FARA-ს დოკუმენტი, თუ ლუსტრაციის კანონი?!

FARA-ს დოკუმენტი, თუ ლუსტრაციის კანონი?!

FARA-ს დოკუმენტებმა მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობას ახადა ფარდა და ერთგვარ „პანდორას დოკუმენტებად“ იქცა. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების შემდეგ თავის მართლების რეჟიმში გადავიდნენ სააკაშვილის ლობიზმში მხილებული ადამიანები და კონკრეტული უწყებები. კერძოდ, გიორგი მარგველაშვილი და ამერიკის საელჩო ბრალდებებს უარყოფენ და მიშას ქომაგობას გამორიცხავენ.

„ჩვენი თანამშრომლები ფულს ლობისტური კომპანიებისგან არ იღებენ“, - ასე გამოეხმაურა ამერიკის საელჩო იმ ბრალდებას, რომ საელჩო მონაწილეობს სააკაშვილის ლობირებაში. საელჩო აცხადებს, რომ ეს მავნებლური ინფორმაციაა.

„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ამერიკის საელჩომ ტონი უნდა შეარჩიოს, რადგან სააკაშვილის ლობიზმში ჩართული ამერიკის საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი „ფარას“ დოკუმენტში ეწერა.

ჩვენი საზოგადოების ნაწილს იმდენად მოეწონა „ფარას“ დოკუმენტაცია, რომელმაც ბევრ საიდუმლოს ახადა ფარდა, რომ ლამის იგი ლუსტრაციის კანონს გაუტოლეს.

„ფარა კი არა, ლუსტრაციის კანონი უნდა ერქვას, რომლითაც ირკვევა, რომ მარგველაშვილი SALE-ზეა ნაყიდი, სულ რაღაც 11 550 დოლარად“, - აცხადებს მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

გამომდინარე იქიდან, რომ დასავლეთი ფარას მსგავსი დოკუმენტაციის მიღებას გვიკრძალავს იმ მოტივით, თითქოს ეს რუსული კანონია, ხომ არ დადგა საჭიროება იმისა, რომ ლუსტრაციის კანონი მაინც ავამოქმედოთ, რომლითაც საბჭოთა აგენტებთან ერთად თანამედროვე აგენტებიც გაიშიფრებიან, მათ შორის, ისინიც, ვინც დასავლეთის, თუ რუსეთის საეჭვო წარმომავლობის ძალებს ემსახურებიან?!

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 1990 წლის ოქტომბერში ეროვნულმა მოძრაობამ დაარბია კგბ-ს მაშინდელი შენობა, გამოიტანა მთელი დოკუმენტაცია და დაწვა. შესაბამისად, როცა ლუსტრაციის კანონზეა საუბარი და იმის გარკვევას ცდილობენ, ვინ იყო კგბ-ს ინფორმატორი, აგენტი, თუ რიგითი თანამშრომელი, ეს ყველაფერი ინახება რუსეთის კგბ-ს არქივებში. იმ ადამიანებმა, რომლებიც წვავდნენ დოკუმენტაციას, ძალიან კარგად იცოდნენ ამის შესახებ.

