ტაშით შეწყვეტილი სამი გამოსვლა, აბუჩად აგდებული პროკურორები, ჟესტიკულაციით ჩახუტებული შვილები და მეუღლისთვის გაგზავნილი ჰაეროვანი კოცნები - ასე მიმდინარეობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ნომერ მე-5 დარბაზში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წინასასამართლო სხდომა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინასასამართლო პროცესი დღის 12:00 საათზე დაიწყო. თუმცა, მანამდე, სასამართლოს მიმდებარე პერიმეტრი გადაიკეტა, მხარდამჭერთა აქცია გაიმართა და საქალაქო სასამართლოში ხუთი პიკაპი-ჯიპითა და ორი საბადრაგო მანქანით „ქვეყნის ხერხემლად“ წოდებული ყოფილი მინისტრი მიიყვანეს, სადაც მას თანაგუნდელები ტაშით შეხვდნენ, რომელთა ოვაციაც ბრალდებულის მეუღლემ, თიკო სალაყაიამ სადაქალოსთან - თიკო სადუნიშვილთან და სხვებთან ერთად გაიზიარა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და მერაბიშვილის ოჯახის წევრებმა, სასამართლოს ეზოდან დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც უმცირესობის ლიდერებმა თავდაპირველად, ადგილები გადაინაწილეს. თუმცა, მათ ამ ადგილების დათმობა მალევე მოუწიათ. ფოტოების გადაღების მიზნით, კობა სუბელიანმა ადგილი გოგა ხაჩიძეს დაუთმო, მელიქიშვილმა და კედელაშვილმა კი, ჯელტმენისთვის დამახასიათებელი თვისება გამოავლინეს და ადგილები სალაყაიასა და მის მეგობრებს დაუთმეს.
სასამართლო დარბაზში ვანო მერაბიშვილის შესვლას თანაპარტიელთა და ოჯახის წევრთა ტაში მოჰყვა, მოსამართლის გამოჩენას ფეხზე ადგომა, პროკურორების დანახვას კი, ნაციონალთა შეძახილი - „იმშობიარა?“. ნაციონალები ამ რეპლიკაში იმას გულისხმობდნენ, რომ პროკურორი ნათია სონღულაშვილი წინა სასამართლო პროცესზე ფეხმძიმე იყო.
წინასასამართლო სხდომა ადვოკატებმა გახსნეს, რომელთაც მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს და მოითხოვეს, რომ საქმე დასავლეთ საქართველოს სასამართლოებში არ გაიმართოს. მოსამართლე დგვარელმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რასაც ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური განცხადება მოჰყვა.
გამოსვლისას, ყოფილმა პრემიერმა მოსამართლე მალხაზ გურულზე გაამახვილა ყურადღება.
„არ მიკვირს და ვთვლი, რომ მოსამართლე გურული არის ვაჟკაცური ადამიანი, რომელმაც თავის თავზე დიდი დარტყმა აიღო და სხვა მოსამართლეებს ის ვალდებულება თავიდან ააცილა, რომელიც მას აღებული აქვს. სხვათა შორის, მან სახელიც გაითქვა, რადგან დიდი ხნის განმავლობაში, მის სახელსა და გვარს ბევრი ვერც გაიგებდა. ამ პროცესისთვის სერიოზულ მომზადებას აზრი დაეკარგა, იმიტომ, რომ საბოლოოდ ცნობილია შედეგი, რომელიც დადგება, რადგან ბატონი გურული არის დასავლეთ საქართველოს ყველა სასამართლოს ხელმძღვანელი და ვერცერთი მოსამართლე ვერ გაუძლებს პრესს ხელისუფლებისგან და მითუმეტეს ვერ გაუძლებს იმ პრესსინგს, რომელიც თან დაერთვება კიდევ მისი უშუალო ხელმძღვანელობით“, - განაცხადა მერაბიშვილმა, რომელსაც გამოსვლა მხარდამჭერებმა ტაშით შეაწყვეტინეს.
ყოფილმა პრემიერმა აქცენტი საპატიმროში არსებულ პირობებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ მას ხელისუფლება „ცივ ნიავს“ არ აკარებს.
„ეს ხელისუფლება საკანში, ცივ ნიავს არ მაკარებს. ისეთს, რომ საკანში ნიავიც შეზღუდვით მოძრაობს. მჟავეს, მწარეს, შემწვარს და მოხარშულს არ მაჭმევს, ვყავარ დიეტაზე. საკანში მარტო ვარ, რომ არ შევწუხდე და ჩემთან ჩემს მეუღლესაც არ უშვებენ. ეს კი არა და, ქალსაც საერთოდ არ უშვებენ. რომ არ მოვიწყინო, ქუთაისშიც მატარებენ. ვივლი ქუთაისსა და თბილისს შორის და დავათვალიერებ გარემოს. რაც მელოდება შეგუებული ვარ, ამ ყველაფერს იუმორით ვუყურებ და თქვენც მოგიწოდებთ, რომ ამ პროცესს გაგებით მოეკიდოთ“, - მიმართა დამსწრე საზოგადოებას მერაბიშვილმა, რომლის საპასუხოდაც, ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ მერაბიშვილის ნახვის თხოვნით, ბრალდებულის ოჯახს დასავლეთ საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუმართავს.
