მოსკოვი საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევას შემოვლითი გზებით შეეცდება

მოსკოვი საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევას შემოვლითი გზებით შეეცდება

მოსკოვმა ცხინვალის სამხედრო ბაზაზე ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის დივიზიონი განათავსა, რომლის მოქმედების არეალიც 120 კმ-ია. თბილისში ამ ფაქტს აშკარა მუქარად აფასებენ. ექსპერტების შეფასებით, კრემლი საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევას შემოვლითი გზებით შეეცდება. 

გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს 2010 წლის დეკემბერში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განაცხადა, რომ ცხინვალის სიახლოვეს განლაგდა „სმერჩის“ რეაქტიული სისტემით შეიარაღებული საარტილერიო დივიზიონი.

„ცხინვალის რუსულ სამხედრო ბაზაზე ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის „ტოჩკა-უ“-ს დივიზიონი განათავსეს“, – როგორც „ინტერფაქსი“ იუწყება, ამის შესახებ რუსეთის სამხრეთის ფედერალური ოლქის ძალოვან სტრუქტურებში განაცხადეს.

„სმერჩის“ სარაკეტო ცეცხლის სისტემით აღჭურვილ გვარდიის დივიზიონთან ერთად, სამხრეთ ოსეთში განთავსდა „ტოჩკა-უ“-ს კომპლექსი, რომლის მოქმედების სიშორე 120 კილომეტრია“, - განაცხადეს რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს სპეცსამსახურებს უკვე აცნობეს, რომ სამხრეთ ოსეთში არსებობს სარაკეტო იარაღი, რომელსაც ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემებით, თბილისის მხრიდან ნებისმიერი აგრესიის ეფექტურად მოგერიება შეუძლია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის განთავსების ფაქტს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ პირდაპირ მუქარად აფასებს.

როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, „Точка-У“ სისტემის გამოყენებით რუსეთის ფედერაციამ მთლიანად დაანგრია ჩეჩნეთში ქ. ბამუტი და გაანადგურა ამ ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობა. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამ სისტემის ბალისტიკურ რაკეტებზე შესაძლებელია კასეტური და ბირთვული ქობინების დაყენება.

„ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის „Точка-У“-ს და „სმერჩის“ რეაქტიული სისტემით შეიარაღებული საარტილერიო დივიზიონების განლაგება, წარმოადგენს პირდაპირ და აშკარა მუქარას საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ტერიტორიის მიმართ.

ამ ქმედებებით რუსეთი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ იმ აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისა და მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის მოსპობისაკენ არის მიმართული და აგრეთვე მიზნად ისახავს ფართომასშტაბიან დესტაბილიზაციას კავკასიის და მთლიანად შავიზღვისპირეთის რეგიონში“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, შეტევითი სარაკეტო შეიარაღების განთავსება ოკუპირებულ რეგიონში ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესიას ამზადებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცედ სთხოვს საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებს, მიიღონ აქტიური და ქმედითი ზომები, რათა აიძულონ რუსეთი შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, აიღოს ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ და მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის სრული და დაუყოვნებელი დეოკუპაცია“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„კრემლი საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევას შემოვლითი გზებით შეეცდება და არა ღია აგრესიით“, - ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მიერ ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის „Tочка-У“ დივიზიონის განთავსების შეფასებისას განუცხადა.

„თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ რეალობა ის არის, რომ რუსეთს სარაკეტო სისტემის განთავსება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში კუნთების სათამაშოდ და ძალის დემონსტრირებისთვის სჭირდება, რათა დასავლეთი დააყენოს ფაქტის წინაშე, რომ რეალურად ცხინვალის რეგიონს რუსეთი აკონტროლებს და აქედან გამომდინარე მას ანგარიში უნდა გაუწიონ“, - აღნიშნა ჩიტაძემ.

მისი შეფასებით, კრემლი ოკუპირებულ რეგიონში ტექნიკის შეტანას ფსიქოლოგიური ტერორისთვის იყენებს და მის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის წინაღმდეგ კიდევ ერთი ღია აგრესია მოსალოდნელი არ არის.

„რაც შეეხება საფრთხეებს, ეს უფრო დაკავშირებული იქნება რუსეთის მცდელობასთან, კვლავ განახორციელოს დივერსიული აქტები საქართველოს ტერიტორიაზე, შეტევა მიიტანოს საქართველოში განთავსებული ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე“, - მიაჩნია ჩიტაძეს.

მისი შეფასებით, რუსეთი ასევე შეეცდება პრორუსული ძალების წაქეზებას, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

და, კიდევ ერთიც. იანვრის პირველ რიცხვებში გაიმართა უშიშროების საბჭოს სხდომა, რომლის დასრულების შემდეგაც უშიშროების საბჭოს მდივანმა ასეთი განცხადება გააკეთა: ”ეს იყო უშიშროების საბჭოს წლის პირველი სხდომა, რომელზეც გასული წელი შევაჯამეთ და მომავალი წლის პრიორიტეტებზე ვიმსჯელეთ. ამჟამად ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების კუთხით რაიმე ისეთი საკითხი არ დგას, რომ მასთან დაკავშირებით შევკრებილიყავით. ამის შემდეგ კი უშიშროების საბჭოს სხდომები უკვე კონკრეტულ საკითხებს შეეხება”.