„მოედნიდან გაჰყავთ სუსტი მოთამაშე და ანაცვლებენ უფრო სერიოზული, შემტევი აგრესიული გუნდით“

„მოედნიდან გაჰყავთ სუსტი მოთამაშე და ანაცვლებენ უფრო სერიოზული, შემტევი აგრესიული გუნდით“

აშშ-ის სენატმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის დანიშვნას ზეპირი კენჭისყრით მხარი დაუჭირა. დანიგანი აღნიშნულ თანამდებობაზე კელი დეგნანს ჩაანაცვლებს. საინტერესოა, ვინ არის დანიგანი, რომელიც საქართველოში სექტემბერში ჩამოდის. ახალი ელჩი აქამდე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე იყო. სხვადასხვა დროს ის ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და სალვადორში აშშ-ის საელჩოებში მუშაობდა.

დანიგენის კანდიდატურა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიმდინარე წლის თებერვალში წარადგინა, რომელიც სახელმწიფო მდივნის ბლინკენის გუნდიდან არის. მიუხედავად იმისა, რომ დანიგენის კარიერა ძირითადად ლათინურ ამერიკასთან, აღმოსავლეთ ევროპასა და აზიასთან არის დაკავშირებული, იგი რამდენიმე წელია, რაც პოსტსაბჭოთა სივრცის საკითხებში აქტიურად არის ჩართული. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობას შეეწინააღმდეგა, რომლის მეშვეობითაც რუსეთს ევროპისთვის ენერგორესურსები უკრაინის ტერიტორიის გვერდის ავლით უნდა მიეწოდებინა.

გარდა ამისა, ამერიკელი დიპლომატი ჯერ კიდევ 2017 წელს აქტიურად უჭერდა მხარს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ მშენებლობას, სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტს, რომლის მიზანიც რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულების შემცირებაა. ამ პროექტის მხარდაჭერის მიზნით, იგი პირადად შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და აშშ-ის მთავრობისგან პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

აღსანიშნავია, რომ დანიგენი აქტიურად არის ჩართული ბელარუსის საკითხშიც და აშშ-ის მთავრობასთან ერთად ღიად უჭერს მხარს ოპოზიციონერ სვეტლანა ტიხანოვსკაიას, რომელსაც ამა წლის იანვარში შეხვდა და აღნიშნა, რომ აშშ ბელარუსის დემოკრატიულ მოძრაობასთან თანამშრომლობისთვის მალე სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს.

რაც ასევე მნიშვნელოვანი დეტალია, ამერიკელი დიპლომატი ომის პირველი დღეებიდანვე უკრაინას მხარს აქტიურად უჭერს და ასევე მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და აღნიშნავს, რომ შეზღუდვები მოსკოვზე დიდ ზეწოლას ახდენს და მის შედეგებს უახლოეს წლებში ვიხილავთ. დანიგენი უკრაინის ნატოში ინტეგრაციის მომხრეა და ამბობს, რომ ვაშინგტონი „ღია კარის“ პოლიტიკას ატარებს.

არანაკლებ საინტერესოა ელჩის პირველი მოადგილე, ალან პერსელი, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ფერად რევოლუციებში, რაც დაფიქსირებულია ლათინურ ამიერიკაში, 2015-2017 წლის ჩათვლით იმყოფებოდა კიევის მაიდნის შუა გულში. 2006-2008 წლებში მუშაობდა თბილისშიც. როგორც ჩანს, აშშ ისევ ძალში ტოვებს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას, თუმცა არა არჩევნებით, არამედ რევოლუციის გზით. ის, რაც ვერ შეძლო კელი დეგნანმა, რომლის კანდიდატურა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2019 წლის სექტემბერში დაასახელა, სენატმა კი იმავე წლის დეკემბერში დაამტკიცა, საქართველოში 2020 წლის 29 იანვრიდან მუშაობს და განსაკუთრებით ბოლო ორი წელია ღიად უპირისპირდება ხელისუფლებას და ლობირებს რადიკალებს.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 21 მარტს იგი საკუთარი ინიციატივით შეხვდა ბიძინა ივანიშვილს და როგორც ირკვევა, 3-საათიანი შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს ომში ჩართვა, ანუ მეორე ფრონტის გახსნა, რაც მოგვიანებით ელჩმა უარყო, თუმცა შეხვედრა დაადასტურა.

ასევე დეგნანმა მხარი დაუჭირა რადიკალებს და როგორც „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა აღნიშნა, საქართველოს ერთ-ერთ ლიდერთან აუდიენციაზე თქვა, რომ „ხელსიუფლების მცდელობა, რომ დაამტკიცოთ FARA-ს კანონი ამერიკულია, წარუმატებლად დასრულდება, რადგანაც დღეიდან მას საელჩო რუსულ კანონს დაარქმევს“. ელჩს არც ამ განცხადებაზე გაუცია პასუხი. კელი დეგნანი ესწრებოდა პიტერ აკერმანის მიერ ბაკურიანში, ქვეყნის ხელისუფლების აყირავების მიზნით ჩატარებულ ტრენინგებს და რაც საინტერესოა, ელჩის პოლიტიკური მდივანი ჩართულია ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ციხიდან უკანონო გათავისუფლების საქმეში, რომელიც ურთიერთობს ლობისტურ კამპანიებთან.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ახალი ელჩი, შესაძლოა იყოს ახალი შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, პოზიტიურ გზაზე დაბრუნდეს, რისი სურვილი და მოლოდინიც არის, თუმცა ითამაშებს თუ არა ახალი ელჩი პოზიტიურ როლს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში, ჯერჯერობით რთული სათქმელია. „რონდელის ფონდის“ ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ ახალი ელჩის დანიშვნა იმის მანიშნებელია, რომ შტატებში სერიოზულად აღიქვამენ ჩვენს ქვეყანასთან დიპლომატიურ ურთიერთობას. მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ნიშნავენ, ეს კარგის ნიშანია და ბევრ რამეს წარმოაჩენს - მათ შორის, იმას, თუ როგორ უყურებს საქართველო აშშ-სთან ურთიერთობის მომავალს.

