„ლაინერში მყოფი რუსები შემთხვევით არ იყვნენ შერჩეულნი, ისინი გადადიოდნენ აგრესიაზე, ქართული საზოგადოებისთვის დამამცირებლად იქცეოდნენ და ქვებსაც ისროდნენ. ლაინერზე ძირითადად იყვნენ კრასნოდარის მხარის სახელმწიფო მოხელეები, კულტურის, განათლების წარმომადგენლები, რაც ბევრ კითხვას ბადებს, ლაინერის მენეჯმენტი კი სპეციალურად იყო აღრეული“, - აცხადებს for.ge- სთან საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია.
ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ რუსული გემის ბათუმის პორტში შესვლის დროს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან გამოხატული პროტესტი მისაღები იყო, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან ეს პროტესტი და ანტირუსულ რიტორიკას ამოფარება არადამაჯერებელი იყო. როგორ უნდა მოვიქცეთ სხვა დროს, როცა ოკუპირებულ ქვეყანას ოკუპანტის ლაინერი მოადგება?
- ტურისტების მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს, ღმერთმა დამიფაროს, სტუმრის პატივისცემა ქართველებმა ვიცით, მაგრამ აღნიშნული ლაინერი „ასტორია გრანდი“ ძალიან საეჭვო მფლობელობის ქვეშ იყო, რადგან რეგისტრაცია გატარებული ჰქონდა სეიშელის კუნძულებზე, რომელიც თავისუფალი ეკონომიკური ზონაა. დიდი ალბათობით, ამ ლაინერის უკან იდგა ისეთი სახელმწიფოებრივი სტრუქტურა, როგორიცაა „როსნადზორი“ ან „როსსოდრუჟესტვო“, მათ ასეთი ფირმები გააჩნიათ, რომლებიც აკეთებენ საეჭვო რეგისტრაციას და მერე ამას იყენებენ წმინდა იდეოლოგიური კუთხით. მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდში არსებობდა აგიტბრიგადები - სააგიტაციო ბრიგადები, ეს ლაინერიც იყო სწორედ კლასიკური სააგიტაციო ბრიგადა, ოღონდ პუტინის რუსეთის შემადგენლობაში. ეს ჩანდა კიდეც, რადგან გემზე მყოფ ადამიანებს შორის იყვნენ კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები, რომლებიც კონცერტის ჩატარებას გეგმავდნენ. ეს შემთხვევითი არ არის, პუტინს სჭირდება სააგიტაციო საშუალებები, კრემლმა მიიღო სპეციალური კონცეფცია საინფორმაციო უსაფრთხოების პრინციპების შესახებ, შეიქმნა სპეციალური სტრუქტურები, რომლებიც მუშაობენ საინფორმაციო ომისა და პროპაგანდისტული მიზნებისთვის და ახლა, ბუნებრივია, პუტინს სურდა ასეთი ლაინერების, ჩარტერული რეისების კუთხით, საბჭოთა გამოცდილების გამოყენების მეშვეობით მოეხდინა ერთგვარი იდეოლოგიური დამუშავება საქართველოსა და თურქეთში. არ ვიცი, თურქეთში როგორ შეძლეს მათ მიზნის მიღწევა, მაგრამ საქართველოში რომ ჩექმაში ფეხი არ ჩაუვიდათ, ეს ფაქტია.
ფიქრობთ, რომ ლაინერის მგზავრები სახელდახელოდ იყვნენ შერჩეულნი?
- ლაინერში მყოფი რუსები შემთხვევით არ იყვნენ შერჩეულნი, ისინი გადადიოდნენ აგრესიაზე, ქართული საზოგადოებისთვის დამამცირებლად იქცეოდნენ, სპეციალურად ახორციელებდნენ პროვოკაციას და ქვებსაც ისროდნენ. ჩემი ინფორმაციით, ლაინერზე ძირითადად იყვნენ კრასნოდარის მხარის სახელმწიფო მოხელეები, კულტურის, განათლების და მსგავსი სტრუქტურების წარმომადგენლები, რაც ბევრ კითხვას აჩენს.
მათი შემოსვლა ოკუპირებულ საქართველოში ბევრისთვის გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ რომ ამოეფარა საპროტესტოდ განწყობილი ხალხის მუხტს და „Free Misha“ - ს ტრანსპარანტით გამოჩნდა, ეს იყო გემის „დახვედრის“ აქცია? ხომ არ ფიქრობთ, რომ ხალხი უფრო მეტად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი აქციაზე, ვიდრე „ნაცმოძრაობა“?
