„ჩინეთთან სიახლოვე არ არის მშვიდი ცხოვრება საქართველოსთვის, მაგრამ კონკურენცია ჯობია, ვიდრე ის მძინარე მოლოდინი, რაც გვაკავშირებს ევროატლანტიკურ სივრცესთან“

„ჩინეთთან სიახლოვე არ არის მშვიდი ცხოვრება საქართველოსთვის, მაგრამ კონკურენცია ჯობია, ვიდრე ის მძინარე მოლოდინი, რაც გვაკავშირებს ევროატლანტიკურ სივრცესთან“

პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობა; საერთაშორისო განზომილება - საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ოთხ განზომილებას მოიცავს. როგორც სტრატეგიულ დოკუმენტშია ნათქვამი, საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური განვითარების ინიციატივას, მათ შორის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე გაზრდა მოიტანს ცვლილებებსა და კონკრეტულ შედეგებს საქართველოსა და ჩინეთში.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ევრო-ამერიკული მენტორულობა და ჩინური მიმღებლობა, როგორც ქვეყნის და კულტურისა, უდავოდ მომხიბვლელია ჩვენთვის, თავი რომ დავანებოთ ეკონომიკას, რაც შეიძლება ამ ურთიერთობამ შემოიტანოს საქართველოში, თუმცა ამბობს, რომ რისკებიც ძალიან ბევრია.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

დასავლეთისგან განსხვავებით, ჩინეთი ერთ-ერთი სახელმწიფოა, რომელიც თავის ღირებულებებს არ გახვევს თავზე და ამით არის ჩინეთი ცნობილი. გამოქვეყნდა სტრტეგიული პარტნიორობის ოთხი განზომილება, რასაც ოპოზიციის მხრიდან მოყვა შეფასებები: - ექსპანსია, უარს ვამბობთ დასავლურ ღირებულებებზე და ვუახლოვდებით რუსეთს! -  როგორ ხსნით ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას? ეს მართლაც ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს დასავლურ ღირებულებებზე, რითაც ვუახლოვდებით რუსეთს?

რამაზ საყვარელიძე: ამ ვიზიტს ჰქონდა ერთი თავისებურება, რომელიც ადრეც გამოვლინდა, ოღონდ ყურადღება არ მიგვიქცევია და ისიც ღარიბაშვილს უკავშირდებოდა. კერძოდ, ჩინეთის გამოყვანილი მატარებელი შემოვიდა თბილისში. მაშინ არავის ხმა არ ამოუღია და მათ შორის მთავრობას. მატარებელი რომ დადგა ბაქანზე, მაშინ თქვეს, რომ ჩინური მატარებელია და ჩინელებს გამოჰყავთ ეს გზაო. ეს მომენტი საყურადღებოა ამ შემთხვევაშიც. ამას გარდა, ცნობილი იყო პრემიერის ვიზიტის შესახებ, მაგრამ ის, რომ ამ ვიზიტის დროს ჩინეთის და საქართველოს პირველი პირები გამოაცხადებდნენ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადაწყვეტილებას, ეს წინასწარ არ უთქვია ქართულ მხარეს და ეს ამბავიც გასკდა ჩინეთში ჩასვლის მერე.

ის, რომ ჩინურს თემას საკმაოდ სათუთად ექცევა საქართველოს ხელისუფლება და ცდილობს არ გაახმაუროს ამ პროცესის დეტალები, ეს რას ნიშნავს?

- ეს ნიშნავს იმას, რომ ჩინეთის საკითხი მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებისთვის, ოღონდ მნიშვნელოვანია არა იმისთვის, რომ პიარი გაიკეთოს. ეს მნიშვნელოვანია შესაძლო შედეგების გამო და არა იმისთვის, რომ მიიქციოს ვიღაცის ყურადღება და ტაშიც დაიმსახუროს. ეს ნიუანსი შეიძლება შემდეგ კიდევ ამოტივტივდეს. ანუ - საქართველოს დამოკიდებულება ჩინეთისადმი და საქართველოს დამოკიდებულება დასავლეთისადმი. დასავლეთისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ხშირად არის სწორედ პიარზე გათვლილი, ტრაბახობენ, გააკეთებენ და იძახიან.

ანალოგიური პიარზე გათვლილი დასავლელობა და ევროპელობა ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებასაც...

