კობა სუბელიანი - უსახლკაროთა გასახლებიდან დასახლებულთა კეთილმოწყობამდე

კობა სუბელიანი - უსახლკაროთა გასახლებიდან დასახლებულთა კეთილმოწყობამდე

კობა სუბელიანის ჩამოლაბორანტების საკითხი აქტიურად განიხილება - შესაძლოა, მან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სავარძლიდან თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში გადაინაცვლოს. ეს ინფორმაცია პრესაგე.ტვ-ს ხელისუფლებასთან დაახლოებულმა, სარწმუნო წყარომ მოაწოდა. 

ამავე წყაროს ცნობით, სუბელიანის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსად გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ არ მიუღიათ: “ჯერ ფიქრობენ. შესაძლებელია, დევნილთა სამინისტროს საქმიანობით მაკონტროლებელი სტრუქტურა დაინტერესდეს, ისე, როგორც ეს მოხდა მაშინ, როცა სუბელიანი იყო კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი“.

კობა სუბელიანმა, გამინისტრებამდე ასეთი გზა გაიარა:

კობა სუბელიანი დაიბადა 1978 წლის 3 ოქტომბერს. 1999 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 2004-ში - თბილისის სასულიერო აკადემია. 1998-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს საპატრიარქოს სხვადასხვა განყოფილებებში. 1994 წლიდან იყო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სტიქაროსანი. 2004 წლის ოქტომბრიდან 2005 წლის მაისამდე მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის აღმასრულებელ დირექტორად.

2005 წლის მაისიდან 2005 წლის აგვისტომდე - პრეზიდენტის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად. 2005 წლის აგვისტოდან 2007 წლის ნოემბრამდე - თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსად. 2007 წლის ნოემბერიდან დაინიშნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად. 2008 წლის აპრილში გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი და იმავე წლის ნოემბრიდან დაბრუნდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობაზე (ცნობისთვის - მისი ბიოგრაფიული მონაცემები სამინისტროს ვებგვერდიდან გადმოვიწერეთ).

2005 წლის მიწურულს, კონტროლის პალატამ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების შემოწმება დაიწყო და ამ პროცესმა თვეზე მეტხანს გასტანა. კონტროლის პალატას იმჟამად სათავეში ზურაბ სოსელია ედგა, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს კი, კობა სუბელიანი ხელმძღვანელობდა. გავრცელებული ინფორმაციით, კონტროლის პალატის მიერ კეთილმოწყობის სამსახურში აღმოჩენილი დარღვევები იმდენად სერიოზული იყო, რომ შემოწმების შედეგით პროკურატურა დაინტერესდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს ამბავი მას-მედიისთვის გახდა ცნობილი, კონტროლის პალატის შემოწმების აქტს და აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს ”გრიფით საიდუმლო” დაედო.

პრობლემები (მართალია არა იმ ხარისხის, მაგრამ - მაინც) კეთილმოწყობის ამჟამინდელ სამსახურშიც არის. გასული წლის სექტემბრის ბოლოს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ, რომელიც ამავდროულად, ფრაქცია “ჩვენი თბილისი“ წევრიცაა, სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც “კეთილმოწყობის სამსახურის მიერ, 2008-2009 წლებში საქალაქო ბიუჯეტიდან მიღებული თანხების მიზნობრივად ხარჯვის შემოწმება-ანალიზის შედეგები“ წარმოადგინა.

აბაშიძის მიერ წარმოდგენილი კონკრეტული ფაქტები ეყრდნობოდა საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ დადებულ დოკუმენტს, რის მიხედვითაც, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მოთხოვნათა საფუძველზე, მერიის მიერ ჩატარებული ტენდერები უმეტეს შემთხვევაში ფიქტიური იყო, ანალიზისთვის წარმოდგენილი ყველა ტენდერის მასალების შეფასებაში სარევიზიო კომისიის დასკვნები კი - იდენტური. კერძოდ, სარევიზიო კომისიის მიერ დადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი მასალებით ვერ დგინდება, თუ რამდენი პრეტენდენტი მონაწილეობდა ტენდერში და ჰყავდა თუ არა გამრჯვებულ კომპანიას კონკურენტი.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ პრესკონფერენციაზე ის ათი კომპანიაც წარმოადგინა, რომლებმაც კონკურენტის გარეშე “გაიმარჯვეს“ და ჯამში 12 მილიონი ლარის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები მოიპოვეს: შპს “გამა პლიუსი” - 59812 ლარი; შპს “ბლექ სი გრუპი” - 1451613 ლარი და 106 7560 ლარი; სს. “თბილისი” – 140 7805 ლარი; შპს “ჯეთფაჩერ-ჯორჯია” – 792 000ლარი; შპს “ გერმანულ-ქართული სამშენებლო საზოგადოება” – 915 895 ლარი; შპს “კოლხი” – 876 291 ლარი; შპს “ლაბორატორია” 790 290 ლარი და 349.766 ლარი; შპს “თბილგანათება” – 1.295 509 ლარი; შპს “მამული” – 279 995 ლარი და შპს “სანიაღვრე მეურნეობა” – 866 917 ლარი, 199 915 ლარი, 1 099 984 ლარი, და 7 760 ლარი...

როგორც ჩანს, კეთილმოწყობის სამსახურისთვის კანონდარღვევით მუშაობა ჩვეულებრივი ამბავია და დიდად არ აღელვებთ, რომ იქ არსებული დარღვევები საჯარო ხდება. სავარაუდოდა, ასე ალბათ იმ მომენტამდე გაგრძელდება, სანამ “ზემოთ“ არ მიიღებენ გადაწყვეტილებას კანონდამრღვევთა დასჯის შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანაში შერჩევითია - რაც შეიძლება შეეხოს სხვას, ის არ შეიძლება შეეხოს სუბელიანს, ან კიდევ პირიქით. ყველაფერი იმაზეა დამოკიდბეული, “ზემოთ“ რა ხასიათზე იქნებიან.

საგულისხმოა ისიც, რომ ლტოლვილთა სამინისტროში არსებულ აურზაურზე კითხვებს უკვე ცენტრალური არხებზეც სვამენ. შეგახსენებთ, რომ პირველ არხზე, ეკა კვესიტაძესთან სტუმრობისას კობა სუბელიანი თავს კომფორტულად ნამდვილად არ გრძნობდა, როცა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებზე უწევდა პასუხის გაცემა, დევნილებისთვის კომპენსაციების გაცემისა და მათი დაბინავების შესახებ.