„ანაკლიის პროექტი სუეცის არხის ცნობილი გზის ალტერნატივაა, თუმცა, ვითომ დასავლური ორიენტაციის ხალხს აქ ნატოს წყალქვეშა ნავების ნავთსაყუდელი უნდოდა“

„ანაკლიის პროექტი სუეცის არხის ცნობილი გზის ალტერნატივაა, თუმცა, ვითომ დასავლური ორიენტაციის ხალხს აქ ნატოს წყალქვეშა ნავების ნავთსაყუდელი უნდოდა“

„თუ ანაკლიის პროექტი გათვალისწინებულია დიდი თამაშის გასაგრძელებლად, რომელიც ყოველთვის არსებობდა ბრიტანეთის იმპერიასა და რუსეთის იმპერიას შორის, რომ ამით რუსეთის იზოლაცია მოახდინონ და რუსეთი ცენტრალური მაგისტრალიდან ჩამოჭრან, მაშინ ეს გარკვეულ პრობლემებს მოიტანს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე.

ჩინეთში ყოფნისას პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც ანაკლიის პორტში ჩინური ინვესტიციების მოზიდვას შეიძლება ნიშნავდეს. ჯერ კიდევ 2019 წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაგვაფრთხილა, რომ საქართველომ დამოუკიდებლად უნდა განახორციელოს ანაკლიის პროექტი და მოჩვენებითი მეგობრების (ჩინეთისა და რუსეთის) ეკონომიკური ზეგავლენისგან თავი დაიცვას. თუმცა აქ მეორე პრობლემაცაა, ამერიკა ანაკლიის პორტის მიმართ მხოლოდ სიტყვიერად აცხადებს დაინტერესებას, ინვესტიციებს კი არ ახორციელებს და ინვესტიციების მიმართ ინტერესი ამერიკას აქამდე არ გამოუმჟღავნებია. თუკი ამერიკა თავს იკავებს, მაშინ სხვა გამოსავალი რა აქვს საქართველოს, თუ არა ჩინური ინვესტიციების შემოსვლა ანაკლიაში?

- საქმე ისაა, რომ ნორმალური სახელმწიფო თავად წყვეტს, რა არის მისი პერსპექტივისთვის უკეთესი და ამ მიზნით თანამშრომლობს ყველა შესაძლო პარტნიორთან. საქართველოს ბოლო 30-წლიანი პრაქტიკა პრაგმატიზმისა და გონიერების საწინააღმდეგოა. ჩვენ ყოველთვის ვიღაცის მფარველობის ქვეშ ვიყავით ვიღაცის წინააღმდეგ. ახლა მსოფლიო პოლიტიკის ლანდშაფტი იცვლება და საქართველოს ხელისუფლებისთვის რაღაც კონიუნქტურული მომენტი გაჩნდა. ზოგადად, ანაკლიის სატრანსპორტო კვანძის (და არა პორტის) პროექტი უბრწყინვალესი ქართული პროექტია ქართველი ინჟინრის სპარტაკ ერაგიას ხელმძღვანელობით. მოგეხსენებათ, ამ პროექტთან ბატონი სპარტაკის თხოვნით ვიყავი დაკავშირებული, ჩემი ინიციატივით მოხდა უდიდესი ჩინური კომპანიის - „China Harbour Corporation“-ის ჩამოყვანა, მე შევახვედრე მაშინდელ ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, მაშინ ჯერ კიდევ პრემიერი არ იყო კვირიკაშვილი, ბატონი ქუმსიშვილი მოადგილე იყო, მათ შევახვედრე. რაც შეეხება ამ პროექტის მნიშვნელობას, ეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ალტერნატიული გზაა, რომელიც მოითხოვს რამდენიმე ქვეყანაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ანაკლიის პორტზე საუბარს აზრი არ აქვს, თუ ყაზახეთის აქტაუს პორტი არ იქნა მოდერნიზებული, შესაბამისი რკინიგზა არ იქნა, ვინაიდან საუბარია დიდი ტვირთების მოძრაობაზე. ეს ყველაფერი ფუნქციონალური, პოლიტიკური თვალსაზრისით შესანიშნავია, თუმცა მაშინ საქართველოს მთავრობის დაუკვირვებელი მოქმედებით, ტენდერი ჩაატარეს და გააკეთეს ის, რაც დანაშაულის ტოლფასი იყო.

