ვინ და რატომ მალავს პატიმართა ზუსტ რაოდენობას?

ვინ და რატომ მალავს პატიმართა ზუსტ რაოდენობას?

[დალი ბჟალავა]

საქართველოში პატიმართა რაოდენობის შესახებ დღეს სხვადასხვა მონაცემები არსებობს. თუმცა ზუსტი ციფრი რამდენი პატიმარი ჰყავს ქვეყანას, ხელისუფლება არ ამხელს. არასამთავრობო სექტორი კი, ზუსტ ინფორმაციას ვერ ფლობს.

არასამთავრობო სექტორის ინფორმაციას თუ დავეყრდნობით საქართველოში პატიმართა რაოდენობა 30 000-ს აღემატება. მათივე მონაცემებით, აქედან 5 000 ქალი და 4000-მდე - არასრულწლოვანია. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის დაცვის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, დიდი ხანია ცდილობს გაარკვიოს პატიმართა ზუსტი რაოდენობა. ის, სასჯელაღსრულების სამინისტროსგან პატიმართა რაოდენობის ოფიციალურად გამოქვეყნებას, ითხოვს თუმცა, ამაოდ. 

სამინისტროს საიტზე მხოლოდ 2009 წლამდე მონაცემებია განთავსებული, რომლის თანახმად, 2008 წელს საქართველოში პატიმართა რაოდენობა 18 496-ს შეადგენდა. აქედან 764 იყო ქალი, ხოლო - 279 არასრულწლოვანი. 

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით 2003 წელს საქართველოში პატიმართა რაოდენობა 6 274-ს შეადგენდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 5 წელიწადში კი, მათი რაოდენობა ფაქტობრივად გასამმაგდა. 

პრესაგე.ტვ შეეცადა გაერკვია რატომ არ აქვეყნებს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდული დახმარების სამინისტრო პატიმართა რაოდენობას. პრესსამსახურის ხელმძღვანელის თეა სუხიშვილის განცხადებით, მონაცემები ღიაა და სტატისტიკის დეპარტამენტის ვებ-ვერდზეა განთავსებული. 

თეა სუხიშვილის თქმით ამის გამო სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო ინფორმაციის საკუთარ საიტზე განთავსებას საჭიროდ აღარ თვლის. 

„სტატისტიკის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე შეხვალთ მანდ ნახავთ პატიმართა ზუსტ რაოდენობას და დაინახავთ იმასაც, რომ სულ სხვა რეალობაა ვიდრე ამას აცხადებენ“, – აღნიშნა მან ჩვენთან საუბრისას. 

საგულისხმოა, რომ ხათუნა კალმახელიძის უწყების ვებ-გვერდი თითქმის ყოველდღიურად ახლდება და უხვად იდება მასალები, მინისტრის თვალსაჩინო ვიზიტების შესახებ საზღვრებს გაერთ თუ, მის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებში.

როგორც ჩანს 2008 წლის შემდეგ პატიმართა ზუსტი რაოდენობა ან მართლაც ისე კატასტროფულად გაიზარდა, მისი გამომზეურებისგან შეგნებულად იკავებენ თავს, ან სულაც მეორე უკიდურესობა - იმდენი ადამიანი დაკავეს რომ ვეღარ ითვლიან. ეს, თითქოს ხუმრობით თუმცა, აშკარაა, რომ რეალობა სულ სხვაა. ხელისუფლება პატიმართა ზუსტი რაოდენობის დამალვას, უფრო მეტად საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ცდილობს, ვიდრე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო სექტორისგან. 

ხელისუფლებას და მითუმეტეს პირველ პირს, ნაკლებად აინტერესებს რას ფიქრობენ მასზე ბოლოს ხანს მეტად დაკნინებული უფლებადამცველები. მთავრია ქვეყნის გარეთ ჰქონდეთ დემოკრატი მმართველის იმიჯი. 

სხვა საქმეა რამდენად დემოკრატია, სამ მილიონ ნახევარი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც 30 000-ზე მეტი პატიმარი და მათ შორის 70 - მდე პოლიტპატიმარი ჰყავს, რომელთა არსებობას საერთაშორისო ორგანიზაციებიც კი აღიარებენ.

რაც შეეხება სტატისტიკის დეპარტამენტს, როგორც თეა სუხიშვილმა გვირჩია სხვა რეალობის გასაგებად საიტს ვესტუმრეთ, თუმცა როგორც აღმოჩნდა სხვა რეალობა ის იყო, რომ სტატისტიკის დეპარტამენტს მხოლოდ 2009 წლის მონაცემები აქვს. 

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით 2009 წელს პატიმართა რაოდენობა 21075 შეადგენდა. მათ შორის 962 ქალი, და 260 არასრულწლოვანია.

