საქართველო-ჩინეთს შორის ახალი ეპოქა იწყება. ორი ქვეყნის ლიდერების გადაწყვეტილებით, საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ამით კი, ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა ღიად განაცხადა, რომ დაეხმარებოდა საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში, რაც ქვეყნის ნომერ პირველი საკითხია.
ჩინეთში ირაკლი ღარიბაშვილის ისტორიული ვიზიტიდან გამოიკვეთა, რომ მსოფლიოს ახალი გიგანტი სახელმწიფო - ჩინეთი საქართველოსთან პარტნიორობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება. ორი ქვეყნის პოლიტიკური ნდობა მყარია, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები კი - შესამჩნევი.
როგორც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნა, გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება.
„საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია. არ აქვს მნიშვნელობა, საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება. ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ამ ახალი დასაწყისიდან ბიძგი მივცეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შევიტანოთ კაცობრიობის კეთილდღეობაში“, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგებისა და სიკეთეების მომტანი იქნება.
„ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოც მტკიცედ უჭერს მხარს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს. მრავალჯერ გვაქვს ხაზგასმით დაფიქსირებული ეს პოზიცია და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას, და მადლობელი ვარ ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რაც, მიმაჩნია, კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის. საქართველო ერთგულია ჩინეთთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების იდეისადმი მრავალი მიმართულებით და გვახარებს, რომ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი ამ ვიზიტის ფარგლებში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკვე დაანონსდა, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების პროცესი უფრო დინამიური იქნება - ასევე გაძლიერდება საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ხალხთა შორის ურთიერთობები. მეტიც, საქართველო და ჩინეთი ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები, რომელსაც ექნება ახალი მნიშვნელოვანი იმპულსი ორმხრივ ურთიერთობებში. პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების პროცესი უფრო დინამიური იქნება.
ვიცე-პიკერ გია ვოლსკის განცხადებით, ისტორიულ აბრეშუმის გზაზე, რომელიც ჩინეთიდან, აზიიდან დასავლეთ ევროპის ბაზრებისკენ მიდის, საქართველოს საგანგებო გეოპოლიტიკური პოზიცია უკავია. დეპუტატის თქმით, ჩინეთი სერიოზული პარტნიორია, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებისთვის, და ეს პარტნიორობა არ შეჩერებულა.
„ვექტორი, რომელიც ჩინეთს გააჩნია, მხოლოდ კავკასიისა და აზიის რეგიონებს არ ითვალისწინებს. მისი ამოცანაა ურთიერთობები დასავლეთის ბაზრებთან. ისტორიულ აბრეშუმის გზაზე, რომელიც აზიიდან დასავლეთ ევროპის ბაზრებისკენ მიდის, რასაკვირველია, საქართველოს საგანგებო გეოპოლიტიკური პოზიცია უკავია. ხელმოწერილი ხელშეკრულებები კიდევ ერთხელ დაადასტურებს და ხაზს გაუსვამს იმას, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა საგანგებო მნიშვნელობის მატარებელია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა არის ქართული დიპლომატიის გამარჯვება და ეს დიდ შესაძლებლობებს უხსნის საქართველოს, მაგრამ თვლიან, რომ ჩინეთი არ უნდა გახდეს ევროკავშირთან ურთიერთობის საპირწონე, საქართველის უმთავრესი მიზანი უნდა იყოს ევროატლანტიკური სივრცეში გაერთიანება და ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ამ უმთავრესი მიზნის ხარჯზე.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ ჩინეთი მსოფლიოს ნოერ პირველი ეკონომიკაა, რომელმაც უკვე მთლიანი შიდა პროდუქტით პარიტეტული მსყიდველობითუნარიანობის მიხედვით გადაასწრო აშშ-ს შარშან, ამიტომ ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა მსოფლიო პოლიტიკაში. მისი თქმით, ჩინეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი და შედის იმ სამ სახელმწიფოში, რომელსაც გააჩნია ბირთვული ტრიადა, ანუ ბირთვული იარაღი ხმელეთზე, ზღვაზე და კოსმოსში.
