საკეისრო კვეთის შემცირება აუცილებელია

საკეისრო კვეთის შემცირება აუცილებელია

საკეისრო კვეთის შესახებ მეან-გინეკოლოგებისთვის მომზადებული პროტოკოლი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თავადვე გააცნო ქართველ გინეკოლოგებს. აღნიშნული პროტოკოლი ჩვენს ქვეყანაში კატასტროფულად მაღალი საკეისრო კვეთის რიცხვის შემცირებას ითვალისწინებს და იგი UNICEF-ის, USAID-ის, SHEBA-სა და JSI-ის ფინანსური მხარდაჭერით ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს წამყვანი მეან-გინეკოლოგების ავტორობით მოამზადა. აღნიშნული პროტოკოლი სექტემბრის ბოლოდან შევა ძალაში და ექიმებისთვის სავალდებულო იქნება.

დავით სერგეენკო აცხადებს, რომ საკეისრო კვეთასთან დაკავშირებით რადიკალური ნაბიჯების გადადგმა არ იგეგმება. ასე რომ ყოფილიყო, ეს სამედიცინო ლოგიკასთან წინააღმდეგობაში მოვიდოდა, მაგრამ ორსულებს უნდა განემარტოთ იმ რისკების შესახებ, რაც საკეისრო კვეთას მოჰყვება, ვინაიდან 7-35%-მდე იზრდება გართულებები საკეისრო კვეთის შემთხვევაში.

„ხაზგასმით ვამბობ, აქ არანაირ შეზღუდვასა და აკრძალვებზე საუბარი არ არის. საკეისრო ჩვენებების აბსოლუტური და ფარდობითი ჯგუფიდან ერთ-ერთი თვითონ ორსულის სურვილია. ეს მისი არჩევანია. უბრალოდ, ჩვენ დავაზუსტეთ, რომ ორსულს უნდა განემარტოს საკეისრო კვეთის რისკები და, ასევე, ავუხსნათ, ფიზიოლოგიურად დაბადებული ბავშვის უპირატესობები“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მანვე მსოფლიო გამოცდილების შესახებაც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, საკეისრო კვეთის მაღალი მონაცემები ზრდის როგორც დედის, ისე ახალშობილის ავადობისა და სიკვდილიანობის რისკს. ამიტომ აუცილებელია აღნიშნული მონაცემების შემცირება საერთაშორისო რეკომენდაციებთან მიმართებით.

საქართველოში საკეისრო კვეთის თანაფარდობა (38%) საერთო მშობიარობების მაჩვენებელთან შედარებით ძალიან მაღალია და, სულ მცირე, ორჯერ აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში 40-50%-ზე მეტი საკეისრო კვეთა ფიქსირდება და არსებობს სამშობიაროების ჩამონათვალი, სადაც ეს მაჩვენებელი 70% -საც აღემატება. ეს მაშინ, როცა საკეისრო კვეთის მაჩვენებელი მხოლოდ 10-დან 15 %-მდე უნდა მერყეობდეს და იგი იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს მეანმა, როცა სხვა საშუალება არ არის.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე საგანგაშო მაჩვენებელი ამ მხრივ სამეგრელოშია, სადაც საკეისრო კვეთის 56% დაფიქსირდა, შემდეგ მოდის იმერეთი - 43 %, შიდა ქართლი - 42 % და ა.შ.

დღესვე ჯანდაცვის სამინისტრომ შეაჯამა დედათა და ბავშვთა გარდაცვალების 7-თვიანი მონაცემები. 2013 წლის 6 თებერვლიდან 1-ელ სექტემბრამდე სამინისტროში სულ 616 გარდაცვალების შესახებ სასწრაფო შეტყობინებით შევიდა ინფორმაცია, მათგან 292- ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს შეეხებოდა, ხოლო 36 შემთხვევა - 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს. გარდა ამისა, დაფიქსირდა დედათა გარდაცვალების 14 შემთხვევა და 274 მკვდრადშობადობა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდა ჯანდაცვის მინისტრ-დავით სერგენკოს ბრძანება, რომელიც ყველა სამედიცინო დაწესებულებას ავალდებულებს, დედათა და ბავშვთა გარდაცვალების, მკვდრადშობადობის შემთხვევები სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტს შემთხვევიდან ერთ საათში აცნობოს. როგორც გაირკვა, ფიქსირდება არსებითი სხვაობა სამინისტროში შესულ ოპერატიულ ინფორმაციასა და სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებულ თუ დაავადებათა კონტროლის რუტინულ სტატისტიკას შორის, რაც ადასტურებს დღემდე არსებული მონაცემების უზუსტობას. აქამდე სამედიცინო სტატისტიკას ნაკლები ყურადღება ექცეოდა და ის აღმოჩნდა გერის როლში, განსაკუთრებით, დიდ სამშობიაროებში. ამდენად, არ ხდებოდა ზუსტი ინფორმაციის მიწოდება სამედიცინო და არასამედიცინო დაწესებულებებიდან.