- რა თქმა უნდა, ოღონდ ღმერთმა დაგვიფაროს ბოლომდე ანალოგიისგან. ისინიც იძახდნენ ევროპა, ევროპაო და ამ დროს აკეთებდნენ რუსულ საქმეს. ესენი იძახიან ევროპა, ევროპაო და ამ დროს ჩუმად უყურებენ ჩინეთს და მის გადაწყვეტილებებთან სინქრონულად დგამენ ნაბიჯებს. რა თქმა უნდა, ეს არ არის უკვე რუსეთის მიმართ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენს ოპოზიციურ ანალიტიკოსებსაც უჭირთ იმის თქმა, რომ ჩინეთისკენ გადადგმული ნაბიჯი რუსეთისკენ გადადგმულია. უკრაინის ამბებშიც გამოჩნდა და ზოგადადაც,

ჩინეთი იძახის, რომ არავისთან ალიანსი არ მაქვსო და გამოჩნდა, რომ ჩინეთისკენ ნაბიჯის გადადმა, რუსეთისკენ ნაბიჯის გადადმას არ ნიშნავს. თან, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთს 58 სტრუქტურასთან აქვს სტრატეგიული პარტნიორობაზე ხელშეკრულება დადებული და ამ მხრივ რაღაცა განსაკუთრებული არ ხდება. ჩინურ ტრადიციაში შეყვანილია ქართული მხარეც. ერთადერთი საეჭვოა, რომ ჩინეთის კულტურულ სივრცეში ადგილი მოეძებნოს ყველა ამ ქვეყანას, ისე როგორც მოეძებნა საქართველოს რუსთაველის ბიუსტის დადგმით.

ეს ემოციური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ამ დღეებში იკითხებოდა. ემოციური დამოკიდებულება, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკური ეთიკით ნაკარნახევი ურთიერთობა.

რაც შეეხება იმას, რატომ არ აწყობს ვიღაცას და რატომ გვაწყობს ჩვენ - ჩინეთი არის ერთ-ერთი უდიდესი პარტნიორი ჩვენთვის სწორედ იმიტომ, რომ მას სჭირდება საქართველო. არა მარტო იმიტომ, რომ რუსთაველმა ახსენა და არა მარტო იმიტომ, რომ სტალინი უყვარდათ, არამედ დღევანდელ ჩინეთს სჭირდება საქართველო და სჭირდება იმისთვის, რომ თავისი საქონელი გადაიტანოს ევროპაში. ამ პროცესებს აბრეშუმის გზაც ემატება, ამ გზების საქმეში სჭირდება საქართველო და აქიდან გამომდინარე უნდა, რომ საქართველო მისთვის მყარი პარტნიორი იყოს.

დღემდე გაუგებარია ვჭირდებით თუ არა ევროპას და ამერიკას...

- წესით, ამავე მოტივით ევროპასაც უნდა ვჭირდებოდეთ, მაგრამ იცის ევროპამ როგორ უნდა მოიქცეს იმათთან, ვინც მას სჭირდება? აი, ეს აჩენს ეჭვს, რომ ხანდახან ევროპაც და ამერიკაც ჭრიან იმ ტოტებს, რომელთა საშუალებითაც უნდა გაიარონ რაღაცა გზა, სივრცე. პრინციპში, ამ ევრო-ამერიკული დამოკიდებულების ფონზე, როდესაც ევროპელები და ამერიკელები გველაპარაკებიან სულ ჭკუის დარიგებით და თითის ქნევით, რომ რაღაცას ვერ ვასრულებთ და აგერ, როგორც ვართ გაჩერებული კანდიდატობის სტატუსზე, თან უსამართლოდ გაჩერებული და ვნახეთ რა მოტივიც გამოძებნეს - 12-პუნქტიანი დავალებაო, ასეთი სასკოლო დამოკიდებულება ჩვენდამი უდავოდ ღირსების შემლახველია. ამ ფონზე ჩინური დამოკიდულება და თან იმ რიტორიკით, რითაც იყო ნათქვამი, რომ ყველა ქვეყნის თავისებურებას გაეწიოს ანგარიში, ეს ჩინელების ზოგადი კონცეფციაა.

ევრო-ამერიკული იმედგაცრუებების და შეცდომების ფონზე, ჩინური ნაბიჯები უდავოდ უფრო მიმზიდველად გამოიყურება, სულ რომ პრაქტიკული შედეგი ჩვენთვის ამას არ ჰქონდეს. არადა პრაქტიკული შედეგი აქვს.

ანუ, პარტნიორისგან პარტნიორული დამოკიდებულება გვინდა.

