დიდუბის ყოფილი გამგებელი მეტეხს ამახინჯებს, უცხოეთშია და არ ცალია

დიდუბის ყოფილი გამგებელი მეტეხს ამახინჯებს, უცხოეთშია და არ ცალია

მეტეხის პლატოზე, იქ, სადაც მეტეხის კლდეზე გადმოკიდებული სახლებია, მაღალსართულიანი სასტუმროს ინტენსიური მშენებლობა მიმდინარეობს. სასტუმროს მშენებლობა უკვე ასცდა იმ ნორმას, რაც ძველი თბილისისთვის არის განსაზღვრული. ეს ყველაფერი ვახტანგ გორგასლის ძეგლიდან დაახლოებით მეოთხე-მეხუთე სახლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, რომელიც უკვე დანგრეულია და სწორედ ამ ადგილას რამდენიმეთვიანი გამალებული მშენებლობის შემდეგ სასტუმრო წამოჭიმეს.

როგორც ჩვენი წყარო იტყობინება, ამ უკანონობის მიღმა დიდუბის რაიონის ყოფილი გამგებლის, ნაციონალი გიორგი ჩაჩანიძის სახელი იკვეთება, რომელიც ყველაფერს თავის ნებაზე აკეთებს, ხოლო ამ მშენებლობას ქალაქის მერია და, კონკრეტულად, ზედამხედველობის სამსახური „კრიშავს“.

ამის მიუხედავად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თავის მართლების ძალიან კარგი საშუალება მოუნახავს - “თბილისის ისტორიულ ძეგლებსა და უბნებს დავიცავდით, ოღონდ ეს ჩვენს ძალებს აღმატება, რადგან ისინი ქალაქის მერიის დაქვემდებარებაშია“. ამ გადაბრალებაში კი დრო გადის და ძეგლები ნადგურდება ისე, რომ კულტურის უწყებას არ სურს, საჯაროდ მაინც დაგმოს ისტორიული ადგილების ხელყოფა.

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია დაუშვებლად მიიჩნევს მაღალსართულიანი ნაგებობის აშენებას მეტეხის პლატოზე, რომელიც კონტრასტული იქნება მეტეხთან და იქ აღმართული სახლების რიგთან. მისი თქმით, მართალია, კულტურის სამინისტრო იმუქრება, რომ, როცა თბილისის მერია დაუბრუნებს ძეგლებს, ამ საქმეებს მხოლოდ მაშინ მიხედავს, მაგრამ გოგი ხოშტარიას მიაჩნია, რომ ამ მოლოდინში ქალაქი ძალიან მახინჯდება.

„არ ვიცი, გურამ ოდიშარიას უწყებას რა ბერკეტები გააჩნია, რადგან წინა კულტურის სამინისტრომ ეს ძველი ნაგებობები საკუთარი ნებით გადასცა ქალაქის მერიას, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მაინც კულტურის სამინისტროს სფეროა და კულტურის მინისტრს ეხება ყველაფერი. ამიტომ კულტურის სამინისტრო მოვალეცაა, აღნიშნული პრობლემა ხელისუფლებამდე მიიტანოს და გააკონტროლოს ყველანაირი უკანონობა. როგორ, მინისტრს ნუთუ არ შეუძლია, გამოვიდეს და კონფერენცია ან სიმპოზიუმი გამართოს ამასთან დაკავშირებით? ბოლოს და ბოლოს, საზოგადოებრივი გამოკითხვა-მონიტორინგი აწარმოოს; ელემენტარულად, ტელევიზორით გამოვიდეს და თქვას, რა ხდება მეტეხის პლატოზე და ქალაქის ისტორიულ შენობებთან მიმართებით“, - აღნიშნა გოგი ხოშტარიამ.

მისივე აზრით, თავის დროზეც, როცა იქ ვახტანგ გორგასლის ქანდაკება დადგეს, გააფუჭეს იქაური ხედი, ვინაიდან გორგასლის პოსტამენტი ძალიან ხელოვნურია და ორგანულად არ ჯდება მეტეხის კლდესთან. თუმცა, ამის მიუხედავად, ხალხი მას უკვე შეეჩვია.

„ახლა იქ მაღლივი შენობა რაში სჭირდებათ, არ ვიცი. იქიდან დელტაპლანით უნდა იფრინონ მტკვრისკენ?! ელემენტარულად, პრემიერს შეუძლია ვეტო დაადოს ასეთ მშენებლობას. ადრე არსებობდა არქიტექტურული ზედამხედველობის სამსახური, ახლა კი ყველაფერი მოსპეს. ამიტომ სასწრაფოდ აღსადგენია არქიტექტურული ზედამხედველობის საბჭო“, - მიიჩნევს ხელოვნებათმცოდნე.

არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი პროექტისა და ბანერის ნახვამდე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა ადასტურებს, რომ მეტეხის პლატოზე სამ ან ოთხსართულიანზე მეტი შენობის აშენება დაუშვებელია. ასეთი უკანონობა თუ მოხდება, მაშინ ამას გადაჰყვება ის, ვინც მაღალსართულიან ნაგებობას აშენებს.

არქიტექტორის თქმით, ქუჩის მხრიდან შეიძლება იყოს სამსართულიანი შენობა, ხოლო მეორე მხრიდან დასაშვებია ოთხი სართულის აშენება, რადგან იქ უკვე არსებობს ძველი თბილისური სახლები. შესაბამისად, ამ სახლების სიმაღლეს ახალი ნაგებობა არ უნდა ასცდეს.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი, კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი აცხადებს, რომ მეტეხის პლატო არის თბილისის სავიზიტო ბარათი, ლანდშაფტის დაცვის ზონა და აქ დაუშვებელია უხეში ჩარევა.

