„ოპოზიციის ერთადერთი მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა“ - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება ოპონენტების ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც 31 ივლის ბათუმის პორტში გემ „ასტორია გრანდეს“ შემოსვლის შემდეგ განვითარდა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოვიდნენ. დეპუტატებმა განმარტეს, რომ შემოწმებას ყველა ტურისტი გადის, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო გზით შემოსვლის შემთხვევაში.
ბათუმის პორტში ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და აქტივისტები 31 ივლისს გვიან ღამით შეიკრიბნენ. მთავარი მიზანი ლაინერ „ასტორია გრანდეს“ ბათუმის პორტში შემოსვლის გაპროტესტება იყო, თუმცა, ადგილზე მისულ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პარტიის სხვა წევრები ბანერებით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც მოითხოვდნენ.
ნავსადგურში ვითარება რამდენჯერმე მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა გემზე შესვლა სცადეს. ბათუმის პორტში შეკრებილებმა კვერცხები და ქვები ესროლეს სამარშრუტო ავტობუსებს, რომლითაც ლაინერის მგზავრები პორტიდან გამოვიდნენ. საბოლოო ჯამში, 15-მდე პირის დაკავება მოხდა, გემმა კი პორტი რამდენიმე საათში დატოვა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასაკვირი არაა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გამო საქართველოს არაკეთილმოსურნეები უკიდურესად შფოთავენ, პირველ რიგში კი „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი უცხოელი პატრონები. ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამას უკავშირდება მათი ქსენოფობიური კამპანიები და ყველა პოლიტიკური პროვოკაცია, რომელიც საქართველოში ტურისტული ნაკადების ხელოვნურად შემცირებას ისახავს მიზნად.
„ყველას კარგად გვახსოვს, ლარსის გამშვებ პუნქტზე პირადად როგორ ეგებებოდა რუს ტურისტებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც 3 წლის თავზე, როგორ გააუქმა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. ყველას გვახსოვს, როგორ საუბრობდნენ „ნაცმოძრაობის“ სახეები - ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები იმავე პერიოდში რუსი ტურისტებისა და რუსეთთან ვაჭრობის მნიშვნელობაზე. ამგვარი ფარისევლობა და ფსევდოანტირუსების ორმაგი სტანდარტი ცხადად მიანიშნებს, რომ ყველა პოლიტიკური პროვოკაცია, მათ შორის გუშინ ბათუმში გამართული აქცია, მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური მიზნებით და გარე დავალებებით არის დაკარნახევი.
თუმცა, საზოგადოება ხედავს და სწორად აფასებს ყველაფერს და სწორედ ამის გამოა, რომ გუშინდელ აქციაზე, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ - პარტია „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, გახარიას პარტიის, „გირჩის“ და „ევროპული საქართველოს“ რამდენიმე ათეული აქტივისტის გარდა, არავინ მივიდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, გემი „ასტორია გრანდე“ დარეგისტრირებულია პალაუში და პალაუს დროშის ქვეშ ცურავს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გემზე რუსი ტურისტების გარდა სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.
„ქართული ოცნების“ ლიდერი ამბობს, რომ გემი ოკუპირებულ აფხაზეთში არ შესულა და შესაბამისად, გემსა და გემზე მყოფ პირებს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევიათ.
„გემი არ შესულა აფხაზეთში, შესაბამისად, გემს და გემზე მყოფ პირებს არ დაურღვევიათ კანონი ოკუპაციის შესახებ. ტურისტები საქართველოში ჩამოვიდნენ ერთი დღით, ქალაქ ბათუმის მოსანახულებლად. ვერავინ ახსნის, რა განსხვავებაა საქართველოში მანქანით და გემით შემოსულ რუს ტურისტებს შორის და შესაბამისად, რა ლოგიკური ახსნა ჰქონდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ გუშინდელი აქციის მოწყობას.
სინამდვილეში, ახსნა ერთადერთია - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მისი პატრონები ყველანაირად ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას, რისი მიზანიც ქვეყანაში თუნდაც მცირე არეულობის შემოტანა და ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაა.
აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული კრუიზიდან საქართველოში რჩება 350 ათას ლარზე მეტი, საიდანაც დაახლოებით 100 ათასს შეადგენს ტურისტების დანახარჯები და დაახლოებით 250 ათასს - გემის მიერ პორტის მომსახურებისთვის გადახდილი თანხა. ნაციონალებმა იციან, რომ ამ შემოსავლების შემცირებით ისინი ქვეყნის ეკონომიკას ვერ დააქცევენ, მაგრამ მას თუნდაც მცირე ზიანს მიაყენებენ, რაც ნაციონალებისა და მათი პატრონების გადმოსახედიდან, უკვე საქმეა“, - ამბობს კობახიძე.
პოლიტოლოგი თამარ კიკნაველიძე აცხადებს, რომ რასაც ქართული საზოგადოება უყურებდა - ოპოზიციის მხრიდან ტურისტების მიმართ გამოხატულ აგრესიას - ეს კატასტროფაა. კიკნაველიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს არც ქართულ მენტალიტეტში ჯდება და ეთანხმება ირაკლი კობახიძის ნათქვამს, რომ ეს ქაჯობაა.
„ესეთი სახის პროვოკაციები საით არის მიმართული? თუკი ანტიპრორუსულ ჩვენს მოსახლეობას მიაჩნია, რომ ასეთი ქცევები ქვეყანას რამეში წაადგება, ძალიან ცდება. პირიქით, ამან შესაძლოა ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანოს. როდესაც ოპოზიციამ ომის საწყისი პირობები ვერ შექმნა, ახლა ამის გაკეთებას სხვა ფორმით ცდილობს. საერთოდ, რასაც ოპოზიცია ახორციელებს, შეიძლება ნერვებს გვიშლის, მაგრამ ბოლომდე მათი ლუსტრირება ხდება. ეს ხალხი არ არის ქვეყნის მოყვარული, მათი ყველა ქმედება დესტრუქციულია. როდესც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში იყო, მან საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დესტრუქციული როლი მიანიჭა. ამიტომ დღეს ხელისუფლება სწორ გზაზე დგას და მოქმედებს, როგორც ქვეყნის, ასევე ჩვენი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. დესტრუქცია, როგორც ფუნქცია, საქრთველომ მოიხსნა და ამ ხელისუფლების პირობებში ხალხი კარგად ხედავს, რა რეალობაც გვაქვს. კაცმა არ იცის, აქამდე სად ვიქნებოდით და როგორი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ბედი, სააკაშვილი და მისი ამფსონები რომ ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში. როგორც ლინკონი იტყოდა, შეუძლებელია მუდმივად შენი მოსახლეობა ატყუო“, - ამბობს კიკნაველიძე.
მისივე თქმით, დღევანდელი ომი საქართველოსთან მიმართებაში ჰიბრიდულია, თუმცა ქართველი ხალხი იმდენად გამოიჯეკა, მუდმივ ბრძოლასა და დაპირისპირებაში, რომ საღ აზრს აღარ კარგავს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ 30 წლის განმავლობაში საკმაოდ მწარე გამოცდილება გვაქვს მიღებული, მაგრამ საინფორმაციო ტექნოლოგიებმა ამ დესტრუქციულ ძალას, გარკვეული დროის მანძილზე რაღაცა შედეგი მოუტანა, მაგრამ ეს ყველფერი შემობრუნდა და ხალხი სხვა ალტერნატიული წყაროებიდან ინფორმაციას იღებს.
„არ ვთვლი ამ ფრონტზე ბოლომდე მოგებულები ვართ, რადგან ამ ძალის ძირითადი სამიზნე ახალგაზრდები არიან. ეს თაობა მიხეილ საკაშვილის რეჟიმს და მათ სისასტიკეს არ მოსწრებია. მათ აქვთ გაყალბებული ისტორია და რეალობა. ამიტომ, ჩვენ არ უნდა დავიმშვიდოთ თავი და აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ჩვენი მოსახლეობის იდეოლოგიურ მომზადებაზე. ეს არის ძალიან კარაგდ გამიზნული პროცესი, როცა ეს დესტრუქციული ძალა ახალგაზრდებს ამ ინფორმაციას ნაწილ-ნაწილ აწვდის. ახალგაზრდების უმრავლესობას კი ამ ინფორმაციის შეკრების უნარი არა აქვთ. ეს ისევ და ისევ განათლების სისტემის დაბლა დაწეული სტანდარტების გამო ხდება“, - ამბობს კიკნაველიძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ თუკი კრუიზის გარშემო ატეხილმა საპროტესტო აქციებმა რუსეთის გამოხმაურება გამოწვია, მაშინ რადიკალური ოპოზიციის მიზანი მიღწეული იქნება. საყვარელიძე ამბობს, რომ იყო ე.წ. გავრილოვის ღამე, პოზნერთან ინციდენტი, ქორწილის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი, მაგრამ რუსულმა მხარემ ამ ინციდენტებთან დაკავშირებით პოზიცია არ დაიკავა. თუკი ეს პოზიცია ახლა დაიკავა და წინ წაიმძღვარა ცნობილი ლოზუნგით - „რუსებს ჩაგრავენ“, მაშინ გამორიცხული არ არის რაიმე კონფლიქტზე წამოვიდნენ.
„ასეთი რიტორიკით ქვეყნების წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყება რუსებისთვის უცხო არ არის. ამიტომ ჩვენი ოპოზიცია ცეცხლს ეთამაშება და ქვეყნის ამ უფსკრულში გადაშვება უნდა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს არის კარგად გაწერილი სცენარი და საერთოდ, ასეთი ინტერნაციონალურ პროვოკაციებს, რამდენიმე სცენარისტი ჰაყვს ხოლმე. ორვე მხარე შეიძლება იყოს ამაში ჩართული. ხომ შეიძლება იგივე სცენარი და საპროტესტრო აქციები, ლარსიდან რომ შემოდის ხალხი ან თვითმფრინავით რომ ჩამოდიან, იმათთვის მოეწყოთ. არა, აქ დიდი გემი სპეციალურად არის შერჩეული. ეს არის პიარის ნაწილი, რომ უკეთესად გამოჩნდებოდა გემი და მასზე მყოფი ტურისტები. ორიენტაცია ჩვენს ოპოზიციას იმაზე აქვს აღებული, რაც უფრო თვალსაჩინოა. გემი კი უფრო თვალსაჩინოა, ვიდრე თვითმფრინავი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რაც უფრო პედალირება მოხდება ანალოგიური მოვლენების ქართულ საზოგადოებაში, მით უფრო გაამყარებენ იმ აზრს, რომ „ოცნება“ რუსეთისკენ მიდის. ოპოზიციამ ნახა, რომ თავად რეიტინგი არ აქვს, ამიტომ რეიტინგიან თემებს ეძებს და ცდილობს, ისინი მიისაკუთროს. ასეთი თემებია: ევროპაზე ორიენტაცია, რუსეთის თემა. ამიტომ არის რომ ჩინეთთან დაკავშიებითაც აჟიოტაჟი ატეხეს, რადგან ხელისუფლებამ თუ ცოტა კომპასი სხვაგან გადაწია, ეს მათთვის უკვე წამგებიანი იქნება. მათი რეიტინგი საერთოდ სულ განულდება“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, ოპოზიცია ქართველების მანიპულაციისთვის ისეთ სენტიმენტალურ თემებს იყენებს, როგორიც ქვეყნის გარუსებაა. პარტიული კუთვნილების გარეშეც, ქართველებზე ეს თემა ძალიან მძიმედ მოქმედებს. ამიტომ, ისინი შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ რაიმე სახის პროვოკაცია არ მოაწყონ.
შიგ ევროპას და ნატოს არ გადაუხვიოთ!
თქვე მართლა, იმბეცილებო!