ბრიტანული ჟურნალის, „ეკონომისტის“ (The Economist) 29 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „როგორ ატყუებდნენ სტალინის მარიონეტი ბრიტანელი და ამერიკელი ჟურნალისტები დასავლელ მკითხველებს“, რომელიც ბრიტანელი მკვლევრის, ალან ფილიპსის ახალი წიგნის - „წითელი სასტუმროს“ რეცენზიას წარმოადგენს.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
1941 წელს, როცა გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, უინსტონ ჩერჩილმა დაარწმუნა იოსებ სტალინი, რომ ნება მიეცა ბრიტანელი და ამერიკელი ჟურნალისტებისათვის, მოსკოვში საცხოვრებლად გადასულიყვნენ და დასავლეთისათვის ნაცისტების წინააღმდეგ კომუნისტებისა და საბჭოთა ხალხის გმირული ბრძოლის ობიექტური სურათი ეჩვენებინათ.
მართლაც, საბჭოთა ლიდერის თანხმობით, ათზე მეტი ჟურნალისტი მოსკოვში ჩავიდა და სასტუმრო "მეტროპოლში“ დაბინავდა - უზარმაზარ შენობაში, წითელ მოედანთან ახლოს. დასავლელ ჟურნალისტებს სასტუმროში სტალინური ჯაშუშ-მზვერავები და სპეცაგენტი ქალები დახვდნენ, უძველესი პროფესიის მქონე ქალების სახით.
დასავლელი ჟურნალისტები, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას, ბუნებრივია, მამაკაცები შეადგენდნენ, ფაქტობრივად, ტყვეების როლში მოექცნენ: მათ არ ჰქონდათ ქალაქში თავისუფლად გადაადგილების უფლება, მათ დაწერილს საბჭოთა ცენზურა ამოწმებდა და ისე იგზავნებოდა საზღვარგარეთ. უფრო მეტიც - ისინი საბჭოელი მსუბუქი ყოფაქცევის აგენტი ქალების მონები გახდნენ, რომლებიც თარჯიმნებად და მოსამსახურეებად მუშაობდნენ და იმავდროულად, რეგულარულად იზიარებდნენ ჟურნალისტების საწოლს.
ალან ფილიპსის ახალ წიგნში გადმოცემულია წარმტაცი და ხშირად - საშინელი ისტორიები იმ მორალური დეგრადაციისა, ასევე, გმირობებისაც, რომელიც მოსკოვურ საზოგადოებასა და კომუნისტურ ელიტაში ომის წლებში ხდებოდა.
წიგნში ავტორი ყველაზე ფართოდ და მკაფიოდ იმ ქალების როლს ეხება, რომლებიც საბჭოთა საიდუმლო პოლიციის აგენტები იყვნენ. ზოგიერთებმა, ყველაფრის მიუხედავად, შეძლეს ღირსების შენარჩუნება. მათ შორის იყო ნადია ულანოვსკაია, ებრაული წარმოშობის უკრაინელი, რევოლუციონერი 1920 წლიდან. 1930-იან წლებში იგი დახვრეტის წინაშე იდგა, მაგრამ გადარჩა - იგი დათანხმდა, საბჭოური საიდუმლო პოლიციის აგენტი გამხდარიყო, მუშაობდა აშშ-ში და სხვა ქვეყნებში. ალან ფილიპსი, უცხოურ და რუსულ საარქივო დოკუმენტებზე და ნაკლებად ცნობილ მემუარებზე დაყრდნობით, თავის წიგნში აჩვენებს, თუ როგორ გადაიქცა ოდესღაც მგზნებარე ლენინელი და ბოლშევიკი ქალი საბჭოთა წყობილების მტრად.
ჯერ კიდევ ჩერჩილ-სტალინის შეთანხმებამდე ამერიკული „ნიუ-იორკ თაიმსის“ კორესპონდენტი წერდა, რომ მოსკოვში მყოფი უცხოელი ჟურნალისტები ფაქტობრივად, მხოლოდ საბჭოთა საინფორმაციო სააგენტოს - „ТАСС”-ის მასალების გამავრცელებლები იყვნენ. ყოველმა კორესპონდენტმა იცოდა, რომ მისი მუშაობა სრულიად უსარგებლოა. ამას „წითელ სასტუმროში“ გამოკეტილი ჟურნალისტებიც ადასტურებენ, რომლებიც თავიანთ საცხოვრებელს „მოოქრულ გალიას“ უწოდებდნენ. ისინი თავიანთ რეპორტაჟებში, ომის გარდა, ერთი სიტყვითაც არ ახსენებდნენ სიბნელეში ჩაძირულ სტალინურ ქვეყანაში მიმდინარე საშინელებებს, სადაც ყველგან სიღარიბე და სახელმწიფო ტერორი მეფობდა, სადაც „ენკავედე“ შიშს ნერგავდა.
დასავლელი ჟურნალისტების მიერ მომზადებულ ყველაზე სამარცხვინო მასალად იქცა 1944 წელს მათი ჯგუფური ვიზიტი პოლონელი ოფიცრების დახვრეტის ადგილას, კატინის ტყეში, რომელიც, საბჭოური პროპაგანდის მიხედვით, გერმანელმა ფაშისტებმა განახორციელეს. ეს ვიზიტი „ენკავედეს“ მიერ სპეციალურად მომზადდა, რათა მსოფლიოსათვის დაემალა, თუ რა მოხდა სინამდვილეში: კატინში და სხვა ადგილებში საბჭოურმა შინსახკომმა, დაახლოებით, 22 ათასი პოლონელი ოფიცერი დახვრიტა.