ახლა ვერ გეტყვით, რაზეა საუბარი, საქართველოს მთავრობა გასაგებად არ მსჯელობს, რა მიზნით ჩავიდა პრემიერი ჩინეთში სტრატეგიული პარტნიორობის დასამყარებლად. ანაკლიის სატრანსპორტო კვანძი თუ სწორად გაკეთდება, შესანიშნავი იქნება. ჩინური ინვესტიციები იყო მაშინ გათვალისწინებული და არა მხოლოდ ჩინური ინტერესები დევს ამაში, არამედ ყველას ინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს, სამაგიეროდ, ჩვენ გვესმოდა ე.წ. ვითომ დასავლური ორიენტაციის ხალხისგან სულელური განცხადებები, რომ აქ თურმე უნდა გაკეთდეს ნატოს წყალქვეშა ნავების ნავთსაყუდელი, რაც დიდი უაზრობაა. ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანი და აქტუალურია, ფაქტობრივად, ეს არის სუეცის არხის ცნობილი გზის ალტერნატივა, რომელზეც მოძრაობს მთავარი ტვირთები.

თავის დროზე რუსეთი ანაკლიის პროექტს მის საწინააღმდეგოდ მიმართულად მიიჩნევდა. რუსეთი ეჭვობდა, რომ სწორედ ამერიკა ცდილობდა ანაკლიის პორტის თავს მოხვევას საქართველოსთვის, რადგან საქართველოში არსებული პორტები არ იყო ღრმაწყლოვანი და ამერიკის სამხედრო გემებს ვერ უმასპინძლებდნენ. დღეს რუსეთს ასეთი შიში აღარ აქვს?

- ეს პროექტი არ უნდა იყოს ვინმეს საწინააღმდეგოდ მიმართული. უბრალოდ, დრომ მოიტანა ტვირთების მოძრაობის დივერსიფიცირება კონკრეტული სიტუაციების გამო. ავიღოთ თუნდაც დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირება, რომელიც ტვირთების მოძრაობისა და სტაბილურობისთვის კონფლიქტის დასრულებამდე პრობლემურია, ალტერნატიული გზა კი არ არსებობს. ის, რაც არსებობს, 2-3-თვიანი და მოუხერხებელია. ამიტომ გონივრულად გასაკეთებელია ეს პროექტი. ეს ვერ იქნება ერთი კომპანიის მფლობელობაში. ხაზს ვუსვამ, ინტერესები დიდია, ალბათ, ეს კონსორციუმის დონეზე გაკეთდება.

თავის დროზე თქვენ ჩინური კომპანია ჩამოიყვანეთ ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად, ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ ეწინააღმდეგებით ჩინურ ინვესტიციებს, მაგრამ რა უყოთ მაიკ პომპეოს განცხადებას?

- მაიკ პომპეო სადაც არის ახლა, თავის საქმეს მიხედავს, არავინ არ ეკითხება მას ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს. შეერთებულ შტატებთან საჭიროა არა ჯიუტობა, არამედ სერიოზული ადამიანების სერიოზული საუბარი. ინტერესები ინტერესებია, ეს იმდენად საჭირო პროექტია, რომ ამით არა მხოლოდ ჩინელები არიან დაინტერესებულნი, არამედ მთელი აღმოსავლეთისთვის, მათ შორის, ინდოეთისთვისაა მნიშვნელოვანი, ეს პროექტი მოიცავს ირანს და სხვა ქვეყნებსაც, ამიტომ ეს უნდა გაკეთდეს არა ვიღაცასთან ქიშპობის და ვიღაცის ჯინისთვის, არამედ პრაგმატული მოსაზრებით. როცა საქმე სერიოზულია, სერიოზულ ხალხს ყველაფრის მიღწევა შეუძლია.

თქვენ ნატოს წყალქვეშა ნავების ნავთსაყუდელი ახსენეთ, ეს ხომ საფრთხილო იქნებოდა საქართველოსთვის რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარე?