„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მიერ გაკეთებული ამ განცხადების შემდეგ, პროცესი ბრალდების მხარის მოწმეთა ნუსხის წარდგენის ეტაპებით გაგრძელდა. პროკურატურის მხრიდან მტკიცებულებების ნუსხის წაკითხვის გაჭიანურებას ვანო მერაბიშვილის გამოსვლა მოჰყვა, რომელმაც ბრალდების მხარე საზოგადოების აბუჩად აგდებაში დაადანაშაულა.
„ნაციონალური მოძრაობის“ გენმდივნის შეფასებით, პრაქტიკაში არ არსებობს მსგავსი პრეცედენტი, რომ ძალიან მოკლე დროში, 5 000 მოწმე იყოს დაკითხული.
„საზოგადოების აბუჩად აგდებაა, თითქოს, ბრალდების მხარემ 5000 მოწმე დაკითხა. მანდილოსნებს შეურაცხყოფას არ მივაყენებდი და არ დავიგინებდი, მაგრამ რაც 5000 მოწმე არ დაგიკითხავთ, იმდენი შეგეწეროთ“, - მიმართა პროკურორებს მერაბიშვილმა, რასაც ნათია სონღულაშვილის პროტესტი მოჰყვა, რომელმაც მოსამართლეს მიმართა, რომ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები აღკვეთილი ყოფილიყო.
ექვსსაათიან სასამართლო პროცესზე განსაკუთრებით აღსანიშნავი ერთი დეტალი იყო. კერძოდ, ის თუ როგორი გახარებული ჩანდა პატიმრობაში მყოფი მერაბიშვილი წინასასამართლო პროცესზე მეუღლის, თაკო სალაყაიას დასწრებით. თუ წინა სასამართლო პროცესზე, ჯაშუშობაში ბრალდებულმა ფოტორეპორტიორებმა მერაბიშვილს აინშტაინისეული ფოტო გადაუღეს, დღეს, კამერებმა ჰაეროვანი კოცნების მფრქვეველი მერაბიშვილი დააფიქსირეს, რომელიც მეუღლეს ჟესტუკულაციითა და მიმიკებით ესაუბრებოდა. ყოფილი მინისტრი მეუღლეს ჰაეროვან კოცნებს უგზავნიდა და ანიშნებდა, რომ პატარები ძალიან ენატრება.
თუ როდემდე გასტანს ყოფილი ჩინოვნიკის მონატრება, ეს ძნელი სათქმელია, რადგან ე.წ ფიქტიური დასაქმების საქმეზე, ბრალდების მხარეს მერაბიშვილის მიმართ 74 ტომიანი სისხლის სამართლის მასალა აქვს წარდგენილი და დაახლოებით 4500 მოწმის დაკითხვა იგეგმება. მანამდე კი, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის წინასასამართლო სხდომა 19 სექტემბერს, 12:00 საათზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნუსხის ჩამოთვლით განახლდება.
მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის ინფორმაციით, ყოფილ მინისტრს ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნებენ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მისი ბადრაგირება თბილისიდან მოხდება.
„ბრალდების მხარეს 3 000-ზე მეტი მოწმე ჰყავს გამოძახებული. ყველა მოწმე, რომ დაიკითხოს და უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთ პროცესზე ათი მოწმის დაკითხვა მოხდება. ამ პროცესს 300 დღე დასჭირდება. რამდენად რეალურია ყველა მათგანის დაკითხვა, ვერ ვიტყვით, თუმცა, ბრალდების მხარემ შესაძლოა მოწმეთა რაოდენობა შეამციროს, რადგან მათ დაკითხვას თებერვლამდე პერიოდი დასჭირდება, რაც ვერ მერაბიშვილის საპატიმრო ვადებში მოესწრება“, - განმარტავს ჩივიაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები 19 სექტემბრის წინასასამართლი სხდომას აუცილებლად დაესწრებიან, რადგან მომავალი კვირა, პარლამენტის სასესიო პერიოდს ემთხვევა და უმცირესობის ლიდერებიც ქუთაისში იქნებიან, მაგრამ იმედია, თანაგუნდელები მერაბიშვილის პროცესს ბოლომდე დაესწრებიან და სხდომას მსვლელობისას ისევ ისე არ დატოვებენ, როგორც ეს დღეს მოხდა. დღეს, მათ 5000 გვარის მოსმენას თავი აარიდეს და დარბაზი რიგ-რიგობით დატოვეს.