როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე რვა ყოფილი სპეცრაზმელი დააკავეს, პატარიძის და არაბულის მიმართ ძებნა გამოცხადდა

როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე რვა ყოფილი სპეცრაზმელი დააკავეს, პატარიძის და არაბულის მიმართ ძებნა გამოცხადდა

11 წლის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის განზრახ მკვლელობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე 8 ყოფილი სპეცრაცმელი დააკავეს, ხოლო ორი პირის - იმჟამინდელი კუდ-ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის, თეიმურაზ პატარიძისა და ყოფილი სპეცრაზმელის, გიორგი არაბულის მიმართ კი ძებნა გამოცხადდება.

ბრალდებული პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად, რომლის მიხედვითაც, „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ - სიცოცხლის უფლების, როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დადგინდა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებაზე და გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებდა.

საქმე ეხება 2008 წელს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეს როინ შავაძეს „კუდ-ის“ თანამშრომლები, ბათუმის ერთ-ერთ კაფეში, ჯერ კონდახებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი უმწეო მდგომარეობაში მყოფი ქობულეთის და გურიის საზღვართან მრავალჯერადი გასროლით მოკლეს.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ - სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს შეფასებით, იმჟამინდელი მთავრობის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ როინ შავაძის სიკვდილი, დაკავებისას მისი გაქცევის აღსაკვეთად საჭირო ძალის გამოყენების შედეგი იყო, არ შეესაბამებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ამდენად სასამართლომ როინ შავაძის მიმართ ლეტალური ძალის გამოყენების ოფიციალური ვერსია არ გაიზიარა.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს დაეკისრა ვალდებულება საქმეზე ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე და გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებდა. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს, კუდ-ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა თეიმურაზ პატარიძემ ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა.

მეორე დღესვე, 16 აგვისტოს, პატარიძე ორ თანამშრომელთან ერთად თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად ჩვენება მოსთხოვა. მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე, რამდენჯერმე შეიგინა მისი მისამართით და დაიმუქრა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა. იმავე დღეს „კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმში, გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.

როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, მათ შორის მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე არაერთი დაზიანება ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით.

გამოძიების მასალებით დგინდება, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული შავაძე ერთ-ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს. მომხდარის თვითმხილველი გახდა ათეულობით მოქალაქე, ვინაიდან ინციდენტი მოხდა დღის საათებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას.

ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, შავაძე მკვლელობის მიზნით ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს. ბათუმის გასასვლელთან მათ დამატებით სპეცდანიშნულების რაზმის სხვა წევრები შეუერთდნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქობულეთის და გურიის საზღვართან აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლით მოკლეს.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. გარდა ცეცხლნასროლი ჭრილობებისა, გარდაცვლილს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, რაც მას გარდაცვალებამდე ძალადობის შედეგად ჰქონდა მიყენებული. მათ შორის: მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა; ცხვირის, თვალბუდის და შუბლის მიდამოში დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. ნიკაპის და კისრის არეში ნასკდომი ჭრილობები; ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა; მარცხენა მტევნის მე-2 და მე-3 თითის ფალანგების მოტეხილობა.

გარდა ამისა, როინ შავაძეს სხეულზე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანებების კვლები, რომელიც მიყენებული უნდა ყოფილიყო სხეულზე ანთებული სიგარეტის ზემოქმედების შედეგად; ასევე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანების კვალი, რომელიც განვითარებული შესაძლოა ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღის ლულით სხეულზე ზემოქმედების შედეგად.

აღსანიშნავია, რომ როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, მაშინ კუდ-ის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ყალბი ვერსია, კერძოდ: უკანონო დაკავების ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, როინ შავაძის მკვლელობის შემდგომ, კუდ-ში შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და რეალურად ნარკოტიკული საშუალება დაკავების ადგილზე თავად დაკავების ორგანიზებაში მონაწილე პირებმა მიიტანეს.

ამავე ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო თბილისში. მგზავრობის პროცესში, როინ შავაძემ თითქოს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით მოითხოვა მანქანის გაჩერება, რის შემდგომაც მოახერხა სპეცდანიშნულების რაზმის წევრისთვის იარაღის წართმევა, გასროლა მათი მიმართულებით და გაქცევა, რის საფუძველზეც მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. ამ ვერსიის გასამყარებლად სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა შემთხვევის ადგილზე შექმნეს ისეთი ვითარება, რომ როინ შავაძეს განზრახ მკვლელობა, აუცილებელი მოგერიების პირობებში დამნაშავე პირის მართლზომიერ ლიკვიდაციას დამსგავსებოდა.

