სანდრო თვალჭრელიძე: “საქართველო აღმოჩნდა პროვინციელი ადამიანების ხელში და ახალი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები ისევ უშედეგოდ დაიკარგება”

სანდრო თვალჭრელიძე: “საქართველო აღმოჩნდა პროვინციელი ადამიანების ხელში და ახალი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები ისევ უშედეგოდ დაიკარგება”

“უკრაინაში ომამდე მსოფლიოში განიხილებოდა ორი ძირითადი ძალა - აშშ და რუსეთი. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი გააჩაღა, ეს ქვეყანა პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდა, შესაბამისად, მისი ადგილი მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე გათავისუფლდა, რომლის დაკავებაც ჩინეთმა მოისურვა, მით უფრო, რომ საამისო ამბიცია, პოლიტიკური და ეკონომიკური წინა პირობები კარგა ხანია აქვს. ჩინეთი ამ ყველაფერს აკეთებს არა რუსეთის მსგავსად, ნაჯახივით, არამედ ლატენტურად, ნელ-ნელა, ძირითადად, ეკონომიკური ექსპანსიით. ეს ქვეყანა ამ ეტაპზე არაერთი გეგმის რეალიზებას ცდილობს, მათ შორის მიწოდების ინფრასტრუქტურული ქსელების შეცვლას. მას აღარ სურს რუსეთი გამოიყენოს როგორც ძირითადი ჰაბი და ეძებს სხვა გზებს. ამ მხრივ ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გზა შუა აზია-აზერბაიჯანი-საქართველო, რათა გავიდეს ხმელთაშუა ზღვის ოფშორულ ზონაში” - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით რა გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს ჩინეთს საქართველოში?!

“ჩინეთი სარგებლობს იმით, რომ შუა აზია პოლიტიკურად ძალიან ეკლექტური კონგლომერატია. შედარებით ანგარიშგასაწევი მოთამაშეები არიან ყაზახეთი და უზბეკეთი, დანარჩენები XVIII საუკუნეში ჩარჩენილი ქვეყნებია. თურქმენეთს ვერაფერს უზამს, ის გაზით პირდაპირ რუსეთთან არის გადაჯაჭვული, მაგრამ ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი მისთვის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებად შეიძლება იქცნენ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ უზბეკეთი ოქროს ძირითადი მწარმოებელია, ხოლო ყაზახეთი, გარდა თუთიისა, სპილენძისა და სხვა იშვიათი ლითონებისა, მსოფლიოში ურანის უდიდესი მომპოვებელია. ურანის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც იქ ოპერირებენ, რუსეთთან არ არიან გადაჯაჭვული, “როსატომს” აქვს 2 ერთობლივი საწარმო ყაზახეთში, რომლებშიც ის არ წარმოადგენს მთავარ აქციონერს, ხოლო ძირითადი მწარმოებელი კომპანიები არიან ყაზახურ-დასავლური (ძირითადად, კანადური და ფრანგული) საწარმოები. ისინი იყენებენ თანამედროვე უხიფათო ტექნოლოგიებს. ჩინეთს ამიტომაც სურს და ცდილობს კიდეც გამოიყენოს ამ ქვეყნების პოტენციალი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“ჩინეთი, როგორც უკვე აღვნიშნე, შუა დერეფანსა და მასში საქართველოს როლს უკვე დიდი ხანია აკვირდება და საკუთარ ინტერესებსაც ნელ-ნელა აჩენს და ხორცს ასხამს. ვინ აშენებს დღეს რიკოთზე გვირაბებსა და ხიდებს? - ჩინური კომპანიები, რაც პირადად ჩემთვის შეურაცხმყოფელია. საქართველოში იყო არაჩვეულებრივი კომპანიები “გვირაბმშენი” და “ხიდმშენი”, რომელთა აშენებულ გვირაბებს თუ ხიდებს პრობლემები არასდროს შეჰქმნია, თუმცა ეს ყველაფერი მოისპო. სამაგიეროდ, ვხედავ­, რა ხდება ჩინელების მშენებლობებზე, დღე ერთია და ათასი ექსცესი ხდება. გულწრფელად ძალიან მაწუხებს და მაშფოთებს, რა ხარისხის გზებს, გვირაბებსა და ხიდებს მივიღებთ რიკოთის ისედაც ძალიან რთულ რელიეფზე. მოკლედ, ეს თანამშრომლობა ჩინელებისთვის სასარგებლოა, ჩვენთვის კი დამაზიანებელი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თუმცა, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ჩინეთთან ერთობლივ პროექტებში საქართველოს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში, რომელიც მომგებიანი იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე დასავლეთისთვის. ჩვენს ქვეყანას შეუძლია იქცეს ერთგვარ ბუფერად, ანუ როცა საჭირო იქნება გააძლიეროს ჩინეთიდან ტვირთნაკადი ევროპისკენ, და როცა საჭირო იქნება, შეანელოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს ევროპასთან დაშორებას, მაგრამ ამ ყველაფერს, რაზეც ვისაუბრე, სჭირდება გამჭრიახი პოლიტიკა, ძალიან აწონილი და პროფესიული ქმედებები, რასაც ჩვენს მთავრობაში ვერ ვხედავ”, - ამბობს ექსპერტი.