ასე, რომ საქსტატის ვებ-გვერდიდანაც კი შეუძლებელია იმის გარკვევა რამდენი პატიმარი გვყავდა 2010 წელს. 

მეხსიერებას წამით მაინც თუ დავძაბავთ დაპატიმრებების უმრავი ფაქტი გაგვახსენდება. „ტელედაპატიმრებები“ ხომ ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ თანამგზავრად იქცა. 

ასე, რომ როგორც სასჯელაღსრულების, ასევე სტატისტიკის დეპარტამენტიც ჯერ პატიმრების დათვლის პროცესში არიან და იმედია 2010 წელს საპატიმროებში მყოფ მსჯავრდებულთა რაოდენობას მალე და არა 2011 წლის ბოლოს დაადგენენ.

როგორც უფლებადამცველები აცხადებენ ბოლო ხანს იმატა პატიმარ ქალთა რაოდენობამ და ისინი უმეტესად არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად გვესმის ახალი და გარემონტებული ციხეების ამოქმედების შესახებ. ირკვევა, რომ შეღებილი დაწესებულებები და ახალი ციხეებიც კი, ვერ აკმაყოფილებენ ევროსტანდარტებს. 

მართალია ვარდების რევოლუციის შემდგომ ციხეების აშენება, ქვეყნის აღმშენებლობის ნაწილი გახდა. თუმცა ციხეების მომრავლებით, პატიმრების ყოფა არ გაუმჯობესებულა.

საგულისხმოა, რომ სწორედ ახალ აშენებულ ციხეებში უფრო მძიმე მდგომარეობაა. დაკავებები კი ისეთი მასიური გახდა, რომ პატიმრებს ვეღარც ახალი ციხეები იტევს. რის გამოც გადატვირთულობა კი კვლავ უმთავრეს პრობლემად რჩება. უფლებადამცველები, საუბრობენ იმ საგანგაშო ვითარებაზე, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებშია. სადაც ადგილი აქვს პატიმრების მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. მათი თქმით პენიტენციალური სისტემა კვლავ რჩება პოლიტიკური ანგარიშსწორებისა, და რეპრესიების მექანიზმად. დახურულ და იზოლირებულ სივრცეში მყოფი ადამიანების დაშინება და დამორჩილება ბევრად უადვილდება ხელისუფლებას. 

,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ერთ მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2კვ. მ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. (ევროსტანდარტებით 4კვ.მ ფართია) აუცილებელი პირობაა, პატიმრების საცხოვრებელი, განსაკუთრებით კი, საძინებელი, ადამიანის ღირსების პატივისცემის და მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებს პასუხობდეს და თითოეულს უნდა ჰქონდეს საკუთარი საწოლი. 

იმის მიუხედავად, რომ ქვეყანა ციხე-საპყრობილეებით დაიფარა, გადატვირთულობა სისტემის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება. 

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სასჯელაღსრულების დაწესებულებების რაოდენობა კი არ იზრდება, რადგან ინგრევა ძველი და მის ნაცვლად შენდება ახალი, სადაც მსჯავრდებულებისთვის დასავლური სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი პირობებია შექმნილი. 

აღსანიშნავია, რომ რუსთავის N6 საპყრობილე ჯერ კიდევ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს გაიხსნა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2006 წელს, მან ეს ციხე ხელახლა, უკვე პრეზიდენტის რანგში გახსნა... 

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ერთ-ერთი შემოწმებისას, როცა რუსთავის მე-6-ე საპყრობილის კარცერში შიშველი პატიმრები ნახეს. პატიმრებს დაცხათ და გაიხადეს - ასეთი იყო ბადრაგის პასუხი. 

 სახალხო დამცველის მონაცემებით, N1 საპყრობილეში, რომელიც 750 კაცზეა გათვლილი - 1209 პატიმარია, ანუ N459-ით მეტი. N 8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება - 2905 პატიმარი, ლიმიტი 2500, (405 მეტი). 4 საპყრობილე - 578 პატიმარია, ლიმიტია - 305 (273 მეტი). N10 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება - 388 პატიმარია - ლიმიტია - 370 ( 10-ით მეტი). N 2 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება - 3082 პატიმარი ლიმიტი - 2744 (338 მეტი) N 8 საპყრობილე - 3790 პატიმარი, ლიმიტი -3672, (118-თ მეტი). ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება - 733 პატიმარია, ლიმიტია-540 (193-ით მეტი). Nგანსაკუთრებით რთული ვითარებაა N 7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში, რომელიც 1600 კაცზეა გათვლილი, იქ კი ამჟამად 2731 პატიმარია, ანუ დასაშვებზე 1131-ით მეტი.

აშკარა, რომ იმის მიუხედავად, რომ ქვეყანა ციხე-საპყრობილეებით დაიფარა, გადატვირთულობა სისტემის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება.