"13 სექტემბერს პოლიციამ ბათუმში რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ჩეჩენი იუსუფ ლაკაევი და მისი თანმხლები პირები - მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე და მწვრთნელი თემურ ბახუნტარიძე დააკავა. დაკავებისას ჩეჩენმა პოლიციელებს ესროლა, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა. სროლისას დაიჭრნენ პოლიციელი, შემთხვევითი გამვლელი და თავად ლაკაევი. აღსანიშნავია, რომ მომხდარიდან რამდენიმე კვირით ადრე ფირუზ წულუკიძე აცხადებდა, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატზე არ გაუშვეს იმ მოტივით, რომ საეჭვო ხალხთან კავშირში იყო შემჩნეული. ამასთანავე, იუსუფ ლაკაევი სოჭის ოლიმპიადისთვის საფრთხის შემცველი პირების 81-კაციან სიაში 48-ეა. აღნიშნული სია რუსულმა გამოცემა `რასიისკაია გაზეტამ~ მიმდინარე წლის მარტში გამოაქვეყნა. გაზეთი "ყველა სიახლე" ფირუზ წულიკიძის ძმას, რეზო წულუკიძეს ესაუბა", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით "ჩემს ძმას რომ სცოდნოდა, ვინ იყო ლაკაევი, მასთან ერთად არ იქნებოდა" / "გარეგნობის გამო გვიწოდებენ ვაჰაბიტებს~
"ჩემი ძმა შემთხვევითობის მსხვერპლია, უნებურად მოხვდა ამ გაურკვევლობაში. ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ლაკაევი არის ჩეჩენი არალეგალი, რომელსაც ეძებს რუსეთი. ჩემს ძმას ეს ყველაფერი რომ სცოდნოდა, დამერწმუნეთ, მასთან ერთად არ იქნებოდა. ის სახლი, სადაც ლაკაევი იყო დაბინავებული, ჩემმა ძმამ ადრე დაიქირავა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფირუზი ცოლშვილთან ერთად ზუგდიდში დაბრუნდა, ბათუმის ბინაში კი თავის მეგობარი მოჭიდავეები დატოვა. ჩემი ძმა ზუგდიდში ცხოვრობდა და ერთი კვირის წინ ჩავიდა ბათუმში. როგორც ვიცი, ვიდრე იუსუფ ლაკაევი ბათუმში მოხვდებოდა, ჯერ დაინტერესდა, სანდო მუსლიმანები ვინ იყვნენ საქართველოში, ინტერნეტის მეშვეობით ის დააკავშირეს თემურ ბახუნტარიძესთან და ასე აღმოჩნდნენ ეს ადამიანები ერთად. იარაღი კი ვისია, არ ვიცი. გამოვრიცხავ, ის იარაღი ჩემი ძმის იყოს, ან იმ ბავშვების, ვინც იქ ცხოვრობდა. დარწმუნებული ვარ, ხელშიც არ ჰქონია იარაღი ჩემს ძმას", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რეზო წულუკიძე და შეკითხვას - "ვაჰაბიტები ხართ?" - პასუხობს:
"ბევრს ჰგონია ასე, მაგრამ რა სისულელეა. რა ვაჰაბიტი, არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი. გარეგნობის გამო გვეძახიან ვაჰაბიტებს. საერთოდ რა არის ვაჰაბიტი, გამარკვიეთ! ჩვენ ვართ მუსლიმანები და სათუთად ვიცავთ ყველა კანონს, რასაც ჩვენი რელიგია ითვალისწინებს. ჩემი ძმა რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ გაუშვეს ვფიქრობ, რომ ეს უბრალო დამთხვევა იყო, არ ვიცი, ვინ იგულისხმა პოლიციამ მაშინ. დარწმუნებული ვარ, ჩემმა ძმამ ლაკაევი მაშინ გაიცნო, როცა ის საქართველოში ჩამოვიდა. ჩემი ძმა არ ურთიერთობდა საშიშ ადამიანებთან. დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ამ ყველაფერში რელიგიური ნიშნით დევნას ვხედავ. ბათუმში ბევრი მუსლიმანი ცხოვრობს, მაგრამ მათგან განსხვავებით, ფაქიზად ვუყურებთ ჩვენს რელიგიას და ეს გარეგნულადაც გვეტყობა. ბახუნტარიძე კი ოფიციალურად მწვრთნელი არ არის. ფირუზის მწვრთნელები ლევან შავაძე და გელა ჯანელიძე არიან. სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან მართლა არაფერი ვიცი და ჩემი ძმის უდანაშაულობაშიც დარწმუნებული ვარ".