- ევროპა-ამერიკა პარტნიორობენ, ოღონდ მენტორული დამოკიდებულება აქვთ. ჩინეთი, რომელიც გაცილებით დიდი ისტორიის არის, ვიდრე ყველა ის ქვეყანა, ვისთანაც მას სტრატეგიული ურთიერთობის ხელშეკრულება და ამბიციების ისტორიული უფლება აქვს, ასეთ მენტორულ დამოკიდებულებას არ ავლენს. ყველა ქვეყნის თავისებურებას სცემს პატივს და არავისთვის არ აპირებს დეკლარაციის დონეზე იმის სწავლებას, თუ როგორ უნდა იცხოვროს ამა თუ იმ ქვეყანამ, რასაც ჩვენ ყოველი მეორე ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით ევრო-ამერიკული პარტნიორობის სტილში.

ეს ევრო-ამერიკული მენტორულობა და ჩინური მიმღებლობა ჩვენი, როგორც ქვეყნის და კულტურისა, უდავოდ მომხიბვლელია ჩვენთვის, თავი რომ დავანებოთ ეკონომიკას. მე არ ვლაპარაკობ იმ მილიარდებზე, რაც შეიძლება ამ ურთიერთობამ შემოიტანოს საქართველოში, თუმცა რისკებიც ძალიან ბევრია. ეს ქვეყანა, რომელიც საოცარი ტემპით იზრდება დემოგრაფიულადაც და ეკონომიკურადაც, რა თქმა უნდა, ყველა სუსტ წერტილს, ყველა ღრიჭოს შეავსებს თავის გზაზე. გასაკვირი არ იქნება ის პროცესი, რაც უკვე დაწყებულია. თუ ქართველ გლეხებს ეზარებათ მიწაზე მუშაობა, ჩინელი გლეხები იმუშავებენ იმ მიწაზე და მოსავალს ორჯერ და სამჯერ მეტს მოიყვანენ.

ანუ, სამუშაო ადგილში შეედავება ჩინელი ქართველს?

- რა თქმა უნდა და ეს გასაკვირი არ არის. საქართველოს სინამდვილე არ გამოირჩევა დიდი ტექნოლოგიური წინსვლით. ჩვენ ამაყად ვიძახით, რომ ყურძნის ქვეყანა ვართ და მიწათმოქმედება არის ჩვენი საქმეო, მაგრამ ამავე დროს ვხედავთ, რომ მიწათმოქმედებას ჩინეთიც ეწევა და წარმოებაც ძალიან მაღალ დონეზეა. თითქმის მთელი მსოფლიოს საწარმოო პროდუქციას უშვებს. ამ მხრივაც ჩინეთი სერიოზული კონკურენტი იქნება საქართველოსთვის, გაღიმებული სახით, მაგრამ კონკურენტი. ასე რომ, ჩინეთთან სიახლოვე არაა მშვიდი ცხოვრება საქართველოსთვის, ეს ნიშნავს ბევრი პროცესების გააქტიურებას, რაც უყურადღებოდ გვაქვს დღეს დატოვებული. მაგრამ, მეორე მხრივ ეს კონკურენცია ჯობია, გამოგვაფხიზლებს, ვიდრე ის მძინარე მოლოდინი, რაც გვაკავშირებს ევროატლანტიკურ სივრცესთან. მით უმეტეს, რომ ეს მოლოდინი შეიძლება შემცირდეს და ევროატლანტიკურმა მხარემ შეიძლება უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინოს საქართველოს მიმართ სწორედ ჩინური ფაქტორის გაჩენის გამო და უფრო სწრაფად გადადგას საქართველოს მიმართ ნაბიჯები, ვიდრე ადრე დგამდა.

ანალოგიური მოვლენა იყო სააკაშვილმა 2008 წლის ომი რომ გააჩაღა, მას მერე დასავლეთმა გამოუცხადებელი ბოიკოტი დააწესა სააკაშვილის მიმართ. ურთიერთობები შეწყვიტეს, არსად არ პატიჟებდნენ. სააკაშვილი ამას მიხვდა და რა გააკთა? - ადგა და ირანთან დაამყარა ურთიერთობა და დადო ხელშეკრულება, რომ საქართველოს გავლით ირანული პროდუქცია გავიდოდა ევროპაში. ანტიამერიკული ნაბიჯი გადადგა და შედეგად რა მოჰყვა? - მთელი დასავლეთი ამერიკის თამადობით ისევ ჩაეხუტა სააკაშვილს და მანაც ირანული ხაზი მიატოვა. პოლიტიკაში ასეთი ალტერნატივების გააქტიურება მიღებულია.

