ბავშვთა სექსუალური აღზრდისადმი მიდგომა უკანასკნელი წლების განმავლობაში არსებითად შეიცვალა. ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ოჯახური ცხოვრებისთვის მომავალი თაობის მომზადება ჩვენზე, უფროსებზეა დამოკიდებული. მოზარდთა სწორი აღზრდით თავიდან ავიცილებთ სექსუალურ ნიადაგზე განვითარებულ ფსიქიკურ ტრავმებს და ნევროზებს, შევძლებთ, დავიცვათ მომავალი სექსუალური პათოლოგიისგან, რომელთაც უდიდესი ზიანის მოტანა შეუძლიათ. ბავშვთა და მოზარდთა სექსუალობის შესახებ სპეციალისტთა შორის არსებობს განსხვავებული შეხედულებანი. აღნიშნულ საკითხებში უკეთ გასარკვევად, "ვერსია" ბავშვთა და მოაზრდთა ფსიქიატრიის ერთ-ერთ ფუძემდებელს საქართველოში, მედიცინის დოქტორს, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, მ. ასათიანის სახელობის პრემიის ლაურეატს, პროფესორს, აკადემიკოს მირიან მესტიაშვილს ესაუბრა.
- საჭიროა თუ არა სექსზე ბავშვთან საუბარი?
- ვფიქრობთ, ბავშვს უნდა მიეცეს აუცილებელი ცნობები სექსის შესახებ იმ ზომით, როგორ ინტერესსაც იჩენს იგი ამ საკითხის მიმართ. მშობლების უარყოფითი რეაქცია სექსის საკითხებზე ბავშვს იძულებულს ხდის, პასუხი ეძებოს ქუჩის "განმანათლებლებთან", სადაც ხშირად იღებენ დამახინჯებულ, ცინიკურ ინფორმაციას. დადგენილია, რომ ბავშვები და მოზარდები სექსის საკითხებზე ინფორმაციის მხოლოდ 20%-ს იღებენ მშობლებისა და მასწავლებლებისგან. სქესობრივი განათლება აუცილებლად დოზირებულად უნდა მიეწოდოს ბავშვს, მაგრამ იგი არ უნდა ამოიწუროს სქესობრივი სფეროს ანატომიური და ფიზიოლოგიური საკითხებით და ჰიგიენური რეკომენდაციებით. სქესობრივი აღზრდა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ბავშვის ზნეობრივ აღზრდას. ამისთვის ოპტიმალურ ასაკად მკვლევართა უმრავლესობა მიიჩნევს 10 წელს. რასაკვირველია, ეს მონაცემი არ არის დოგმა და მოსალოდნელია გარკვეული მერყეობა სხვადასხვა ფაქტორის გამო. მრავალი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ელემენტარული სქესობრივი განათლება უნდა დაიწყოს 2-3 წლის ასაკიდან, რათა ბავშვი გაერკვეს სქესობრივ კუთვნილებაში. რაც შეეხება პორნოგრაფიულ ფილმებს, ისინი ბავშვებს უძლიერებს ინტერესს სექსისადმი და რაც ყველაზე ცუდია, ზოგჯერ ბავშვები გადადიან ფილმში ნანახის პრაქტიკულ განხორციელებაზე, ახდენენ თავიანთი სასქესო ორგანოების დემონსტრირებას და ცდილობენ, თავისი შესაძლებლობებით თანატოლებზე მოახდინონ ეროტიკული ზემოქმედება. სქესობრივი ლტოლვის რეალიზაციის შესაძლებლობა და ამასთანავე, ეროტიკული ფანტაზიის შეუზღუდაობა იწვევს მოზარდის ფსიქოემოციურ დაძაბვას.
ასეთი მდგომარეობის ხშირად გამეორებამ შეიძლება გამოიწვიოს ქცევის მოშლის სხვადასხვა სახე (სქესობრივი ძალადობა, ონანიზმი, აფექტურება, აგრესიული ქცევა) არ არის გამორიცხული, სექსუალური სიძნელეები ასეთ მოზარდთა შედმგომ ცხოვრებაშიც.
არ იფიქროთ, რომ წინააღმდეგი ვარ ადამიანის სხეულის ფიზიკური სილამაზისა და მშვენიერების გამომხატველი სურათების ჩვენებისა. არც იმას ვფიქრობ, მოზარდებმა არ უნდა ისაუბრონ სექსზე. მთავარია, ჩვენ, უფროსებმა დავიცვათ მომავალი თაობა გაუკუღმართებული, არაესთეტიკური ინფორმაციის მიღებისგან.
სწორი სქესობრივი აღზრდა, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, შეამცირებს გონებრივად და ფიზიკურად დეფექტურ ბავშვთა დაბადებას, საბავშვო სახლებში დატოვებულ ბავშვთა რიცხვს...… ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ სქესობრივი ლტოლვისადმი დამორჩილება ზოგჯერ მთავრდება სხვადასხვა ვენერიული დაავადებით, ჰომოსექსუალიზმით, პროსტიტუციით და საუკუნის საშიში სენით - შიდსით.
სექსის კულტურის სწავლება ჯანმრთელი და სრულყოფილი პიროვნების ჩამოყალიბების გარანტიაა.