“ანაკლიის პორტზე არაერთხელ გვისაუბრია და ამას აღარ დავუბრუნდები, მაგრამ გავიხსენებ, რომ როგორც კი აშშ-მა უკმაყოფილება გამოთქვა ჩინური ინვესტიციის შემოსვლის შესაძლებლობაზე, იმწუთას დასრულდა საქართველოში ამაზე ლაპარაკი. როგორც წესი, ჩვენი ხელისუფლება კი აკეთებს ხოლმე ხმაურიან განცხადებებს, მაგრამ ჩუმ-ჩუმად ბეჯითი თქვა, რომ `პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა~. ამ ფრაზას, რომელსაც ხშირად იმეორებენ, მაგრამ ბისმარკის ნათქვამს სიღრმისეულად არავინ აანალიზებს. ეს ნათქვამი ნიშნავს, რომ სტრატეგია კარგად ჩამოყალიბებული უნდა გქონდეს, მაგრამ ტაქტიკურად შენი პოლიტიკა ყოველდღიურად უნდა იცვლებოდეს და ძალიან მოქნილი იყოს. ქართულ პოლიტიკაში ვერც ამას ვხედავთ. ამის ნაცვლად ვისმენთ არაადეკვატურ, სულელურ განცხადებებს, რომელთაც არანაირი მოქმედება არ მოჰყვება. ეს არ არის პოლიტიკა, ეს პოლიტიკის თამაშია, რომელიც ქვეყანას მხოლოდ აზიანებს”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.

“ერთი შეხედვით ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადება შანტაჟსაც ჰგავს, ანუ ევროპასა და აშშ-ს ეუბნებიან, მიგვიღეთ ევროკავშირში, თორემ აგერ ჩინეთი აქვეა და ჩემს უსაფრთხოებას სხვა გზით დავიცავო. თუმცა, ვიმეორებ, მთავარი განცხადებები არ არის, მთავარია ქმედებები... მთავარი კითხვა ასეთია, არის თუ არა ჩინეთთან ამ პარტნიორობის გამოცხადება ჩვენს დასავლელ მოკავშირეებთან შეთანხმებული? - ეჭვი არ მეპარება, ამაზე ლაპარაკი აუცილებლად იქნებოდა... უკვე ვთქვი, რომ თავად ევროპაც შეიძლება განიხილავდეს საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობაში ერთგვარ ბუფერად. სიმართლე გითხრათ, მე არ მომისმენია ამის თაობაზე არც ამერიკული მხარის განცხადებებ. ჩემი აზრით, ამ ვიზიტის პოლიტიკური შედეგები ეკონომიკურზე ბევრად ადრე გამოჩნდება. ჩვენ ჯერ ვხედავთ აისბერგის პატარ-პატარა დეტალებს და სინამდვილეში, რა ხდება, არ ჩანს. ამ ვიზიტში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ჩემი აზრით, აშშ-ში ბრიყვები უნდა იყვნენ, რომ საქართველოს გარკვეულწილად მარეგულირებლის როლი ჩინეთთან ურთიერთობაში არ გამოიყენონ - ისინი ჩვენი პოლიტიკოსების მსგავსად ბეცები არ არიან და ამ ყველაფერს გაცილებით ღრმად აანალიზებენ. დარწმუნებული ვარ, ამას ძალიან ეფექტიანად და რაციონალურად გამოიყენებენ”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“მოვისმინე ასეთი შეფასებაც, რომ საქართველო ვითომ რომელიღაც რუსულ-ჩინური ალიანსის მონაწილე ხდება. არ არსებობს ასეთი ალიანსი, ეს ყველაფერი ტყუილია. კი ჩავიდა პუტინი ჩინეთში, კარგად მიიღეს, ისევე, როგორც ღარიბაშვილი, მაგრამ ამას რეალური არაფერი მოჰყოლია, ჩინეთმა რუსეთს იარაღი არ მისცა. მე თუ მკითხავთ, ახლა ყველაზე დიდი წინააღმდეგობა სწორედ რუსეთსა და ჩინეთს შორის არის. უკვე გითხარით, რომ ჩინეთი რუსეთში გეოპოლიტიკური პოზიციის დაკავებას აპირებს და ამას აკეთებს მრავალი მეთოდით. მაგალითად, ციმბირში უკვე ცხოვრობს დაახლოებით 20 მილიონი ჩინელი, რაც ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვს უტოლდება. ეს, ფაქტობრივად, ჩინური მეხუთე კოლონაა და შეადგენს მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილს, რასაც ციმბირის ჩინურ დასახლებად გადაქცევა ჰქვია”, - განმარტავს ექსპერტი და შეკითხვაზე - “... ბათუმის პორტში ქართველების სამართლიან პროტესტს ირაკლი კობახიძემ “ქაჯობა” უწოდა,” - პასუხობს:

