ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის შენობა ორმა ცრუ ტერორისტმა "დანაღმა". ორივე შემთხვევაში განგაში ცრუ აღმოჩნდა. მეორე საკითხია, უშველა თუ არა ამან დეპუტატებს, საპარლამენტო ქალაქი დაეტოვებინათ და მუშაობისგან გადაღლილები საკუთარ ოჯახებს დაბრუნებოდნენ, თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ შესაბამისმა უწყებებმა ოპერატიულად იმოქმედეს - როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში დამნაშავე "ტერორისტი" მალევე აიყვანეს. ოფიციალური ინფორმაციით, შსს-მ სათანადო ღონისძიებების შედეგად დააკავა არასრულწლოვანი, 1996 წელს დაბადებული, ხაშურში მცხოვრები ლევან თ., რომელმაც 20:40 საათზე, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში დარეკა და ქუთაისში, პარლამენტის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ აცნობა. ის ცრუ შეტყობინების ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ხაშურში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მახლობლად დანაშაულის ჩადენიდან ერთ საათში დააკავეს.
მართალია 21-ე საუკუნეა და ტექნიკური პროგრესი დამნაშავის ოპერატიული დაკავების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ მაინც საინტერესოა, როგორ ხდება "სატელეფონო ტერორისტების" დაკავება. სპეციალისტების ინფორმაციით, დამნაშავის დაკავების ორი მეთოდი არსებობს: პირველი - ცრუ ტერორისტის მობილური ტელეფონის სიგნალი, რომლის მიხედვითაც ხდება ტელეფონის აპარატის და საუბრის განხორციელების დროის იდენტიფიცირება და დამნაშავის დაკავება. მეორე მეთოდი კიდევ უფრო საინტერესოა: ტერორისტის ხმა იწერება სპეციალურ კომპიუტერში, რომელიც ახდენს ხმის კოდირებას და აწარმოებს ძიებას, თუ როდის დაფიქსირდება იგივე ხმა სხვა ტელეფონზე საუბრისას. კომპიუტერი მომენტალურად განსაზღვრავს დამნაშავის ხმას და ადგილის იდენტიფიკა
ციის შედეგად, მისი დაკავება ადვილია. სპეციალისტები ასევე აცხადებენ, რომ ცრუ ტერორისტები ყოველთვის ნაკლებად იმედოვნებენ, რომ მათ ადვილად დააკავებენ. ისინი ხშირად ხმის ტემბრს იცვლიან აფთიაქში ნაყიდი ხველის საწინააღმდეგო სიროფებით, რომლის მიღება ადამიანის ხმას მაქსიმალურად ცვლის. ასევე იყენებენ წყლის ნაკადის ფონს და სხვა მეთოდებს, რომელთა გამოგონება ძნელი არ არის.