N1633 რეზოლუციის თანახმად, სააკაშვილის ხელისუფლებამ ომის დაწყებაში საქართველო და ქართველი სამხედროები დაადანაშაულა

N1633 რეზოლუციის თანახმად, სააკაშვილის ხელისუფლებამ ომის დაწყებაში საქართველო და ქართველი სამხედროები დაადანაშაულა

„ტერიტორია, რომელიც რუსეთმა დაიკავა, არის ქვების გროვა, რომელსაც ნულოვანი ღირებულება აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას შეტევისთვის არ გამოიყენებენ“, - ექს-პრეზიდენტის ეს სიტყვები ისტორიის ნაწილი გახდა, ისევე როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1633 კაპიტულანტური რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილმა. ამ რეზოლუციით პრეზიდენტყოფილი 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის ინიციატორად საქართველოს ასახელებს.

„2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და წარმოადგენდა, როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის 9 აგვისტოს გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის N402 ბრძანებულება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობისა და სრული მობილიზაციის გამოცხადების შესახებ. ისევე როგორც ამ ბრძანების, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1633 რეზოლუციის შესახებ გამოძიება არ დაწყებულა. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის თავზე, ხელისუფლება, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოს ოკუპაციას, დღეს ოპოზიციური ფლანგიდან ამტკიცებს, რომ საქართველოს ომის დაწყებას სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აბრალებს და ამით მხარს უჭერს რუსულ ნარატივს.

პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ინიციატივით აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში სტრატეგიული ობიექტები რუსეთის მფარველობაში გადავიდა და ასევე, კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნა მუხლი - „სამშობლოს ღალატის“ შესახებ, დღეს ამტკიცებს, რომ მისთვის, როგორც მთავარსარდლისთვის, ორმაგად მტკივნეული იყო იმის ყურება, თუ როგორ ესხმოდა თავს რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას და როგორ ნადგურდებოდა თანამედროვე საქართველო.

„გადამწვარი სახლები და დაბომბილი ქალაქები, გაუბედურებული ოჯახები და ობლად დარჩენილი ბავშვები - აგვისტოს ომი იყო ტრაგედია, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისთვის, ორმაგად მტკივნეული იყო იმის ყურება, თუ როგორ ესხმოდა თავს რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას, როგორ ნადგურდებოდა თანამედროვე საქართველო, მაგრამ ისევე, როგორც ყველა ქართველს, დღემდე მაძლიერებს იმ გმირი ბიჭების თავდადება და შემართება, რომლებმაც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს, ასჯერ უფრო დიდი მტრის წინააღმდეგ! მათი სახელების უკვდავსაყოფად შემოვიღეთ ტრადიცია - მოგონების ყაყაჩო. სიმბოლურად - გმირების სისხლით შეფერილი ლამაზი ქვეყანა, რომელიც განადგურებას გადავარჩინეთ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

აგვისტოს ომის თავიდან აცილება რომ შესაძლებელი იყო, ამის შესახებ საუბრობს პრემიერ-მინისტრი, რომლის განცხადებით, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა, მიხეილ სააკაშვილმა იმ ფონზე, როცა გმირმა სამხედროებმა უდიდესი გმირობა, თავგანწირვა აჩვენეს. მისი თქმით, იმჟამინდელ ხელისუფლებას არ ანაღვლებდა დაღუპული გმირები და ის, რომ ტერიტორიები იბომბებოდა.

„მთავარი კითხვა, რაც საზოგადოებას გვაქვს - რატომ დავკარგეთ კოდორის ხეობა უბრძოლველად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე? რატომ დავკარგეთ 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი? რატომ ვერ მოხდა თავის დროზე ამ ომის სათანადო პრევენცია? რატომ ვერ გაკეთდა რისკების შეფასება? პატარა ბავშვიც მარტივად გათვლიდა იმ შესაძლო ნაბიჯებს, რომელიც ამ პროვოკაციებს მოჰყვებოდა, რომელიც ომამდე რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა.

მთელი ამ კითხვების ერთობლიობა ერთ რამეზე მიგვითითებს, რომ ეს იყო ნამდვილად ანტიეროვნული ხელისუფლება, ეს იყო მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველი ხელისუფლება, რომელმაც უღალატა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, უღალატა ჩვენს მოსახლეობას, ხალხს, ჩვენს გმირებს. გახსოვთ, რომ ჩვენი გმირი სამხედროების ცხედრები უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიატოვეს და არც კი დაინტერესდნენ. რომ არა პატრიარქის ჩართულობა, ჩვენი გმირების ცხედრების გადმოსვენებაც კი ვერ ხერხდებოდა. აი, ეს მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა ყოფილმა ხელისუფლებამ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვისი ინიციატივით ჩაიწერა ევროსაბჭოს რეზოლუციის პირველ ვერსიაში, რომლითაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში, ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ლიდერები არ საუბრობენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნის და სამხედროების დადანაშაულებაზე მოუწერა ხელი რუსებს.

„წარმოიდგინეთ, რას დაუჭირეს ნაცებმა მხარი - ქართველი სამხედროების დადანაშაულებას 7 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში, ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებაში და მშვიდობიანი მოქალაქეების კასეტური ბომბებით დაბომბვაში. საკუთარი ქვეყნის და სამხედროების დადანაშაულებაზე მოუწერეს ხელი რუსებს!