„მოგვიანებით მე მქონდა ახლო ურთიერთობა ბატონ ავთო იოსელიანთან, სხვა პატრიოტ ქართველ ოფიცრებთან, რომლებიც მაშინ საბჭოთა კგბ-ში მუშაობდნენ, მაგრამ პატრიოტებად დარჩნენ. იყვნენ ასეთები, მამია ალასანია კგბ-ს გენერალი იყო, დარჩა ჟიული შარტავასთან ერთად და თავი დასდო საქართველოსთვის. ასეთი პატრიოტი ადამიანებისგან მე ვიცოდი, რომ ძალიან დიდი პროცენტი ეროვნულ მოძრაობაში აგენტი თუ არა, ინფორმატორი მაინც იყო, ან ე.წ. კავშირზე მყოფი ადამიანი, რომელსაც იბარებდნენ, რაღაცას ავალებდნენ, ან მისგან ინფორმაციას ღებულობდნენ. ეს დოკუმენტაცია საქართველოში აღარ არის. ხოლო იმისთვის, რომ გავიგოთ თანამედროვე აგენტები ვისგან იმართებიან, ამის გარკვევა რთული არაა. ახლა რამეს ადევს გრიფი საიდუმლო, რომ ეს გრიფი მოვხსნათ? ფაქტია, „ფარამ“ გამოაქვეყნა დოკუმენტაცია, ეს ხომ არ არის საქართველოს მხრიდან გამოქვეყნებული? ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რა საჭიროა დღეს ლუსტრაციის კანონი, როცა ის მასალები, რომელსაც ლუსტრაციის კანონის მიღების შემდეგ უნდა მოეხსნას საიდუმლო გრიფი და გამოქვეყნდეს, აღარ არსებობს“, - აცხადებს პეტრე მამრაძე.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ დასავლეთს არ მოეწონა გამჭვირვალობის შესახებ კანონი, არცაა გასაკვირი, ვის რაში სჭირდებოდა იდიოტური კანონი, სადაც დარჩენილი იყო მხოლოდ იარლიყის მიწებება.

პეტრე მამრაძის აზრით, ვინ რითი ფინანასდება, ეს ხომ ოფიციალურად ისედაც ცნობილია. სულ სხვა საქმეა, თუ არაოფიციალუად მიიღეს დაფინანსება გარკვეულმა ძალებმა და ეს სპეცსამსახურებმა შეიტყვეს, მაშინ სპეცსამსახურმა უნდა გამოაქვეყნოს, რომ ცალკეულმა ნჯო-მ კონკრეტულ პერიოდში მიიღო კონკრეტული წყაროებიდან ამდენი თანხა. საქართველოს კანონმდებლობაში ეს ყველაფერი უკვე ჩადებულია.

„გიული ალასანიას ხელმოწერით, ლობისტებისთვის მილიონი დოლარის გადახდა ხომ გამოქვეყნდა? ამას არც ლუსტრაციის კანონი დასჭირდა, არც გრიფი საიდუმლოს ახსნა, მოხდა დოკუმენტის მოძიება, რომელიც საჯარო სივრცეში ისედაც არსებობდა“, - მიიჩნევს პეტრე მამრაძე.

მისივე შეფასებით, ლუსტრაციის კანონმა ძალიან კარგად იმუშავა ბალტიის ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც იქაურმა ეროვნულმა მოძრაობებმა და სახალხო ფრონტებმა კომუნისტურ მთავრობაში მომუშავე პატრიოტებთან ერთად მთელი არქივები შეინარჩუნეს. შესაბამისად, ამ ქვეყნებში თუ ვიღაც იწყებს პოლიტიკურ კარიერას, ამ დროს ლუსტრაციის კანონის ძალით ქვეყნდება დოკუმენტები, რომ ჯერ კიდევ, სიტყვაზე, გასული საუკუნის 70-იან წლებში ამ ადამიანმა დაიწყო თანამშრომლობა მაშინდელი ჩეხეთის, პოლონეთის კგბ-სთან და გახდა ინფორმატორი. ასე დაუმტკიცდა ჩეხეთის ყოფილ პრემიერ ბაბიშს ბრატისლავას სასამართლოში, რომ თურმე ის კგბ-ს თანამშრომელი იყო.

„მაშინ ჩეხოსლოვაკია ხომ ერთად იყო? ბაბიში ცხოვრობდა სლოვაკეთის ნაწილში. როცა მასალები გამოჩნდა და შედგა სასამართლო, ბრატისლავას სასამართლოში წარდგენილ იქნა დოკუმენტები, თავისი ხელმოწერებით, რომლითაც დადასტურდა, რომ ეს კაცი იყო კგბ-ს თანამშრომელი. ეს არის ლუსტრაციის კანონი“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.