“სამწუხაროდ, სერიოზული საფრთხის წინაშე თელავია. საფრთხის ქვეშაა ახმეტა, ბაკურციხე, კისისხევი, წინანდალი და სხვა დასახლებები. ტყის ეროვნულმა აღრიცხვამ აჩვენა, რომ ტყეების დაახლოებით 30% ეროზირებულია. მდინარეთა აუზებს თავიანთი ბუნებრივი ჰიდროლოგიური რეჟიმი აქვთ დაკარგული. საფრთხეა, რომ ასეთი სტიქია ბევრგან განვითარდეს - ამის შესახებ “რეზონანსთან” კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორმა რეზო გეთიაშვილმა განაცხადა. გეთიაშვილის თქმით, მისმა ორგანიზაციამ კახეთში საფუძვლიანი კვლევა ჩაატარა, თუმცა საფრთხის ქვეშ არის ასევე აჭარა, ზემო სვანეთი, და დუშეთი, რის აღმოსაფხვრელად კომლექსური მუშაობაა საჭირო. მისივე შეფასებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაკეთებული დასკვნები უფრო წონიანი და ალბათ სავალდებულო უნდა გახდეს და სარეკომენდაციო ხასიათს აღარ ატარებდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მდინარეების აუზები ძლიერადაა დეგრედირებული, მეწყრული პროცესებია, ტყეების 30% ეროზირებულია” - კიდევ სადაა სტიქიის განვითარების საფრთხე.
“სამწუხაროდ ბევრგან ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ღვარცოფული მდინარეებია, რომლებმაც შესაძლოა სტიქია გამოიწვიოს და ეს ემუქრებოდეს როგორც მსხვილ რეგიონულ ცენტრებს, ასევე პატარა დასახლებებს. გასულ წლებში ჩვენი ორგანიზაცია კახეთსა და სხვა რეგიონებში კვლევებს ატარებდა, უფრო კონცენტრირებულები კახეთზე ვიყავით - სამწუხაროდ, სერიოზული საფრთხის წინაშე თელავია. გარკვეული ღონისძიებები ტარდება, მაგრამ ეს საკმარისი არაა. საფრთხის ქვეშაა ახმეტა, ბაკურციხე, კისისხევი, წინანდალი და სხვა დასახლებები. მდინარეების აუზები ძალიან ძლიერაა დეგრედირებული, მეწყრული პროცესებია. სამწუხაროდ ტყის ეროვნულმა აღრიცხვამაც აჩვენა, რომ ტყეების დაახლოებით 30% ეროზირებულია. მდინარეთა აუზებს თავიანთი ბუნებრივი ჰიდროლოგიური რეჟიმი აქვთ დაკარგული. საფრთხეა, რომ ასეთი სტიქია ბევრგან განვითარდეს. მსგავსი საფრთხე არის აჭარაში, ზემო სვანეთში, ასევე რამდენიმე კვლევა გვაქვს დუშეთის მიმართულებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რეზო გეთიაშვილი.
“რა ლოკაციებიც შევარჩიეთ, ყველგან ძალიან მძიმე მდგომარეობა დაგვხვდა, მაგრამ სიღრმისეულად კახეთი გამოვიკვლიეთ. საფთხე ყველგანაა, ამას შესწავლა სჭირდება. რაჭის შემთხვევამ დაგვანახა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის მეტი ფინანსური რესურსია საჭირო. მონიტორინგი რომ გახორციელდეს, ამას კვალიფიციური კადრი სჭირდება, რომელიც ამ პროცესში მუდმივად იქნება ჩართული. ამ უწყების სერიოზული გაძლიერებაა საჭირო. ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაკეთებული დასკვნები და რეკომენდაციები უფრო წონიანი და ალბათ სავალდებულო უნდა გახდეს. ეს მხოლოდ სარეკომენდაციო და ნებაყოფლობითი არ უნდა იყოს, და შემდგომი რეაგირება უნდა მოჰყვეს, პირველ რიგში ეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეხება. მას უფრო მჭიდრო კოორდინაცია და კომუნიკაცია სჭირდება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, კერძოდ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან იმისთვის, რომ ის შეფასებები, რომელიც კეთდება, მყისიერად იყოს გაზიარებული და შესაბამისი ზომები იქნას მიღებული. კოორდინაციის დეფიციტია”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“შოვის სტიქიის სისტემური ანალიზი აუცილებელია, როგორც ფაქტორების, პირობების, ასევე შედეგის, შემდგომი რეაგირებისა და მისი აღმოფხვრის თვალსაზრისით. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ეს უნდა იყოს სისტემური, რომ ჩვენ ზუსტად გამოვავლინოთ ყველა ის ხარვეზი, რომელიც არსებობს. ამის ზეპირად საუბარს სჯობს, რომ შეთანხმება მოხდეს და მთავრობამ ახლავე გამოაცხადოს მზაობა და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას. ფაქტია, რომ სისტემა გამართულად არ მუშაობს. კახეთზე არსებობს კვლევები, მძიმე მოცემულობაა და უკვე იმაზე ვართ დამოკიდებული, რომ ძლიერი წვიმა არ მოვიდეს, ანომალიურმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა მომწიფებული და გამზადებული კატასტროფული მოვლენები არ დაძრას და ადამიანები მასში არ მოჰყვნენ. ამაზე ჯერჯერობით საკმარის მზაობას და რეაგირებას ვერ ვხედავ. საჭიროა ერთად დასხდეს ყველა ის ორგანო, რომელიც ბუნებრივი კატასტროფების მართვაში არიან ჩართულები და ხარვეზები ყველამ ერთად შეაფასოს და შეისწავლოს”, - გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი.
“რაც შეეხება შოვს, ძნელია ახლა შესაბამისი კვლევის გარეშე უშუალოდ ვთქვათ შოვში კიდევ რა მოხდება, მაგრამ სადაც კვლევებია ჩატარებული, იქ მაინც უნდა მოხდეს რეაგირება. კლიმატის ცვლილება რა თქმა უნდა სტიქიურ უბედურებებს ამძაფრებს, მისი უარყოფითი შედეგების გამოკვეთილი ნაწილი სწორედ სტიქიური პროცესების გააქტიურებაა. ზუსტად ამან მოიტანა ის, რომ ციკლურობა შემცირდა და ასეთი ანომალიები არა ათ წელიწადში ერთხელ გვაქვს, არამედ უფრო ხშირად. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში დროის შუალედი უფრო შემცირდეს. სტიქიური მოვლენები კლიმატის ცვლილების შედეგია, მაგრამ მარტო ამისკენ ხელს ვერ გავიშვერთ, რადგან პარალელურად ბევრი ფაქტორია, რომელიც საბოლოო ჯამში ასეთ უბედურებებს იწვევს, მათ შორის განაშენიანება, ბუნებრივი რესურსებისა და პირველ რიგში ტყეების არამდგრადი მართვა, რადგან ტყეების 30% ეროზირებულია და ა.შ.” - დასძენს რეზო გეთიაშვილი.