"ექსტრემალი" ემიგრანტები

ევროპის სტატისტიკური ბიუროს ბოლო მონაცემით, მიმდინარე წლის იანვრიდან საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, რომლის მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად ითხოვენ თავშესაფარს ევროკავშირის სახელმწიფოებში; სიის სათავეში რუსეთი, სირია და ავღანეთია. ემიგრაციის მიზეზებსა და ამ სფეროში მიმდინარე პროცესებზე თსუ მიგრაციის კვლევის ცენტრის მეცნიერ-ხელმძღვანელი, პროფესორი მირიან ტუხაშვილი და ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა დაცვის ფონდის დირექტორი მარინე მესხი გვესაუბრებიან.

მირიან ტუხაშვილი: - ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი რუსეთში, საბერძნეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაშია. შრომითი მიგრაციის უმთავრესი მიზეზი კი უმუშევრობაა. ბოლო ხანს ემიგრაციულ ნაკადში იტალიის, ესპანეთის, თურქეთის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის წილი გაიზარდა. დღეს შრომით ემიგრაციაში 350 000-დან ნახევარ მილიონამდე საქართველოს მოქალაქეა წასული. ჩვენი მიგრანტების მდგომარეობა ამ ქვეყნებ­ში დისკრიმინაციულია: ადგილობრივებთან შედარებით ანაზღაურება მცირეა, შრომის პირობები - უარესი. ქართველი ემიგრანტები, ძირითადად, არალეგალები ან ნახევრად ლეგალები არიან; არა აქვთ კანონით განსაზღვრული სამუშაო დრო, ბევრს 10 საათზე მეტსაც ამუშავებენ. არალეგალურად საზღვრის გადამკვეთთა წილი შედარებით მცირეა, რამდენიმე პროცენტამდეა, რადგან ამ გზით გადასვლა სულ უფრო საფრთხილო ხდება, ექსტრემალურ პირო­ბებში ვარდებიან; ასეთ შემთხვევებში სატრანზიტო ქვეყნის როლს ხშირად თურქეთი ასრულებს. უმეტესწილად, ამა თუ იმ ქვეყანაში კანონიერი გზით შედიან, ზოგი ტურისტად, ზოგი მკურნალობის საბაბით, ზოგი ახლობელთან სტუმრად მიწვევის საფუძველზე და ა. შ. შემდეგ კი იმიგრანტები არალეგალურად საქმდებიან. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში დასაქმება ძალზე უჭირთ, ემიგრანტთა საკმაო მასა ებმება ქურდობაში, გამოძალ­ვაში, ნარკოდანაშაულში. ძალზე მცირეა იმ ემიგრანტების რიცხვი, რომლებიც თავიდანვე შრომითი კონტრაქტის საფუძველზე მიდიან უცხოეთში. აქედანვე ბევრი ცრუ დამსაქმებელი შუამავალი ჩნდება, რომელთაც ადამიანები გაჰყავთ თურქეთში ან სხვა ქვეყანაში და მცირე ანაზღაურებით ან ზოგჯერ ანაზღაურების გარეშეც კი ამუშავებენ.

მარინე მესხი: - ტრეფიკინგის შემთხვევები ყველაზე ხშირი თურქეთშია, ამ ქვეყნის სიახლოვისა და უვიზო რეჟიმის გამო იქ წაყვანაც უფრო იაფია. ემიგრანტები, ძირითადად, ორი სახის ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან: შრომითი და სექსუალური ექსპლუატაციის. მამაკაცები უფრო ხშირად ხდებიან შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი.

არალეგალური მარშრუტები
"კლიენტების საბერძნეთში გადასაყვანად ძირითადად, თურქეთის ტერიტორიას ვიყენებთ, ავტომობილის საბარგულებში სამალავები გვაქვს მოწყობილი, ზოგიერთს ურჩევნია, თურქეთიდან საბერძნეთში ზღვით გადავიდეს, ისინი ნავებით ან კატერებით გადაგვყავს რომელიმე კუნძულზე. ეს ყველაფერი 2000-3000 ევრო ჯდება, ნაკლებად რისკიანი მარშრუტები უფრო ძვირია, რადგან ბერძენი გამცილებლები, რომლე­ბიც ტერიტორიას კარგად იცნობენ, მეტს ითხოვენ... ეგვიპტესთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის პირობებში, სანამ სიტუაცია ასე დაიძაბებოდა, ქართველები აქედან მეზობელ ისრაელში გადასვლას ცდილობდნენ, ქართველი არალეგალები პოლონეთში გადასასვლელად ხშირად იყენებენ ბელორუსის ტერიტორიას, ახლახან საზღვართან მიწისქვეშა გვირაბიც გათხარეს", გვითხრა ერთ-ერთი დამსაქმებელი ფირმის წარმომადგენელმა.