„შესაბამისად, ჩინეთთან ურთიერთობა ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და განსაკუთრებით - ორი მიმართულებით. პირველი, ეს არის აბრეშუმის გზა. ანუ, ჩინური ინიციატივა, ერთი გზა, ერთი სარტყელი, რაც გულისხმობს ჩინური ტვირთების ევროპისკენ ტრასპორტირებას. ჩვენ ვიცით, რომ სანქციების გამო, ჩინური კომპანიები უკვე ერიდებიან რუსეთზე ტვირთების გაგზავნას. ხოლო, საზღვაო სავაჭრო მარშრუტს აკონტროლებს აშშ-ის სამხედრო ფლოტი, რომელსაც ყოველ წუთს შეუძლია გადაკეტოს ჩინეთის ეს სავაჭრო არტერია. ამიტომ, ჩინეთი ალტერნატიულ სავაჭრო მარშრუტებს აწყობს ინფრასტრუქტურულად. მილიარდობით დოლარს დებს ამაში და მათ შორის ერთ-ერთი არის ე.წ. შუა დერეფანი, რომელიც გადის შუა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე; შემდეგ - კასპიის ზღვა - აზერბაიჯანი და საქართველო და უკვე, საქართველოდან სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება ტვირთის გაგზავნა და განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ევროპა ყოველწლიურად 500 მილიარდ დოლაზრე მეტ ჩინურ საქონელს ყიდულობს და ამიტომ, ტვირთბრუნვა არის უზარმაზარი. 2/3 ხორციელდება საზღვაო მარშუტებით, 1/3 სახმელეთო მარშუტებით. ამიტომ ეს აზერბაიჯანისთვის და საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა.
„მეორე - ჩინეთი არის წინააღმდეგი დასავლეთის მიერ ე.წ. ფერადი რევოლუციების, ანუ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოც იყო ამის მსხვერპლი 2003 წელს, სერბეთი, უკრაინა და სხვა და სხვა ქვეყნები. ჩინეთი პირდაპირ მოუწოდებს დასავლეთს, რომ შეწყვიტოს ქვეყნებში პოლიტიკური სისტემების მიტაცება. ეს ჩვენთვისაც არის მისაღები, ვინაიდან ხელისუფლება ქვეყანაში უნდა იცვლებოდეს მხოლო და მხოლოდ სამართლიანი და ობიექტური არჩევნების გზით.
უსაფრთხოების გარანტიები, რომელიც, პრინციპში, ჩინეთს შეუძლია საქართველოს მისცეს, სანაცვალად იმისა, რომ ჩინური ლოჯისტიკა, ანუ ტვირთების გადაზიდვა იქნება საქართველოს გავლით დალაგებული. ეს არის ჩვენთვის მისაღები ფორმა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც აშკარად კონფლიქტია დასავლეთის მმართველ წრეებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის იმის გამო, რომ ჩვენ არ დავთმეთ სასამართლო სისტემა და გარე მართვაზე არ გადავიყვანეთ. ასევე, დასავლეთის გარკვეული წრეების მოთხოვნაზე, რომ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, უარი ითქვა“, - ამბობს გოგავა.
ამიტომ, მისი თქმით, ეს ხელისუფლება ეძებს უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიებსაც, რაც, მაგალითად, მიიღო ბელორუსმა ჩინეთიდან და, პირველ რიგში, რუსეთთან ურთიერთობაში.
„რუსეთშიც სერიოზული მცდელობა იყო ლუკაშენკოს ჩამოგდების და განსაკუთრებით „გაზპრომთან“ დაკავშირებული ლიბერალური სტრუქტურებისგან - გვახსოვს ბაბარიკო პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. ამიტომ, ჩინეთთან ურთიერთობა ჩვენთვის სტრატეგიულია და ჩინეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ საქართველო და ჩინეთი იწყებენ სტრატეგიულ ურთიერთობებს, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია.
პატარა ქვეყნის გადარჩენის გზა ყოველთვის არის ძალთა ბალანსი და წონასწორობით თამაში ისე, რომ საქართველოს ტერიტორია არავის წინააღმდეგ არ უნდა იყოს გამოყენებული და ყველა ვექტორით და მიმართულებით ჩვენ გვქონდეს ნორმალური ურთიერთობები, პირველ რიგში, სავაჭრო და შემდეგ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.