ნუგზარ საჯაიას გარდაცვალება პირდაპირ უკავშირდებოდა 1998–2002 წლებში საქართველოში მიმდინარე საგარეო და საშინაო პოლიტიკურ, ასევე მძიმე ეკონომიკურ მოვლენებს. საფინანსო–ეკონომიკური პრობლემებისა და კორუფციის შესახებ წინა ბლოგებში უკვე ვისაუბრე. ახლა კი „შევარდნაძის სამეფო კარზე“ მიმდინარე რუსულ–ქართულ–ამერიკული „პოლიტიკური თამაშები“ გავიხსენოთ.
ყოფილი პრეზიდენტი ე. შევარდნაძე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც ალბათ ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა საიდუმლო იცოდა. ნახევარი საუკუნის (1953-2003 წწ.) მანძილზე ის მოვლენათა ეპიცენტრშიც იყო და კულისებს მიღმაც მოქმედებდა. ამიტომ შევარდნაძე მართლაც რომ უნიკალური საიდუმლო ინფორმაციის (როგორც დოკუმენტური, ასევე მეხსიერებითი) მფლობელი იყო.
მისი მოღვაწეობის პერიოდში ბევრი ტრაგიკული შემთხვევა, მკვლელობა და თვითმკვლელობა დღემდე დაეჭვებას იწვევს. მხოლოდ ნაწილი გავიხსენოთ: გასული საუკუნის 70-იან წლებში „საქმოსნობასთან და მექრთამეობასთან ბრძოლის“ ლოზუნგებით შენიღბული პოლიტიკური კონკურენტების და მათი ნათესავ-ახლობლების ტერორი; თბილისის 26 კომისრის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის, იუზა კობახიძის 1979 წლის 11 ოქტომბერს ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრება და შემდეგ მისი დახვრეტა; 1982 წლის 5 ივნისს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ზურაბ პატარიძის ძალზე საეჭვო ავტოკატასტროფაში გარდაცვალება; „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმე; 9 აპრილის ტრაგედიის საიდუმლო დეტალები; მერაბ კოსტავას, ზურაბ ჭავჭავაძის და ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული და ჯერ კიდევ ბუნდოვანი გარდაცვალება; აფხაზეთის და სამაჩაბლოს შეიარაღებულ კონფლიქტებში დამარცხების რეალური მიზეზები; გია ჭანტურიას, სოლიკო ხაბეიშვილის და გიორგი სანაიას მკვლელობები; დემურ დვალიშვილისა და ნუგზარ საჯაიას ძალზე საეჭვო თვითმკვლელობები; 1995 და 1998 წლების რეალური თუ გამაფრთხილებელი ტერაქტები; ზურაბ ჟვანიას ოპოზიციაში წასვლის ნამდვილი მიზეზები და ბოლოს 2003 წლის ნოემბრის სახელმწიფო გადატრიალება (ე.წ. „ვარდების რევოლუცია“), რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა შევარდნაძეს ჩვენი მეგობრებისთვის, რომ დაეჯერებინა და ქვეყანაში რეფორმები დროულად ჩაეტარებინა.
ეს მცირე, თუმცა ტრაგიკული ჩამონათვალი მხოლოდ ისტორია არაა. ამ მოვლენების უკან შევარდნაძის მიერ ძალუფლების ყოველნაირად შენარჩუნების დაუოკებელი სურვილი იდგა. თუმცა „ბაბუმ“ ისე განვლო ცხოვრების გრძელი გზა, რომ მრავალი მინიშნებისა და „გონივრული ეჭვის“ მიუხედავად მის წინააღმდეგ პირდაპირ სამხილები და მტკიცებულებები არ არსებობდა. იმიტომ, რომ ის არასდროს გასცემდა პირდაპირ ბრძანებას და არ ავალებდა ხელქვეითებს კანონის დარღვევას, თუმცა ყოველთვის სხვისი ხელით აღწევდა მიზანს.
ედუარდ შევარდნაძე ფსიქოლოგიური მანიპულირების დიდოსტატი იყო. ის ამ ხელოვნებას ვერც თბილისის სამედიცინო ტექნიკუმში და ვერც ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუში ვერ ისწავლიდა: ეს ბუნებისგან ბოძებული თვისება იყო, თუმცა საბჭოთა „პარტიულ–კომკავშირულმა სკოლამაც“ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. ფაქტია, რომ ადამიანებით მანიპულირების უნარმა დიდად შეუწყო ხელი მის ხანგრძლივ პოლიტიკურ კარიერას.
მანიპულატორის მომნუსხველი მზერა
მანიპულაცია სასურველი შედეგის მისაღწევად სხვების ფსიქიკაზე ზემოქმედების ფარული ტაქტიკაა. მანიპულაციის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ის არის, რომ მანიპულატორი მალავს თავის ნამდვილ ზრახვებს, ის პირდაპირ არასოდეს ლაპარაკობს თავის მიზნებზე: ამ დროს ცდილობს საუბარი ისე წარმართოს, რომ პირდაპირ არც თხოვოს „მანიპულაციის მსხვერპლს“ რაიმეს გაკეთება, მაგრამ წლობით დამუშავებული მიმიკით (თავის დაქნევით, გვერდზე გახედვით, თვალებრის დახრით და პაუზით – „ბაბუს“ წლების მანძილზე ბევრი ამგვარი ხერხი ჰქონდა დამუშავებული) , ისტორიული პარალელების „შემთხვევითი გახსენებით“ და არაპირდაპირი მინიშნებებით აღწევს იმას, რომ „მსხვერპლი“ გააკეთებს ყველაფერს, რაც მანიპულატორს სჭირდება. ყველაზე დიდი მანიპულატორები ბავშვები, დიქტატორები და ავტორიტარული მმართველები არიან.
„ბაბუ“ ყოველთვის ფარავდა საკუთარ გრძნობებს და მხოლოდ მინიმალურ ინფორმაციას ანდობდა „მსხვერპლს“, სამაგიეროდ „სამეფო კობრას“ მზერით მონუსხავდა მას და შემდეგ უკვე მარტივად მართავდა. ამ დროს იყენებდა
ზემოქმედების (კეთილგანწყობა, ხუმრობა, „მეგობრული შანტაჟი“, პროვოცირება, ინტრიგა და ა.შ.) ხერხებს. მისი „თეთრი ღიმილის“ უკან ცივი თვალები გიმზერდნენ. ის წლობით აკვირდებოდა და „ზრდიდა“ კადრებს, იცოდა მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, რასაც შემდეგომ მათი მანიპულირებისთვის იყენებდა. ისიც ცნობილია, რომ ყოფილი პრეზიდენტი მთელი ცხოვრების მანძილზე ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტს (განსაკუთრებით კი კომპრომატებს ხელქვეითებზე) გულმოდგინედ ინახავდა. გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან საქართველოს დაზვერვა-კონტრდაზვერვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელების პიროვნული დაპირისპირება სპეცსამსახურებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა - მუშაობის კოორდინაციის მაგივრად, ისინი ერთმანეთზე კომპრომატების მოგროვებითა და "ბაბუსთან" ჩაშვებით "ერთობოდნენ". ამ კომპრომატებს შევარდნაძე პირად სეიფში ინახავდა და მაშინ გამოაჩენდა, როცა დასჭირდებოდა.
ე. შევარდნაძის პიროვნება იმდენად რთული, ხოლო მისი ცხოვრება და მოღვაწეობა - იმდენად მრავალფეროვანი იყო, რომ მხოლოდ საარქივო დოკუმენტებისა და იმ დროის მოვლენებში აქტიურად ჩართული პირების მოგონებების ანალიზითაა შესაძლებელი ობიექტური დასკვნების გამოტანა. ე. შევარდნაძის შესახებ უამრავი სტატია და წიგნია დაბეჭდილი, ალბათ კიდევ ბევრს ვიხილავთ. განსაკუთრებით საინტერესოა იმ ავტორების (ჯ. პატიაშვილი, ა. ჩიკვაიძე, გ. ჩარკვიანი, დ. ზეიკიძე, ს. ზურაბიშვილი. ე. კიწმარიშვილი და სხვ.) მემუარები და მოგონებები, რომლებსაც სხვადასხვა წლებში ე. შევარდნაძესთან სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდათ.
