რა სტრატეგია სჭირდება ოპოზიციას ხალხის მოსაზიდად - „უნდა ილაპარაკონ უმუშევრობას როგორ დაძლევენ, და არა ის, პეტრე იქნება პრემიერი თუ პავლე

რა სტრატეგია სჭირდება ოპოზიციას ხალხის მოსაზიდად - „უნდა ილაპარაკონ უმუშევრობას როგორ დაძლევენ, და არა ის, პეტრე იქნება პრემიერი თუ პავლე"

2024 წლის არჩევნებისთვის ოპოზიცია გაერთიანებებისთვის ემზადება, აქტიურად მუშაობს პოლიტიკური რიგების მესამე ცენტრის ჩამოყალიბებასა და „ქართული ოცნების" დამარცხების განცხადებებით ხშირად ახსენებს თავს საზოგადოებას. ამასთან ხელისუფლება ოპონონტებს მოუწოდებს, გამარჯვებისათვის ახალი კონფიგურაციები ეძებონ. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ოპოზიციის სტრატეგია ცალმხრივია, ყავლგასული და მას ახალი მიდგომები ესაჭიროება. რაც მთავარია, უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც „ოცნებისგანაც" დისტანცირდება და „ნაციონალური მოძრაობისგანაც".

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „რადიკალური ოპოზიცია" ახალი მეთოდების შემუშავებაზე ფიქრობს იმ გარდაუვალი მარცხის თავიდან ასარიდებლად, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ელოდება.

„ოპოზიცია ახლა არის ძიების პროცესში, როგორი შეიძლება იყოს კონფიგურაცია, რომელიც მისცემს უკეთეს შესაძლებლობებს არჩევნებისთვის. კარგად ხვდებიან, რომ დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში მათ რაღაც უნდა შეცვალონ საიმისოდ, რომ სერიოზული კონკურენცია გაუწიონ ხელისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მარცხისთვის არიან განწირული. ასეთ ფონზე მათ უწევთ გარკვეული ახალი მეთოდები მოიფიქრონ იმისთვის, რომ რეპუტაცია რაღაც ფორმით გაიუმჯობესონ", - განაცხადა სარჯველაძემ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციის მთავარი გამოწვევა საზოგადოებაში არსებული პრობლემების აღმოფხვრის გეგმების დასახვაა. მისი აზრით, უნდა შეიქმნას მესამე ძალა ვინც იქნება დისტანცირებული არსებული პოლიტიკური სპექტრიდან.

„ძნელი სათქმელია ოპოზიცია რის ძიებაშია, იმიტომ რომ ნამდვილად სუსტად გამოიყურებიან, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რას უნდა ეძებდნენ, რა უნდა იყოს მათი ძიების საგანი. ვაშაძემ გააკეთა მორიგი უცნაური განცხადება, მან თქვა რომ ამ ჩვენს ერთობას ანუ „ნაციონალურ მოძრაობას" და ოპოზიციის გარკვეულ კონტექსტს გვეყოლება პრემიერ-მინისტრის კანდიდატი, ჩრდილოვანი კაბინეტი, კი ბატონო, კარგია მაგრამ რას გააკეთებს ეს პრემიერ-მინისტრი არჩევნების შემდეგ, ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი.

„გასაგებია, რომ შეიძლება შენ იყო კანდიდატი, ანუ ასეთი განცხადებებით მუდმივად აღიზიანებენ საზოგადოებას იმით, რომ ჩვენ გვინდა კარიერა, თანამდებობები, და ამას კარგად იყენებს შემდეგ „ქართული ოცნება".

„წესით, უნდა ილაპარაკონ როგორ დაამარცხებენ სიღარიბეს, უნდა ილაპარაკონ, რომ 600 000 მეტი ადამიანი არის შემწეობის რიგში, და შემწეობას იღებს სახელმწიფოდან, მაშინ როცა სახელმწიფო აცხადებს, რომ ჩვენთან ეკონომიკური ზრდაა, და მართლა არის ზრდა რუსეთიდან ჩამოსული და სანქციების გვერდის ავლით მიღებული ფულით. მაგრამ ამავე დროს იზრდება შემწეობის მომხმარებელთა რიცხვი ქვეყანაში, რა ხდება? ამაზე რატომ არ ლაპარაკობს ოპოზიცია? რატომ არ ლაპარაკობს, რომ ამ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას შეწყვეტენ, და მნიშვნელოვნად შეამცირებენ სიღარიბეს?

„უნდა იყოს ლაპარაკი უმუშევრობას როგორ დაძლევენ, გამოწვევებს როგორ დაძლევენ, როგორ წავლენ ნატოში, ევროკავშირში, რას გააკეთებენ, და არა ის რომ ვიღაცა პეტრე იქნება თუ პავლე იქნება პრემიერ-მინისტრი.

„ოპოზიციის ერთი ნაწილი მაქსიმალურად მკაფიოდ უნდა დისტანცირდეს „ქართული ოცნებიდან" და „ნაციონალური მოძრაობიდან" თანაბრად. უნდა აჩვენონ, რომ არსებობს მესამე ძალა, მესამე ცენტრი, ეს საზოგადოებას სჭირდება, რა თქმა უნდა ისინი ბევრნი არ იქნებიან, მაგრამ თითქმის 40% გარანტირებულად და ზოგიერთი კვლევების მიხედვით 60% ამომრჩევლისა არ არის ჩამოყალიბებული, ვის მისცემს ხმას. საბოლოო ჯამში ბევრი ნაწილი ალბათ მაინც „ქართულ ოცნებას" მისცემს ხმას ან „ნაციონალურ მოძრაობას", მაგრამ იმედია რომ ვიღაც გამოჩნდეს, ამიტომ ვიღაცა მესამემ უნდა თქვას, აი, გახარია იქნება ან „ლელო", მათ უნდა დაიწყონ პირდაპირი დისტანცირება როგორც „ოცნებიდან" ასევე „ნაციონალური მოძრაობიდან".

„უნდა შექმნან განცდა, რომ „ქართული ოცნება" ჩემთვის გახდეს „ნაციონალური მოძრაობა". მურუსიძის სასამართლო, დეცენტრალიზაცია გააუქმეს, ისევ ადგილებზე ადგილობრივ თვითმმართველობაში ისევ „ნაციონალური მოძრაობის" ხალხია. უსაფრთხოების სამსახურები როგორც „ნაციონალური მოძრაობა" ისე იქცევიან.

„მე კონფლიქტების სპეციალისტი ვარ და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ კონფლიქტების სფეროშიც „ნაციონალების" ნარატივები აქვთ გადმოტანილი, გარკვეული სტანდარტები უმცირესობებთან ურთიერთობებში, რელიგიურ საკითხებში, ყველგან „ნაციონალური მოძრაობის" სტანდარტებია. მე რომ პოლიტიკოსი ვიყო, ვიტყოდი, რომ ხალხნო ილაპარაკეთ ერთნაირად მათზე, არიეთ ერთმანეთში „ნაციონალური მოძრაობა" და „ქართული ოცნება". „ქართული ოცნება" ეფექტურად ახერხებს ოპოზიციის აზელვას ერთმანეთში და „ნაციონალური მოძრაობის" სახეს ანიჭებს მას. თქვენ გაააკეთეთ პირიქით აზილეთ „ქართული ოცნება" „ნაციონალურ მოძრაობაში" და მიაწებეთ მას „ნაციონალური მოძრაობის" სახე, იმიტომ რომ თქვენ უკეთესი არაფრით არა ხართ, უნდა შეაზილონ „ქართული ოცნება" „ნაციონალურ მოძრაობას" და შექმნან საზოგადოებრი აზრი, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობა 2" - ანუ მეორე სერია.

„ჩვენ ვართ ნამდვილი ის ხალხი, ვისთვისაც მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობა" 1-ელი და „ნაციონალური მოძრაობა" მე-2. საერთოდ „რუსულ ოცნებას" კი არ დაუძახებდი, „ნაციონალურ მოძრაობა 2"-ს დავუძახებდი. საზოგადოებაში უნდა შექმნან განცდა, რომ „ქართული ოცნება" სულაც არ არის უკეთესი „ნაციონალურ მოძრაობაზე," - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი ამოცანა ახლა საკუთარი რიგების გაძლიერება, ახალი პროგრამების შემუშავება და ელქტორატის მოზიდვის საშუალებების მოზიდვაა, თუმცა მას ამის მწირე რესურსები აქვს.

„ოპოზიცია ახლა იმის ძიებაშია, რომ საკუთარი რიგები გააძლიერონ, ახალი წევრები მიიღონ, ალტერნატიული გაერთიანებები ჩამოაყალიბონ და მონახონ ის, რასაც შესთავაზებენ საზოგადოებას იმისათვის, რომ მოიპოვონ ელექტორალური მხარდაჭერა.

„მაგრამ ახლა მოგეხსენებათ, პოლიტიკურად არა აქტიური სეზონია და არა მგონია ოპოზიცია ახლა ამ თემებზე მუშაობდეს, მაგრამ შეიძლება დახურული კონსულტაციები აქვთ ერთმანეთთან და ამაზე უკვე ხმებიც გამოვიდა, თვითონ ისინიც არ უარყოფენ ცალკეული ოპოზიციონერები, მაგრამ არა მგონია, რომ ამ დღეებში რამე სერიოზულ პროგრამაზე ან ახალ მეთოდიკაზე და მეთოდოლოგიაზე მუშაობდნენ. უფრო შემოდგომისკენ დაიწყება ამაზე მუშაობა.

„მე მგონი ოპოზიციას ხელში ბევრი არაფერი ისეთი რესურსი არა აქვს, არჩევანი მწირე აქვს, რა უნდა შესთავაზოს ისეთი განსაკუთრებული მოსახლეობას, რომ მისი კრიტიკული მასა მიიზიდოს.

„ერთადერთი რაც მათ დარჩათ, აქტიურად გამოყენებას და კულტივირებას გააგრძელებენ ეს არის „ქართული ოცნების" წარმოჩენა პრორუსულ ძალად, სხვა მეტი რესურსი მე მათ მხარეს ჯერჯერობით არ მეგულება," - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

Gami ყველა, ვინც ამ შარაგზის ოპოზიციას, ოდნავ სერიოზულად განიხილავს არის იდიოტი და მავნებელი. და კიდევ, რიცხვი 3 /ანუ " მესამე ძალა"/ ამოიღეთ თქვენი ავადმყოფი თავებიდან. ტვინი შეგნებულად არ დავწერე.
1 წლის უკან
Gami პირდაპირ გადადით მეოთხე ძალაზე და შეგიძლიათ ასამდე გააგრძელოთ. " ლოდინობის კვირა" გაგიგიათ?
1 წლის უკან