პრეზიდენტის სარეზერვო ფონდების მდგომარეობა გამოსაძიებელია, რადგან ამ ფონდიდან თანხებს მიხეილ სააკაშვილი არა ფორსმაჟორულ სიტუაციებში, არამედ გასართობ ღონისძიებებზე ხარჯავდა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე გაზეთ "ალია"-სთან ინტერვიუში აცხადებს.
დეპუტატი აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ საუბარი მილიარდობით ლარის ხარჯვაზეა და ამისთვის პასუხი მხოლოდ სააკაშვილს კი არა კიდევ "ერთ-ორ ტიპს მოეთხოვება, რომლებიც დღეს "ქართულ ოცნებაში" აპირებენ გადასახლებას".
დავით ლორთქიფანიძის თქმით, ის ამ ორ პიროვნებაში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს - კობა ნაყოფიასა და პაატა ლეჟავას გულისხმობს. მისივე თქმით, სწორედ მათ სურთ "ქართულ ოცნებაში" გადასვლა და საპარლამენტო უმრავლესობაშიც არის ამაზე საუბარი.
"აი ეს ადამიანები იყვნენ სააკაშვილის ფონდების ბენეფიციარები, ძირითადად ესენი ავსებდნენ. თუ 27 ოქტომბერს კოჰაბიტაციის დამთავრებას ვაპირებთ, ამ ხალხით უნდა დავიწყოთ. როდესაც მე კოჰაბიტაციას ვაკრიტიკებდი, კოალიციაში ზოგიერთი ძალიან ღიზიანდებოდა, პირადად ვერაფერს მეუბნებოდნენ, მაგრამ უხერხულობას აშკარად ვგრძნობდი. ახლა ეს ადამიანები ხმამაღლა გაჰყვირიან - არიქა, ოქტომბერში კოჰაბიტაციას ვამთავრებთო, ამ დროს აპირებენ კობა ნაყოფიას და პაატა ლეჟავას შემოერთებას", - აცხადებს იგი.
ლორთქიფანიძის თქმით, "ეს ადამიანები ყველაფერს მისცემენ, მათ შორის ერ ადგილსაც, ოღონდ თბილ ადგილზე მოსხდნენ".
"კოალიციაში კობა ნაყოფიას გადმოსვლის შესაძლებლობა ძალიან დიდ აგრესიას იწვევს პირადად ჩემში და ბევრ ჩემს კოლეგაშიც. ნაყოფიამ ჯერ მთელი ქართული სიმდიდრე შეჭამა, ახლა საყდრისს მიადგა, ისტორიული ძეგლის სტატუსის მოხსნა უნდა და ამ ტერიტორიების დათრევას ცდილობს. პრობლემა ისაა, რომ ამ ყველაფერს კოალიციის ლიდერები საჯაროდ ვერ ამხელენ, კი ბატონო, პირად საუბრებში ამბობენ", - აღნიშნავს ლორთქიფანიძე.
აქვე დეპუტატი იმასაც აცხადებს, რომ კოალიციაში არიან ადამიანები, "რომლებიც თავს უფროსებად მოიაზრებენ და ისინი აწარმოებენ კობა ნაყოფიასთან და პაატა ლეჟავასთან ფარულ მოლაპარაკებებს".
"ეს ხდება რაღაცის სანაცვლოდ. კოალიციის ე.წ. უფროსები ამბობენ, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი საქმე. თურმე მათ საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში მხარი უნდა დაგვიჭირონ. კი ბატონო, თუ უნდათ მხარი დაგვიჭირონ, ამისთვის აუცილებელი არ არის "ქართულ ოცნებაში" გადმოსვლა და დანაშაულის პატიება", - აცხადებს იგი.
კითხვაზე, თუ ვინ არიან დაინტერესებულნი კოალიციაში ნაყოფიას ბედით, ლორთქიფანიძე ასე პასუხობს:
"რა მიხვედრა მაგას უნდა? ვისაც თავი მოაქვს, რომ თვითონ არის ყველაფერი, ცდილობს შეიფაროს ყაჩაღები, მერე აქეთ ავრცელებენ ჭორებს, თურმე მე გოგი ქავთარაძე, მურმან დუმბაძე და სოსო ჯაჭვლიანი ნინო ბურჯანაძესთან ვაპირებთ გადასვლას. თურმე უკვე ფრაქციას ვქმნით პარლამენტში. მე ვფიქრობ, ვიღაც ვიღაცებს დისკომფორტს ვუქმნით პარლამენტში და ამიტომ გვიგორებენ შავ პიარს", - აცხადებს იგი.