კერძოდ „მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლეს მათივე ავტომანქანის მიმართულებით, მოგვიანებით კი აღნიშნული პისტოლეტი შავაძის ცხედართან ახლოს მოათავსეს. ამის შემდგომ, სპეცრაზმელებმა შემუშავებული ყალბი ვერსიის გასამყარებლად, გამოძიებას მისცეს ცრუ ჩვენებები.

ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროდან და თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ თბილისისკენ მითითებული მარშრუტით დაკავებულის ეტაპირება შეუძლებელი იყო, ვინაიდან რუსეთ-საქართველოს საომარი კონფლიქტის გამო, 2008 წლის 16 აგვისტოს სამანქანო მაგისტრალი გადაკეტილი იყო, ამავე ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო თბილისში, რისი სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობდა და ვითომდა კუდ-ის დეპარტამენტის უფროსის პირადი დავალებით გადაჰყავდათ, რაც ადასტურებს, რომ როინ შავაძის დაკავების ადგილიდან ტრანსპორტირების მიზანს თბილისში გადაყვანა არ წარმოადგენდა.

ამდენად ახალი გამოძიების ეტაპზე გაბათილდა ყალბი ვერსია, თითქოს როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის აღსაკვეთად განხორციელდა. ამასთანავე, დადგინდა, რომ როინ შავაძის სხვა ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ შესაძლო თანამშრომლობაზე არც იმჟამად და არც შემდგომ პერიოდში გამოძიებაც კი არ დაწყებულა და როინ შავაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ნარკოდანაშაულისთვის 260-ე მუხლით დაიწყეს. აღნიშნული ეჭვი არც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადასტურდა.

დაკავებულების ადვოკატი ბექა ბასილაია თვლის, რომ სპეცრაზმელების ახლა დაკავება იმ კამპანიის ნაწილია, რასაც ხელისუფლება აგვისტოს ომის გმირების წინააღმდეგ აწარმოებს. როგორც ბასილაია განმარტავს, ყველა დაკავებული აგვისტოს ომის ვეტერანია. მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები არაერთხელ არიან დაკითხული და ჩვენებაც მიცემული აქვთ, რასაც ადვოკატის განმარტებითვე, პროკურატურა აქამდე იზიარებდა.

„ხელის გულზე ჩანს და ნათელია, რომ ეს მორიგი, პროპაგანდული საქმეა ხელისუფლების მხრიდან და ამ შემთხვევაში, სამიზნეში ქართველი ჯარისკაცები, ქართველი სპეცრაზმელები ამოიღეს. რაც შეეხება უშუალოდ წარდგენილ ბრალდებას და საქმეს, ამ საქმეზე, ეს პირები არაერთხელ დაიკითხნენ, ჩვენება მისცეს, რომელსაც ფაქტობრივად, პროკურატურა იზიარებდა.

2023 წლამდე, მთელი 11 წლის მანძილზე დევნა არავის მიმართ არ დაუწყიათ, ეს ნიშნავს, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე, მათ ჩვენებებს პროკურატურა იზიარებდა, მით უმეტეს, სტრასბურგის გადაწყვეტილება 3 წლის წინ იყო მიღებული და ამ 3 წლის მანძილზე არავის მიმართ არ ჰქონდათ დევნა დაწყებული. ეს ნიშნავს, რომ პროკურატურა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა მიერ გაჟღერებულ ფაქტობრივ ინფორმაციას ეთანხმებოდა. შესაბამისად, დღესდღეობით, მათ წინააღმდეგ, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება იმ კამპანიასთანაა დაკავშირებული, რასაც ხელისუფლება ზოგადად, აგვისტოს ომთან და აგვისტოს ომის გმირებთან დაკავშირებით აწარმოებს“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

სერჟანტ როინ შავაძის ცოლი, ციცინო შავაძე დამკვეთების დაკავებას ითხოვს.

„რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს, საზოგადოება და მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ ჩემ მეუღლეს საქართველოს წინაშე რაიმე დანაშაული არ ჰქონია. ძალიან მინდა, რომ მხოლოდ ეს პირები კი არა, დამკვეთებიც დაისაჯონ სამართლიანად, რომ ხელები არავის შეეწმინდოს - ჯერჯერობით, ამის თქმა შემიძლია“, - განაცხადა ციცინო შავაძემ.