რაც შეეხება ოპოზიციის შფოთვას, იმ ამოცანის დანახვა, რომ ჩინეთთან დაახლოება არ ნიშნავს რუსეთთან დაახლოებას და რატომ გვჭირდება აღმოსავლეთისაკენ წასვლა, ეს ცოტა მეტ პოლიტიკურ გამჭრიახობას ითხოვს ალბათ. მით უმეტეს, რომ ასეთი სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთის არის დასავლეთი. თუ დასავლეთისთვის ეს პარტნიორობა არ ნიშნავს რუსეთთან სიახლოვეს, საქართველოსთან მიმართებაში რატომ უნდა ნიშნავდეს?

- შეიძლება მეჩვენება, რომ ეს ის ხალხია, რომელთა პოლიტიკურ პოტენციალში სხვა რამე, გარდა იმისა განაცხადონ, რომ ევროპა კარგია და წავიდეთ ევროპისკენო, სხვა არაფერი არაა. სავსებით გეთანხმებით, რომ იმ ამოცანის დანახვა, რატომ გვჭირდება აღმოსავლეთისაკენ წასვლა, ეს ცოტა მეტ პოლიტიკურ გამჭრიახობას ითხოვს. იგივე პლატფორმის წარმომადგენელია მამუკა გამყრელიძე, რომელიც იყო ჩინეთში ელჩი, აღფრთოვანებულია მომხდარით სწორედ იმიტომ, რომ მან კარგად იცის, რას ნიშნავს ეს ნაბიჯი ჩინეთის მხრიდან და რა პერსპექტივებს ქმნის.

საინტერესოა, რა გაგრძელება მოჰყვება და იგივე დასავლთის მხრიდან რა რეაქცია იქნება, ხომ არ ჩათვლის დასავლეთი, რომ საქართველო ნელ-ნელა გადის ევროპული ორბიტიდან? არის ასეთი მოსაზრებაც, რომ ღარიბაშვილის ვიზიტის მთავარი მოტივი იყო ჩინეთიდან უსაფრთხოების გარანტიების მიღება, როგორც ეს ბელარუსის შემთხვევაში მოხდა...

- რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიები ჩინეთიდან უფრო რეალურია. თუ ვინმესი ეშინია რუსეთს, ეს არის ჩინეთი, რომელსაც უნდა ჩვენთან მეგობრობა. უსაფრთხოების თვალსაზრისით, გვაწყობს თუ არა ჩინეთი? უსაფრთხოების მხრივაც ჩინური ხაზი შეიძლება უფრო პერსპექტიული იყოს. რაც შეეხება დასავლეთს, ჯერჯერობით ბუნდოვანია, არ ვიჩქარებდი დასკვნების გაკეთებას. ღარიბაშვილის ვიზიტის წინ ჩინეთში იყო 100 წლის კისიჯერი, რომელიც ბუნებრივია, გააგზავნა ამერიკის ხელისუფლებამ და გააგზავნა სწორედ კისინჯერი, რომელიც არაოფიციალური პირია. მიუხედავად ამ არაოფიციალურობისა, მას დახვდნენ როგორც ამერიკის პირველ პირს. მერე ჩაიკეტა კარები და კარების უკან მიდიოდა მოლაპარაკებები.

კისინჯერი ზოგადად არის იმის მომხრე, რომ ამერიკას კარგი ურთიერთობა ჰქონდეს თავის ყველაზე ძლიერ პარტნიორთან და ამ პარტნიორთან გაიყოს გავლენის სფეროები. ასეთი ურთიერთობა ჰქონდა საბჭოთა პერიოდში, ახლაც იგივე არის მთავარი - ძლიერებმა ერთმანეთს არ დაარტყან. იგივე პოზიცია ეკავა კისინჯერს მაშინაც, რუსეთი რომ გახდა საბჭოთა კავშირის მემკვიდრე და თვლიდა, რომ არ უნდა დაარტყან ერთმანეთს რუსეთმა და ამერიკამო. ახლა გამოვლინდა, რომ ეს რუსეთი არაფრის მაქნისი არ არის, სუსტი მხარეა და დღესაც კისინჯერის ფორმულა არის იგივე - კარგი იქნება თუ წამყვანი მეტოქეები პარტნიორები გახდებიან. ანუ, ჩინეთი და ამერიკა.

