ჩვენთან ეს პირველად არ ხდება. 1990-იანი წლების დასაწყისში, მოსკოვი არაერთმა ტერორისტულმა აქტმა შეძრა. 1999 წელს საცხოვრებელი სახლების აფეთქებას, რომელმაც დედაქალაქი შოკში ჩააგდო, 300 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო სულ ახლახანს, გასული წლის მარტში ორმა ქალმა ჩრდილოეთ-კავკასიიდან მოსკოვის მეტროში ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, თანაც ერთ-ერთმა ეს „ლუბიანკის“ სადგურზე, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინის გვერდით გააკეთა. მაშინ 43 ადამიანი დაიღუპა
დომოდედოვოს აფეთქება ძალადობის ახალი აქტია, რომლის წყაროსაც შეიძლება იგივე ძალები წარმოადგენდნენ – პატარა, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ტერორისტული რგოლები, რომლებიც ჩრდილოეთ-კავკასიაში მოქმედებენ. ჩეჩნეთის ომის დასრულებიდან ათი წლის შემდეგ ეს რეგიონი კვლავ არასტაბილური ხდება. ანალიტიკოსები იქ მიმდინარე სამოქალაქო ომზე საუბრობენ და ამ რეგიონს ზოგჯერ რუსეთის „შიდა საზღვარგარეთს“ უწოდებენ.
დომოდედოვოს აფეთქება ნაცნობი სცენარით განხორციელდა, როდესაც ტერორისტები ყველაზე მოწყვლად სამიზნეს ირჩევენ. ამ შემთხვევაში ტერაქტი აეროპორტის შენობაში, უსაფრთხოების ზონის მიღმა განხორციელდა. ტერორისტი მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად ადამიანთა მასებს შეერია. სიახლე ამ ტერაქტის საერთაშორისო ასპექტი გახდა. მანб ვინც ის დაგეგმა, რუსეთის ყველაზე ცოცხალი აეროპორტი აირჩია და აფეთქება იმ დროს განახორციელა, როდესაც იქ თვითმფრინავები ჩვეულებრივ მთელი რიგი ქვეყნებიდან, მათ შორის - გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჩამოდის.
ეს იმაზე მიუთითებს, რომ ტრადიციულ მიზნებთან ერთად (რუსეთის მოსახლეობის დაშინება და მათი მხრიდან უსაფრთხოების ზომების არ არსებობის გამო საკუთარი ხელისუფლების დადანაშაულება) გაჩნდა კიდევ ერთი - უცხოელების გაფრთხილება, რომ რუსეთში მოგზაურობა სახიფათოა.
ტერორისტებს თავისუფლად შეეძლოთ თავის სასარგებლოდ გამოეყენებინათ ფიფას გადაწყვეტილება 2018 წელს რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესახებ, ასევე - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება სოჭში 2014 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზე.
რუსეთის ხელისუფლების რეაქცია პროგნოზირებადი იყო. მოსკოვსა და მთელს ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა, დაიწყო გამოძიება, შურისძიების პირობაც გაისმა. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ, მათ ვინც ეს ტერორისტული აქტი დაგეგმა მოძებნიან და გაანადგურებენ, როგორც ეს მარტის აფეთქებების ორგანიზატორების შემთხვევაში მოხდა, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, უსაფრთხოების ზომები კვლავ ნელ-ნელა შესუსტდება, რიგითი მოსკოველებიც შოკიდან გამოვლენ და ქვეყანა გზას განაგრძობს – მომავალ ასეთ შემთხვევამდე.
ასეთია მოვლენების ჩვეული განვითარება, მაგრამ რა თქმა უნდა სხვა ვარიანტებიც არსებობს. ვიღაცამ შეიძლება „სიფხიზლის და უსაფრთხოების ზომების“ გახანგრძლივება მოითხოვოს, მთელი რიგი შემთხვევებისთვის შემოიღოს ახალი შეზღუდვები – ოპოზიციის მიტინგებიდან დაწყებული „ახალი ამბების“ გაშუქებით დამთავრებული. ბევრი დისიდენტისთვის ძალიან ეფექტურად შეიძლება პირის ამოკერვა და მათზე „ტერორისტთა გამქეზებლების“ იარლიყის მიკვრა. ასეთი მიდგომა ასევე მოითხოვს უფრო მასშტაბური ანტი-ტერორისტული ოპერაციების ჩატარებას ჩრდილოეთ-კავკასიაში.
