სკანდალური “ფლაი ჯორჯია” თვითმფრინავის გარეშე დაფრინავს

სკანდალური “ფლაი ჯორჯია” თვითმფრინავის გარეშე დაფრინავს

ავიაკომპანია “ფლაი ჯორჯიას” საერთაშორისო სალიზინგო კომპანია „აილეფსმა” მეორე “აერბასის” ტიპის თვითმფრინავიც ჩამოართვა. გავრცელებული ინფორმაციით, მეორე თვითმფრინავის ჩამორთმევა სალიზინგიო კომპანიამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც “ფლაი ჯორჯიამ” აღებული ვალდებულება არ შეასრულა და „აილეფსს” კუთვნილი თანხა არ გადაუხადა. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ქართულ ადგილობრივ ავიაკომპანიას სექტემბრის დასაწყისში ერთ-ერთი ხომალდი ბრიუსელში „დაუპატიმრეს”. პრაქტიკულად, “ფლაი ჯორჯია” გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა.

ჯერჯერობით “ფლაი ჯორჯიაში” მეორე თვითმფრინავის სავარაუდო ჩამორთმევაზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმც განმარტავენ, რომ კომპანიას ხელოვნურ ბარიერებს და პრობლემებს უქმნიან, თუმცა კონკრეტული ადრესატის თუ ადრესატების დასახელებისგან თავს იკავებენ. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი ხათუნა მიქაცაძე განმარტავს, კომპანიას პრობლემები მას შემდეგ დაეწყო, რაც “ფლაი ჯორჯია” მოგებაზე გავიდა. მას შემდეგ ავიაკომპანიის გარეშემო პრობლემები ხელოვნურად იქმნება.

ამ ეტაპზე კომპანიის ერთადერთი თვითმფრინავი ბრიუსელის აეროპორტშია დაყადაღებული და არსებული ინფორმაციით, მიზეზი „ფლაი ჯორჯიას“ დავალიანებაა. როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადემენ, ელოდებიან ბრიუსელიდან ცნობებს თუ რა მიზეზით მოხდა თვითმფრინავის დაყადაღება. სააგენტოს დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ არც მათთვის და არც კომპანიისთვის თვითმფრინავის დაკავების მიიზეზები ცნობილი არ არის. შალვა კიკნაძის თქმით, ,,ფლაი ჯორჯია’’ ამტკიცებს, რომ დავალიანება არ გააჩნიათ და მიზეზი არც ტექნიკური შეფერხებაა.

ქართულ-ირანული ავიაკომპანიის ირგვლის ბოლო პერიოდში სკანდალი სკანდალზეა. რამდენიმე თვის წინ გავლენიანმა გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალმა“ დოკუმენტური მასალა გამოაქვეყნა და „ფლაი ჯორჯიას“ მფლობელი ირანელი ბიზნესმენები ირანის მთავრობასთან კავშირში ამხილა.

მასალის თანახმად, „ისლამური რევოლუციის დამცველების კორპუსმა“, საქართველოში 150 კომპანიისგან შემდგარი ქსელი შექმნა, რომლებიც ამერიკის სანქციებისგან თავის ასარიდებლად გამოიყენება. თუმცა, „ფლაი ჯორჯიამ“ მაშინ ამ მასალაზე რეაგირება საჭიროდ არ ჩათვალა.

„ფლაი ჯორჯია“ ადგილობრივ ავიაბაზარზე 2011 წელს შემოვიდა. კომპანია ორანის სამმა მოქალაქემ დააფუძნა. ჰოუშენგ ჰოსეინფორი კომპანიის  25%–ს, ფურია ნაიები 25% –ს, ხოლო მოჰამმად ბაგერ ნაჰვი 50%–ს ფლობდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2012 წელს კომპანიის მოწილე საქართველოს ორი მოქალაქე გახდა. „ფლაი ჯორჯიაში“ ივანე ნადაშვილი 5% –ს, მერაბ ჩიხრაძე 15% ფლობს. ჰოუშენგ ფარსუდეჰ, სენტ-კიტსი და ნევისი- 25% პროცენტს, ხოლო შპს ქორფორეით ლეგალ ქონსალთინგ ჯორჯია - 15%–ს. საკონტროლო პაკეტის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “კაუკასუს ენერგი”, რომლის წილიც კომპანიაში 40%–ია.

საჯარო რეესტრის მონცემებით, კომპანია “ქორფორეით ლეგალ ქონსალთინგ ჯორჯიას” 50–50 პროცენტს ვლადიმერ გაბრიელაშვილი და დიმიტრი ალექსიძე ინაწილებენ. ხოლო “კაუკასუს ენერგის” 100 პროცენტს ჰოუშენგ ფარსუდეჰ, სენტ-კიტსი და ნევისი ფლობს.

“ფლაი ჯორჯიას“ მენეჯერი ანი დათიაშვილი ამბობს, რომ კომპანიას ანგარიშების გაყინვა არ ემუქრება: “საკმაოდ გამჭვირვალე და დიდი კომპანიაა „ფლაი ჯორჯია“. ბაზარზე ერთი წელია გამოჩნდა და თვითონ კომპანიის მუშაობის სტილი მყარია და სტაბილური. შესაბამისად, არანაირი პრობლემა არ შექმნია კომპანიას ფინანსურად ჯერჯერობით. თანამშრომლების ხელფასები ჩვეულებრივ გაიცემა.“ 

“ფლაი ჯორჯიას” მარკეტინგის მენეჯერმა აცხადებს, რომ კომპანია საქართველოს ავიაბაზრიდან გასვლას არ გეგმავდა და ახალი რეისების დამატებასაც აპირებდა.