[ნინო მიქიაშვილი]
პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილმა კითხვებსა და მადლობებზე პასუხის გაცემა დათქმულ დროზე 5 წუთით გვიან დაიწყო და დაახლოებით სამი საათი გააგრძელა. წამყვანებისგან შევიტყვეთ, რომ 10 000 კითხვა შეგროვდა და რომ გადაცემის დროს, მთელი საქართველოდან ჩაერთვებოდნენ სხვადასხვა სახით და კითხვებს დასვამდნენ მისაქციელიდან, ბათუმიდან, მესტიიდან, მარნეულიდან. პირველი კითხვა ონიდან ზაირა კობახიძემ დასვა, ცარიელი, მოწნული კალათით ხელში - რას აკეთებთ იმისთვის, რომ ფასების ზრდის ფონზე ჩვენ ცხოვრება შევძლოთო. ანალოგიური შინაარსის კითხვები თბილისიდან და ბორჯომიდანაც დაისვა, რაზეც სააკაშვილმა ამგვარი შინაარსის პასუხი გასცა:
ადრე ჩინელები მშივრები იყვნენ, ველოსიპედებით დადიოდნენ, ახლა დანაყრებულებიც არიან და ველოსიპედების ნაცვლად მანქანებით დადიან; ჩვენ დღეს გვიჭირს, მაგრამ ტურიზმი განვითარდება დამატებით რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი გაჩნდება; ჩვენ განვითარებაში სხვებს ვერ ჩამოვრჩებით, განსაკუთრებულად წარმატებულები უნდა ვიყოთ, რომ გარშემო არსებული რისკების ფონზე გადარჩენა შევძლოთო.
მისაქციელიდან პირდაპირი ჩართვა მოხდა, მაგრამ იქაურებმა კითხვების ნაცვლად მადლობების კორიანტელი დააყენეს და გარკვეული თხოვნებით გამოვიდნენ, რაც ეხებოდა სახნავ-სათესი ტექნიკის უქონლობას, განათებულ ქუჩებს, წყლის პრობლემას. გაცემული პასუხიდან შევიტყვეთ ის, რომ აქამდე რამდენიმე ათასი ტრაქტორი შემოუყვანიათ, მაგრამ მთელი საქართველო, რომ დაფაროს, კიდევ ორი ათასია საჭირო და ორ წელიწადში მთელი საქართველო ტრაქტორებით დაიფარება.
მისაქციელის შემდეგ ბათუმიდან ჩაერთვნენ და როგორც წამყვანმა აღნიშნა, იქ იყვნენ აჭარის სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსულები, მაგრამ ისე მოხდა, რომ ორი კითხვის დასმის შემდეგ კავშირი გაწყდა, განახლება არავის უცდია, ისე დაიწყო სააკაშვილმა მანამდე დასმულ ორ კითხვაზე პასუხის გაცემა - მაღალმთან აჭარაში, ადგილობრივების მდგომარეობა მაშინ გაუმჯობესდება, როცა სათხილამურო ტურიზმი განვითარდება, კონსტრუქტორებად გაზრდილები თანხას დააგროვებენ, სასტუმროებს ააშენებენო... მეორე კითხვა მაღაზიის მეპატრონემ დასვა - საბაჟოზე თანხას ვიხდით, მაგრამ სხვები არ იხდიან და ტანსაცმელს იაფად ყიდიან, გთხოვთ, ამ პრობლემას მიხედეთო. აი, ამის შემდეგ გაწყდა თუ გაწყვიტეს კავშირი ბათუმთან.
ბათუმში დასმული კითხვების შემდეგ იმ სტუდიიდან დაისვა კითხვები, რომელშიც თავად სააკაშვილი იჯდა - მარჯანიშვილის თეატრიდან ეკა მეზვრიშვილი დაინტერესდა, რა გეგმები აქვს სააკაშვილს დასაქმების საკითხთან დაკავშირებით. 122-ე სკოლის დირექტორი, მარიამ რამინაშვილი დაინტერესდა პედაგოგების ხელფასების ზრდა თუ იგეგმება. 24-ე სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა, მანანა ახობაძემ იკითხა, დიდხანს გაგრძელდებოდა თუ არა ინგლისუროენოვანი პედაგოგების აქ ყოფნა, რომელთაგან თავად მას და გარშემო სხვებს დიდი გამოცდილება მიუღიათ.
