საქართველოში სანქციების გვერდის ავლისთვის „შავი ხვრელები“ არ არსებობს. კარგი პარტნიორების შესახებ ამბავი, ამერიკელ სენატორებს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ჩაუტანა. საგარეო კომიტეტის სხდომაზე სენატორები დაინტერესდნენ, რას და როგორ აკეთებს საქართველო, იმისთვის რომ რუსეთი ომისთვის დაისაჯოს. ჯეიმს ო ბრაიენი, რომელიც სანქციებზე მომუშავე ჯგუფის კოორდინატორია, თბილისის შედეგით კმაყოფილია. ყველაზე მეტი შეკითხვა საგარეო კომიტეტის სხდომაზე მას სენატორმა ჯინ შაჰინმა დაუსვა. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ო ბრაიენის განცხადება ოპოზიციისთვის ცივი წყლის გადასხმის ტოლფასია, რადგან მათ მთელი დღის წესრიგი სწორედ ამ თემაზე ჰქონდათ აგებული, თითქოს საქართველოში ე.წ. შავი ხვრელები არსებობს, საიდანაც რუსეთი სანქციებს გვერდს უვლის.
გზავნილებს დასავლეთიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მალევე მოჰყვა თბილისში. ის, რაც ამერიკაში ითქვა, არ მოსწონს ოპოზიციას. მათ ეჭვი შეაქვთ, ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაში სანქციების აღსრულების კუთხით და მიაჩნიათ, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოდან დამაიმედებელ ცნობებს ვერ იღებენ.
მმართველი გუნდისთვის კი ოპოზიციის განცხადებები მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის მიუღებელი და გაუგებარია პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებები. აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სანქცირებული ტვირთი ქვეყანაში ვერ მოხვდეს. მათი თქმით, ამას პარტნიორების განცხადებებიც ადასტურებს.
„ძალიან გამამხნევებელი სიახლეებია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები დგამენ რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ ბრძოლის ველთან დაკავშირებული ნივთების რუსეთში გადაზიდვა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯიმ ო ბრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე.
სენატორ ჯინ შაჰინის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ ო ბრაიენმა საქართველოში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
„მე თბილისში ვიმყოფებოდი ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჩემს კოლეგებთან ერთად. ასე რომ, ჩვენ წარმოვადგენდით ერთიან ფრონტს. ვფიქრობ, არის ძალიან გამამხნევებელი სიახლეები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები დგამენ რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ ბრძოლის ველთან დაკავშირებული ნივთების რუსეთში გადაზიდვა. გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ მათ სრული კონტროლი აქვთ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებაზე, იქნება ეს საჰაერო თუ სახმელეთო საზღვარი. ეს უწყვეტი სამუშაოა, ამასთან დაკავშირებით დიდი დახმარების მიწოდება ხდება. ისინი კარგი პარტნიორები არიან გამჭვირვალობის კუთხით იმასთან დაკავშირებით, თუ რას ხედავენ. ახლა კითხვა მდგომარეობს იმაში, შეგვიძლია თუ არა ამაზე უკეთესი წინსვლა და შეგვიძლია თუ არა, გვქონდეს უფრო ნათელი ხედვა იმისა, თუ რა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ბოლო დროს აღდგენილ ფრენებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯიმ ო ბრაიენმა.
სენატორი ჯინ შაჰინი ასევე დაინტერესდა, შეუწყობს თუ არა ხელს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში საქართველოსა და რუსეთს შორის აღდგენილი პირდაპირი ფრენები და არის თუ არა ეს შეშფოთების მიზეზი, რაზეც ო ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს დარწმუნდეს, რომ იცის, რა მიდის რუსეთში ამ თვითმფრინავებით.
„არ ვიტყოდი, რომ ეს შემაშფოთებელია, მაგრამ ეს უდავოდ არის შესაძლებელი. ასე რომ, ჩვენს გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ ვიცით, რა მიდის ამ თვითმფრინავებით, როდესაც ისინი უკან, რუსეთში ბრუნდებიან“, – აღნიშნა ო ბრაიენმა.
