საქართველოში პირველი მსხვილი ენერგეტიკული ინვესტიცია უკვე გამოჩნდა. კულუარული ინფორმაციით, ბევრი ბიზნესმენი თუ კომპანია საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებას ელოდება და როგორც კი ქვეყანაში სტაბილურობის განცდა შეიქმნება, ისინი კონკრეტული პროექტის განხორციელებაზე დაიწყებენ ფიქრს. არჩევნებამდე დიდი დრო მართლაც აღარ არის დარჩენილი და ინვესტორთა ბუმის მოწმენიც, სავარაუდოდ, მალე უნდა გავხდეთ.
როგორც ჩანს, ძირითადი პროექტები ენერგეტიკასთან იქნება დაკავშირებული, რადგან ცნობილია, რომ საქართველოს დიდი რაოდენობით აუთვისებელი ჰიდრორესურსები გააჩნია. ყველაზე მასშტაბური პროექტი კი, სადაც შეიძლება ყველაზე დიდი ინვესტიცია ჩაიდოს, სავარაუდოს „ხუდონჰესი“ იქნება.
პროექტის პირველი საჯარო განხილვა უკვე დაიწყო. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, „ხუდონჰესის“ მშენებელი კომპანია გამოყვანილია მორატორიუმიდან და მშენებლობის ნებართვის მიღების ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდა. როგორც კახა კალაძე აცხადებს, ამ პერიოდის განავლობაში, კომპანიამ უნდა შეისწავლოს თითოეული ოჯახის მდგომარეობა და მათთან მოლაპარაკებები დაიწყოს განსახლების თაობაზე.
„ხუდონჰესის“ მშენებლობის დასრულება ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში გადაწყდა და ინდურ კომპანია Trans Electrica LTD-სთან მილიარდდოლარიანი კონტრაქტის გაფორმებასაც აპირებდა, თუმცა ამასობაში ხელისუფლებაც შეიცვალა.
„ერთადერთი მსხვილი ობიექტი, სადაც შეიძლება ინვესტორი შემოვიდეს და ფული ჩადოს, ენერგეტიკაშია. სხვა ძვირადღირებული ობიექტები ამ წუთში, ინვესტორებისთვის გამზადებული ჩვენ არ გვაქვს“, - აცხადებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ემზარ ჯგერენაია.
მისივე განმარტებით, ინვესტიცია ჰაერივით გვჭირდება და ქვეყნისთვის ერთადერთი ხსნა ენერგეტიკული პროექტებია, სხვანაირად საინვესტიციო შიმშილს ვერ აღმოვფხვრით.
რაც შეეხება ხუდონჰესს, ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ ეკონომისტის პოზიციიდან ის მშენებლობის დაწყებას ემხრობა.
„დისკუსია ეხებოდა ეკოლოგიურ პრობლემებსა და მოსახლეობის საკითხს, მე როგორც ეკონომისტი, გეუბნებით, რომ ეს არის ინვესტიცია, რომელიც ქვეყანას ჰაერივით სჭირდება.
ენერგერტიკაში დღესაც დეფიციტი გვაქვს, მომავალი სამი-ოთხი წლის განმავლობაში, მინიმუმ, 3-5%-ით მაინც გაიზრება, ამიტომ აუცილებლად გვჭირდება ჰუდონის რესურსი. ეკონომიკაში მისი შემცვლელიც კი არ არსებობს. ენერგეტიკაში სხვა ყველა პროექტი პატარაა, ეს არის ეკონომიკურად ძლიერი და მსხვილი საინვესტიციო ობიექტი“, - აცხადებს ჯგერენაია.
საქართველოში 26 ათასი მდინარეა და წლიურად 80 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი. თუმცა, დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისთვის მხოლოდ სამი მდინარეა მიმზიდველი: ენგური, რიონი და მტკვარი.
ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე თვლის, რომ ეს პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს, თუმცა ახალი სტანდარტებისა და ტექნოლოგიების გათვალისწინებით.
„ვფიქრობ, რომ საბჭოთა დროინდელი პროექტი, რომელიც არ ითვალისწინებდა მაღალი დონის ეკოლოგიურ მოთხოვნებს, იმ ფორმით, რა ფორმითაც მაშინ არსებობდა, არ უნდა განხორციელდეს. თუმცა „ხუდონჰესის“ აშენება თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულიად უსაფრთხოა.
საქმე ის არის, აქ სრულიად სხვა პრობლემებია. იგივე მწვანეების მიმართ ატეხილი ხმაურიც მთლად სწორი არ არის. უბრალოდ, იქ ძალიან ბევრი სამუშაოა შესრულებული, დაკონსერვებულია და საფრთხე დევს იმაში, რომ არ გაგრძელდეს ის საბჭოური პროექტი, რადგან მაშინ გაცილებით განსხვავებული მოთხოვნები იყო“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.
შეგახსენებთ, რომ ხუდონჰესის მშენებლობა 1979 წელს დაიწყო. მდინარე ენგურის მთელ სიგრძეზე ათვისების გრანდიოზული გეგმა საბჭოთა საქართველოს „ინდუსტრიული ოცნების“ ნაწილი იყო. მდინარის ქვემო დინებაზე ენგურჰესისა და ოთხი ვარდნილის კასკადის აგების შემდეგ, ჯერი ზემო დინებაზე მიდგა.
ზემო სვანეთში ხუდონჰესისა და დამატებითი ვარდნილების (600 მეგავატიანი ტობარჰესი და და 69 მეგავატიანი ნენსკრის კასკადი) აგება დაიგეგმა. დამატებითი ჰესების აშენების მთავარი მიზანი რუსეთის სამხრეთ რაიონების ელექტროენერგიით მომარაგება იყო. პროექტი 1979-82 წლებში „თბილჰიდროპროექტში“ დამუშავდა და მოსკოვში დამტკიცდა, რადგან 300 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ჰესის მშენებლობა იმ პერიოდში საკავშირო დონეზე წყდებოდა.
1988 წელს საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი ეროვნულ მოძრაობასთან ერთად ხუდონჰესის მშენებლობას დაუპირისპირდა. იმ დროისთვის ჰესზე სამუშაოების 25 პროცენტი უკვე შესრულებული იყო, გაწეული ხარჯი კი 150 მილიონ მანეთს შეადგენდა.
1988 წელს სპიტაკში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ასობით ათასიანი მიტინგები იმართებოდა. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, 1989 წელს ხუდონჰესის მშენებლობა შეჩერდა.
90-იანი წლების ბოლოს ხუდონჰესის მშენებლობის აღდგენის აუცილებლობაზე საუბარი ისევ განახლდა, მაგრამ ძვირადღირებული პროექტისთვის რეალური ინვესტორი ვერ მოიძებნა.
პირველად, 25 წლის შემდეგ საქართველოს კვლავ მიეცა ისტორიული პროექტის განხორხიელების შანსი.
„ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, ადგილი, სადაც ჰესი უნდა აშენდეს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი რეგიონია. ამასთან, ხუდონჰესი არ იქნება იმხელა ჰესი, რომ რაღაც სერიოზული საფრთხეები შექმნას ქვეყნისთვის. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჯერჯერობით, არაინფორმირებულები ვართ. ვიდრე 2020 წლამდე ქვეყნის სტრატეგიული განვითარების გეგმა არ დამტკიცდება, სადაც ასახულია ენერგეტიკული საკითხებიც, მანამდე რაიმე სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაზე საუბარი ნაადრევია“, - მიიჩნევს დემურ გიორხელიძე.