ათწლეულების მანძილზე „ბაბუს“ ოპონენტი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჩიკვაიძე მოგონებებში წერს, რომ შევარდნაძე ძალზე სუსტი იყო კადრების შერჩევის დროს და შეცდომას–შეცდომაზე უშვებდაო. ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. არ მახსენდება შევარდნაძის დაწინაურებული კადრი, რომელსაც პირადად „ბაბუსთვის“ ეღალატოს (2003 წლის ნოემბრის მოვლენები სხვა კონტექსტში განსახილველი საკითხია), თავად კი, როცა დასჭირდებოდა, ნებისმიერს მიატოვებდა საბედისწერო ჟამს (თუნდაც: ს. ხაბეიშვილი, დ. დვალიშვილი და ნ. საჯაია გავიხსენოთ). ამიტომ პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ ისინი შევარდნაძის პოლიტიკური გეგმებისა და ფსიქოლოგიური მალიპულაციის მსხვერპლნი გახდნენ.
1992 წლის 7 მარტს შევარდნაძე „საბჭოთა იმპერიის დამანგრეველის“ სტატუსით დაბრუნდა. მაშინ ის უკვე ლეგენდარული პიროვნება იყო: მსოფლიო ლიდერების მეგობარი „თეთრი მელა“, თავადაც „მსოფლიო დონის პოლიტიკოსი“, გამჭოლი მზერით და შესანიშნავი მეხსიერებით. მისი ავტორიტეტი განსაკუთრებით 1996 წლიდან იზრდებოდა, როდესაც აღმასრულებელ ხელისუფლებასაც აკონტროლებდა და ზურაბ ჟვანიას მეშვეობით - პარლამენტსაც.
“ძალოვანი მინისტრები” და საგარეო პოლიტიკა “ბაბუს” მიჰყავდა, წამყვანი რეგიონების გუბერნატორებსაც თავად ნიშნავდა. აღმასრულებელი ხელისუფლების ვერტიკალში „ძალოვანი ბლოკი“ მან ნუგზარ საჯაიას მიანდო, თუმცა უმთავრეს საკადრო გადაწყვეტილებებს (მინისტრებისა და მათი მოადგილეების დანიშვნა-გათავისუფლება) თავად იღებდა. „საფინანსო–ეკონომიკური ბლოკი“ კი „ზურაბ ჟვანიას გუნდს“ (ე.წ.“ახალგაზრდა რეფორმატორებს“) ჩააბარა. 1998 წლის აპრილიდან ისინი საქართველოს ეროვნულ ბანკსაც აკონტროლებდნენ. მალევე „ჟვანიას გუნდმა“ ხელში ჩაიგდო „ჯადოსნური ფისკალური ჯოხი“: საბაჟო და საგადასახადო შემოსავლების კონტროლი. მათი პოლიტიკური გეგმებისთვის ეს მნიშვნელოვანი წარმატება იყო. პარალელურად ე.წ.“ახალგაზრდა რეფორმატორებმა“, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდათ საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკურ ორგანიზაციებთან, კარგად დაგეგმილი პიარით მიაღწიეს იმ აზრის დამკვიდრებას, რომ პარლამენტი იყო „დასავლური და რეფორმატორული“, აღმასრულებელი ხელისუფლება კი „კორუმპირებული, კონსერვატორული და რუსეთისკენ მომზირალი“.
1998 წლის დასაწყისიდან საქართველოს დასავლური ორიენტაცია, თითქოს, საგრძნობი გახდა, რამაც იმედი ჩაგვისახა ჩვენც და ჩვენს მეგობრებსაც. შევარდნაძემ საქართველოს “რუსული ორბიტიდან" ჩამოშორების პროცესი საკადრო ცვლილებებით დაიწყო. მან 1997 წლის 6 ივლისს გენერალ-ლეიტენანტი შოთა კვირაია გაათავისუფლა უშიშროების მინისტრის თანამდებობიდან და “საპატიო გადასახლებაში" - უშიშროების საბჭოს მდივნის, ნუგზარ საჯაიას, მოადგილედ დანიშნა, თუმცა კვირაია ახალ სამსახურში, ფაქტობრივად, არავის უნახავს. ის, ძირითადად, მოსკოვში ცხოვრობდა, სადაც 2011 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა კიდეც.
შევარდნაძის განსაკუთრებული ნდობა ერთეულებს თუ ჰქონდათ, მათ შორის იყო ნუგზარ საჯაიაც. თუ პირველი ორი წელი ეროვნული უშიშროების აპარატის ჩამოყალიბებისა და მოძლიერების წლები იყო, შემდეგი ოთხი წელი, უკვე ამ სიძლიერის საჯარო დემონსტრირებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაცია და იქ საკადრო პოლიტიკის წარმართვა იყო.
