პარტიული მშენებლობის ნაციონალური თავისებურებანი

პარტიული მშენებლობის ნაციონალური თავისებურებანი

ჩვენში პარტიული მშენებლობის კულტურა, პლურალისტული საზოგადოების ოცდასამწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ნულოვან დონეზეა. პოლიტიკური საქმიანობის ჟინით აღტყინებული ადამიანები და ჯგუფები ვირტუალურ პოლიტსივრცეში პირად სარგებლიანობაზე დამყარებული პრინციპით გადაადგილდებიან. სიტყვა “პარტია” და პარტიული საქმიანობა, კარგა ხანია, ცნობიერებაში მედროვეობის. კარიერიზმისა და უპრინციპობის სინონიმად დამკვიდრდა. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი შეპყრობილია ყველაზე საშინელი სენით, რაც ხელს უშლის ჯანსაღი პოლიტიკური გარემოსა და, აქედან გამომდინარე, რეალურად თავისუფალი საარჩევნო სისტემის დამკვიდრებას. ეს არის ნიჰილიზმი. არა უბრალოდ უნდობლობა ამა თუ იმ ძალის, ან პერსონის მიმართ (ყოველთვის არსებობს უნდობლობის ნდობით შეცვლის პერსპექტივა), არამედ ტოტალური ნიჰილიზმი. ობივატელური ფსიქოლოგიით, ყველა, ვინც პოლიტიკაში მიდის, მიდის საკუთარი ხეირისთვის და, სულო ცოდვილო, ცნობად პოლიტიკანთა დიდი ნაწილის შემხედვარე, ამგვარი სკეფსისი სრულიად ლოგიკურიცაა.

რა ფაქტორები განსაზღვრავენ პოლიტიკური პარტიების სისუსტესა და პოლიტიკოსთა მიმართ ნიჰილისტურ განწყობას? შევეცდები, თეზისურად ჩამოვაყალიბო პრობლემის ძირითადი არსი.

ჩვენში პარტიების შექმნა იწყება უკუღმა. ჯერ იმართება პრეზენტაციები და პომპეზური ხასიათის დამფუძნებელი ყრილობა-კონფერენციები, აირჩევა მმართველი სტრუქტურები, იწყება მკერდზე მჯიღების ბაგუნი ისე, რომ არ არ ჩატარებულა სათანადო სოციოლოგიური კვლევა საზოგადოებაში ამა თუ იმ პოლიტიკური დოქტრინის ერთგული ელექტორატის არსებობის შესახებ. ე.ი. მიწოდება ხდება მოთხოვნილების წინასწარი შესწავლის გარეშე. ეს, დაახლოებით იმას ჰგავს, სივრცეში ვირტუალურად არსებულ შენობას სახურავი დაადგა, როდესაც ჯერ არც ბალავერია ჩაყრილი და არც კედლები ამოყვანილი.

მოსახლეობის აბსოლუტურ უმეტესობას არანაირი, უკეთეს შემთხვევაში, ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს იმ პოლიტიკური პლატფორმების შესახებ, რასაც ფორმალურად ეფუძნება (ან, აცხადებს, რომ ეფუძნება) ესა თუ ის პარტია. ეს, შესაძლოა, არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, მაგრამ პრობლემა ნამდვილადაა პოლიტიკურად გაუთვითცნობიერებელი (უფრო სწორად, გაუნათლებელი) ადამიანების ლტოლვა პარტიულ-პოლიტიკური საქმიანობისადმი.
პარტიების უმრავლესობას არ გააჩნია იდეოლოგიური მხარდამჭერების ბაზაზე შექმნილი მობილური რეგიონული სტრუქტურები. სადაც ასეთები არსებობენ, მათი დაკომპლექტება, ძირითადად, ხდება სანაცნობო-სამეგობრო-სანათესაოს ხარჯზე. იდეოლოგიური დუღაბის გარეშე შექმნილი პარტიული რგოლები, მშრალი წყობით ამოყვანილი კედლის მსგავსად, ვერ უძლებენ საარჩევნო პროცესში განცდილ დარტყმებს და მომენტალურად იშლებიან, რის შემდეგაც მათი წევრები სხვა, უფრო მოდურ და მდიდარ პარტიებში აგრძელებენ “საქმიანობას”.

ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობა ამა თუ იმ პარტიას მხარს უჭერს გაუაზრებლად, არჩევნებიდან გამომდინარე მოსალოდნელი შედეგის ობიექტური ანალიზის გარეშე. ხშირად, ეს მხარდაჭერა ეფუძნება კონკრეტული ლიდერის, ან ე.წ. ცნობადი სახის პერსონალურ ავტორიტეტს, ვისზეც ავტომატურადაა მიბმული მისი “გუნდი”. ოცწლიანმა საარჩევნო პრაქტიკამ ცხადყო, რომ, უმეტეს შემთხვევაში, ამგვარ “პოლიტიკურ ელმავლებს” ხელისუფლებაში მოჰყავს საეჭვო ღირსების მქონე კარიერისტთა დასი, რაც, ზოგადად, განაპირობებს საზოგადოების უნდობლობას პარტიულ-პოლიტიკური საქმიანობის მიმართ;

ქართული პოლიტიკური სპექტრი გაჯერებულია ე.წ. “პოლიტკალიებით”, რომლებსაც არავითარი პრინციპი არ გააჩნიათ პიროვნული სარგებლიანობის გარდა და ხელთათმანივით იცვლიან პარტიულ ორიენტაციას… მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც ერთი ტიპის პარტიებში მოგზაურობენ და ისეთებიც, რომლებიც უკიდურესი მემარჯვენეობიდან უკიდურეს მემარცხენეობაში გადაბარგდნენ. აღნიშნული გარემოება, ასევე, იწვევს ნიჰილიზმსა და უნდობლობას მოსახლეობაში და ამკვიდრებს ინდიფერენტულ განწყობას არჩევნების მიმათ;

პარტიების უმრავლესობა არ ზრუნავს მისივე პარტიული აქტივის პოლიტიკური განათლების დონის ასამაღლებლად. მათ არ გააჩნიათ საამისო სურვილი და საჭირო ფინანსური შესაძლებლობა;

პარტიულ ცხოვრებაში ფართოდ დამკვიდრდა ისეთი მახინჯი მოვლენა, როგორიცაა უზნეო გარიგებანი მმართველ ძალასა და ე.წ. ოპოზიციურ გაერთიანებებს შორის. არცთუ იშვიათია ხელისუფლების მიერ საკუთარი დაფინანსებით მართვადი, ჯიბის ოპოზიციური პარტიების შექმნის ფაქტები;

პარტიების უმრავლესობას არ გააჩნია ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი ხედვა და საქმიანობის პერსპექტიული გეგმა. ისინი მოქმედებენ სიტუაციურად და სპონტანურად, რის გამოც ქართული პოლიტიკური სპექტრი ვერა და ვერ ჩამოყალიბდა სტაბილურ ძალად;

პარტიებს შორის ურთიერთობის კულტურა, პოლიტიკური მიზნებისა და იდეოლოგიური ხედვის დროებითი თანხვედრის შემთხვევაშიც კი, შორს დგას ცივილიზებული სტანდარტებისაგან

იშვიათი გამონაკლისის გარდა (მაგ.რესპუბლიკელები) პარტიებში, პრაქტიკულად არ ხდება ხელმძღვანელი ბირთვის როტაცია და ლიდერები პოსტებს ინარჩუნებენ არჩევნებში ნაჩვენები კატასტროფულად დაბალი შედეგის მიუხედავადაც კი;

პარტიების უმრავლესობას არ გააჩნია დამოუკიდებელი ფინანსები, რის გამოც მოკლებული არიან საკუთარი სტრუქტურების მშენებლობისა და სრულყოფის შესაძლებლობას;

იდეოლოგიურად მსგავს, მაგრამ მინიატურულ და არანაირი დამოუკიდებელი პოლიტიკური პერსპექტივის მქონე პარტიულ ჯგუფებში, პრაქტიკულად, არ შეიმჩნევა დაახლოება-გაერთიანებისა და შედარებით მობილურ ძალად ქცევის ტენდენცია (მაგ. არსებობას დღემდე ფორმალურად ინარჩუნებენ ოცი წლის წინანდელ მმართველ ბლოკში -”მრგვალი მაგიდა” – შემავალი ჯგუფები, ჰელსინკის კავშირი, წმინდა ილია მართლის საზოგადოება, კოსტავას საზოგადოება და ა.შ.). ლიდერებისადმი გარკვეული პატივისცემის მიუხედავად, პირადად ჩემთვის გაუგებარია, რატომ ინარჩუნებენ დამოუკიდებელ არსებობას, მაგალითად ”კონსერვატორები”, ”ხალხის პარტია”, ”საქართველოს გზა”, ”ტრადიციონალისტები”, ”ქალთა პარტია”… აღარაფერს ვამბობ ხელისუფლების მიერ სრულად პრივატიზებულ ისეთ მარგინალურ გაერთიანებებზე, როგორებიცაა ”ედპ”, ”ჩვენ თვითონ”, თორთლაძის მარგინალური ფარა და კიდევ რამდენიმე ათეული ასეთი პარტუკანა.