ცოტა ვინმემ თუ იცის, დღეს, ხშირად და მეტწილად, უარყოფით კონტექსტში მოხსენიებადი ISFED-ს („სამართლიანი არჩევნები“) დაბადება და ისტორია. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე ამის შესახებ ინფორმაციას ვერ იპოვით.
ეს ორგანიზაცია 1995 წელს მშვიდობისა და დემოკრატიის კავკასიური ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა NDI-ს მიზნობრივი გრანტით. მიზანი იყო საქართველოში ყოლოდათ არჩევნებზე დამკვირვებელი გარედან დაფინანსებული ერთი შეხედვით დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკური მიზნებითაც გამოიყენებდნენ.
1995-2001 წლებში, ISFED, რომელსაც მაშინ „სამართლიანი არჩევნები“ ერქვა და ფილოსოფოსი ნუგზარ ივანიძე ხელმძღვანელობდა, საკმაოდ კვალიფიციურად და პატიოსნად აკვირდებოდა ყველა არჩევნებს და მწვავე დასკვნებსაც დებდა ტოტალურ დარღვევებზე. თუმცა, დასავლეთი და საერთაშორისო დამკვირვებლები ISFED დასკვნებს მხოლოდ ცნობად იღებდნენ და არჩევნებს მაინც აღიარებდნენ. ამას მაშინდელი პოლიტიკური კონიუნქტურაც კარნახობდათ - სჭირდებოდათ ხელისუფლებაში სხვებთან შედარებით პროდასავლური „მოქკავშირის“ შენარჩუნება თავის შევარდნაძით, ჟვანია-სააკაშვილის „ახალგაზრდა რეფორმატორთა“ ჯგუფით და ა.შ. იმიტომ, რომ მათი რეალური ალტერნატივა ღიად პრორუსული ასლან აბაშიძე და მის ირგვლივ შეკრებილი პრორუსლი ძალები იყვნენ.
სამაგიეროდ, ISFED-მა ამ პერიოდში სანდო დამკვირვებელი ორგანიზაციის სახელი და რეპუტაცია მოიხვეჭა. მის მონაცემებს, პრაქტიკულად, გადაუმოწმებლად ენდობოდნენ ისე, რომ არც კი უშვებდნენ ფიქრს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ეს ორგანიზაცია პოლიტიკურ ინსტრუმენტად გარდაიქმნებოდა.
2003 წლისათვის პოლიტიკური კონიუნქტურა მკვეთრად შეიცვალა. აშშ-ში ჯორჯ ბუში-უმცროსის ადმინისტრაციამ „თავისუფლების და დემოკრატიის გავრცობის“ პროექტი ჩაუშვა ხმარებაში. ეს პროექტი, მათ შორის, გულისხმობდა რუსეთის ირგვლივ ე.წ. „დემოკრატიული სარტყელის“ შექმნას. პროცესი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პროდასავლური მთავრობების ხელისუფლებაში მოსვლით უნდა დაწყებულიყო, დასავლური დემოკრატიული რეფორმებით უნდა გაგრძელებულიყო და საბოლოოდ რუსეთზეც გადასულიყო.