გაცემული პასუხიდან სიახლე ის გახლდათ, რომ ამიერიდან ინგლისურენოვან პედაგოგებთან ერთად უცხოეთიდან გერმანულენოვანები და ფრანგულოენოვანებიც შეიძლება ჩამოიყვანონ, რაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სააკაშვილმა თქვა ისიც, რომ იტალიის საელჩოს უკვე ათი იტალიურენოვანი პედაგოგი ჩამოუყვანია. ენები რომ უნდა ვისწავლოთ, იმისთვის, რომ მსოფლიოში კონკურენტუნარიანები ვიყოთ, ეს სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, მაგრამ ის აღარ დაუკონკრეტებია, იტალიური და ფრანგულიც ისეთივე სავალდებულო იქნება, როგორც ინგლისური ენაა, თუ ფრანგული, გერმანული, იტალიური და ასე შემდეგ, აქ მეორეხარისხნოვან ენებად ჩაითვლება.
სტუდიიდან დასმული სამი კითხვის შემდეგ სტუდენტები ჩართეს, ერთობ საინტერესო კითხვებით. ერთ-ერთი მაგალითად ბათუმში უნივერსიტეტის მშენებლობის საკითხს ეხებოდა. პასუხიდან შევიტყვეთ, რომ სააკაშვილი ოცნებობს კავკასიაში ყველაზე დიდი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბათუმში გახსნაზე, რისთვისაც მიწა უკვე გამოუყვიათ, არქიტექტორებს შორის საერთაშორისო კონკურსი გამოუცხადებიათ; ბათუმში რომელიმე ამერიკულ უნივერსიტეტს შემოიყვანენ, რომელშიც გაიზრდებიან მსოფლიოში საუკეთესო ინჟინრები.
სტუდენტების შემდეგ საინფორმაციო ცენტრიდან “რუსთავი 2“-ის წამყვანი, ქეთი კვაჭანტირაძე ჩართეს. მან გვაუწყა, რომ იმ უამრავი შეკითხვიდან, რომელიც მათთან ორი დღის განმავლობაში შევიდა, პირდაპირ ეთერში ისაუბრებდნენ იმაზე, რაზეც ყველაზე ხშირად იკითხეს საქართველოს მოქალაქეებმა. ორი კითხვა დაისვა და ორივე ეხებოდა სოციალურ სფეროს. შემდეგ ჩაწერილი კითხვები მოვისმინეთ - წამლების ფასი რატომ იზრდება, მკურნალობის საშუალება არ გვაქვს, დაგვეხმარეთო და ასე შემდეგ. სტუდიიდან დასმული ერთი კითხვის შემდეგ, რომელიც სამედიცინო სფეროს ეხებოდა, მიხეილ სააკაშვილმა პასუხი გასცა - თქვა ის, რაც არაერთხელ უთქვამს. შემდეგ რეკლამა გამოცხადდა.
რამდენიმე წუთიანი შესვენების შემდეგ შიდა და საგარეო პოლიტიკაზე გადაინაცვლეს და პირველი კითხვა ჟურნალისტმა ვახო სანამიამ დასვა, რომელიც ეკატერინე კოტრიკაძესთან ერთად შეხვედრას უძღვებოდა - აპირებთ თუ არა პრემიერ-მინისტრობას, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო ვადა ამოგეწურებათო. ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემას სააკაშვილმა თავი აარიდა, არც ხო თქვა და არც არა.