“სამწუხაროდ, ხშირად გვესმის ჩვენი პოლიტიკოსებისგან აბსოლუტურად ტლუ განცხადებები... ოკუპანტების წინააღმდეგ პროტესტი არ უნდა გაჩერდეს და როგორც პირველი გემი მიაბრძანეს ბათუმიდან, დანარჩენი რეისებისაც ასევე უნდა მივაბრძანოთ. არ მინდა დავიჯერო, რომ “ოკუპაციის შესახებ” კანონის დამრღვევებს უშვებენ ქვეყანაში, წინა ინტერვიუში გითხარით, რომ საშინელება ხდება ბათუმში - გადავსებულია იქაურობა რუსებით, რომელთა უმეტესობა ძალიან თავხედურად იქცევა. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ტლუ და წინდაუხედავი პოლიტიკის შედეგი. მე რომ ამ ხელისუფლების ადგილას ვიყო, ამგვარ საკრუიზო გემებს არ მივცემდი ბათუმში შემოსვლის უფლებას. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელსაც ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქვს, აღმოჩნდა პროვინციელი ხალხის ხელში, და ის შესაძლებლობები, რომლებიც ახალი გეოპოლიტიკური რეალობით მოგვეცა, საქართველოსთვის ისევ უშედეგოდ დაიკარგება”.

“რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შეცდომაა, რომ ძველ, ტლუ პოლიტიკოსებს უჭერენ მხარს. საჭიროა ახალი სახეების მოძებნა. მოდი, გადავხედოთ საქართველოს უახლეს ისტორიას: გაჩნდა სააკაშვილი, როგორც ახალი პოლიტიკური ფიგურა, ხალხი გაჰყვა მას და შეიცვალა ხელისუფლება. ასევე მოხდა ივანიშვილის შემთხვევაშიც. რატომ არ ვსწავლობთ ქართველი ხალხის მენტალიტეტს, მის ფსიქოლოგიურ გენოტიპს? ჩვენ გვიყვარს ყველაფერი ახალი და გვგონია, რომ ეს ახალი გადაგვარჩენს. “ქართული ოცნებაც” და “ნაციონალური მოძრაობაც” უკვე ჩამოწერილი კარტებია, ისინი წაგებულ თამაშს თამაშობენ და მხოლოდ იმის გამო იგებენ, რომ სხვა არჩევანი არ არსებობს. წინა საპარლამენტო არჩევნებზე ელექტორატის 50%-ზე ნაკლები მივიდა. თუ ასე გაგრძელდა, მომავალ წელს, ალბათ, 30%-ზე ნაკლები მივა. ხალხს იმედი გადაეწურა - ის ახალი სახეების გამოჩენას ელის. უკვე დროა, ვიღაც გამოჩნდეს, ა.წ. ოქტომბრის დასაწყისი იქნება ამის ბოლო ვადა”, - დასძენს თვალჭრელიძე.

Gami
1 წლის უკან