კალაძეს ვერტმფრენით არასოდეს უსარგებლია

კალაძეს ვერტმფრენით არასოდეს უსარგებლია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძვირადღირებულ ფრანგულ ვერტმფრენებს მთავრობის წარმომადგენლები პირადი მომსახურებისათვის იყენებენ. პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს გადასცა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტო, რომლის მიხედვითაც, ვერტმფრენში იმყოფება კახი კალაძე, ხოლო ფოტოს ქვემოთ გამოქვეყნებული კომენტარების მიხედვით (აი აქ არ შემეშინდებოდა; არ მითხრა ფრენის შიში მაქვსო; ეს თვითმფრინავია? მარშუტკაა; მართლა იყავით? წახვედი მაინც? კი სოფ, ულამაზესი ქორწილი იყო; კი) პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული მასალის მიხედვით, საუბარი კალაძის მეუღლეს, ანუკი არეშიძეს ეკუთვნის, კალაძე ქორწილში მიემგზავრება. 
მანანა მანჯგალაძე აცხადებს, რომ მთავრობის წარმომადგენლები ვერტმფრენებს ქორწილში გასამგზავრებლად იყენებენ. მისივე თქმით, ფრანგული წარმოების ვერტმფრენები განკუთვნილი იყო ექსტრემალური სიტუაციებისთვის, სამაშველო სამუშაოებისა და სხვა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი მიზნებისთვის.

„რა თქმა უნდა, მთვრობის წევრები უნდა დაფრინავდნენ და მოძრაობდნენ რაც შეიძლება ბევრს, რათა მოიზიდონ ინვესტიციები და განახორციელონ პროგრამები, მაგრამ მიუღებელია, როდესაც ისინი თვალთმაქცობენ და ამბობენ, თითქოს, გმობენ ძვირადღირებული ტექნიკის გამოყენებას. ისინი ამ ტექნიკას ართმევენ სახელმწიფოს და საკუთარი მიზნებისთვის იყებენ“, - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს თავად ბრალდების ადრესატი. როგორც კახი კალაძის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი გაფრინდაშვილმა for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, კახი კალაძეს ვერტმფრენით არასოდეს უსარგებლია.

„ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, ვერტმფრენით საერთოდ არ უსარგებლია კახი კალაძეს. ფოტო, რომელიც გაავრცელეს გადაღებულია თვითმფრინავში. როდესაც ის თვითმფრინავით სარგებლობს, მის ნებისმიერ სამსახურეობრივ მივლინებას თავის თანხმლებ პირებთან ერთად, ფარავს საკუთარი ჯიბიდან. ასე რომ, ეს არის მორიგი ტყუილი რომელიც გავრცელდა ადმინისტრაციის მიერ. რაც შეეხება მისი მეუღლის მინაწერებს, ეს არის მათი პირადი ამბავი, ვისი რა საქმეა ვინ სად დადის?“, - აცხადებს ირაკლი გაფრინდაშვილი.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ის სახელმწიფოს ფულით არ დაფრინავს. მისივე თქმით, თვითმფრინავით რომლითაც ის დაფრინავს კერძო კომპანიისაა, რომლის მეპატრონე თამაზ გაიაშვილია.

„მე დღემდე ვსარგებლობდი ქართული კომპანიის თვითმფრინავით, იმიტომ, რომ მათ რამდენჯერმე შემოგვთავაზეს და უარის თქმა უხერხული იყო. მე სახელმწიფოს ფულით არ დავფრინავ, პირადად ვუხდი ყველა თვითმფრინავს, რითაც აქამდე მისარგებლია. ასევე იყო ამ შემთხვევაშიც, მე ჩემი ფული გადავიხადე და ეს იყო კერძო კომპანია.

