"ძალიან კარგად ვისვრი და ერთი "სტეჩკინის" შოვნა არ არის პრობლემა... არა მარტო პროკურორებს, სხვებსაც გავიყოლებ"

"რომ დამიჭირეს, თუკი ვინმეს ჰქონდა ჩემთვის დარეკილი, ყველას ატერორებდნენ, ყველას იბარებდნენ და "ტისკავდნენ" - ანუ ამქვეყნად არავის იმედი არ უნდა მქონოდა და სულ მარტოს მტოვებდნენ... მახსოვს, რომ შემოცვივდნენ ჩემს სახლში, რაც ნახეს, მათ შორის ჩემი შვილების ნათლობის ჯვრები - ჯვარი დავადე მთელ მაგ ხროვას - ჩემი ქორწინების ბეჭედი, ჩემი ნივთები, რომელიც გატარებული მქონდა დეკლარაციაში, მეტსაც გეტყვით - სანახევროდ დაცლილი სუნამოებიც კი ჩაყარეს ტომარაში და წაიღეს - ეს უნდა ვაპატიო? მანქანაც წამართვეს, "მერსედესი", რომლითაც მერე მაგათი გამომძიებელი დაბრძანდებოდა და ისეთი შევუთვალე, დაანება მანქანას თავი და მეც არ ვიცი, რა უყვეს" - აცხადებს ციხიდან გათავისუფლებული ყოფილი პოლიტპატიმარი, შს სამინისტროს ვიცე-პოლკოვნიკი ქეთევან ზარნაძე გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვიცე პოლკოვნიკი ქეთევან ზარნაძე: "ავიღებ იარაღს ხელში, ჩავუსაფრდები ამათ პროკურატურასთან და ერთი-ორს გავიყოლებ - იცოდეთ, ძალიან კარგად ვისვრი!

"ამის გამკეთებელი იყო გიორგი ლაცაბიძე, ადეიშვილის მოადგილე, რომელიც ხარაგაულიდან ცალ-ცალი კალოშით ჩამოვიდა და ეს ლაცაბიძეა, ვინც საპროცესოებზე ჩალიჩობდა და ვინმე კითხულობს, სად მიდიოდა საპროცესოების ანგარიშები, სადაც ამ ხალხს "არეცხინებდნენ" ფულს? ასპროცენტიანი ინფორმაცია მაქვს, რომ ეს ჩემი ნივთები ლაცაბიძემ და ირაკლი კოდუამ გადაინაწილეს ერთმანეთში ეს ჩემი, ე.წ. "დაუსაბუთებელი ქონება". კოდუა ჩემზე ძალიან იყო გამწარებული, რადგან მშვენივრად ვიცოდი, ლაურა ღაჭავას ინდოეთიდან "მორფინი" რომ ჩამოჰქონდა ტელევიზორების ყუთებით და ყიდდა. მაგ საქმეში დავით კეკუაც ჩარეული იყო, რომელიც მაშინ სამგორის რაიონის "ოურის" უფროსი იყო. კოდუას დედას საიდან აქვს ამხელა ქონება, პროკურატურას არ აინტერესებს? დაგვისაბუთოს ღაჭავამ, რომელსაც წამლის ბიზნესის გარდა ბორდელიც ჰქონდა აეროპორტის ტრასაზე - მახსოვს, "მამაშა" როენა მაშინ ციხეში ყვიროდა - ღაჭავამ კლიენტები წამართვაო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ქეთევან ზარნაძე.

"პროკურატურა რომ წყვეტდა ყველაფერს, ამა მარტო მე ვამბობ? მე ქალი ვარ და მასეთ სამსახურში არ ვიმუშავებდი, სადაც კაცები ყველა უნამუსობაზე აწერდნენ ხელს - "რა ვქნა, გამაკეთებინეს", - ეს ამორალურია და არ არის გასამართლებელი საბუთი. რამდენი ხანია "ქრონიკაში" ჩემი ინტერვიუები გადის. აბა, გამოვიდეს ვინმე და თქვას - ზარნაძევ, გამომძიებელი რომ იყავი, თავად რაები გაქვს ჩადენილი, შენს საქმეებს მიხედეო - გამოვიდა ვინმე? იმიტომ, რომ უკადრებელი არ მიკადრებია. არის რაღაც, რასაც არ უნდა გადააბიჯოს ადამიანმა. ყველაფერ ამის შემდეგ მე, პირადად, იმ ჭკუაზე ვარ, რომ თუკი არ მოხდა სამართლიანობის აღდგენა, ცოტა ხანს დაველოდები კიდევ, მერე ჩავუსაფრდები ამათ პროკურატურასთან და რამდენიმე პროკურორს გავიყოლებ. მე უკვე არაფერი მაქვს დასაკარგავი, ყველაზე კარგი წლები ციხეში ამომხადეს სული", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "ხუმრობთ?" - პასუხობს:

"არ ვხუმრობ და არა მარტო პროკურორებს, სხვებსაც გავიყოლებ. ძალიან კარგად ვისვრი და ერთი "სტეჩკინის" შოვნა არ არის პრობლემა ამ ქალაქში. ჩემ გარდა ბევრია ამ ჭკუაზე და ამათ ქალაქში გაჩერება ძალიან გაუჭირდებათ, არ იციან?"

"ქრონიკა შეეცადა, პროკურატურას დაკავშირებოდა, მაგრამ მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. არადა, გვაინტერესებდა, რატომ არ სწავლობენ გიორგი ლაცაბიძის დანაშაულებს? ეს ადამიანი 2008 წელს სახელმწიფო აუდიტში გენდირექტორის მოადგილედ დაინიშნა და დღემდე იქ მუშაობს. ადრე მითხრეს, ქეთი ზარნაძემ განცხადება დაწეროსო - განცხადება კი არა სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული სიცოცხლის ხელყოფის გამო და სად არის ეს საქმე, ვის აწერია? ვიცე-პოლკოვნიკი ღიად აანონსებს, რომ მკვლელობას ჩაიდენს, თუ მის საქმეს ობიექტურად არ გამოიძიებენ და ყველა დამნაშავეს არ დასჯიან. ეტყობა, რბილმა სავარძელმა და კომფორტმა მართლა იცის დაბრმავება და ამათ კიდევ არ სჯერათ, რომ უსამართლობით შეწუხებული ხალხი იქამდე მივიდა, რომ იარაღის აღებაზე ფიქრობს და სამართლიანობის აღდგენას საკუთარი ძალებით აპირებს", - დასძენს გამოცემა.