რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს რუსებისთვის დისკომფორტის შექმნის პოლიტიკას?!

რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს რუსებისთვის დისკომფორტის შექმნის პოლიტიკას?!

სოჭიდან დაძრულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ ბათუმის ნავსადგური მოქალაქეების პროტესტის, კვერცხებისა და ბოთლების სროლის შემდეგ დატოვა და ბათუმი მომდევნო კრუიზების მარშრუტიდან ამოიღო. საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გემბანზე მყოფი რუსები გამომწვევად იქცეოდნენ, ოკუპაციას არ გმობდნენ და ბათუმის დატოვებისას ყვიროდნენ „როსია, როსია!“

ლაინერის მგზავრების მიმართ პროტესტი მას შემდეგ გაჩნდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ გემზე პუტინის მომხრე არტისტები იყვნენ. ცხადია, ეს თემა „ნაცმოძრაობამ“ აიტაცა და ლევან ხაბეიშვილი „Free Misha“- ს ტრანსპარანტით შეეგება ლაინერს. თუმცა რა შუაში იყო მიშას თემა რუსების შემოსვლასთან, ეს გაუგებარი დარჩა.

ქართველი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსული ლაინერის შემოსვლა არა მარტო უტიფარი საქციელი იყო რუსების მხრიდან, არამედ ჰიბრიდული ომის ნაწილიც. რუსების შემოსვლის მოწინააღმდეგე ადამიანებში გაჩნდა მოსაზრება, ხომ არ აჯობებდა, შემოსულ რუსებს დავურიგოთ კითხვარი, ემხრობიან თუ არა ისინი საქართველოს ოკუპაციას რუსეთის მხრიდან და ასე მოხდეს მათი გაცხრილვა პუტინისტებად და პუტინის მოწინააღმდეგეებად?! წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანების თუნდაც ტურისტული მიზნით ჩამოსვლა ყოველთვის შექმნის პრობლემას ოკუპირებულ საქართველოში.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბათუმში გამართულმა პროტესტმა დადებითი შედეგი თითქოს გამოიღო, რადგან გემის მომდევნო კრუიზიდან ამოიღეს ბათუმი. რა თქმა უნდა, ეს მათი დამსახურებაა, ვინც დისკომფორტი შეუქმნა ლაინერის მგზავრებს, თუმცა, ამავე დროს, რუსეთის მხრიდან გაისმა ფრაზები, რომ ჩვენ ეს ფაქტი უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ, ეს არის ჩვენი მოქალაქეების მიმართ გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება.

„ხშირია, როცა რუსები რაღაცას იტყვიან, მაგრამ ეს მარტო მუქარად რჩება. თუ ახლაც ასეა, კარგი იქნება, ხოლო, თუ ამ ხაზმა განვითარება ჰპოვა, მაშინ არაფერია გამორიცხული რუსეთისგან. მოგეხსენებათ, საკუთარი თანამემამულეების დაცვის მოტივით რუსეთი ხშირად აგრესიულ ნაბიჯებს დგამს. უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მოტივიც თანამემამულეების ენობრივი უფლებების დაცვა იყო. ანალოგიური რამ თუკი რუსეთმა განიზრახა, რომ ახლა საქართველოზე შეტევის დროა, შეიძლება საბაბად ასეთი ფაქტებიც გამოიყენოს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

რაც შეეხება კითხვარის დარიგებას რუსებისთვის იმის დასადგენად, ემხრობიან თუ არა ისინი საქართველოს ოკუპაციას, რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ რამდენი ადგილია მსოფლიოში ასეთი პრობლემური, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას სხვა აზრი აქვს და იქ ჩასულ ადამიანს შეიძლება შეეშალოს და არ თქვას ის, რაც ადგილობრივებს აწყობთ. ასეთ ადამიანებზე ხელს ვერ აღვმართავთ, არც ერთ ევროპულ სტრანდარტში ეს არ ჯდება. თუკი ევროპისკენ მივდივართ და ვიძახით, ჩვენი სახლია ევროპა, მაშინ ევროპის ერთ-ერთი პირობაა, არ დავჩაგროთ სხვა ადამიანი მისი შეხედულებების, შეცდომების, გაუგებრობის გამო.

რამაზ საყვარელიძის აზრით, ეს მარტო ევროპული სტანდარტი არაა, ვაჟა-ფშაველაც იმავეს ამბობდა, მისი პოემების სტანდარტიც ეს იყო, ადამიანს წარსული მტრობის გამოც კი არ ერჩოდა ჯოყოლა და თავი შესწირა იმას, რომ სტუმრის ღირსება არ შელახულიყო.

„არც ევროპულ, არც ქართულ სტანდარტში შემოსულ ადამიანებთან მიმართებით ძალდატანება არ არის. მაშინ ვკითხოთ საქართველოში შემოსულ თურქებს, აჭარა თავის ნაწილად მიაჩნიათ თუ არა?!“ - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ბათუმის პორტში გამართული მცირერიცხოვანი საპროტესტო აქციები ინიცირებული იყო „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების მხრიდან. რასაკვირველია, ამაში ნაკლებად ინფორმირებული მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. თუმცა პროტესტანტთა სიმცირემ აჩვენა, რომ აჭარლების, ბათუმელების პოზიცია ასეთი არ არის, სხვაგვარად ჩვენ ვნახავდით გაცილებით მრავალრიცხოვან პროტესტს ბათუმის ნავსადგურში.

თუ რა რეაქცია მოჰყვება ამ პროტესტს რუსეთის მხრიდან, გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე არანაირი რეაქცია არ მოჰყვება, მაგრამ დესტრუქციულმა ქმედებებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, როგორი ფსევდოპატრიოტია „ნაცმოძრაობა“ და როგორ დროებითია მისი ნებისმიერი პოლიტიკური შარლატანობა.

„თუ ნაცები ასე ეწინააღმდეგებიან რუსი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლას, თავისუფლად შეუძლიათ ფოთის ნავსადგურიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ბათუმის აეროპორტში მოაწყონ საპროტესტო აქციები, ან თუნდაც სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, სადაც რუსულნომრიანი ავტომობილები შემოდიან. იმავე წარმატებით შეუძლიათ პროტესტის გამოხატვა ქუთაისის, თბილისის აეროპორტებში, ან თუნდაც საქართველოს ჩრდილოეთით ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მისვლა, მაგრამ ეს ხომ აჩვენებს, რომ ეს არის დროებითი, იაფფასიანი დესტრუქცია, რომ, პირველ რიგში, დაარტყან ტურიზმის სექტორს. ტურიზმის სექტორზე იერიშის მიტანა ხელისუფლებაზე იერიშის მიტანა კი არ არის, არამედ ტურიზმის სფეროში ჩართულ ადამიანთა ოჯახებზე იერიშის მიტანაა, ანუ პოტენციურ ელექტორატზე თავდასხმაა. ამდენი თავდასხმით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით „ნაცმოძრაობას“ რატომღაც ჰგონია, რომ მომავალი წლის არჩევნებში გაიმარჯვებს“, - აცხადებს გია აბაშიძე for.ge- სთან საუბრისას.

მისივე აზრით, რუს, ან ნებისმიერი ქვეყნის ტურისტს შეუძლია საქართველოში შემოსვლა, თუკი ანტისაოკუპაციო კანონი დარღვეული არ აქვს და არც უკანონოდაა ნამყოფი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. უფრო მეტიც, გია აბაშიძე თვლის, რომ რუსი ტურისტები, უკრაინელი ტურისტები, თუ უკრაინელი დევნილები ერთად მშვიდობიანად თანაცხოვრობენ ისევე, როგორც მრავალი წელია, აზერბაიჯანელი და სომეხი ეროვნების ვიზიტორები საქართველოში თანაცხოვრობენ მშვიდობიანად. უბრალოდ, ასეთი მშვიდობიანი თანაცხოვრება არ აწყობს მეხუთე კოლონას სააკაშვილის ბელადობით. ამიტომაც ირაკლი კობახიძემ სწორად შენიშნა, რომ ამომრჩეველმა, იმის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ მხარესაა მისი არჩევანი, თუ არა, 2024 წელს უარი უნდა თქვას „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში შესვლაზეც კი.

„იმისთვის, რომ გავიგოთ რუსი ტურისტები თანაუგრძნობენ თუ არა საქართველოს ოკუპაციას, ასეთი უაზრო კითხვარით შეიძლება დადგნენ აქტივისტები სხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან, საიდანაც შემოდიან რუსი ტურისტები, ან ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეები შეიძლება დადგნენ ამ კითხვარით ევროპის სხვადასხვა ქალაქში და ჰკითხონ იქ ჩამომსვლელებს, პალესტინა არის ისრაელის სახელმწიფო თუ არა. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ნაცების ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები ტურიზმის სექტორისგან“, - აცხადებს გია აბაშიძე.