეწარმეებს დაბალპროცენტიან სესხებს სთავაზობენ...

- კარგი შეკითხვაა, სწორედ აქაა დამალული ძაღლის თავი. სოფლის მეურნეობა ძირითადად მცირე მეწარმეობით უნდა იყოს აწყობილი. თითქოს შექმნილია ფონდი, რომელშიც ბიზნესგეგმის წარდგენის შემდეგ, ფონდი მეწარმეს ბანკებთან შუამავლობას უწევს, რომ პროექტი დააფინანსოს, მაგრამ ესეც ტყუილია. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ორი პროექტი წარვადგინე, რომელიც მინისტრის მრჩევლებმა და თანაშემწეებმა მოიწონეს, მაგრამ ახლაც განუხორციელებელია. პროექტები ინოვაციურ ტექნოლოგიებზე იყო დაფუძნებული, მათი ხელშეწყობით სახელწიფო დიდ მოგებას ნახავდა და არ დაზარალდებოდა.

კაცი, რომელიც მილიარდებს იშოვის, აშკარად მაგარი, ჭკვიანი და ნიჭიერია, მაგრამ ნუ გადაყვება პოლიტიკას, ბიზნესს მიხედოს, ეკონომიკა ააღორძინოს, გააკეთოს სწორი გათვლები. მრჩეველიც კი არ სჭირდება ეკონომიკის კუთხით, რადგან ეს საქმე შესანიშნავად იცის, თუმცა ერთჯერადი აქციებით ეკონომიკა ვერ განვითარდება. ბატონმა ბიძინამ სოფლის მეურნეობის განვითარებაში რომ თავისი 7 მილიარდი ჩადოს და იმ გზით განაგრძოს ეკონომიკური სვლები, როგორც დღეს ხდება, რამდენიმე წლის შემდეგ, ზუსტად ისეთივე კრიზისი იქნება, რაც დღესაა. კურსია შესაცვლელი...

პროტესტის გრძნობა მაქვს და სწორედ ამიტომ მე, არაფრის მქონე ღარიბი მეცნიერი, ეკონომისტი, ვინმე მალხაზ ცისკარიშვილი შეჯიბრში ვიწვევ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს. მინდა, ჩემს ქვეყანას უსასყიდლო, ათწლიანი იჯარით, გადავცე  ჩემი 4-ჰექტრიანი მეურნეობა, ვთხოვ ბატონ პრემიერს, ჩადოს გარკვეული თანხა, ააშენოს ხილის გადამამუშავებელი მცირე ქარხანა, რომ კახელ გლეხებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მოახდინონ ხილის  რეალიზაცია-ჩაბარება... მათ ყოველ სეზონზე ტონობით ხილი ულპებათ. კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ ამ გამოსავალს ვხედავ და... ეს იყოს მისაბაძი საქციელი ერთად დგომისა და ერთსულოვნებისა. ბატონ ბიძინას შესაძლებლობებსა და გონიერებაში ეჭვი არასოდეს შემპარვია, მისი გარემოცვა მაფიქრებს, ვაიპოლიტიკოსები, ვაიეკონომისტები და ექსპერტები, რომლებიც პრემიერს არასწორ ინფორმაციას და სტატისტიკას აწვდიან...

გოჩა გიოშვილი, მცირე მეწარმე: - რა ხელშეწყობაზეა საუბარი, როცა მერია მცირე ბიზნესის რეკლამირების შეზღუდვას გიწესებს, რაც დანაშაულია. ჩვენი კუთვნილი კაფე-ბარის სარეკლამო აბრა სამჯერ დაგვიწუნეს, მერე, ვუთხარით, იქნებ ნიმუში მოგვცეთ ფოტოს სახით, რომ მივხვდეთ, თუ როგორი გავაკეთოთო. გვიპასუხეს, ქალაქში გაიარეთ და ნახეთო. მერე, თქვეს, ერთი თვე გვაცადეთო. ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება არაა? კაფე-ბარიც მაქვს, ხილ-ბოსტანის მაღაზიაც, წისქვილიც დავდგი და თონის პურსაც ვაცხობ, მაგრამ ბიზნესს ვერ ვავითარებ - მოგება მიზერულია. ადამიანები დავასაქმე, სამუშაო ადგილები შევქმენი, მაგრამ სახელმწიფო რითი დამეხმარა? გადასახები მახრჩობს და რაც მოგებაა, გადასახადებში მიდის. ამის მაკონტროლებელი მექანიზმი ხომ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს? ეკონომიკის სამინისტროში რომ დარეკო, ყველა თავს გაიმართლებს, მაგრამ ყველა მეწარმე ასეთ დღეშია... ყველაფერი ეს, ალბათ, ზემოდან იმართება... თავისუფალი მეწარმეობა სახელმწიფო ცენტრალიზებული მართვის ქვეშაა და, აბა, სოციალიზმი რატომღა დავანგრიეთ? გვინდოდა, კერძო ინიციატივები განგვევითარებინა, კერძო ბიზნესისთვის გზა გაგვეხსნა. სოციალიზმი დავანგრიეთ და თავისუფალი საბაზრო სივრცე შევქმენით, მაგრამ ახლა უკვე ახალგაზრდების 99 % სახელმწიფო სამსახურში დასაქმებაზე ოცნებობს, ის 1 % კი, რომელიც აცნობიერებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კერძო სექტორის განვითარება, შესაბამის პროფესიას ეუფლება.

კანონმდებლობაში ცვლილება უნდა შევიდეს. საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს საკანონმდებლო ბაზა მცირე მეწარმეობის პრეფერენციების შესახებ. არ არის გაწერილი მცირე მეწარმეობის ოფიციალური სტატუსი.

და რაც მთავარია: გადასახადი უნდა იქნას დიფერენცირებული ბიზნესის სიდიდის მიხედვით, არ შეიძლება, მცირე და დიდი ბიზნესისთვის გადასახადების პროცენტი ერთნაირი იყოს!