მეორე კითხვა ეკატერინე კოტრიკაძემ დასვა, ოპოზიციის სიძლიერესთან დაკავშირებით. პასუხიდან შევიტყვეთ, რომ სააკაშვილი ოცნებობს ისეთ ოპოზიციაზე, რომლის მიერ ხელისუფლების ჩანაცვლება ქვეყნისთვის კატასტროფის მომტანი არ იქნება. ამის შემდეგ კითხვები იმ სტუდიიდან დასვეს, სადაც სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები ისხდნენ. კითხვები დასვეს წარმომადგენლებმა, შემდეგი მედია-საშუალებებიდან: “ლიბერალი“, მედია-სახლი “კვირის პალიტრა“, “პრაიმ-ტაიმი“, “რეზონანსი“, “ჰერეთი“, “ტვ25“ და “მაესტრო“.
პირველი ორი კითხვა ბოლო დღეებში დევნილების გამოსახლებას ეხებოდა. ასევე დაისვა კითხვები მედიამფლობელების ლუსტრაციის შესახებ, მაუწყებლობის ლიცენზირების გამარტივების წესის შესახებ, საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის გამარტივების შესახებ და მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველი მეზღაურების შესახებ.
“ტვ25“-ის ჟურნალისტი, ნათია როყვა დაინტერესდა - დაკავებული მეზღვაურების სიცოცხლეზე პასუხისმგებელი ვინ არის, მაშინ, როცა მათ გამოსახსნელად გარკვეულ თანხას ითხოვენ, ხოლო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, კონცერტების მოსაწყობად მილიონები იხარჯებაო.
დევნილებთან მიმართებაში ახალი არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ სულით ხორცამდე შეძრულია, იმის გამო, რომ ათასობით ადამიანი მოწყვეტილია თავის საცხოვრებელს და უსახლ-კაროდ დარჩენილებს პრობლემებთან შეჯახება უწევთ. ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვებიდან ყველაზე უსიამოვნო “ტვ25“-ის ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვა აღმოჩნდა, მეკობრეების მიერ დატყვევებულ მეზღვაურებთან დაკავშირებით.
მიხეილ სააკაშვილს მეზღვაურებზე, არც ერთი სიტყვა არ უთქვამს, პირდაპირ კონცერტებით დაიწყო; “თქვენ რა გგონიათ, ასლანის დროს 120 ათასი კაცი რატომ ჩამოდიოდა და ახლა მილიონი რატომ ჩამოდის, კლიმატი შეიცვალა თუ მთის წვერი მოვხერხე, როგორც ზოგიერთები ამტკიცებენენ?!“ - მიმართა ჟურნალისტს და განაგრძო - ეს ხდება იმიტომ რომ სახელმწიფომ ბევრი ღონისძიება გაატარა ტურიზმის განსავითარებლად. საქართველო მრავალსაუკუნოვანი ერია, სულ ტერიტორიას ართმევდნენ, მაგრამ სიმღერა, ნაწარმოებების შექმნა, რომ შეეწყვიტა, აღარ იარსებებდა;
მეფეები ყველაზე დიდი გაჭირვების ჟამს წიგნებს აწერინებდნენ, ეკლესიებს ახატინებდნენ, რათა ეს სული არ დაკარგულიყო; მაშინ თავზე დავიყაროთ ნაცარი და ვთქვათ, რომ არც კონცერტი იქნება, არაფერი და მაშინ თქვენ გექნებათ სარეკლამო შემოსავალი? რასაც ვხარჯავთ, ათჯერ მეტი ტურისტი ჩამოდის, რამდენიმე ქვეყნის პირდაპირი ეთერით გადაიცემა აქ გამართული კონცერტები, ახლა საფრანგეთის არხზე გავა და ეს არის ჩვენი გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ ცოცხლები ვართ, გავძლიერდებით, მოვიკრებთ ძალას და აუცილებლად მოვიგებთ ომს, რომელშიც ვიმყოფებით; მართალია, კონცერტებით ომს ვერ მოვიგებთ, მაგრამ კონცერტი გამოხატავს იმას, რომ ჩვენ ვცოცხლობთო.