როგორ ფიქრობთ, ეს ფორმულა გაატარა კისინჯერმა ამ ვიზიტის დროს დახურულ კარს მიღმა საუბრისას?

- ეს ჯერ არ ვიცით, ისევე როგორც არ ვიცით ამ ფორმულაზე როგორი რეაქცია ჰქონდა ჩინურ მხარეს. ის, რომ ამერიკელებმა კისინჯერის ეს პრიციპები იციან, ცხადია. ასე რომ, ამ მიმართულებით თუ გამოუშვეს კისინჯერი და არა სხვა ე.ი. ამერიკულ მხარეს იგივე იდეები აქვს - კი არ დაეჯახოს ჩინეთს, არამედ გაიყოს გავლენის სფეროები ჩინეთთან ერთად. მაგრამ, სანამ კისინჯერის ვიზიტების შედეგები არ გამოვლენილა, იქამდე ლაპარაკი იმაზე რა პოზიცია ექნება დასავლეთს, ძნელია. დასავლეთი როგორც ერთობა ამერიკას მისდევს ხოლმე და თუ ამერიკა არ აღმოჩნდა დაპირისპირებული ჩინეთთან, მაშინ შეიძლება დასავლეთმა სხვანაირი პოზიცია დაიკავოს, ვიდრე ჩვენ გვგონია. თუ აღმოჩნდა დაპირისპირებული და გვახსოვს, რომ ტრამპის დროს ასე იყო, მაშინ კიდევ სხვა შედეგები მოჰყვება ამას. ასე რომ, ამჟამად ნაადრევი მეჩვენება დასავლეთის პროგნოზი.

Gami კიდევ კარგი, ჩემს გარდა კიდევ ერთმა კაცმა აღნიშნა კისინჯერის ვიზიტი ჩინეთში. .. და ამ ვიზიტის შემდეგ ჩადის იქ საქართველოს პრემიერ მინისტრი! აბა, სად არიან " ევრო- ამერიკი" ექო-ექსპერტები: ძაბირაძე, გოგოლაშვილი, კობერიძე და ა. შ. და კიდევ, შარაგზის ბოგანო ოპოზიცია?
1 წლის უკან
ლაზი ჩინეთის ფაქტორი საუკეთესო ვარიანტია, როგორც რუსეთთან ისე დასავლეთტან ურთიერთობაში. პირველს, ობიექტური აუცილებლობით, კარგი ურთიერთობა სჭირდება ჩინეთთან და მის რეალურ ინტერესების სფეროში შემავალ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებში ყოველთვის ფრთხილი იქნება. ყოველ შემთხვევაში, პირდაპირ კონფლიქტს მოერიდაბა.
რაც შეეხება ევროპას და ამერიკას, ისინი როცა რეალურ კონკურენტს დაინახავენ, მიხვდებიან რომ გამოგონილი, აშკარად შეურაცხმყოფელი დავალებების და მუდმივი თითის ქნევის ნაცვლად, საჭოროა პარტნიორული და არა ბატონური დამოკიდებულება. ან იმ ღია კარში ჩახერგილ პოლის ჯოხს აიღებენ, ან კარს საერთოდ დაკეტავენ. ვერც იმ კარში შესლით ავშენდებით და არც მისი დაკეტვით დაიქცევა ქვეყანა.
რაც მთავარია, ჩინეთს სხვების საჩიჩხინოდ და ტროას ცხენად არ ვჭირდებით. არც ის არის უმნიშვნელო რომ, ერთად ერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოში რეალურად რამეს აშენებს ეს ჩინეთია. გასაგებია, რომ ეს გზა მას სჭირდება, მაგრამ ხომ აშენებს. თუნდაც ანაკლიის პორტი ავიღოთ, პომპეომ კი გაგვაფრთხილა, ჩვენი ინტერესების სფეროაო, ამით გვითხრეს, ჩვენ რომ არ მოგვეწონება, ისეთ ვინმეს არ ააშნებინოთო და წავიდნენ. რუსეთის პაქტორის გამო, ასეთ სარისკო პროექტში დასავლეთი ინვესტიციას ყოველთვის მოერიდება. ჩინეთი რეგიონში დაბალანსებულ პოლიტიკას ახორციელებს და მისთვის რისკებიც ნაკლებია.
მოკლედ ჩინეთი, ახლა საუკეთესო სტრატეგიულ პარტნიორად ისახება.
1 წლის უკან