გრიპის მკვეთრ შემოტევას უფასო მკურნალობას დაუპირისპირებენ

გრიპის მკვეთრ შემოტევას უფასო მკურნალობას დაუპირისპირებენ

[ნიკა ასლანიძე]

ამდენ ხანს თავშეკავებულმა ღორის გრიპმა ერთბაშად იანვრის ბოლოს ამოხეთქა. სამწუხაროდ, არის სიკვდილიანობის შემთხვევებიც. გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევის მატებას თებერვალსა და მარტში ვარაუდობენ. ამიტომაც მთავრობის გადაწყვეტილებით, გრიპით დაინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს,  ხოლო თბილისში პოლიკლინიკის ექიმები გამოძახებაზე უფასოდ მივლენ. 

ქუთაისის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულია 44 წლის ქალბატონი, რომელიც H1N1 ვირუსი დაუდასტურდა, ხოლო 42 წლის მამაკაცსაც, წინასწარი ინფორმციით, ეს ვირუსი ჰქონდა. 

როგორც ქუთაისის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოს წარმომადგენელმა, მერაბ ერემეიშვილმა განაცხადა, კლინიკაში კიდევ 12 ავადმყოფი იმყოფება. მათ `ტამიფლუს~ პროგრამით მკურნალობენ. 

გორის სამხედრო ჰოსპიტალში კი ამავე ტიპის გრიპის ვირუსით სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია. ”მართლაც იყო ასეთი შემთხვევა. სამხედრო მოსამსახურე, გვარად გიორგაძე ე.წ.  ღორის გრიპით გარდაიცვალა”, - დაადასტურეს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში. 

სამინისტროში გარდაცვლილის ოჯახის თანხმობის გარეშე სამხედრო ნაწილისა და სხვა დეტალური ინფორმაციის დასახელებისგან თავს იკავებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოსპიტალში ამავე ვირუსით კიდევ ერთი სამხედროა მოთავსებული. 

ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში კი სხვადასხვა გრიპის ვირუსზე 34 პაციენტი მკურნალობს. კლინიკის ხელმძღვანელმა, ზაზა სინაურიძემ საგანგებო ბრიფინგიც კი გამართა, რომელიც გრიპის ვირუსით გამოწვეულ შემთხვევებს მიეძღვნა.

სინაურიძის განცხადებით, 34 პაციენტიდან 7 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მათი მდგომარეობა მძიმეა. 

გრიპის გამოვლენილი შემთხვევებიდან ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ 5 შემთხვევა H1N1 ვირუსია. ამასთან, სხვადასხვა გრიპის ვირუსით ინფიცირებული 34 პაციენტიდან, საიდანაც 11 ორსული და სამი მელოგინეა. 

სინაურიძის ინფორმაციით, გრიპის ვირუსის ინკუბაციური პერიოდი 48 საათი გრძელდება. ამდენად, პირი შესაძლოა, ინფიცირებული იყოს, რაც მოგვიანებით ვლინდება. სწორედ ეს გახდა ღუდუშაურის კლინიკაში კარანტინის გამოცხადების მიზეზი, რათა პაციენტები მნახველებმა ვირუსებისგან ზედმეტად არ დატვირთონ.

ასევე კარანტინი გამოცხადდა რუსთავის ცენტრალურ და ბავშვთა საავადმყოფოებშიც. მიზეზია - ამ სამედიცინო დაწესებულებებში ვირუსული ინფექციური დაავადების სიმპტომებით პაციენტთა მიმართვიანობის მკვეთრი მატებაა. 

ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, პაპუნა ბახტაძის ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში რუსთავის ცენტრალურ და ბავშვთა საავადმყოფოებში ვირუსული გრიპის სიმპტომებით პაციენტთა ნაკადი არ წყდება. ბავშვთა საავადმყოფოში დღეისთვის 31 ბავშვი გადის სტაციონარულ მკურნალობას, ცენტრალურ საავადმყოფოს კი - ბოლო ორ დღეში ვირუსული გრიპის სიმპტომით, 50-მა პაციენტმა მიმართა. ცხრა მათგანი სტაციონარულ მკურნალობას გადის, აქედან ერთი ფეხმძიმეა. 

წელს რუსთავში H1N1-ის შემთხვევა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. რუსთავის საავადმყოფოებში აცხადებენ, რომ ადგილზე საჭირო მედიკამენტებისა და პრეპარატ ”ტამიფლუს” საკმარისი მარაგი აქვთ. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გრიპით დაინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.  ”ყველა ჰოსპიტალიზაცია, რაც დაკავშირებული იქნება გრიპთან და მის მკურნალობასთან, დაფარება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე”, - განაცხადა ურუშაძემ და აქვე გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოსახლეობას სამედიცინო დაწესებულებისთვის დროულად მიმართვისკენ მოუწოდა. 

გარდა ამისა, მთავრობის ინიციატივით, დაინფიცირების შემთხვევაში უფასო იქნება პოლიკლინიკების ექიმებისა და სოფლის ექიმებისადმი მიმართვაც. თბილისში შესაბამისი პროგრამის ინიციატორი დედაქალაქის მერიაა და მისი მიხედვით, იანვრის ბოლოდან მარტის ჩათვლით პირველადი პოლიკლინიკის ექიმები გამოძახებაზე უფასოდ მივლენ. 

სულ 60-მდე პოლიკლინიკის ექიმები მოქალაქეებს საცხოვრებელი უბნის მიხედვით მოემსახურებიან. თბილისის მთავრობის ინიციატივით, აღნიშნული მომსახურებისთვის ექიმები წახალისება და 800-მდე ექიმი 225 ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ, ხოლო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს თითოეულ ექიმზე 50 ლარით დააფინანსებენ. 

როგორც მერიაში აცხადებენ, პროგრამის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ხოლო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და ექიმებს ექნებათ დამატებითი სტიმული, რათა პაციენტებს უკეთ მოემსახურონ. 

თუმცა, ეს ყვეოაფერი არ არის, რადგანაც საქართველოში გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევის მატებას თებერვალსა და მარტში ვარაუდობენ.