მოქმედების მეორე ვარიანტი კი იმ ხვრელების გადაკეტვას გულისხმობს, რომელსაც ტერორისტები რუსეთის მოწყვლად სამიზნეებთან მიახლოვებისთვის იყენებენ. ერთი აბსოლუტურად ცხადი ამოცანა მილიციის რიგებში კორუფციის შემცირებაა. ჯერ-ჯერობით, მედვედევის მიერ გამოცხადებული მილიციის რეფორმა ამ ორგანიზაციის ტრაფარეტის შეცვლას ჰგავს, რომელიც თავად ხელისუფლების აღიარებით კორუფციის ჭაობშია ჩაფლული და დიდწილად არაპროფესიონალურად და მოუქნელად მოქმედებს. მეორე ამოცანაა სპეცსამსახურების ძალისხმევის მიმართვა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ტერორიზმის პრევენცია, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლა, რიგითი მოქალაქეების სიცოცხლის და კეთილდღეობის დაცვა. სადაზვერვო თანამეგობრობამ მისთვის მიბაძვის სხვა მაგალითი უნდა ეძებოს და უარი თქვას უიღბლო ჯაშუშ ანა ჩაპმანის მაგალითზე (ყველაზე ცნობილი „არალეგალი“ ჯაშუშების ქსელიდან, რომლის დეპორტაციაც აშშ-დან შარშან ზაფხულში მოხდა).
თუკი რუსეთის ხელისუფლება ჩვეულ გზას დაადგება, დომოდედოვოს ტერაქტმა შეიძლება რუსეთში ეთნიკური დაძაბულობა გაამწვავოს. გასულ თვეებში კრემლის კედლებთან მიმდინარე არეულობების შემდეგ უკვე ღიად გამოხატული ანტი-კავკასიური განწყობები, შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს, ხოლო ჩრდილოეთ-კავკასიაში მცხოვრები რუსები თავს უფრო არაკომფორტულად იგრძნობენ. მოსკოვს ამგვარი სცენარის თავიდან აცილების ყველა საფუძველი და მიზეზი აქვს. სხვა საკითხია შესძლებს თუ არა ის ამის გაკეთებას.
მოსკოვის ხელისუფლებამ რამე უნდა იღონონ, მაგრამ ისინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაყვნენ ცდუნებას და ტერორისტული საფრთხე პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენონ. მომდევნო თოთხმეტი თვის განმავლობაში რუსებს ჯერ სახელმწიფო დუმის, შემდეგ კი პრეზიდენტის არჩევა უწევთ. რა თქმა უნდა ლიბერალების პატარა ჯგუფისთვის ქალაქის ცენტრში მიტინგის ჩატარების აკრძალვა შეიძლება, მაგრამ ყალბი „საგანგებო მდგომარეობის“ გამოცხადებით, რუსეთი ყველა ზღვარს გადააბიჯებს და ხელისუფლების მცდელობა - მოიპოვოს მოდერნიზაციის განხორციელებაში დასავლეთის მხარდაჭერა, ჩაიშლება.
სახელმწიფოს ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ სიტუაციას სერიოზულად მიუდგეს და ამჯერად მართლაც რაღაც ღირებული გააკეთოს, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის. არ შეიძლება რიგითი რუსები არ ამჩნევდნენ იმას, რომ მათ ქვეყანაში მცველებით გარშემორტყმული ადამიანები მეტროში ოცი წელია არ ჩასულან. ასეთი ხალხი კერძო აეროპორტებით და VIP-დარბაზებით სარგებლობს. ის, რაც ადრე სახელმწიფო უსაფრთხოება იყო, ელიტის და მმართველი რეჟიმის უსაფრთხოებად გადაიქცა, მაგრამ უსაფრთხოება საზოგადოებრივი უნდა იყოს. ტერორისტები საზოგადოების დაუცველობით სარგებლობენ. ეს მართლაც ფეთქებადსაშიში პრობლემაა.
[foreignpress.ge]