- მე მგონი, ხალხიც ბევრი იყო. უბრალოდ, ჩვენმა სააგიტაციო ტელევიზიებმა, როგორიცაა „ტვ პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხი“ ისე წარმოაჩინეს, თითქოს იქ მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ იდგა. გასაგებია, ისინი ასრულებდნენ პოლიტიკურ დაკვეთას, ისეთივე აგიტპროპაგანდა ჰქონდათ, როგორც კრემლს აქვს აგიტპროპაგანდა, მიშასა და პუტინს შორის ვერავითარ განსხვავებას ვერ ვხედავ. ერთ-ერთ ინტერვიუში სწორად თქვა უკრაინის საგარეო დაზვერვის ყოფილმა შეფმა, გენერალმა მალომუჟმა და დაადასტურა, რომ სააკაშვილი იყო საბჭოთა სუკის რეკრუტირებული აგენტი. პირველად მე გავაჟღერე, რომ სააკაშვილი იყო საბჭოთა კავშირის სასაზღვრო ჯარების ეფრეიტორი. ასევე, ის იყო გადაბირებული აგენტი, ის გადაიბირეს, სპეციალური ხელწერაც გააფორმებინეს და სუკის უმცროსი ლეიტენანტის წოდებაც ჰქონდა. გენერალმა მალომუჟმა დაადასტურა ეს სიტყვები. მალომუჟი გამოცდილი გენერალია, ის ხუთი წელი იყო უკრაინის საგარეო დაზვერვის შეფი, ფაქტობრივად, მან ჩამოაყალიბა უკრაინის საგარეო დაზვერვა, რომელიც ახლა რუს ოკუპანტებს ებრძვის, მან იცის, რაზე საუბრობს. რაც შეეხება „ტვ პირველს“, „ფორმულას“, ეს ტელევიზიები კეზერაშვილის, მერაბიშვილის და რუსი გავლენის აგენტების ხელში პირდაპირ გადავიდა, ფაქტობრივად, ისინი მიშას ებრძვიან. მერაბიშვილი რომ რუსეთის გავლენის აგენტი იყო, ეს მტკიცებულებად დევს ჩემს საქმეში, რომელსაც პროკურატურა არ იძიებს. სხვათა შორის, ეს გიორგი რურუამაც დაადასტურა.
როგორ უნდა გავმიჯნოთ საქართველოში ჩამოსულ რუსებს შორის ვინ თანაუგრძნობს ქართველებს და ვინ მიიჩნევს, რომ სწორი იყო საქართველოს ოკუპაცია?
- მე თუ ვიცი, რომ ამის უკან იდგნენ რუსეთის პროპაგანდისტული აგიტსტრუქტურები და ეს ყველაფერი ჩანდა მათ ქმედებებში, ამაზე უნდა მუშაობდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სავსებით შესაძლებელი იყო ამ კრუიზის არშემოშვება ჩვენს საზღვაო აკვატორიაში. მე გამოვიკვლიე, რომ ეს ლაინერი გატარებული იყო თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, სპეციალურად აღრეული და შერეული იყო მისი მართვა და მენეჯმენტი. გასაგებია, რომ ასე აღრეული მენეჯმენტის უკან იდგა რუსეთის საინფორმაციო ომის კუთხით მომუშავე სტრუქტურები. მტრის სააგიტაციო ენაც უნდა ვიცოდეთ. საქართველოს სუვერენული უფლება ჰქონდა, არ შემოეშვა ასეთი ლაინერი. მით უმეტეს, ეს იყო თავხედური ქმედება. კონცერტების ჩატარებას რომ აპირებდნენ, ეს არ იყო რბილი ძალის გამოვლენა? რბილი ძალა ეს არის რუსეთის არაპირდაპირი აგრესიის გამოხატულება. ეს არის იმავე პოლიტიკის გაგრძელება, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიების ოკუპაცია და რუსული სამხედრო ბაზების განთავსება.
ცხადია, საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს შეეძლოთ, ეთქვათ რუსული მხარისთვის, რომ პროტესტანტი ხალხის გაკონტროლებას ვერ მოახერხებდნენ და ისინი არ უნდა შემოსულიყვნენ ბათუმის პორტში, მაგრამ ეს რა რეაქციას გამოიწვევდა რუსეთის მხრიდან?