ამ ქართულმა კომპანიამ რამდენჯერმე შემომთავაზა მომსახურება  და ეს რამდენჯერმე შემახსენა კანცელარიის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა, რომ უხერხული იყო ქართველებისთვის უარი გვეთქვა. ვიქირავეთ მათგან და მათაც ფული გადავუხადეთ. კომერციულად საათის ღირებულება როგორც არის საზღვარგარეთ, ისევე გადავიხადე აქაც, არაფერი სხვაობა არ იყო. რა აქვს მას მხედველობაში ეს თქვენ გაარკვიეთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ორი 80 მილიონიანი ვერტმფრენი ემსახურებოდა და საკუთარი სარგებლობისთვის კიდევ სამი ჰქონდა დაკვეთილი. მისი თქმით, ერთ-ერთი თვითმფრინავი გადაკეთებულია და მორგებულია ერთ კაცზე.

„ჩვენ დღეს მოთხოვნილება ასეთი ძვირფასი ვერტმფრენების არ გვაქვს. ცუდი არაა, თუ კი საშუალება გაქვს, მაგრამ თუ შეხედავ და გაიხსენებ ჩვენ სოციალურად დაუცველებს, ასევე იმას, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სიღარიბეში ცხოვრობს, ვფიქრობ, რომ ასეთი ვერტმფრენებით სარგებლობა ამორალური იყო. ახლა რომ ხმის ამოღებას ბედავს კიდევ, ეს ჩვენი საზოგადოების კულტურას მიანიშნებს მხოლოდ, რომ კულტურული ხალხი ვართ და ამ ყველაფერს ვიტანთ და ვითმენთ და ეს კაცი კი ამით სარგებლობს და კიდევ ბედავს განცხადებების გაკეთებას.

ჩვენ ამ ვერტმფერენების ჩამოყვანა არ გვინდოდა, ადგილზე დავტოვეთ მწარმოებელთან, იქიდან გვინდოდა რეალიზება, მაგრამ ვერ გავყიდეთ. შემდგომ იქ შენახვა ძვირი გვიჯდებოდა და ჩამოვიყვანეთ. ჩვენ ვახერხებთ არა 80 და 60 მილიონად, არამედ რამდენიმე მილიონად ძველი ვერტმფერენები აღვადგინოთ. ეს იქნება გაცილებით იოლი და შს სამინისტროს და თავდაცვასაც შესატყვისი ვერტმფერები ეყოლებათ. ჩვენ დღესაც ვცდილობთ, რომ რეალიზიცია გავუკეთოთ, მაგრამ საუბედუროდ, მყიდველი ვერ ვნახეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ფრანგული წარმოების ვერტმფრენებს არანაირი თავდაცვითი დანიშნულება არ ჰქონდა და ის უნდა გასხვისდეს“, - აცხადებს თავდაცვის მინისტრი. როგორც ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის სამინისტროს აქვს საფრენი საშუალებები, ვერტმფერენები, რომლებიც 2008 წლის შემდეგ მიტოვებული იყო და ახლა მათი გაუმჯობესება მიმდინარეობს.

„იმ თანხას, რომელიც ბიუჯეტში გვაქვს, საფრენი აპარატების მოწესრიგებას ვახმართ. თქვენ დარწმუნდით, თუ როგორი მაღალი კლასის ავიაშოუ ჩავატარეთ რამდენიმე დღის წინ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი თავდაცვისა და საფრენ შესაძლებლობებს ვაუმჯობესებთ. მას არანაირი თავდაცვითი დანიშნულება არ ჰქონდა. ეს იყო არასწორი ინფორმაცია. ალბათ, იხილეთ, რა ვერტმფრენებზეა საუბარი. ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის ღონისძიებებს გეგმავს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

რაც შეეხება ფრანგული წარმოების ვერტმფრენებს, ალასანია სრულიად იზაიარებს პრემიერ-მინსიტრის პოზიციას და აცხადებს, რომ ასეთი ფუფუნების საგნების შეძენის საშუალება ქვეყანას არ ჰქონდა და შესაბამისად ვერტმფრენი უნდა გასხვისდეს.