ზოგიერთმა კორესპონდენტმა მოგვიანებით მემუარები დაწერა, რომელშიც მწუხარებით აღიარებდნენ, რომ მათ ვერ მოახერხეს საბჭოური სინამდვილის ობიექტურად გადმოცემა. ომის დროს მოსკოვში მყოფმა ვერც ერთმა დასავლელმა ჟურნალისტმა ვერ შეძლო პირდაპირი ინტერვიუს აღება იოსებ სტალინისგან. ისინი ვერ ბედავდნენ უკმაყოფილების გამოხატვას. მართალია, ერთ-ერთ სახელმწიფო ბანკეტზე, რომელსაც იოსებ სტალინი ესწრებოდა, ერთ-ერთმა კორესპონდენტმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირში თავისუფალი პრესა არ არსებობსო, მაგრამ მას მოსკოვი იმავე დღესვე დაატოვებინეს. სხვათა შორის, დასავლელ ჟურნალისტებს „წითელ სასტუმროში“ სმა-ჭამა არ აკლდათ, მაშინ, როცა საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მოსახლეობა შიმშილის პირას იყო მისული.
როგორც ალან ფილიპსი აღნიშნავს თავის წიგნში, „წითელი სასტუმროს“ ბინადრებს შორის ყველაზე ობიექტურად, თუ სხვებს შევადარებთ, ბრიტანული „დეილი ტელეგრაფის“ კორესპონდენტი - არტურ ჰოლერტონი წერდა. სასტუმროში ცხოვრების დროს მან თავის მასალებში პირველმა მოიხსენია რეპრესიები და „გულაგები“. ამისათვის მას „ენკავედე“ ბრიტანეთში აღარ უშვებდა, მისი თარჯიმანი ქალი კი 15 წლით ციმბირის გულაგში ჩასვეს. ყველაზე სამარცხვინო (დღევანდელი გაგებით) და უცნაური ჟურნალისტი კი იყო რალფ პარკერი, რომელიც პროსაბჭოურ სტატიებს წერდა, როგორც ამერიკელი The New York Times-სათვის, ასევე - ბრიტანული The Times of London-ისათვის. 2001 წელს ერთ-ერთმა „კაგებეს“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა თანამშრომელმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ რალფ პარკერი მოსკოვისათვის იმავე როლს ასრულებდა, რასაც კიმ ფილბი (ორმაგი აგენტი) აკეთებდაო. სხვათა შორის, რალფ პარკერი ერთადერთი დასავლელი რეპორტიორი იყო, რომელსაც პატივი ხვდა წილად, იოსებ სტალინისათვის წერილობითი კითხვა დაესვა და მისგან პასუხი მიეღო. კითხვაზე, „პატივს სცემს თუ არა საბჭოთა კავშირი ომის შემდეგ პოლონეთის დამოუკიდებლობას“, სტალინი პასუხობს: „უეჭველად“. თუმცა მოგვიანებით, საბჭოთა ლიდერმა თავისი ნათქვამი დაარღვია.
დასავლურ პრესაში „წითელ სასტუმროში“ მცხოვრები უცხოელი ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული მასალების აბსოლუტური უმრავლესობა ნიღბავდა ბოლშევიკური რეჟიმის საშინელებებს და დასავლელ მკითხველს უნერგავდა რწმენას, რომ „ბიძია ჯო“ (იოსებ სტალინი) ღირსეული მოკავშირე იყო, რომელთანაც კარგი ურთიერთობა ომის შემდეგაც გაგრძელდებოდა. სხვათა შორის, მოგვიანებით, როცა მკითხველებმა გაიგეს, თუ რა სიცრუე ვრცელდებოდა მათივე თანამემამულე ჟურნალისტებისაგან, თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს.
იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ძირითადად, შენარჩუნდა ის ბარიერები, რაც დასავლელი ჟურნალისტებისათვის საბჭოთა კავშირში არსებობდა. სსრკ-ში მყოფი უცხოელი რეპორტიორები და მეცნიერები, საბჭოური ვიზა რომ არ დაეკარგათ, ცდილობდნენ, კრიტიკულად არ ეწერათ კომუნისტურ რეჟიმზე და გარკვეულწილად თავს იკავებდნენ. თითქმის ასე იყო კომუნიზმის კრახამდე.
წიგნის ავტორი რუსეთის დღევანდელ ლიდერსაც ეხება - ალან ფილიპსი ვლადიმერ პუტინს წინა დიქტატორების კლონად წარმოგვიდგენს. სხვათა შორის, კრემლის რეჟიმიც ბევრად არის დამოკიდებული ქვეყნის შიგნით მყოფ მონა-ჟურნალისტებზე და იმ უცხოელ რეპორტიორებზე, რომლებსაც [გარკვეული შეღავათების ფასად], მოსკოვში მუშაობა სურთ. მაგრამ დღეს დასავლეთში სულ უფრო ცოტა ჟურნალისტს სურს პუტინის თამაშში მონაწილეობა.