იმ პერიოდისთვის ISFED-ში ხელმძღვანელობა შეიცვალა, მისი დირექტორი ზურაბ ჭიაბერაშვილი გახდა, რომელიც მჭიდროდ იყო აფილირებული ენჯეო „თავისუფლების ინსტიტუტთან“, რომელიც იმ დროს სააკაშვილის და მისი „ნაციონალური მოძრაობის“ სიტუაციური მოკავშირე აღმოჩნდა, ისე როგორც ბევრი ცნობილი ენჯეო. ISFED დირექტორის რანგში ჭიაბერაშვილი აქტიურად იყო ჩართული „ვარდების რევოლუციაში“, შესაბამისად, ადგილობრივი თუ გარე ფაქტორების გათვალისწინებით, რთული წარმოსადგენი არ იყო რა დასკვნას დადებდა ეს ორგანიზაცია არჩევნებზე. ასეც მოხდა - პარალელური დათვლის შედეგები მნიშვნელოვნად ასცდა ცესკოს შედეგებს. იმ პერიოდში შევარდნაძის ხელისუფლება ისე იყო დეგრადირებული და რესურსგამოცლილი, რომ არავის აზრადაც არ მოსვლია გადაემოწმებინა ISFED პარალელური დათვლის შედეგების ნამდვილობა, ისე როგორც ეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა 2020 წელს. არადა, ამის გაკეთება დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. მეორე საკითხია, მოახერხებდნენ თუ არა საკუთარი სიმართლის დამტკიცებას. იმ დროისათვის, ISFED სანდოობა და რეპუტაცია ეჭვს არავისში არ იწვევდა. თანაც, „ფერადოვანი რევოლუციის“ მექანიზმი უკვე მთელი ძალით იყო ამოქმედებული და დასავლეთი მოუთმენლად ელოდა შედეგს. მოკლედ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ დადო პარალელური დათვლის „საკუთარი მონაცემები“, რომელიც მდუმარედ აღიარეს ცესკომაც და პოლიტიკურმა პარტიებმაც. ამან მნიშვნელოვანი არგუმენტი მისცა ხელში „რევოლუციურ ძალებს“ - სააკაშვილ-ჟვანია-ბურჯანაძის ტრიუმვირატს და მათ ირგვლივ დაჯგუფებულ პარტიებს. რაც მთავარია, საერთაშორისო დამკვირვებელმა - ეუთომ, მათ შორის ISFED-ს „პარალელური დათვლის“ შედეგებზე დაყრდნობითაც, გამოაცხადა, რომ „არჩევნები არ შეესაბამებოდა“ საქართველოს ამომრჩევლის ნებას. ამ დასკვნამ კი საბოლოოდ აუნთო „მწვანე შუქი“ რევოლუციას და როგორ განვითარდა პროცესები ყველას ახსოვს.
დღევანდელი გადმოსახედიდან, ვერავინ იტყვის დანამდვილებით, 2003 წელს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგი რეალური იყო თუ მანიპულაციური და პოლიტიკურ დაკვეთას მორგებული. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ISFED მაშინდელ ხელმძღვანელს ზურაბ ჭიაბერაშვილს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გარჯა დაუფასეს. ჯერ ცესკოს თავმჯდომარედ დანიშნეს, შემდეგ თბილისის მერად, შემდეგ მინისტრად, ელჩად - მოკლედ პატივი და თანამდებობები არ მოაკლეს. შემდგომში ის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი სახე გახდა და დღესაც ამ პარტიას წარმოადგენს.
არადა, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები ზუსტად იმ ტრადიციული „ქართული დარღვევებით“ ჩატარდა, რაც იმისწინა, და დარღვევების მასშტაბები თითქმის ერთნაირი იყო. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2003 წელს სხვა პოლიტიკური კონიუნქტურა იყო და მისი გეგმის შესრულებაში ISFED-მა, როგორც ჩანს, საკუთარი „წვლილი“ შეიტანა.
ISFED-მა ძალიან დუნე რეაგირება მოახდინა „ვარდების რევოლუციიდან“ თვენახევარში 2004 წლის 4 იანვარს სასწრაფო წესით ჩატარებულ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც სააკაშვილს დაუწერეს მისთვის სასურველი 96,5%. თუმცა ISFED რა მოსატანია, როდესაც ეუთოს დასკვნით, არჩევნებში „შესამჩნევი პროგრესი“ აღინიშნა წინა არჩევნებთან შედარებით და ხელისუფლებამ გამოავლინა კოლექტიური პოლიტიკური ნება, ჩაეტარებინა დემოკრატიული საარჩევნო პროცესი. არადა, არჩევნები სერიოზული დარღვევებით, ფაქტობრივად, უკონკურენტო და ძალადობრივ გარემოში ჩატარდა. ასე გასინჯეთ, პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებს იმის საშუალებაც კი არ ჰქონდათ, საარჩევნო კამპანიის მასალები დაემზადებინათ ან ღონისძიებები მოეწყოთ, რომ ნორმალური კამპანია ეწარმოებინათ. ეს „მცირე გადახვევები“ „ვარდების რევოლუციის“ დიადმა მიზნებმა შთანთქა. ეს მაგალითი იმისათვის მოვიყვანეთ, რომ გაჩვენოთ თუ რა როლს ასრულებს პოლიტიკური კონიუნქტურა ISFED და მსგავსი სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობაში. როცა საჭიროა ბოლო ხმაზე იყვირებენ, როცა საჭიროა ოდნავ წამოიკნავლებენ.