„აქ არის პოლიტიკური მიზნები, რომელთა გატარებასაც ხელისუფლება ცდილობდა. ეს ძალიან ბევრ რამეს გამოაჩენს. არც ახალი, არც ძველი ელჩის პირობებში არაფერი არ გასდიოდათ, თავისი თავხედობის გარდა სხვას არაფერს არ აჩვენებდნენ, მაგრამ მე მგონი, ახლა, უბრალოდ, აღარ ექნებათ მიზეზი, რომ ახალ ელჩზეც ისე ილაპარაკონ, როგორც წინაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ცოტა შეიძლება შეიცვალოს ტონი“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აწ უკვე ყოფილი ელჩის ბოლო წელიწადნახევრიანი საქმიანობის იმ ყველაზე შთამბეჭდავ ეპიზოდებზე საუბრობს, რომლითაც წარუშლელი კვალი დატოვა. მისი თქმით, ეს იყო კრახი, ფიასკო, ეს იყო ქართულ საზოგადოებაში ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობების უპრეცედენტო გაღვივება, ეს იყო აშშ-საქართველოს სტრატეგიულ საპარტნიორო ურთიერთობებისთვის მიყენებული აქამდე არნახული ზიანი.

„არმგონია, რომ ახალი ელჩის ჩამოსვლით რამე სასიკეთოდ შეიცვალოს. ამოცანა, რომელიც დასახული ჰქონდა ქალბატონ კელი დეგნანს, შესრულებული არ არის. ვადები, რომელშიც ეს ამოცანა უნდა შესრულებულიყო, არის ძალიან შემჭიდროვებული. ეს ამოცანა არის ხელისუფლების შეცვლა, ხელისუფლებაში თავისი ფავორიტი ე.წ. ოპოზიციური ფლანგის დაბრუნება. უამრავ კითხვას რომ გასცემოდა პასუხი, შეიძლება ასეთი დაძაბულ სიტუაციამდე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არც შესულიყო. მარტივი კითხვები იყო დასმული, ქალბატონი კელი ისე მიბრძანდება, რომ პასუხგაუცემელი რჩება ეს შეკითხვები.

კერძოდ, ესწრებოდა თუ არა ის 2022 წლის აპრილის ტრენინგებს ბაკურინში, რომელსაც აკერმანი ატარებდა და რომელიც, პრაქტიკულად, იყო საგზაო რუკა საქართველოში ხელისუფლების გადატრიალების? ასევე, ესწრებოდა თუ არა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან 3-საათიან შეხვედრას, რომელიც შედგა მისი ინიციატივით და რაზე ისაუბრეს ამ შეხვედრაზე?

შემდეგ „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა ძალიან საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, რომ ქვეყნის ერთ-ერთ ლიდერთან აუდიენციაზე ქალბატონმა დეგნანმა ხალხის ძალის ინიციატივაზე პირდაპირ ბრძანა - არაფერი არ გამოგივათ, ამ კანონს ვერ მიიღებთ, იმიტომ, რომ ამ კანონს ჩვენ რუსულ კანონს დავარქმევთ. ანუ, ამ ქალმა გააკეთა ყველაფერი, რომ საქართველოში აწეულიყო გადატრიალებისკენ ორიენტირებული დუღილის გრადუსი. ამ გეგმებში შეყვანილი ჰყავდათ ყველა რესურსი, რაც მათ გააჩნიათ და რაც მათი კონტროლით იმართება საქართველოში, ეს არის ე.წ. მესამე სექტორი, ე.წ. ოპოზიციური პარტიები, მედიასაშუალებები“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსი ვერ ხედავს ოპტიმიზმის საფუძველს ახალი ელჩის ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

„პირიქით, მე ვხედავ გაძლიერებას იმ კუთხით, რომ უფრო გამოცდილი ადამიანი ჩამოდის და არანაკლებ გამოცდილი მოადგილე ჩამოჰყვება, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ფერად რევოლუციებში, რაც დაფიქსირებულია ლათინურ ამიერიკაში. 2015-2017 წლის ჩათვლით ეს ადამიანი იმყოფებოდა კიევის მაიდნის შუაგულ ცენტრში, რომელიც უშუალოდ ქალბატონ ვიქტორია ნულანდს ეხმარებოდა. ეს ადამიანი თბილისშიც არის ნამუშევარი 2006-2008 წლებში, ძალიან საინტერესოა ომის წინა პერიოდი.

ეს ადამიანი ყოველთვის ჩნდება იქ, სადაც სიტუაცია კონტროლიდან არის გამოსული და სადაც სიტუაციის ე.წ. მაიდანიზაციისკენ, ხელისუფლების აყირავებისაკენ უნდა წაიყვანონ და ვგულისხმობ აშშ-ის ადმინისტრაციას. ამიტომ, პირიქით, მოედნიდან გაჰყავთ სუსტი მოთამაშე და ანაცვლებენ უფრო სერიოზული, შემტევი აგრესიული გუნდით“ , - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.

არაგველი641 "მოედნიდან გაჰყავთ სუსტი მოთამაშე და ანაცვლებენ უფრო სერიოზული, შემტევი აგრესიული გუნდით". ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთ მუჭად შეიკვრება დამოუკიდებლობის დასაცავად (რა თქმა უნდა ნაცბოზბანდა-ქვეყნის მოღალატე არ მაქვს მხედველობაში, მაგათ არაფერი არ ეშველება).
1 წლის უკან