საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, სტიქიის ზონაში დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია. სტიქიის ზონაში 17 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რამდენ ხანში შეძლებენ დაკარგული ადამიანების პოვნას.
ამ ეტაპზე, ძირითადი გზის, დაახლოებით, 70% გაყვანილია, თუმცა კოტეჯების ტერიტორიის დათვალიერება სრულად ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რადგან მაშველებს ხელს უშლის მიწის სქელი მასა. არის კონკრეტული ლოკაცია, სადაც ცალკეულად მუშაობს ტექნიკა, ცალკეულად მუშაობენ მეხანძრე-მაშველები და მსგავსი არის 6 ლოკაცია ამ დროისთვის.
როგორც ცნობილია, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვრცელდება რამდენიმე გადაუმოწმებელი ვერსია, თითქოს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დროული რეაგირება არ მომხდარა იმასთან დაკავშირებით, რომ ხეობაში სტიქიამდე წყლის შეგუბება მოხდა.
მსოფლიო მყინვარების მონიტორინგის ცენტრის ოფიციალური კორსპონდენტი, გეოგრაფიის დოქტორი ლევან ტიელიძე წერს, რომ შოვის სტიქია იყო გლაციალური ღვარცოფით გამოწვეული შემთხვევა. კერძოდ, კლდოვან-ყინულოვანი ზვავი წარმოიშვა უშუალოდ კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მყინვარ თბილისას მარჯვენა შენაკადის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან, დაახლოებით, 3700-3800 მეტრის ინტერვალში. მსგავსი ტიპის კლდოვან-ყინულოვანი ზვავი საქართველოში დაფიქსირდა 2014 წლის 17 მაისს, მყინვარ დევდორაკზე. ზვავის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს ფერდობების სტაბილურობის რღვევა, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია „მუდმივ მზრალობასთან“. კერძოდ, ისეთი ფერდობები, რომლებიც ადრე მუდმივად მზრალ მდგომარეობაში იყო მიმდინარე კლიმატის ცვლილების შედეგად, უკვე ექვემდებარება სეზონურობას. განსხვავებული ტემპერატურული პირობების შემთხვევაში, ისინი ვეღარ ინარჩუნებს მზრალობას და კარგავს სიმტკიცეს. ასეთ პირობებში ფერდობი შეიძლება ჩამოიშალოს, როგოც თავისით, ასევე წვიმის სახით მოსული უხვი ნალექის შედეგად, მათ შორის მცირედი მიწისძვრის ბიძგის შემთხვევაშიც.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო თანდილაშვილი აცხადებს, რომ მასშტაბური სტიქია გამოიწვია რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრამ და მსგავსი მასშტაბის სტიქიის პროგნოზირება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
„გაჟღერდა, თითქოს სტიქიამდე რამდენიმე დღით ადრე იქ იყო შეგუბება, რომელმაც საბოლოო ჯამში გამოიწვია მასშტაბური სტიქიური პროცესი. ეს ინფორმაცია არის დაუდასტურებელი, დაუზუსტებელი, რადგან ჩვენი ჰიდროლოგიური მონიტორინგის სადგურების და წყლის დონის მზომის მონაცემებით, მდინარის აუზში არ ფიქსირდება მსგავსი კლება, რომელიც დაადასტურებდა ამ მცდარ მოსაზრებას, რომ იქ დიდ შეგუბებას ჰქონდა სტიქიამდე ადგილი“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
სტიქიის ზონაში რჩებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც კრიტიკას თბილისში მყოფი ოპოზიციის წევრებისგან ღებულობენ, მათ შორის იმაზე, რომ სტიქიის ზონაში ვერტმფრენი მხოლოდ 3 საათის შემდეგ მივიდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ არავინ იჩქაროს დასკვნების გამოტანა. მისი თქმით, არიან კომპეტენტური სტრუქტურები, ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ დეტალური დასკვნის დადება ყველაფერთან დაკავშირებით.