„ვინმეს თუ კითხვები გაუჩნდება ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის დასკვნაზე, ამ ქვეყნების ხელისუფლებებსა და მათ წარმომადგენლებს მიმართონ, ვინც საქართველოში წერტილი დაუსვა იმ მანიპულაციებს, რასაც ჰქვია საერთაშორისო სანქციებისთვის თავის არიდება... მიმართონ იმ დელეგაციას, რომელმაც დოკუმენტების გათვალისწინებით თქვა, რომ საქართველოში არანაირი შავი ხვრელები არ არსებობს, საქართველოს ხელისუფლებას კი მადლობა გადაუხადა. ცოტა ხნის წინ სახელმწიფო დეპარტამენტმა და სავალუტო ფონდმა თქვეს, რომ საქართველოში საერთაშორისო სანქციებიდან თავის არიდება არ ხდება. ბევრი ინსტიტუციაა და ვისაც კითხვა აქვს, მათ მიმართონ, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოში სანქციების თავის არიდების საშუალებები არ არსებობს“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.
„ხალხის ძალის წევრი“ და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ გლობალური ომის პარტიას ძირითადი ფსონი გაკეთებული ჰქონდა იმაზე, რომ საქართველოში ანტისახელმწიფოებრივი მუხტი გამოეწვია. ამას კი საბოლოო ჯამში, სიტუაცია უკრაინის სცენარისკენ, „მაიდნამდე“ უნდა მიეყვანა, თუმცა ყველა სცენარი ჩაუვარდათ.
„ვფიქრობ, ამერიკაში ზოგიერთმა პრაგმატულმა პოლიტიკოსმა კარგად გაათვიცნობიერა, რომ საქართველოს მიმართ მსგავსი პოლიტიკის წარმოება, ქვეყნის შიგნით, მოსახლეობის დიდ ნაწილში, მათი ქვეყნის მიმართ სკეპტკურ დამოკიდებულებას აჩენს. გაიზრდებოდა ანტიდასავლური და ამერიკული განწყობები, რასაც საქართველოს დაკარგვის საფრთხე მოჰყვებოდა. ამიტომ ო ბრაიენის განცხადებები სწორედ ამ პრაგმატულ პოლიტიკურ ჭრილში ჯდება. საქართველოს აღმოსავლეთით არსებობს უძლიერესი სახელმწიფო ჩინეთი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ძალიან სჭირდება და მას პარტნიორად განიხილავს.
არსებობს სამხრეთი თავისი არაბული სამყაროთი და არსებობს, რაც მთავარია, საქართველო, რომელიც სჭირდება, როგორც დასავლეთს, აღმოსავლეთს და სამხრეთს. ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური დერეფნის მატარებელი სახელმწიფოა. ვნახეთ ამხელა ქვეყანა ჩინეთმა, პატარა სახელმწიფოს პრემიერი ღარიბაშვილი როგორ პომპეზურად მიიღო. ეს კონტრასტი ძალიან თვალში საცემია, ამიტომ გამორიცხულია ამერიკაში მყოფმა, ძალიან პრაგმატულმა პოლიტიკოსებმა არ დაინახონ ის საფრთხე, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებასთან და ქვეყანასთან გააგრძელებენ ცრუ ნარატივებზე ფეიკ ბრალდებებზე დამყარებულ პოლიტიკას, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველო მსოფლიო გეოპოლიტიკურ სივრცეში არ დაიკარგება“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ო ბრაიენის სიტუაციის რეალური ასახვა საქართველოსთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით, გამოწვეული იყო იმით, რომ სადღაც, გარკვეულ მომენტებში მათ გადალახეს ის წითელი ხაზები, რასაც საქართველოსთან, საბოლოო ჯამში, მეგობრული ურთიერთობის დაკარგვას ნიშნავს.