- ბუნებრივია, შეეძლოთ რუსებისთვის ეთქვათ, რომ არ შემოსულიყვნენ ბათუმის პორტში და ეს მკვეთრ უარყოფით რეაქციას არ გამოიწვევდა რუსეთის მხრიდან. საქართველოს ხელისუფლება ასეთ რამეს არ უნდა წამოეგოს. მე ხომ არ ვამბობ, რუსეთის მოქალაქეები რომ ჩამოდიან, გზა გადავუკეტოთ-თქო, მაგრამ სააგიტაციო ბრიგადები უნდა შევაჩეროთ. მცოცავი ოკუპაციის შეჩერება რატომღაც არ შეგვიძლია. თუმცა პოლიტიკური ნება თუ არის, ამის შეჩერებაც შესაძლებელია. უბრალოდ, ერიდებიან სამხედრო კონფრონტაციამდე არ მივიდნენ და არ განმეორდეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები. ესენი იყვნენ კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარის სახელმწიფო სტრუქტურის მოხელეები, რომლებსაც დარღვეული აქვთ კანონი ოკუპაციის შესახებ და, რომლებიც თავიანთი სახელმწიფო ფუნქციებიდან გამომდინარე, გადადიოდნენ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ამის საფუძველზეც შეგვეძლო არ შემოგვეშვა ისინი. ამის ირიბი საფუძვლები არსებობდა, თუ პირდაპირი სა ფუძვლები არა. სპეცსამსახურების კოორდინაციის ცენტრია საჭირო, სამწუხაროდ, ეროვნული უშიშროების საბჭო გაუქმდა და დღეს სპეცსამსახურებს შორის კოორდინაცია არ არსებობს. შედეგიც ცხადია.
ომს გამოქცეული რუსების შემოსვლას საქართველოში შეიძლება ჰქონდეს გარკვეული გამართლება, რადგან მათ არ სურთ უკრაინელების დახოცვა და არც ის სურთ, თავად იყვნენ მსხვერპლნი, მაგრამ რა უნდა ვთქვათ გასართობად შემოსულ რუს ტურისტებზე?
- პირველად სააკაშვილმა გაუხსნა რუს ტურისტებს ლარსი და ჩვენს ტერიტორიაზე შემოიყვანა. სააკაშვილი კიდევ უფრო შორსაც წავიდა, რუსებს სამხედრო ტრანზიტი გაუგრძელა, 2011 წლამდე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიდიოდა რუსული სამხედრო ტრანზიტი, ანუ სამი წლის განმავლობაში ხდებოდა ეს და რუსეთი ამარაგებდა თავის სამხედრო ბაზას სომხეთში. ამან ხელი შეუწყო, რომ სამხედრო ტრანზიტის მეშვეობით რუსეთმა განახორციელა სამხედრო ინტერვენცია სირიაში. ალბათ, ჩვენმა მკითხველმა ეს არ იცის. მიხეილ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილია, მაგრამ ესენიც არ უნდა დაემსგავსონ სააკაშვილს. გასაგებია, რომ ტურისტები უნდა შემოვიყვანოთ, მაგრამ ასეთი რბილი ძალის გამოხატულება აღკვეთილ უნდა იყოს. არ ვიცით, რუსები ვინ არიან? კარგია, რომ ეს ლაინერი უკან მობრუნებას არ აპირებს, მაგრამ შეიძლება რუსებმა კიდევ უფრო დახვეწონ პროვოკაცია და ტროას ცხენის ვარიანტში ახალი პროვოკაციული ტექნოლოგია განახორციელონ. ეს სააგიტაციო ბრიგადაა, მათთან ღირსებასა და საქართველოს ოკუპაციაზე ვერ ვილაპარაკებთ, მათ თავიანთი დავალება ჰქონდათ შესასრულებელი.
შემდგომში რომ შევუზღუდოთ შემოსვლა, ეს რუსეთთან დაპირისპირებას გამოიწვევს?
- არანაირად. აგიტბრიგადების შემოყვანის აკრძალვა პრობლემას არ გამოიწვევს. ეს ოკუპირებული ტერიტორია ხომ არ არის, სადაც რუსი სამხედროები გადმოდიან და ამის გვეშინია, რომ სამხედრო პროვოკაციაზე არ წამოვეგოთ.
ისე, რუსეთში მაცხოვრებლებსაც გაუხარდათ ლაინერის მგზავრების შეურაცხყოფა, „ასტორია გრანდეს“ მგზავრებს დაცინვით მიმართავდნენ, ხაჭაპურისა და ხინკლის ჭამა გიღირდათ ამ დამცირებისთვისო?
- კი ბატონო, მაგრამ ლაინერის მგზავრებს სპეციალური დავალება ჰქონდათ შესასრულებელი და მათ ამის შესრულება სცადეს.
......ათქმევინა კიდეც აგენტი ვაარო
არა რააა.................მგონი ნაღდად აგენტია
ღორი რუსები არავის გვეხატება გულზე (არც ამერიკა), მაგრამ ასე ვარაუდებით რაიმეს მტკიცება ,,ექსპერტს" არ უნდა უხდებოდეს.