საჯაიას მართვის და კომუნიკაციის მკაცრი, თავდაჭერილი და უემოციო სტილი ჰქონდა. მის პიროვნებას განსაკუთრებულ შტრიხს სძენდა პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ დიდი უფლებამოსილების დელეგირება. პირადად ვარ შემსწრე, თუ როგორ აეკვრებოდნენ სახელმწიფო კანცელარიის მე–7 სართულის დერეფნის კედლებს საქართველოს „ძალოვანი მინისტრები“ ნუგზარ საჯაიას დანახვაზე. დაახლოებით ისე, თქვენ რომ აეკვრებიდით კედელს სკოლის დერეფანში დირექტორის მოულოდნელი გამოჩენის დროს. ეს არ იყო ზრდილობის გამოხატვის მოჩვენებითი ფორმა. ეს უფრო შიშნარევი პატივისცემა იყო. ჩემი აზრით ამავე დროს არ უნდა გავაზვიადოთ საჯაიას გავლენა თავად შევარდნაძეზე, სახელმწიფო სტრუქტურებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. მაგალითად განსაკუთრებით შესუსტდა მისი გავლენა 2000 წლის გაზაფხულიდან 2001 წლის შემოდგომის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროზე.
იმ პერიოდში პოლიტიკური ბრძოლის ველზე შემდეგი მოთამაშეები იყვნენ: 1.„ასლან აბაშიძის გუნდი“ (რუსეთის ინტერესები); 2. „ბადრი პატარკაციშვილის გუნდი“ (რუსეთის ინტერესები); 3. „ჟვანიას გუნდი“ (დასავლეთის ინტერესები); 4. „საჯაიას გუნდი“ (შევარდნაძის ინტერესები); 5. „ყვარყვარეების გუნდი“ (საკუთარი მატერიალური კეთილდღებისთვის ისინი ეშმაკსაც კი დაუდგებიდნენ გვერდით). თავად შევარდნაძეს კი ღია და ფარული კავშირი ჰქონდა ხუთივე ჯგუფთან, ყველას აიმედებდა და თანამდებობებს ჰპირდებოდა. „ბაბუს“ გადაწყვეტილებებზე სერიოზულ გავლენას საგარეო ფაქტორებიც ახდენდნენ. რუსეთის ახალმა პრეზიდენტმა პუტინმა ამ პოსტზე მოღვაწეობა ანტიქართული პოლიტიკის გატარებით დაიწყო (სავიზო რეჟიმის შემოღება, საქართველოს ტერიტორიების დაბობვა, ბუნებრივი გაზის მოწოდები შეწყვეტა და ა.შ.). ამ ვითარებაში საქართველოს ერთადერთი იმედი დასავლეთის პოლიტიკური და ფინანსური დახმარება იყო. ამიტომ „ბაბუს“ სხვა არჩევანი არ ჰქონდა.
2000 წლის მაისში შევარდნაძემ, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლა ვაჟა ლორთქიფანიძე (ბადრი პატარკაციშვილის ფავორიტი) და ამ თანამდებობაზე, ზურაბ ჟვანიას რეკომენდაციით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გია არსენიშვილი დანიშნა. ეს ცვლილებები „ჟვანიას გუნდის“ გაძლირებას და „ბადრის გუნდის“ დასუსტებას მოასწავებდა. იმ პერიოდში ზ. ჟვანია და ნ. საჯაია „ბარიკადების“ ერთ მხარეს იყვნენ, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა და მაშინ დასრულდა, როდესაც უკიდურესად გამწვავდა ღია და ფარული დაპირისპირება „შევარდნაძის მემკვიდრის“ სტატუსისათვის.