რაც შეეხება იმას, ვისი შესწორება იყო - თავიდანვე ეწერა? ფორმალურ საკითხებს ვეკიდებით, კომიტეტებზე შევიდა შესწორება თუ მანამდე, დრაფტის შემუშავების დროს, მაგას ვდავობთ? კი ბატონო, ვიღაცამ ხომ ჩაწერა თავიდან? ვინ იყო ის ვიღაც? ჩვენმა პარტნიორებმა დაგვადანაშაულეს და არა რუსულმა მხარემ? ეგეც ნაცების დელეგაციის ინიციატივა ხომ არ იყო?

მოკლედ, თუ რუსების არა, ვისი ინიციატივით ჩაიწერა თავდაპირველ ვერსიაშივე ქართველი სამხედროების დადანაშაულების ვერსია? ყველა ინფორმაციით, ეს იყო რუსული მხარის ინიციატივა. თუ ასე არ იყო, გამოვიდნენ ის ადამიანები, ვინც ამ პროცესების მონაწილე იყო და თქვან, რუსების გარდა, ვის და რატომ მოუვიდა თავში ჩვენი ქვეყნის და სამხედროების დადანაშაულება და მსგავსი ჩანაწერის შეტანა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში?!“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი თამარ კიკნაძე აცხადებს, რომ არსებობს ოფიციალური დოკუმენტები, მათ შორის ტალიავინის დასკვნა და არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც ქართულმა მხარემ მოაწერა ხელი, სადაც ომის დაწყებაში დადანაშულებულია საქართველო.

„ყველანირი ტექნილოგიებით ცდილობენ ის საშილენება გადაფარონ. ის, რაც მოხდა, არის დანაშული, სახელმწიფოს ღალატი. ტყუილად კი არ ამოიღეს სამშობლოს ღალატის მუხლი კონსტიტუციიდან. დღეს კანონმდებლობა არ იცნობს სამშობლოს ღალატის მუხლით ვინმეს დასჯას. ესენი არიან ჩვეულებრივი მოღალატეები, რომლებიც სასჯელს უნდა იხიდიდნენ ამის გამო. მე, არაერთხელ აღმინიშნავს, რომ სააკაშვილს უნდა დაუმატონ ბრალდება - სამშობლოს ღალატი,

რომელმაც 150 სოფელი დაკარგა და კოდორის ხეობა ძალიან საეჭვო ვითარებაში ჩააბარა მტერს. ასე რომ, ვინ დაიწყო და როდის, ეს არის აქცენტების გადატანა სხვა რაღაცაზე. ახლა კიდევ დაიწყო დებატები იმაზე, ომი 7-ში დაიწყო, თუ 8-ში? მათ უზნეობას აღარ აქვს საზღვარი. უნდა შეიქმნას ხელახალი კომისია, გამოიკვლიოს ომის შედეგები და მძიმე ბრალდებები უნდა წაუყენო სააკაშვილს და მთელს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ საერთოდ გაქრნენ პოლიტიკური სცენიდან. სანამ ესენი პოლიტიკაში არიან, აქ ნორმალური პოლიტიკური პროცესი არ იქნება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.

ისტორიკოსი, ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ შედეგების მიხედვით არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ დღეს დაიწყო ომი, 7-ში, 8-ში თუ 9 აგვისტოს. საქართველო-რუსეთის ომი დაიწყო 1801 წელს, როდესაც რუსეთმა მანიფესტით გააუქმა ქართლ-კახეთის სახელმწიფოებრიობა და ქართლ-კახეთი გუბერნიის სტატუსით შეიყვანა რუსეთის შემადგენლობაში. ამის შემდეგ მიმდინარეობს რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც დღემდე გრძელდება.

„ამ წლების განმავლობაში სააკაშვილის ხელისუფლების მსგავსმა მოღალატეებმა და თავად სააკაშვილმა გაგვიკეთეს ის, რომ დღეს საქართველოს დაკარგული აქვს თავისი ტერიტორიების 20%. აი, ეს არის შედეგი. გავიხსენოთ ძველი რომაელების გამონათქვამი - „გამარჯვებულებს არ ასამართლებენ“. დღეს რომ იძახიან საერთაშორისო სამართალიო, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო სამართალს ფეხქვეშ თელავენ ის სახელმწიფოები, რომლებიც იწოდებიან ე.წ. ზესახელმწიფოებად და რომლებიც წარმართავენ მსოფლიო პოლიტიკას.

საქართველოში რუსეთმა გამოიყენა კასეტური ბომბები და მის ნაწილებს ინახავდა სააკაშვილის ხელისუფლება და არ აჩენდა. ისმის კითხვა, რატომ არ აჩენდა? ლოგიკურად გამოდის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ხელს უწყობდა რუსეთს იმაში, რომ გაეკეთებინა საქართველოს ოკუპაცია. ამის დამადასტურებელი ფაქტებია - პირველი, უომრად, ტყვიის გასროლის გარეშე ჩაბარებულ იქნა კოდორის ხეობა.

რასაც ახლა აკეთებენ, ეს არის მცდელობა იმისა, რომ რამენაირად თავი დაიძვრინონ იმ პასუხისმგებლობისგან, რაც გულისხმობს ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც ომის დაწყება დაბრალდა ქართულ მხედრობას. როდესაც ვლაპარაკობთ საერთაშორისო თანამეგობრობაზე, სწორედ მათ შექმნეს ტალიავინის კომისია, რომელმაც დაწერა, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ამათ რომ სინდის-ნამუსი შერჩენილი ჰქონდეთ, ესენი განცხადებებს კი არა, საერთოდ პოლიტიკასთან ახლოს არ უნდა იყვნენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

რომანი ედიშერ გ., თქვენი პოპულისტური თეზა 1801 წლიდან ომის წარმოების შესახებ რუსეთთან არის ნონსენსი.
1 წლის უკან