რა თქმა უნდა, რთულია იმის ცალსახად მტკიცება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ISFED-ს მიერ პარალელური დათვლის დროს დაშვებული შეცდომა მართლა ადამიანური ფაქტორით გამოწვეული „ტექნიკური შეცდომა“ იყო თუ გამიზნული ნაბიჯი. თუმცა, თუ ისევე როგორც 2003 წელს, 2020 წლისთვის საქართველოში და მის ირგვლივ შექმნილ პოლიტიკურ კონტექსტის გავითვალისწინებთ, ალბათობა იმისა, რომ ეს გამიზნული ქმედება იყო, არსებობს.
დასავლეთის სურვილი იყო, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოს კოალიციური მთავრობა ჰყოლოდა. ამიტომაც იქნა დასავლეთის ზეწოლით დაწეული საარჩევნო ბარიერი 1%-მდე. თუმცა, ამომრჩევლთა უმრავლესობამ ისევ „ქართულ ოცნებას“ ანდო ქვეყნის მართვა. არჩევნები შესაძლოა იდეალური არ იყო, მაგრამ ამომრჩეველის ნების აშკარა გაყალბებას ადგილი არ ჰქონია და საერთაშორისო დამკვირვებლები იძულებული გახდნენ არჩევნები ეღიარებინათ. ბუნებრივია, არჩევნების არაღიარებას სერიოზული არგუმენტები სჭირდებოდა, რაც ხელთ არ გააჩნდათ. სიტუაციის შეცვლა და არჩევნების არაღიარებისთვის საფუძველის შექმნა შეეძლო მხოლოდ პარალელური დათვლის შედეგების აცდენას ოფიციალურისგან. სწორედ ეს გაკეთდა ISFED-ს მიერ, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მხილების მიუხედავად, დაშვებულ შეცდომას თვენახევარი არ აღიარებდა. სდუმდნენ მათი დონორებიც. ამ ხნის მანძილზე კი ოპოზიცია, მათ შორის ISFED-ს მონაცემებზე დაყრდნობით, ცდილობდა ხელისუფლების აყირავებას. შეცდომის აღიარება მოხდა მას შემდეგ, რაც ყველა დარწმუნდა, რომ საქართველოში 2003 წელი არ/ვერ განმეორდებოდა და მორიგი „ფერადი რევოლუცია“ ვერ შედგებოდა.
როგორც საქართველოს მოქალაქე, წინადადებით შემოვდივარ:
1.კენჭი ეყაროს და გაუქმდეს კონტუტუციის მუხლი მხოლოდ პარტიული წესით არჩევის და პროპორციული წესის უგულებელყოფასთან დაკავშირებით!
2.კონსტიტუციაში შეტანილ იქნას კანონი პროპორციული წესით ორპალატიანი პარლამენტის (როგორიც აშშ-ში არსებობს) არჩევის თაობაზე!
3. აღდგეს ქვეყნის პრეზიდენტობის ინსტიტუტი!
4. პრეზიდენტისარჩეულ იქნას საერთო სახალხო წესით!
5. ამ გზით პარლამენტი უფრო გამართულად იმუშავებს!
6. თქვენც დაისვენებთ და ჩვენც!