ჟურნალისტების შემდეგ იმ სტუდიიდან დაისვა ორი კითხვა, რომელშიც თავად სააკაშვილი იჯდა. თსუ-ს პროფესორ ვასილ კაჭარავასგან შევიტყვეთ, რომ თურმე ობამასთან მესამე შეხვედრაც იგეგმება. ამაზე სააკაშვილს არაფერი უთქვამს, მაგრამ თქვა იმაზე, ობამას ორჯერ ხელი, რომ ჩამოართვა და ესაუბრა. მისგან შევიტყვეთ, რომ ჩვენთან თურმე სხვადასხვა ქვეყნების მინისტრები ისეთი სიხშირით ჩამოდიან, აქ არსებული რეფორმების შესასწავლად, რომ მასპინძლობას ვერ ავუდივართ.
მისგან გავიგეტ ისიც, რომ თურმე საქართველო მსოფლიოში გლობალური მოთამაშის როლს ინარჩუნებს, რომ ჩვენ ვართ ნომერ პირველები კორუფციასთან ბრძოლაში და ნომერ პირველი რეფორმატორი, მსოფლიოში (მას არ დაუკონკრეტებია რომელი რეიტინგებითა და კრიტერიუმებით ვართ პირველები).
სააკაშვილმა თქვა ის, რომ მისი გული აფხაზეთშია, რომ ომი არ დამთავრებულა და რომ ომს აუცილებლად მოვიგებთ, თუ არ შევდრკებით.
შეხვედრა დაახლოებით ორსაათნახევრის დაწყებული იყო, როცა ნიუ-იორკიდან, თელავივიდან, პარიზიდან, ლონდონიდან კითხვები დასვეს იქაურმა ქართველებმა, რაც ბიზნესს, ტურიზმს და უცხოეთში სასწავლებლად გადახვეწილი ქართველების უკან შესაძლო დაბრუნებას ეხებოდა. უცხოეთში მყოფი ქართელების შემდეგ კითხვები მარნეულიდან დასვეს. შემდეგ მესტია ჩაერთო - დიდი მადლობა, რაც ჩვენთვის გააკეთეთ და სვანეთი ასეთი მიმზიდველი გახადეთ და კიდევ რას გეგმავთ ჩვენთვის, უშგულში გზა როდის აღდგება და ისტორიული უბნების რეაბილიტაცია როდის მოხდებაო. მოკლე პასუხი ასეთი ასეთი გახლდათ - ძალიან მოკლე დროში ყველაფერი გადაცხვაფერდება, მთელი მესტია სხვანაირი იქნება, მესტია “ნიუ-იორკ ტაიმსა“ მეექსვე ტურისტული დანიშნულების ადგილად შეიყვანა, რომელიც მსოფლიოში ყველამ უნდა ნახოსო.
ბოლო კითხვა ხელოვნებათმცოდნე მარიკა დიდებულიძემ დასვა, თურქეთ-საქართველოს შორის ხელმოსაწრად გამზადებულ ხელშეკრულებაზე. სააკაშვილმა თქვა, რომ თურქები მეჩეთს გვთხოვენ, რომელშიც კულტურული ცენტრი იქნება და მათ ტერიტორიაზე არსებულ ძეგლებშიც ტურისტული ცენტრები იქნება; ეს ქვეყანა ქრისტიანულია, მაგრამ აქ ათობით ათასი მუსულმანია და ვინც ამბობს, რომ მეჩეთის მშენებლობა არაქრისტიანულია, ის სახელმწიფოებრიობის ყველაზე მთავარ ფუნდამენტს ეხება; საქართველოში დღეს 200-ზე მეტი მეჩეთი მოქმედებს და ის რომ კიდევ ერთის აშენებით იქმნება თემა, მტრის წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავსო.
პირდაპირ ეთერში კითხვების დასმა შვიდის 5 წუთზე დაიწყო და ცხრას აკლდა 15 წუთი, რომ დასრულდა.