„სამაშველო სამუშაოები არ გაჩერებულა. საუბარი იყო მხოლოდ ვერტმფრენთან დაკავშირებით, თუმცა ამაზე სათანადო პასუხი არსებობს, რომ მხოლოდ ღამის ხედვაში არ იყო საქმე. რელიეფისა და პირობების გათვალისწინებით, ვერტმფრენებს გაუჭირდებოდათ ღამის განმავლობაში სამუშაოს გაგრძელება. თუმცა, აქაც არ იქნება სწორი, რომ დეტალებში შევიდე. არიან სამაშველო უწყებები, მაშველები და მათ შეუძლიათ დეტალური ინფორმაციის მოწოდება ამასთან დაკავშირებით.
რა ინფორმაციაც მაქვს, რა შესაძლებლობაც იყო ვერტმფრენების და სპეცტექნიკის ჩართულობის თვალსაზრისით, ყველაფერი მაქსიმალურად გაკეთდა, ყველანაირი რესურსით იყო უზრუნველყოფილი იმ პირობების გათვალისწინებით, რაც ხეობაში იყო. ამ პირობების გათვალისწინებით, სრული რესურსი იყო მობილიზებული, შესაბამისად, დაბრკოლება სამაშველო სამუშაოებს, ამ თვალსაზრისით, არ ჰქონიათ“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე გეოლოგიური დასკვნა საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. ადგილზე მუშაობენ გეოლოგები, მათ შორის ვერტმფრენითაც შეფრინდნენ და ნახეს მყინვარი. მისი თქმით, ახლა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მყინვართან დაკავშირებული პრობლემა.
„სხვათა შორის, ამ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 50 ჰა სრულადაა დაფარული 3-დან 5 მეტრამდე მიწის მასით და არის უზარმაზარი მყინვარის ნატეხები, ლოდები ჩამოტანილი პირდაპირ შოვში. შუაგულ შოვში არის მყივარის ლოდები! დასკვნები იქნება მალე. მინდა მადლობა გადავუხადო საგანგებო სიტუაციების შტაბის ხელმძღვანელს, პაპუნა მარგველიძეს, ასევე ინფრასტრუქტურის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის სამინისტროებს. ყველა არის დღეს მობილიზებული ამ საკითხის გარშემო.
რაც შეეხება ძებნის პროცესს, ლოკალიზებულია კერები, სადაც წინა დღესაც რამდენიმე გარდაცვლილი აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, ეს არის რაღაც ადგილი, სადაც მიიტანა გარკვეული კონსტრუქციები და იმ ადგილას მიმდინარეობს განსაკუთრებული ძებნა. საკმაოდ პროფესიონალურად მიჰყვებიან ჩვენი მაშველები სამძებრო საქმიანობას“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
მიუხედავად ტრაგედიისა, სამწუხაროდ, საქართველოში მოქმედი ოპოზიცია ცდილობს პოლიტიკური დივიდენდების აკრეფას. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ შოვის ტრაგედიაზე გამოძიება უნდა დაიწყოს, ოღონდ დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუციის მიერ. თუმცა, ცისკარიშვილს „დაავიწყდა“, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაუქმნდა საქართველოში გეოლოგიური სამსახური.
„დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავი გაიმართლოს. მტკიცებულებებიც არის, რომ 3 წლის წინ ეს ადამიანები ამბობდნენ აქ შეიძლება მოვარდეს ღვარცოფი, შეიძლება დატრიალდეს უბედურება, მათ ეს არ შეისმინეს ამ ადამიანისგან, მაგრამ თავისთვის, „ქოცებისთვის“, მაინც რაღაც ჯებირები და ბარიერები ააგეს, მაგრამ ის ადამიანი, რომელიც არ ეწერებოდა მათ პოლიტიკურ გემოვნებაში, მისი წუხილი ყურად არ იღეს და იმ მიმართულებით, სადაც კოტეჯები იყო, სამუშაოები არ განახორციელეს.