- ეს მოვიყვანე, როგორც იდიოტიზმის მაგალითი, მსგავსი ვერაფერი ვერ განხორციელდება, რადგან იგი, უბრალოდ, განადგურებულ იქნება. ასე რომ, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რამდენი პროვოკატორია ქვეყანაში, რომელთაც პრაგმატიზმთან არაფერი აკავშირებთ, ხელისუფლება იმიტომაა ხელისუფლება, რაც ქვეყნისთვის საჭიროა, ის გააკეთოს.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ღარიბაშვილის ჩასვლა ჩინეთში დასავლეთთან იყო შეთანხმებული, რადგან ამერიკასა და ევროპას შესაძლოა საქართველო განხილულ ჰყავდეს ჩინეთთან ურთიერთობაში ერთგვარ ბუფერად. მთლად დამოუკიდებლად რომ ემოქმედა პრემიერ ღარიბაშვილს, მაშინ დასავლეთის დაშანტაჟება გამოვიდოდა, რომ ჩინეთს სტრატეგიულ პარტნიორად ვაცხადებთ და ევროკავშირში თუ არ მიგვიღებთ, ჩინეთის უსაფრთხოების ქოლგას ამოვეფარებით.

- როგორც კი პრემიერის ჩინეთში ჩასვლის შესახებ გავიგე, მაშინვე ვთქვი, რომ ვიღაცამ რაღაც დაავალა, ისიც ჩინეთში ჩავიდა და ისეთი ფრაზებით ილაპარაკა, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკას ეხებოდა. ვერ გეტყვით, ვინ რა დაავალა პრემიერს, მაგრამ თუკი ეს პროექტი გათვალისწინებულია დიდი თამაშის გასაგრძელებლად, რომელიც ყოველთვის არსებობდა ბრიტანეთის იმპერიასა და რუსეთის იმპერიას შორის, რომ ამით რუსეთის იზოლაცია მოახდინონ, მაშინ ეს ცუდად გადაწყვეტილი საქმეა და აქედან ბევრი არაფერი გამოვა. ცხადია, არსებობს ეჭვები, რისთვის იყო საჭირო ასეთი სიჩქარით გაქცევა ჩინეთში და რადიკალური ფრაზების წარმოთქმა. თუ ეს კონფრონტაციული მიზნითაა და, დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირებას თუ გავითვალისწინებთ, დასავლეთს შეუძლია ამით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ფაქტობრივად, ცენტრალური მაგისტრალიდან ჩამოჭრას რუსეთი, ეს გარკვეულ პრობლემებს მოიტანს. ჩვენს ხელისუფლებას გონიერი ნაბიჯის გადადგმა რომ შეეძლოს, ტენდერში სისულელეს არ ჩაიდენდნენ და თავის დროზე არ მისცემდნენ ამ პროექტს ხაზარაძეს და ამერიკულ კომპანიას, რომელთაც არც პროექტი ჰქონდათ და არც ფული.

ამ ნაბიჯით ჩვენს ხელისუფლებას ჩინეთის გამორიცხვა უნდოდა, როცა ანაკლია ხაზარაძეს გადაულოცა.

- დიახ, ჩინეთი გამორიცხეს და იმიტომ ვერ გაკეთდა ვერაფერი. საქმე ისაა, პროექტში უნდა მონაწილეობდნენ ის მხარეები, რომელთა სასიცოცხლო ინტერესებიცაა დაკავშირებული. ამიტომ თუ ჩვენ ახლა მართლაც დასავლეთის დავალებას ვასრულებთ და ეს არის გეგმა იმისა, რომ ჩინელებს ევროპისკენ გაეხსნათ გზა და იზოლირებულ იქნას რუსეთი, ზუსტად ასეთი მიზნები ჰქონდათ 1921 წელს, როცა კონსორციუმი იქმნებოდა. მაშინ რკინიგზაზე იყო საუბარი, რომელიც ევროპისა და შანხაის შემაერთებელი უნდა ყოფილიყო, რაც რუსეთის იზოლაციით უნდა განხორციელებულიყო. რით დამთავრდა ეს ყველაფერი, ჩვენ კარგად ვიცით.

 

რუსტამი ეს ტიპი იყო შაშიაშვილის ზონდერ-ბრიგადირი და ნაციონალების სტილში აყაჩაღებდა ხალხს. არც სხვა მხრივ არის სუფთა წყლის დამლევი.
1 წლის უკან
amo რამე გაიგეთ?
1 წლის უკან