„ჩვენი ე.წ. ოპოზიციის დასავლელი მეკავშირეები და ლობისტები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს მკვდრად ნაშობი წარმონაქმნი, ჩვენი პოლიტიკსოების სახით, როგორმე გამოეცოცხლებინათ. ნებისმიერ ძალისხმევით ცდილობენ, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაში მოიყვანონ. ხან რა სცენარი დაუწერეს და ხან რა. ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლასაც კი არ ერიდებიან, ხელისუფლებაზე არ არის აქ საუბარი. მიუხედავად ამისა, ვერც ერთმა ამ ხერხმა ვერ მიაღწია საწადელ მიზანს. ამიტომ, დასავლეთს მარტივი არჩევანი აქვს გასაკეთებელი, ან გამოფიტულ, გაკოტრებულ ოპოზიციას ბოლომდე სდიოს ან ამ რბოლაში თავად საქართველო დაკარგოს. ჩვენი ქვეყანა მათთვის სამხრეთ კავკასიაში უკანასკნელი ბლოკპოსტია. ამიტომ ო ბრაიანის ანგარიშმა სენატორების წინაშე, მაფიქრებინა ის, რაც უკვე აღვნიშნე, რომ ამერიკის სახლმწიფო დეპარტამენტში ვიღაცეები სულ სხვანაირად დაფიქრდნენ“, - ამბობს ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი მიიჩნევს, რომ, დიდი ალბათობით, ამერიკას აღარ სურს საქართველოსთან ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბოს. მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ თავის დროზე, სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში იყო საქართველო 5 იმ ქვეყანაში მოხსენიებული, რომლის მეშვეობითაც რუსები სანქციებს გვერდს უვლიდნენ. ანალიტიკოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამერიკაში ზოგიერთ პოლიტიკურ წრეებში, ჩვენი ქვეყნის მიმართ პოლიტიკის შერბილება სურთ.
„როგორც ჩანს, ამერიკელებმა თავიანთი წყაროებით რეალური ინფორმაციის გადამოწმება მოახერხეს. კი ბატონო, არსებობს რაღაცა კითხვები, რომელზეც, ალბათ, ჩვენი ხელისუფლება პასუხის გასაცემად მზად არის. ყოველ შემთხვევაში, ო ბრაიანის საუბარში ეს ოპტიმიზმი შეიმჩნეოდა. კარგია და ძალაინ მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით ეს მძიმე კითხვები და ბრალდებები მოიხსნება. კარგია ისიც, თუკი ამერიკელები და ინგლისელები ჩვენი ქვეყნის საბაჟოს წარმომადგენლებთან ერთად, ერთობლივად გააკონტორლებენ იმ ტვირთების გადაზიდვას, რომელიც სანქცირებულთა სიაშია შეტანილი. ჩვენსა და დასავლეთს შორის მსგავსი თანამშრომლობა ბირთვული იარაღის გადატანასთან დაკავშირებით უკვე არსებობს. ამიტომ მსგავსი თანამშრომლობა თუკი ამ შემთხვევაში მოხდება და ამერიკელები, ინგლისელები ადგილზევე დაინახავენ რა ხდება, არავის აღარ ექნება იმის სურვილი, რომ მსგავსი ბრალდებები ჩვენს მიმართ გაჩნდეს. ვფიქრობ, ამით ხელისუფლებამ უნდა ისაგრებლოს და ამ ფორმით თავისი სიმართლის დამტკიცება შეძლოს“, - ამბობს მაისაია.
საბრალო საქართველო, ობოლი ბავშვივით,
გამვლელს და გამომვლელს მუხლებზე ეხვეოდა:
_ დამჩაგრეს, ბატონო, მიშველეთ უდედმამოს! _
თხოვდა ხან საფრანგეთს, ხან რუსეთს.
_ ლექსი იციო?! _ ჰკითხეს საქართველოს,
პატარა საქართველოს, პატარას, _ თვალცრემლიანს...
_ ვიციო! _ უპასუხა, ცრემლები მოიწმინდა;
პატარა საქართველოს პალე-როიალში
შოთა რუსთაველის ლექსი ათქმევინეს.
_ ყოჩაღ! _ მხარზე ხელი დაჰკრა საფრანგეთმა, _
ამ ბავშვს მომავალი დიდი ექნებაო!..
ბოლოს, როგორც იქნა, რუსეთმა იშვილა
პატარა საქართველო, ობოლი საქართველო,
მაგრამ მამობილი მკაცრი გამოადგა;
გაეპარებოდა ხოლმე მამობილსა
და დედის საფლავზე ტიროდა საქართველო.