გასულ წელთან შედარებით, 7 თვის პერიოდში შემცირდა ჩვილ ბავშვთა გარდაცვალების შემთხვევები და, თუ 2012 წელს 373 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, წელს -322-მდეა შემცირებული ერთ წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მონაცემები. ასევე, 434-დან 334-მდე შემცირდა მკვდრადშობადობის მონაცემები.

დავით სერგეენკო განმარტავს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს დედათა სიკვდილიანობის მონაცემები, რომელიც 2013 წლის სავალდებულო შეტყობინების სისტემის ამოქმედების შემდეგ გაიზარდა. 2013 წლის აგვისტოს ჩათვლით, ქვეყანაში დაფიქსირდა დედათა გარდაცვალების 14 შემთხვევა, რაც ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მონაცემებს. თითოეული შემთხვევის შესწავლამ ცხადყო, რომ გარდაცვლილი დედების 2/3-ს არ მიუღია ანტენატალური მომსახურება (ორსულთა პატრონაჟი), გარდაცვლილ დედათა 72% იყო სოფლის მაცხოვრებელი, ხოლო 43%-სოციალურად დაუცველი. ამასთან, უმეტეს შემთხვევაში, -64 %-ში ჩატარებული იყო საკეისრო კვეთა.

როგორც ირკვევა, 2013 წლის განმავლობაში დედათა სიკვდილიანობის შემთხვევის მატება, 2012 წლის მონაცემებთან შედარებით, განპირობებული უნდა იყოს იმით, რომ 2013 წლამდე სამშობიარო სახლები არასრულ ინფორმაციას აწვდიდნენ სამინისტროს. უფრო მეტიც, არც საერთაშორისო ორგანიზაციებს (გაეროს ბავშვთა ფონდს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას) სწამდათ საქართველოდან გაგზავნილი მაჩვენებლის, რომელიც მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ ნაციონალების ხელში საქართველოს დემოგრაფიული სურათი მომგებიანად წარმოჩენილიყო.

„არ მინდა იმის თქმა, რომ სამშობიარო სახლების ადმინისტრაცია დაინტერესებული იყო რეალური პრობლემის დამალვით. აქამდე დედათა გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად ჰემორაგიული (სისხლდენა) შოკი სახელდებოდა. კოლეგები ვართ და დავაზუსტოთ, რეალურად რამ გამოიწვია მელოგინეების დაღუპვა. შუა გზაზე ნუ შევწყვეტთ ამ ინფორმაციის მოწოდებას. რეალური მონაცემები გამოგზავნეთ და არ გინდათ, ამ „დვს-სინდრომის“ შემთხვევების გამოგზავნა; „დვს-სინდრომი“ არის გარკვეული შოკის ერთ-ერთი ნაწილი და ამ დროს გარდაცვალების მიზეზები ნათელი არ არის“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, არ უნდა მივიღოთ ქანქარის ეფექტი და ხელოვნური შეზღუდვა არ უნდა დავაწესოთ საკეისრო კვეთაზე. პრინციპულია, რომ ახალგაზრდა გოგონას, რომელსაც სამშობიარო ტკივილების ეშინია, ავუხსნათ, რითი სჯობს ფიზიოლოგიურად დაბადებული ბავშვი. სერგეენკოს თქმით, მაგალითად, სენაკის სამშობიარო სახლში 80% საკეისრო კვეთა კეთდება და ეს არის მეანის და არა - ორსულის პრობლემა.

„სენაკელებს კარგად ვიცნობ და არ არიან ისეთი გაუგებარნი, რომ დანის ქვეშ დაწოლა არჩიონ“, - განმარტავს დავით სერგეენკო.

ამავე შეხვედრის დროს გამოითქვა განსხვავებული შეხედულებაც. ერთ-ერთი მეანის თქმით, ქალს უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს, საკეისრო კვეთას აირჩევს თუ ფიზიოლოგიურ მშობიარობას. ამდენად, თუ რომელიმე მეანი მას უარს ეტყვის, მაშინ მშობიარე მეორესთან წავა და, ყველა შემთხვევაში, მაინც საკეისრო კვეთას გაიკეთებს. ამდენად, ფორმულირება დახვეწას საჭიროებს.

თუმცა პროტოკოლის ერთ-ერთი ავტორი, მეან-გინეკოლოგი დავით გაგუა აცხადებს, რომ პროტოკოლის ეს სისტემა მთელ მსოფლიოშია დანერგილი და სწორედ ეს არის თანამედროვე მიდგომა პაციენტთან. ამიტომ ექიმმა ან პაციენტმა კი არ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი, არამედ პროტოკოლის რეკომენდაციების გათვალისწინება უნდა მოხდეს.