მით უფრო, რომ იქ ისედაც დარღვეულია განაშენიანება და ეს უკანონობა ჯერ კიდევ ძველი თბილისის რეაბილიტაციიდან მოყოლებული, უკვე მრავალი წლის მანძილზე გრძელდება. მეტიც, ცირა ელისაშვილის თქმით, გადმოკიდებული აივნების რესტავრაცია თავის დროზეც ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს ბადებდა, ბოლო წლებში კი მეტეხის პლატოზე რამდენიმე უხეში ჩარევა განხორციელდა.

„ამ ახალი განაშენიანების ფონზე ვერ ვიტყვი და ვერ დავასახელებ ვერცერთ შენობას, ვერცერთ პროექტს, რომელშიც გააზრებულია მეტეხის პლატოს ფასეულობა. რატომღაც მათთვის მთავარია, ინვესტორმა ააშენოს მაღალსართულიანი ნაგებობა და დიდი მოგება ნახოს. შესაბამისად, არქიტექტორები, ისევე, როგორც დამკვეთები, არ ითვალისწინებენ ისტორიული განაშენიანების მასშტაბს. ჩვენ ვერ შევინარჩუნეთ ის მნიშვნელოვანი ურბანული განაშენიანება, რომელმაც 21-ე საუკუნემდე მოაღწია“,_აღნიშნა ცირა ელისაშვილმა.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი მერაბ ბოჭოიძე აცხადებს, რომ, შესაძლოა, მეტეხის პლატოზე მართლაც რაიმე არასწორადაა გაკეთებული, რაც ძველი თბილისს არ შეშვენის, თუმცა, ვინაიდან თბილისის ძეგლებზე მეთვალყურეობა მათ კონტროლქვეშ ჯერ არ გადაცემულა, დეტალებსა და ნიუანსებზე საუბრისგან თავს იკავებს.

ჩვენ დავინტერესდით, ნუთუ ძეგლების ოფიციალურად გადაცემამდე არ შეიძლება, კულტურის სამინისტრომ საკუთარი პოზიცია წინმსწრებად გამოხატოს და გააპროტესტოს ისტორიულ უბნებში კანონდარღვევით წარმოებული მშენებლობები, ძეგლებზე უკანონო დაშენებები და სხვა, რასაც, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კონვენცია კრძალავს, თუმცა მერაბ ბოჭოიძის პასუხი მარტივი იყო: „ამიერიდან ტელეფონით კომენტარი აღარ მთხოვოთ, ადგილზე მობრძანდით და ისე დაგელაპარაკებით, რადგან, თუ ადამიანს ვერ ვხედავ, მიჭირს პასუხის გაცემა“.

ჩვენ მერიის პრესსამსახურსაც დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ მშენებლობა მართლაც მიმდინარეობს ჯორბენაძის №11/13-ში, რომელიც ადრე რუისის ქუჩის სახელით იყო ცნობილი. მშენებლობას აწარმოებს და დამკვეთი არის ბორის პაიჭაძე და მშენებლობის ნებართვა არსებობს, ხოლო დარღვევების თაობაზე მათთვის არავის მიუმართავს. მერიაში, ასევე, დაადასტურეს, რომ ამ მშენებლობის თანამესაკუთრე მართლაც არის ყოფილი გამგებელი გიორგი ჩაჩანიძე. რაც შეეხება შენობის სართულიანობას, მერიაში მიუთითებენ, რომ სამშენებლო ბანერზეა ყველაფერი მითითებული.

ჩვენ, ასევე, დავუკავშირდით გიორგი ჩაჩანიძეს. მან დაადასტურა, რომ პირადად იგი და მისი მეგობრები აშენებენ ამ ნაგებობას, რაც ნაციონალურ მოძრაობას არანაირად არ უკავშირდება. მისი თქმით, ყველაფერი ნორმის დაცვით მიმდინარეობს და მეტ კომენტარს არ გააკეთებს, არც შენობის სართულიანობას დააკონკრეტებს.

„უცხოეთში ვარ და არ მცალია“, - ამ სიტყვებთან ერთად ჩაჩანიძემ ტელეფონი გათიშა.

ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორ მიმდინარეობდა სასტუმროს მშენებლობა. როგორც გაირკვა, ეს ნაგებობა ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, ხუთსართულიანია, აქედან ტროტუარის ნიშნულს ქვემოთ არის ორი სართული, ხოლო ზემოთ - სამი სართული. მშენებლობის დამკვეთი გახლავთ შპს. „მეტეხის წარბი“, დაზუსტებული ფართი კი 229 კვ.მ-ია. ჩვენი ინფორმაციით, 2012 წლის მარტში მერიის არქიტექტურულმა სამსახურმა ნებართვა გასცა და აღნიშნული სარეკრეაციო ზონა 1 (სადაც კანონით, ყოველგვარი მშენებლობა დაუშვებელია) საცხოვრებელ ზონად გადააქცია. ბოლო ინფორმაციით, მშენებლობა უნდა დასრულდეს 2014 წლის 18 იანვარს, რადგან მშენებლობის დამკვეთი დათქმულ ვადაში ვერ ჩაეტია.

ასევე, გავარკვიეთ, რომ ამ სასტუმროს ოფიციალური დამკვეთი 1960 წელს დაბადებული ბორის პაიჭაძეა.