აქ არის ძალიან ბევრი შეკითხვა, მთელი კასკადი პრობლემების. ცხადია, გამოძიება უნდა დაიწყოს, ოღონდ ეს გამოძიება არ უნდა იყოს „ქოცების“ მიერ განხორციელებული, ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუტი, რომელიც ყველა ამ შეკითხვაზე გასცემს ობიექტურ და მართალ პასუხს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
„ლელოს“ წევრი ლევან სამუშია კი მიმართავს პროკურატურას, დაუყოვნებლივ გაავრცელონ განცხადება, დაწყებულია თუ არა გამოძიება სახელმწიფო მოხელეების მხრიდან შესაძლო დანაშაულის შესახებ. „ლელო“ სამართლებრივი ზომების გატარებას ითხოვს, რადგან სამუშიას განცხადებით, ექსპერტიზის დაგვიანება შესაძლებელია ძვირად დაუჯდეს შემდეგში სამართლებრივ წარმოებას, ვინაიდან, ამინდიდან გამომდინარე, წაშლილი იქნას საექსპერტო კვლევისთვის აუცილებელი მასალები.
„დაწყებულია თუ არა გამოძიება სავარაუდო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით, სავარაუდო გულგრილობასთან დაკავშირებით და დანაშაულებრივ უმოქმედობასთან დაკავშირებით?0 თუ დაწყებული არ არის, ეს არის უკვე დანაშაული. დანიშნულია თუ არა შესაბამისი სახის ექსპერტიზები, რათა დადგინდეს ობიექტური რეალობა და ჭეშმარიტება სინამდვილეში რა მოხდა. ექსპერტებად არ გამოდგებიან პოლიტიკოსები მმართველი გუნდიდან, რომლებიც წყლის მომატება-არმომატებაზე საუბრობენ და შემდეგ გამორიცხავენ შესაძლებლობებს, რომ ადამიანები გადარჩენილიყვნენ.
ასევე, რამ გამოიწვია აღნიშნული ღვარცოფი და უბედურება და შემდეგ გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, შესაძლებელი იყო თუ არა არიდება ამ ყველაფრის, საუბარია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე, ასევე, გამოძიების ფარგლებში გამოთხოვილი არის თუ არა შესაბამისი მტკიცებულებები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, კომპანიებიდან, რომლებიც მუდმივ მონიტორინგს აწარმოებენ, რათა დადგინდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.
ოპოზიციას სტიქიის ზონიდან უპასუხა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, რომლის განცხადებით, სამწუხაროდ, საქართველოში მოიძებნებიან ძალები, მათ შორის პოლიტიკური ძალები, რომლებისთვისაც დღეს გამოძიების წარმოება და პოლიტიკური ხმალაობის ატეხვა მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების ეფექტიანობა და ამ სამუშაოების მიმდინარეობა. სარჯველაძის თქმით, ყველა უნდა დააკვირდეს სპეციალისტთა შეფასებებს. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, წინასწარი შეფასებებით, აღნიშნული სტიქიის პროგნოზირება პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.
„ეს ყველაფერი ჰგავს პირველივე დღეს გამართულ მიტინგს, თუ აქციას, რაც იყო. უბრალოდ, არ ვარგა ასე წინმსწრებად ისეთი განცხადებების კეთება, რომელსაც პოლიტიკური ინტერესის და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობების ძალიან მყრალი სუნი ასდის. აქედან გამომდინარე, ჩემი მოწოდება იქნებოდა, პირველ რიგში, ყველა დააკვირდეს ამ საკითხების ირგვლივ სპეციალისტთა შეფასებებს და იმის მიხედვით, რა შეფასებაც იქნება, რასაკვირველია, გამოძიება თუ იქნება საჭირო, ჩატარდება.
ეს ყველაფერი უნდა თქვას სპეციალისტთა ჯგუფმა, რომელიც შეისწავლის მომხდარს და აქედან გახდება ყველაფერი ცნობილი. სპეციალისტებზე დაყრდნობით, წინასწარი შეფასებები, რაც კეთდება ამ საკითხების ირგვლივ, ყველა საუბრობს, რომ ეს არის იმ მასშტაბის და სპეციფიკის კატასტროფა, რომლის წინასწარი პროგნოზირება პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. ასეთია წინასწარი შეფასებები და დასკვნები, რომლებიც კეთდება. რასაკვირველია, მომავალში ეს ყველაფერი გაირკვევა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.