2005 წელს პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ეწურებოდა და ის მესამედ კენჭს ვეღარ იყრიდა. მისი რეალური შემცვლელი კი ის გახდებოდა, ვინც ამ პერიოდამდე თანდათანობით გადაიბარებდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლს ( ელცინ-პუტინის ტანდემის ანალოგიურად). „ბაბუს მემკვიდრედ“ გახდომა კი ბევრს სურდა, რასაც თავად შევარდნაძეც უწყობდა ხელს. თუმცა იყო ხელისშემშლელი ფაქტორი. 1995 წლის კონსტიტუციით შემოღებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი რეალური ძალაუფლების კონცენტრაციის საშუალებას არ იძლეოდა: პარლამენტის თავმჯდომარე მასზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა იყო. ამიტომ უნდა მომხდარიყო კონსტიტუციური ცვლილებები და სახელმწიფო მინისტრის პოსტის მაგივრად შემოღებულიყო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ამ შემთხვევაში კი მცირდებოდა მოქმედი პრეზიდენტის გავლენა. როგორ ფიქრობთ „ბაბუ“ ამაზე წამსვლელი იყო? ამიტომაც ის მარჯვნივ და მარცხნივ არიგებდა ტყუილ დაპირებებს: „აი დღეს, აი ხვალ იქნება საკონსტიტუციო ცვლილებებიო“. წელიწადზე მეტი გავიდა ამ მოლოდინში. 2001 წლის 27 ივლისს მოკლეს ჟურნალისტი გიორგი სანაია, რასაც საზოგადოების დიდი მღელვარება მოჰყვა.
ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით ეროსი კიწმარიშვილი მოგვიანებით იხსენებდა: „ . . შესაძლოა ამ მკვლელობის მიზანი, ის იყო, რომ მე „რუსთავი 2“ ბადრი პატარკაციშვილისთვის არ მიმეყიდა. . . იმ პოლიტიკური ჯგუფებიდან, რომელიც ამ შეთანხმების („რუსთავი-2“ პატარკაციშვილისთვის მიყიდვით - ბ.ა.) შემდეგ მნიშვნელოვნად დასუსტდებოდა, საჯაიას გუნდი იყო, ხოლო გაძლიერებით ბადრი და მისი მეგობრები - თარგამაძე, ჩხარტიშვილი და ლორთქიფანიძე ძლიერდებოდნენ. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ სანაიას მკვლელობა საჯაიას ინტერესში შედიოდა, მან მოწინააღმდეგის კიდევ მეტად გაძლიერება შეაფერხა“. ჩემი აზრით ამგვარ მინიშნებებს ობიექტური საფუძველი არ აქვს, რადგანაც „საჯაიას გუნდს“, რომც მოენდომებინა, მაშინ ამ დანაშაულის განხორციელების, ან დაფარვის და კვალის წაშლის არანაირი საშუალება და ბერკეტები არ ჰქონდა: შსს და უშიშროების მინისტრებად „საჯაიას გუნდის“ წევრები მხოლოდ სანაიას მკვლელობის შემდეგ, 2001 წლის ბოლოს, დაინიშნენ. მით უმეტეს, რომ „საჯაიას გუნდი“ მაშინ შსს–სთან ფაქტიურად „საომარ მდგომარეობაში“ იყო. ვფიქრობ, რომ ეს მკვლელობა დღემდე გაუხსნელია.
საქართველოში შიდა პოლიტიკური ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2001 წლის სექტემბერის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა და კონკრეტული მინისტრების თანამდებობებიდან გათავისუფლება მოსთხოვა. ეს უკვე ღია დაპირისპირების დასაწყისი იყო. „ბაბუმ“ საპასუხო სვლა მალევე გააკეთა, ის შეიძლება ნაჩქარევად და მცდარად მოეჩვენოს ვინმეს, თუმცა მაშინ შევარდნაძემ რამდენიმე კურდღელი ერთდროულად მოინადირა. 2001 წლის 30 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი-2“ -ის ოფისში უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები შევიდნენ და საფინანსო დოკუმენტაციის შემოწმება მოითხოვეს. ამას დიდი საზოგადოებრივი მღელვარება და სამთავრობი კრიზისი მოჰყვა. თანამდებობიდან გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე და შს მინისტრი. უშიშროების მინისტრი თავად შევარდნაძემ შეცვალა და 2001 წლის ნოემბრიდან ორივე სამინისტროს ხელმძღვანელებად „საჯაიას გუნდის“ წევრები დანიშნა. ჩემი აზრით ნ. საჯაია შევარდნაძისგან ფარულად დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას არასდროს ცდილობდა. ასევე მგონია, რომ ის საჯარო პოლიტიკაში გადანაცვლებაზე და აღმასრულებელ ხელისუფლებაში რაიმე პოსტის დაკავებაზე არ ფიქრობდა. ის სიცოცხლის ბოლომდე შევარდნაძის ერთგული დარჩა.